"ბურღულის დედოფალი" - კვირის პალიტრა

"ბურღულის დედოფალი"

ბუნებაში იშვიათია მცენარე, რომლისგან დამზადებული კერძები ერთდროულად დიეტურიც არის, გემრიელიც და ყუათიანიც... ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება წიწიბურა, რომელსაც ზოგიერთ ქვეყანაში "ბურღულის დედოფალსაც" უწოდებენ. წიწიბურას სამშობლო შუა და ცენტრალური აზიაა, თუმცა დროთა განმავლობაში ის მთელი მსოფლიოს "შვილობილად" იქცა. იშვიათია ოჯახი, რომლის რაციონში წიწიბურა არ შედის. ამ მცენარის შესახებ გვესაუბრება საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილე მანანა ელბაქიძე.

- დავიწყოთ სახელწოდებით - საიდან მოდის სახელი "წიწიბურა"?

- სახელი წიფელს უკავშირდება. წიფლის ნაყოფს, რომელიც პატარა პირამიდას მოგვაგონებს, საქართველოში "წიწიბოს" ეძახიან. წიწიბურას მარცვლებსაც ამგვარი ფორმა აქვს. რაკი წიფლის ნაყოფს წააგავს, ხალხმა წიწიბურა უწოდა, ანუ წიწიბოს მსგავსი. წიწიბურა ბურღულია, ისევე როგორც ხორბალი, ბრინჯი, ქერი, შვრია და სხვ. ორლებნიან მცენარეს უცნაური ფოთლები აქვს: ერთსა და იმავე ძირს შეიძლება განსხვავებული ფორმისა ჰქონდეს - ღეროს ზედა ნაწილში ფოთლები მოგრძოა, შუა ნაწილში გულის ფორმის, ხოლო ზედა ნაწილში - ისრის წვერის მსგავსი.

- სად "დაიბადა" წიწიბურა და როდის გავრცელდა მთელ მსოფლიოში? - მისი სამშობლო ინდოეთი და ნეპალია. დადგენილია, რომ ეს მცენარე ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინ მოჰყავდათ. მას იყენებდნენ როგორც საკვებად, ასევე სამკურნალოდ - მის ფოთლებსა და ღეროს. დღეს წიწიბურა მოჰყავთ ყველგან, სადაც სტეპები ან დიდი სივრცეებია. თუმცა, ძირითადად, აზიაში, ევროპელი ფერმერები ამ მცენარეს მაინცდამაინც არ სწყალობენ.

- რატომ? - ალბათ, იმიტომ, რომ მაღალმოსავლიანი კულტურა არ არის. მაგალითად, თუ 1 ჰექტარზე 4 კილოგრამი წიწიბურა მოდის, იმავე ფართობზე 60 კილოგრამი ბრინჯის მოყვანა შეიძლება. ამიტომაც ფერმერები ბრინჯის მოყვანას ამჯობინებენ. სამაგიეროდ, მას საკვებად თითქმის მთელ მსოფლიოში მოიხმარენ, რადგან წიწიბურას კვებითი ღირებულება ძალიან მაღალია: ის სავსეა ვიტამინებით, ამინომჟავებითა და სასარგებლო ნივთიერებებით. უპირველესად აღსანიშნავია P ჯგუფის ვიტამინი რუპინი, რომლის წყალობით თქვენი სისხლძარღვები უფრო მოქნილი და ელასტიკური ხდება. მასში საერთოდ არ არის შაქარი, რის გამოც წიწიბურა დიაბეტიანებისთვის შეუცვლელი საკვებია. კარგად მოქმედებს ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და შეიცავს ფოლიუმს - ნივთიერებას, რომელიც მნიშვნელოვანია ორსულებისთვის. წიწიბურა საჭირო პროდუქტია ვეგეტარიანელებისთვისაც: ხორცის ნაკლებობისას ორგანიზმში ცილების დეფიციტი წარმოიქმნება, რაც შეიძლება სწორედ წიწიბურამ შეავსოს. ამ მცენარეს კიდევ ერთი უნიკალური თვისება აქვს:

მოხარშვის შემდეგ თითქმის ყველა მცენარე კარგავს სასარგებლო თვისებებს, ხოლო წიწიბურა ინარჩუნებს.

ის შეიძლება არც მოვხარშოთ, მდუღარე წყალი დავასხათ და ასე მივირთვათ - ამგვარად მომზადებული წიწიბურა უფრო სასარგებლოა და დადებით თვისებებსაც უკეთესად ინარჩუნებს. სხვათა შორის, ბევრი მკვლევრის აზრით, წიწიბურა საუკეთესო ანტიოქსიდანტია და დაბერების პროცესსაც ანელებს.

- საქართველოში წიწიბურას მხოლოდ საკვებად იყენებენ, სხვა ქვეყნებში თუ აქვს სხვა დანიშნულება? - როგორ არა, მაგალითად, აღმოსავლეთში ბალიშებისა და ლეიბების შესავსებად იყენებენ. ასეთი ბალიში ეკოლოგიურად სუფთაა, იქ მავნე მიკროორგანიზმები არ ჩნდება და ამიტომ დიდი მოწონებითაც სარგებლობს. გარდა ამისა, წიწიბურასგან თაფლსაც ამზადებენ. ამ მცენარეს ხშირად ფუტკარი ამტვერიანებს და ასე მიიღება წიწიბურას თაფლი, რომელსაც ყავისფერი ან მუქი შეფერილობა აქვს. უხვი ყვავილობის გამო მისგან ბევრ თაფლს წურავენ. წიწიბურას თაფლი ძალიან მალე სქელდება და კრისტალდება, ამიტომ, თუ წიწიბურას თაფლს ნახავთ და ის ბლანტია, უნდა იცოდეთ, რომ ფალსიფიცირებულია. საქართველოში წიწიბურას თაფლი იშვიათობაა, მაგრამ თუ სადმე წააწყდებით, ეს ნიუანსი აუცილებლად გაითვალისწინეთ.

- როგორია წიწიბურას სამეურნეო მნიშვნელობა? - ეს კულტურა უფრო დიდ ქვეყნებში მოჰყავთ, სხვები მის გაშენებას თავს არიდებენ, რადგან დაბალმოსავლიანი მცენარეა, თუმცა მისი ფასი ყოველთვის მაღალია ბრინჯთან ან ხორბალთან შედარებით. წიწიბურას მარცვლები დიდხანს ინახება, შესაძლოა 1-2 წელიწადსაც იდოს საწყობში და დადებითი თვისებები არ დაკარგოს. ამიტომ არაერთი სახელმწიფო მოსალოდნელი კატასტროფების ან ომიანობის დროს ამ პროდუქტს იმარაგებს. ადრე ჯარსაც ამ მცენარით კვებავდნენ, რადგან კარგად ანაყრებს, ორგანიზმს გამოფიტვისგან იცავს და გემრიელიცაა. სხვათა შორის, წიწიბურა მიჩნეულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტად, რადგან დამატებით სასუქებს არ საჭიროებს.

- როგორ მოჰყავთ ეს მცენარე? - ვინც ამ მცენარის მოშენებას გადაწყვეტს, ჩვენს მაღაზიებში შეძენილი წიწიბურა არ გამოადგება, რადგან თერმულად არის დამუშავებული. თუმცა ზოგიერთ მაღაზიაში იყიდება დაუმუშავებელი წიწიბურაც და დასათესად მხოლოდ ასეთი უნდა გამოვიყენოთ. წიწიბურას სჭირდება მსუბუქი ნიადაგი, რომელიც ჰაერს კარგად ატარებს. საქართველოში წიწიბურა იშვიათად მოჰყავთ, რადგან მისი შესყიდვა მოყვანაზე იაფი ჯდება. სხვათა შორის, მისთვის ნაყოფიერი ნიადაგი სულაც არ არის მიზანშეწონილი. ყვავილობის პერიოდში ბევრი წყალი სჭირდება, უყვარს სითბო.

წიწიბურას მცირე სავეგეტაციო პერიოდი აქვს - დაახლოებით 12 კვირა, ამიტომ მისი დათესვა მაღალმთიან ადგილებში უფრო რენტაბელურია.

ნიადაგის დამუშავება შემოდგომაზეა სასურველი, გაზაფხულზე ის მხოლოდ იხვნება და იფარცხება. ნიადაგი წიწიბურას დათესვამდე 2-3 დღით ადრე უნდა დაიფარცხოს. როგორც გითხარით, სასუქი ამ კულტურას ძალიან ცოტა სჭირდება და ისიც უკიდურესი აუცილებლობისას. ყინვისადმი წიწიბურა ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ მას 12-15 გრადუსის პირობებში თესავენ, როცა ნიადაგის ტემპერატურა სტაბილური გახდება. ნაადრევი დათესვა სარისკოა, ხოლო ნაგვიანევი ნათესი მეჩხერი გამოდის. იმ ქვეყნებში, სადაც წიწიბურა დიდი რაოდენობით მოჰყავთ, მას სპეციალური მანქანებით თესავენ. მწკრივებს შორის მანძილი 15-45 სანტიმეტრს შორის მერყეობს, ხოლო მარცვლებს 5-8 სანტიმეტრის სიღრმეზე თესავენ. 1 ჰექტარზე საჭიროა 40-60 კილოგრამი თესლი. წიწიბურას ნათესს მოვლა თითქმის არ სჭირდება, რადგან თავად თრგუნავს სარეველებს, მაგრამ სეტყვის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა, ნათესი მთლიანად წვება და ნადგურდება.

- მოსავალს როგორ იღებენ? - წიწიბურას მოსავლის აღება რთულია, რადგან ნაყოფი თანაბრად არ მწიფდება. ამიტომ მოსავალს მაშინ იღებენ, როცა მისი ორი მესამედი უკვე მომწიფებულია. დაგვიანება დიდ დანაკარგს გამოიწვევს. მოსავალს აიღებენ, რიგებად აწყობენ და 3-4 დღის შემდეგ, გალეწავენ. შრობისას მარცვლის ტენიანობა 12%-ზე მეტი არ უნდა იყოს. წიწიბურას მოსავლიანობა სხვადასხვაგვარია - მაგალითად, საქართველოში 1 ჰექტარზე 3 ტონას აღწევს. მარცვალს შავი ქერქი აუცილებლად უნდა გასცილდეს, რადგან ცხოველებისა და ადამიანებისთვის საზიანოა. ფარმაცევტულ მრეწველობაში ინტენსიურად იყენებენ წიწიბურას ნედლ ღეროებს, ხოლო დარჩენილი ღეროები ცხოველების საკვებად გამოიყენება, მისგან კალორიული ნამჯა მზადდება.

- აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ წიწიბურას კულინარიული ღირსებებიც... - წიწიბურასგან უგემრიელეს კერძებს ამზადებენ: ის არაჩვეულებრივია ხახვით, სოკოთი, რძით შეზავებული. ძალიან ბევრ ქვეყანაში მისგან ამზადებენ უგემრიელეს ბლინებსა და კატლეტებსაც. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ წიწიბურას დიეტა, რომელიც საუკეთესოა, რადგან ორგანიზმს არ ასუსტებს და არ ფიტავს: მისი წყალობით ორგანიზმს თითქმის ყველა ვიტამინი და მიკროელემენტი მიეწოდება. ამიტომ ადამიანი ქიმიურ შიმშილს არ განიცდის. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე გონივრული დიეტაა, რომლის დაცვა სხვა დიეტებთან შედარებით ადვილია. თუმცა, ცხადია, ყველაფერი მაინც ადამიანის ორგანიზმის თავისებურებებზეა დამოკიდებული.

ხათუნა ჩიგოგიძე