მივიწყებული თოკის ახალი სიცოცხლე
15-06-2020
მივიწყებული თოკის ახალი სიცოცხლე
ისტორიული სოფელი თოკი, რომელიც ასპინძასა და ახალქალაქს შორის მდებარეობს, ასპინძის მუნიციპალიტეტის ბოლო ქართული სოფელია. ამ ადგილებში ადრე ქალაქი ყოფილა გაშენებული, გალავნითა და საგუშაგოებით. აქ ერთმანეთის მიყოლებით უცნაურ ტოპონიმებს შეხვდებით - აწყვიტა, დამალა, თოკი... ამ თემაზე სხვა პუბლიკაციას შემოგთავაზებთ, ამჯერად კი მხოლოდ თოკსა და იქაურ მეურნეობაზე გიამბობთ. დღეს სოფელი თოკი მოსახლეობისგან თითქმის დაცლილია, მხოლოდ რამდენიმე მოსახლე შემორჩა, მათგან სამი ბავშვია, თანაც ერთი ოჯახიდან. ორი ბიჭი თოკის ერთოთახიანი სკოლის მოსწავლეა, სკოლის ერთადერთი
მასწავლებელი კი მათი დედაა. სოფელს არც სარწყავი წყალი აქვს და არც სასმელი, არც მაღაზია და არც სამედიცინო პუნქტი. არცთუ დიდი ხნის წინ ორმა თბილისელმა ახალგაზრდამ სწორედ ამ მაღალმთიან სოფელში მიწის ნაკვეთები შეიძინა და მარწყვის მდელოები გააშენა.

ჩემს რესპონდენტს თორნიკე მჟავანაძეს აგრონომიული განათლება არც აქვს. მითხრა,
იურისტი ვარ და ახლაც პროფესიით ვმუშაობო. თუმცა აშკარაა, თავის პარტნიორ ლევან შანავასთან ერთად მშვენივრად უძღვება მეურნეობას.

თორნიკე მჟავანაძე:
- თოკი სუბალპური ზონაა, ჩვენი მეურნეობა ზღვის დონიდან 1700 მეტრზეა. პირობები აქ მკაცრია. თავდაპირველად სამეურნეო საქმიანობა იქაური ტრადიციული კულტურების მოყვანით დავიწყეთ. ჯერ კარტოფილი დავთესეთ, მერე ილიაუნის მეცნიერებთან ერთად ექსპედიცია მოვაწყვეთ რეგიონში და შედეგად ენდემური ჯიშის სატაცურის შესახებ საქართველოში პირველი სერიოზული ნაშრომი შეიქმნა. ევროსტანდარტის ოფიციალური სერტიფიკატი ავიღეთ,
ჩვენი წარმოებული ენდემური სატაცური ბიოპროდუქტად აღიარეს. ახლა კულტურული სატაცურის მოშენებასაც ვფიქრობთ.

- კარტოფილი და სატაცური გასაგებია, მაგრამ ასეთ სიმაღლეზე, ცივ და მკაცრ ჰავასა და უწყლო ზონაში მარწყვის მოყვანა რატომ გადაწყვიტეთ, როგორ გარისკეთ?
- მივხვდით, რომ მხოლოდ ტრადიციასა და ადგილობრივ გამოცდილებაზე დაფუძნებული მეურნეობა დიდად შედეგიანი ვერ იქნებოდა. ამიტომ მე და ჩემმა მეგობარმა და პარტნიორმა, პროფესიით ექიმმა ლევან შანავამ ერთად დავიწყეთ ინფორმაციის მოძიება, კონსულტაციები აგრარული უნივერსიტეტის პროფესორებთან, პროფესიონალებთან და მარწყვამდეც შემთხვევით მივედით - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციაში ერთ-ერთი ტრენინგის დროს მე და ლევანმა პროფესორ ლალი გოგინავას ლექცია მოვისმინეთ კენკროვან მცენარეებზე და მარწყვის გაშენება გადავწყვიტეთ. მართალია, სახელმწიფო პროგრამამ მარწყვი არ დაგვიფინანსა, - პლანტაციის გაშენება ძვირი ჯდებოდა, მაგრამ იდეის ხორცშესხმა მაინც არ გადაგვიფიქრებია. ზამთარი თოკში ძალიან მკაცრია, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები ისეთი პირობების შექმნის საშუალებას იძლევა, რომ უკვე შესაძლებელია პლანტაციის დაცვაც, მოსავლის ნაყოფიერების გაზრდაც და ხარისხიანი პროდუქციის მიღებაც.
თამამად ვიტყვი, რომ თუკი საქართველოში ვინმე ხარისხიან კენკრას აწარმოებს, ერთ-ერთი ჩვენ ვართ. სხვათა შორის, ეს რეგიონისა და კლიმატის დამსახურება უფრო არის, ვიდრე ჩვენი.
საპილოტე პროექტი შარშან, 2019 წლის გაზაფხულზე დავიწყეთ. ძალიან მოკლე პერიოდში მოვახერხეთ ყველაფრის გაკეთება, არადა, სირთულეც ბევრი შეგვხვდა. მარწყვის პლანტაციებით საქართველო დიდად ვერ გამოირჩევა, ეს საქმე თითქმის აუთვისებელია, სპეციალისტებიც ძალიან ცოტა გვყავს, ჯიშების გამოცდა თითქმის არ ხდება, მაგრამ მაინც მოვახერხეთ და ბაზარზე არსებული საუკეთესო ვარიანტები მოვიძიეთ.

- რა ჯიშები შეარჩიეთ?
- საქართველოში, ძირითადად, ამოჩემებული ჯიშებია, როგორიცაა, მაგალითად, სან-ანდრეასი, ჩვენ კი კოლექციის შეგროვება დავიწყეთ. ამწუთას მეურნეობასა და საცდელ ნაკვეთებზე 50-მდე სახეობის მარწყვი გვაქვს, ჯიშებს ვცდით და 1-2 წელიწადში გვეცოდინება, ამ რეგიონს როგორ ესადაგება ესა თუ ის ჯიში. ერთ რეგიონზე არ გავჩერდებით და მასალას სხვა რეგიონებსაც შევთავაზებთ, რომ დავაზუსტოთ, რომელი ჯიში უფრო კარგად ერგება­ კონკრეტულ­ რეგიონს. ულტრათანამედროვე ჯიშებსაც ვტესტავთ და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ!

- საიდან შემოგაქვთ ეს ჯიშები?
- ნაწილი ევროპიდან შემოვიტანეთ, ნაწილი - აზიიდან და ამ მომენტისთვის ფართო ასორტიმენტი გვაქვს. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე მარწყვის ასამდე ჯიშს მოვუყრით თავს. ჯერჯერობით ჰექტარ-ნახევარი მიწის ნაკვეთი გვაქვს და ზაფხულში კიდევ ორ ჰექტარს დავამატებთ.

- სოფელს თუ არც სარწყავი წყალი აქვს და არც სასმელი, პლანტაციას როგორ რწყავთ?
- ორ კილომეტრზე მაგისტრალი გავჭიმეთ, ხელოვნური წყალსაცავები ავაშენეთ, პლანტაციებამდე სარწყავი წყალი რომ მოგვეყვანა, მაგრამ გლეხისთვის ეს არ არის რენტაბელური, ამას ვერ გასწვდება. ამიტომ სახელმწიფოს მხარდაჭერა ძალიან საჭიროა. ჩვენი არხებით ყველაფერს ვცდილობთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მედიის მხარდაჭერაც, ამ სოფლების გასაჭირი იმ ხალხის ყურამდე რომ მივიდეს, ვისაც მისი მოგვარება ევალება და შეუძლია კიდეც.

- მარწყვის მოსავალს როდის იღებთ.
- თოკი მაღალმთიანი სოფელია, აქ ჯერ გაზაფხულია, 10 მაისს თოვლი იყო, 17 მაისს - ყინვა, ასე რომ, მოსავლის აღებას ივნისის ბოლოდან დავიწყებთ.
ეს საქმე ჩვენთვის მხოლოდ ბიზნესი არ არის, აქაურობა ძალიან გვიყვარს და გვახარებს, რომ არათუ წინ მივიწევთ, მეურნეობის გაფართოებაზეც ვფიქრობთ. მოსახლეობაც იმედიანად გვიყურებს, რადგან აქაურ სოფლებს რომ ჩამოუვლი, მიხვდები, რომ ხელისუფლებისგან მივიწყებული მხარეა. ძალიან გვინდა აქაურებს განვითარების შანსი გავუჩინოთ და ჩვენთან ვასაქმებთ, თუმცა მომავალი წლისთვის, ალბათ, ადგილობრივი მუშახელის რესურსი ამოგვეწურება და სხვა სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში მოგვიწევს მოძიება. გარდა ამისა, სოფელი აღსადგენია, ხალხი - თავის მიწაზე დასაბრუნებელი, სკოლის პრობლემები - მოსაგვარებელი. არადა, გვერდით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სომხური სოფელი ვარევანია და იქ წყალიც არის, გზაც, განათებაც და რამდენიმე სკოლაც. მადლობა ღმერთს, ცენტრალურიდან სოფლისკენ მიმავალი გზა, როგორც იქნა, გაკეთდა. მთავარი პრობლემა კი ისევ და ისევ ხალხის თავის მიწაზე დაბრუნებაა, მაგრამ წყლის საკითხი თუ არ მოგვარდა, არაფერი გამოვა.
მაია
27 ივნისი 2020 20:04
გაიხარეთ, გისურვებთ წარმატებებს
ოთო
22 ივნისი 2020 09:12
ეს მიზანმიმართული პოლიტიკააა,რომ ქართველებმა ფეხი ამოვიძირკვოთ მაგ მიწებიდან და სასმომავლოდ გადავცეთ და დავასახლოთ სომხები, ისე ეს დამოკიდებულება კომუნიზმის დროსაც არსებობდა და ამას ხელს ვაი ქართველები უწყობდნენ, რომლების მაშინაც და დღესაც ბლომად არიან სამთავრობო ეშელონებში,
ისე აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლების და მათ გვერდით აწ უკვე ე.წ. ქართული სოფლების პირობების შედარებაც შიძლება
სახელი
21 ივნისი 2020 13:12
ეს არის უბედურება,სომხურ სოფელს წყალიც აქვს,ელექროენერგიაც, სკოლაც, ქართულიკი მივიწყებულია,
მივხედოთ ქართველებს და საქართველოს.!!!!!!!!!!!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?