მეურნეობა ოტია იოსელიანის კარ-მიდამოში - კვირის პალიტრა

მეურნეობა ოტია იოსელიანის კარ-მიდამოში

"ოტია ბაბუას სახლ-მუზეუმი სახელმწიფოს ბალანსზე არ გადავიყვანეთ, ბევრი სხვა მუზეუმივით ნახევრად გამოკეტილი რომ არ ყოფილიყო"

მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ოტია იოსელიანის გარდაცვალების შემდეგ მისი უმცროსი ვაჟის, დაჩის ოჯახი წყალტუბოში მამისეულ კერას დაუბრუნდა. უფროსი ოტიას თბილისში დაბადებულ-გაზრდილმა შვილიშვილმა, ბაბუის მოსახელე ოტია იოსელიანმა სახელოვან ბაბუას ნატვრა აუსრულა და მისი ფუძე ააღორძინა - მწერლის კარ-მიდამოში ღვინის მარანი "ოტიას ეზო" დააარსა და მცირე მეურნეობაც მოაწყო. მისი გაძღოლა სულაც არ არის მარტივი, მით უფრო, ამ საქმეში გამოუცდელი კაცისთვის. რას აწარმოებს იოსელიანების ოჯახი, როგორ დამშვენდა უფროსი ოტიას ეზო, სადაც თავად მწერალია დაკრძალული და მისი სახლ-მუზეუმიც დგას, ყოველივე ამაზე 31 წლის ოტია იოსელიანი გვესაუბრება.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, არქიტექტორი ვარ და როცა მეღვინეობით დავინტერესდი, ჩემი პროფესია დამეხმარა - ძველი ქართული მარნების არქიტექტურის შესწავლა დავიწყე. თანამედროვე მარნებში იმ ძველი მარნების ბევრი დეტალია დაკარგული, არადა, მათი გამოყენება ძალიან კარგი იქნებოდა.

უკვე 5 მარნამდე მაინც დავაპროექტე. რაც შეეხება ოტია ბაბუას კარ-მიდამოს, აქ რომ ჩამოვედით, ჯერ მისი სახლ-მუზეუმი გაკეთდა. სახელმწიფოს ბალანსზე არ გადავიყვანეთ, ბევრი სხვა მუზეუმივით ნახევრად გამოკეტილი რომ არ ყოფილიყო. თავად მოვაწყვეთ ყველაფერი და, რაც მთავარია, მისი დათვალიერება უფასოა. მხოლოდ შემოწირულობებით აქაურობის გაძღოლა რთული იყო, ამიტომ ვიფიქრეთ, რამე სამეურნეო საქმიანობა წამოგვეწყო. ჯერ ცოტა ღვინო სახლისთვის დავაყენეთ. ღვინის მცოდნე მეგობრებმა მომიწონეს და მირჩიეს, ღვინის წარმოებისთვის მომეკიდა ხელი. თან სახლისთვის ნატურალური პროდუქტების მომარაგებაც დავიწყეთ. ჯერ კიდევ 5 წლის წინ გამიჩნდა ეჭვი, რომ შეიძლებოდა ისეთი დღეც დამდგარიყო, როცა ყველაფრის შეძენა გაძნელდებოდა. ახლობლები მეუბნებოდნენ, გიჟი ხარ, აპოკალიფსის გჯერაო. ფაქტი ხომ არის, რომ კორონავირუსმა ძალიან ბევრი პრობლემა შეგვიქმნა?!

- ბაბუას ეზოში ვენახები ჰქონდა? - ეს ეზო, სადაც ახლა მარანი დგას, ჩრდილოეთის ფერდობია და სავენახედ არ ვარგა, ამიტომ აქ ბაბუას ვაზი არ ჰქონია. მარნის გაკეთება რომ გადავწყვიტე, იმერული ჯიშები - ოცხანური საფერე და ცოლიკაური სხვადასხვა ადგილას გავაშენეთ. ჯერ 1-2 წლის არის და ამიტომ ღვინის დასაყენებლად ყურძენს ჯერჯერობით ვყიდულობთ. ჩემს მეგობრებსაც აქვთ დიდი ვენახები და ყურძნის ნაწილს ისინი მაძლევენ. ცოლიკაურსა და ოცხანურ საფერესთან ერთად, გვაქვს ასევე დასავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშების - ჩხავერისა და ოჯალეშისგან დაწურული ამავე სახელწოდების ღვინოები. ზოგადად, ბევრი ღვინის წარმოებას არ ვაპირებ. ალბათ, უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში წლიურად მაქსიმუმ 5000 ბოთლ ღვინოს თუ ჩამოვასხამთ. ღვინის წარმოებისთვის ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ მცირე მარნისთვის კარგი რაოდენობაა.

- რაკი მარანი გაქვს, ალბათ რაღაც დონეზე მეღვინეობაც შეისწავლე. - ჩემი დიდი ბაბუა, ბებიის მამა ანუ ოტიას სიმამრი სევერიან ფანცხავა ძალიან ცნობილი მეღვინე ყოფილა. ვენახებიც ჰქონია და თურმე დიდძალ ღვინოსაც აწარმოებდა. ჩვენი ვენახის გაშენებას სწორედ მისი მიწის სიახლოვეს ვაპირებთ. ამას გარდა, რჩევებითა და დარიგებებით კარგი კონსულტაცია გამიწიეს ჩემმა მეგობრებმა, პროფესიონალმა მეღვინეებმა გიორგი ბარისაშვილმა და იაგო ბიტარიშვილმა. მართალია, მეღვინეობაში პროფესიული ცოდნა არ მიმიღია, მაგრამ სკოლაში არცთუ ცუდად ვსწავლობდი ქიმიას და ქიმიური რეაქციების ცოდნაც დამეხმარა.

- როგორც შევიტყვე, მარანში ჭურები ჩაყარეთ, როგორც იმერეთში უწოდებენ. - მეღვინეებმა იციან, რომ ჩვენთან ჭურის დამზადების ხარისხი მოიკოჭლებს და ლატარიასავითაა - ან გამოგადგება, ან არა. ჩემი ჩაყრილი ჭურების უმეტესობამ ვერ ივარგა, ამიტომ თავიდან გამიხდა გასაკეთებელი.

ახლა კარგი ხარისხის ჭურებს ვეძებ, ოღონდ მაშინვე არ ჩავყრი მიწაში - ერთი ხანობა მიწის ზემოთ, ქვიშაში გავაჩერებ და დავაკვირდები, თუ გაამართლა, მხოლოდ ამის შემდეგ ჩავაწყობ. ამ ეტაპზე ჩვენი ღვინო ჭურებში მარტო აქტიურად დუღს, მეტხანს არ ვტოვებთ და სპეციალურ რეზერვუარებში გადაგვაქვს, ხოლო დრო რომ მოუვა, ბოთლებში ვასხამთ.

- ლუდის მოხარშვაც დაგიწყიათ... - ლუდსაც ვხარშავთ და არაყსაც ვხდით, მაგრამ ლუდთან დაკავშირებით ცოტათი რთულად არის საქმე. ჯერ ერთი, ტექნოლოგიურად რთულია და მეორეც, ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, დამწყებ ლუდის მწარმოებლებს ძალიან გვეშლება ხელი. თუკი კანონმდებლობით მოაგვარებენ ლუდის მსხვილი და მცირე სახარშების დიფერენცირებასა და გლეხებს, ვისაც ლუდის წარმოების სურვილი აქვს, კანონს შეურბილებენ, მაქსიმუმ 5 წელიწადში მთელი საქართველო იქცევა ლუდის სერიოზულ კერად. ლუდის ხარშვის ქართული ტრადიციებიც გაგვაჩნია და ამასთან, მარტო ლუდის ხარშვა კი არ დაიწყება მასობრივად, არამედ ლუდის მოსახარშად საჭირო ნედლეულზე ავტომატურად გაჩნდება მოთხოვნა და მისი წარმოების აუცილებლობაც. მარცვლეული კულტურების ქვეყანა ვართ, ლუდის საწარმოებლად საუცხოო ქართული ნედლეული და უგემრიელესი ბუნებრივი წყალი გვაქვს, საუკეთესო ხორბლისა და ქერის მოყვანა შეგვიძლია, ასევე, სვიისაც, რადგან ეს უკანასკნელი ველურად ისედაც მოდის და გაკულტურებასაც მოვახერხებთ.

თუ გლეხებს ლუდის საწარმოებლად ხელ-ფეხი გაეხსნებათ და ამ ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც ჩეხეთში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ჩადიან კარგი ლუდის დასაგემოვნებლად, რამდენიმე წელიწადში ისევე ჩამოვლენ ჩვენთანაც.

ახლახან ოტიას 90 წლის საიუბილეოდ რამდენიმე სტუმარი გვეწვია წყალტუბოში. ჩვენი ლუდი რომ დააგემოვნეს და ამ პრობლემაზე დაველაპარაკე, მთხოვეს, შენი მოსაზრებები გამოგვიგზავნე და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება გაკეთდესო.

სხვათა შორის, პანდემიის პერიოდში ჩვენი საოჯახო მეურნეობა გავამრავალფეროვნეთ. ლუდის ხარშვისას დიდი რაოდენობით გვრჩება მოხარშული ალაო და მისი გამოყენებაც დავიწყეთ. წიწილებს საგანგებოდ გამშრალი ალაოთი ვკვებავთ. წიწილა გვაძლევს სკინტლს, რომლითაც ვანოყიერებთ მიწას და მოგვყავს პამიდორი და სხვადასხვა ბოსტნეული. ასევეა ღვინის დამზადებისასაც - ყურძნის ნარჩენი ჭაჭით არაყს ვხდით, ღვინისგან ძმარს ვაყენებთ... ვცდილობთ, ყველაფერი სიმბიოზში გვქონდეს და - უდანაკარგოდ, სხვაგვარად ძნელია სოფელში ცხოვრება, სატელიტური მეურნეობები აუცილებელია...

ეზოში ხეხილი გვაქვს, ბაბუას დანატოვარიც და მერე დარგულ-გაზრდილიც - ვაშლი, მსხალი, ტყემალი, ფეიხოა, ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, კაკალი და კიდევ ბევრი რამ. თუკი რამე შესაწამლია, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბიოსაშუალებებს ვიყენებთ. პატარა სათბურიც გავაკეთე და მასში გამომყავს ჩითილები, ჯერჯერობით ბევრს ვსწავლობ და სამომავლოდ მინდა, ამასაც სერიოზული სახე მივცე. მცირე რაოდენობით თაფლიც გვაქვს. ჩვენივე ოჯახის წევრი, ჩემი ბიძა, ოტიას უფროსი ვაჟი ბაჩო ძველი, გამოცდილი მეფუტკრეა და ოტიას ეზოს თაფლით სწორედ ის და მისი ოჯახი გვამარაგებს. სამომავლოდ მათივე გამოცდილების გაზიარებითა და დახმარებით თაფლის წარმოების გაზრდასაც ვაპირებთ. ცოლი წელიწად-ნახევარია შევირთე - ნუცა ცისკარიშვილი, რომელიც ასევე შემოგვიერთდა ჩვენი საოჯახო მეურნეობის გაძღოლაში, ბევრი გეგმა გვაქვს და ვფიქრობ, ოტიას ეზოს არასდროს დაელევა სტუმარი.