12-წლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგი - კვირის პალიტრა

12-წლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგი

სოფლად ბიზნესის წამოწყების მსურველებმა იმატა. თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც არასოდეს მიუტოვებიათ სოფელი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება. კახა ავაზაშვილი ახალგაზრდა ფერმერია ახმეტის სოფელ ქისტაურიდან. სოფელში მან საიმედო ბიზნესი შექმნა, რომელსაც გაკოტრების საფრთხე არ დაემუქრება, პირიქით, მის პროდუქციაზე მოთხოვნა უფრო და უფრო გაიზრდება - მისი პირუტყვის ფერმა თვეში 4 ტონამდე ეკოლოგიურ რძის პროდუქტს აწარმოებს. როგორც ყველა ახალი საქმის წამომწყებმა ადამიანმა, მანაც არაერთი სიძნელე გადალახა, სანამ ფეხზე მყარად დადგებოდა, და დღეს ქისტაურში გამართული ფერმა აქვს, რომელსაც ამ სოფლის უძველესი სახელი, "მუქუეთი" ჰქვია.

კახა ავაზაშვილი:

- კაცი პირუტყვის ფერმის გაკეთებას რომ დააპირებს, აუცილებლად უნდა დაფიქრდეს, უყვარს თუ არა პირუტყვი. ამ ბიზნესის აწყობის ერთ-ერთი მთავარი პირობა ეს არის - პირუტყვი უნდა გიყვარდეს და მისი მოვლა შეგეძლოს. მერე მოდის სხვა დანარჩენი - ბიზნესის ალღოც და წარმატებაც. 12 წელიწადს ისე ვიშრომე, ხშირად მოგება დანახარჯს არ აღემატებოდა. ჩვენებური პირუტყვი მყავდა, რომლის წველადობა იშვიათად აღემატება 12 ლიტრს. მერე დავფიქრდი: თუკი მაინც ამდენი უნდა ვიშრომო, ბარემ მაღალი წველადობის პირუტყვს მოვუვლი-მეთქი. ასე შევიძინე 4 წლის წინ შვიცისა და ჰოლშტაინის ჯიშის ხბორები.

- ამ ჯიშის პირუტყვი ფაქიზია, თანაც ბლომად საკვები სჭირდება, ბევრმა ვერ შეძლო ამ ჯიშის პირუტყვის ყოლა. - მაგრამ მოგებაც დიდია. რაც შეეხება ხარჯს, მართალია. 4 წლის წინ 6 ხბო შევიძინე, რომლებშიც 7.000 ლარამდე გადავიხადე. ამიტომაც რა გასაკვირია, ზოგმა ისიც კი მითხრა, ერთი კვირის ხბოში რომ კაცი 1.200 ლარს გადაიხდი, იმან განა რა მოგება უნდა მოგცესო. მაგრამ ასე რომ არ არის, ეს მათაც დაინახეს და მეც. სხვათა შორის, ამ მაღალი წველადობის პირუტყვზე ამჟამადაც იმხელა მოთხოვნაა, ერთი კვირის ხბო უკვე 1.500 ლარი ღირს.

- ზოგიერთი ამ ფულით ერთ "საშუალო მოხმარების" ავტომობილსაც იყიდის! ხბორების გასაზრდელად ბევრი რძეც ხომ არის საჭირო? - კი, რძე ან რძის ფხვნილი. სამ თვემდე საწოვარათი ვაჭმევდით. სამაგიეროდ, ახლა გაზრდილი ძროხები, რომლებიც უკვე 45 სული გვყავს, დღეში 30 ლიტრს იწველიან! პირველად ძალიან გაგვიჭირდა, ისიც კი არ ვიცოდით, რჩევა ვისთვის გვეკითხა. ამიტომ შეცდომები მოგვდიოდა. დღეს უკვე ვეტერინარი გვყავს, რომელიც პირუტყვს რეგულარულად ამოწმებს. მარტივი მოსავლელი და გასაზრდელი ნამდვილად არ არიან. მაგალითად, ხბოს შეიძლება ჩლიქმაც კი შეუქმნას პრობლემა - ჩლიქებს შორის ნაჭდევები ერთმანეთს შეეხოს და ფეხი ასტკივდეს, ამიტომაც ჩაქლიბვაა საჭირო... ფერმაში ხბორები ცალკე გვყავს, მათ სპეციალურად მათთვის გამოყოფილი მომვლელი უვლის.

- მეწველი რამდენი გყავთ? - 45 სული და აქედან ნაწილი იწველება, სხვებისგან ნამატს ველოდებით. ნამატის დაბადებამდე და ერთხანს მის შემდეგაც პირუტყვს ვასვენებთ. ასე რომ,

ახლა თვეში დაახლოებით 3000 ლიტრი რძე უნდა მივიღოთ, შემოდგომაზე კი, ალბათ, 6000 ლიტრამდე გვექნება. თუ იმას ვიანგარიშებთ, რომ 10 ლიტრი რძისგან დაახლოებით 2,5 კილოგრამი ყველი ამოდის, მაშინ, ალბათ, გასაგებია, რამდენი ყველის მიღება შეგვიძლია თვეში.

გარდა ამისა, გვაქვს ხაჭო და მაწონიც. საბედნიეროდ, გაყიდვა არ გვიჭირს, პანდემიის პერიოდშიც კი ვამარაგებდით მაღაზიას, სადაც მყიდველი გვიცნობს და გვენდობა.

- ალბათ, საკუთარი რძის საწარმო გაქვთ.

- ფერმა ისე შევქმენი, სახელმწიფოს ინვესტიციებით არ მისარგებლია. იმედია, ბოლო დროს ფერმერებისთვის დაწესებული რეგულაციები დამეხმარება და რძის საწარმოსაც ავაშენებთ. დანარჩენი, რაც ფერმას სჭირდება, ყველაფერი გავაკეთე. სიმინდის ყანაც მაქვს სილოსის დასამზადებლად და მიქსერიც, საკვების დასაფქვავად და ასარევად. ჩვენი ზრდასრული პირუტყვი დღეში 55 კილოგრამ საკვებს ჭამს. აქედან ნაწილი სილოსია, ნაწილი კი სპეციალური საკვები, რომელიც საქართველოში მზადდება. სხვათა შორის, არც ყველს ვაკეთებ პეპსინით, რასაც ჩვენი მოსახლეობა ხშირად იყენებს და რასაც სხვა უარყოფითი თვისებების გარდა, გემოც არა აქვს სათანადო. ყველის დედა საფრანგეთიდან ჩამომაქვს. არ მინდა კლიენტს ის პროდუქცია მივაწოდო, რომელიც არ ესიამოვნება. კლიენტის ნდობის მოპოვება ძალიან ძნელია, ამიტომ გაფრთხილება სჭირდება. იმედია, ბევრი დაფიქრდება ამაზე. იმის იმედიც მაქვს, რომ ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა გავხდებით და არა მარტო რძის. ამას დრო სჭირდება, რადგან გამოცდილება არა გვაქვს.