დევნილი კულინარის სადედოფლო ვარდები
დევნილი კულინარის სადედოფლო ვარდები
ელენე კახნიაშვილი სამაჩაბლოდან დევნილია და ოჯახთან ერთად წეროვანში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. საკუთარი კარ-მიდამოდან იძულებით აყრილი ხალხი უიმედობას არ შეუპყრია - ელენემ და მისმა მეუღლემ ახალი ცხოვრების დაწყება შეძლეს - დიდი შრომის ფასად მიწა, რომელიც წეროვანში ერგოთ, ბაღნარად აქციეს. ელენე დღეს ჩვენი სტუმარია.

ელენე კახნიაშვილი:

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დავამთავრე დიპლომატიური მიმართულებით, მაგრამ პროფესიით არ მიმუშავია, დრო ოჯახის მოვლა-პატრონობას დავუთმე. ჩემი საყვარელი სფერო კულინარიაა. ორი წლის წინ კულინარიულ აკადემიაში
სასწავლო კურსი გავიარე და სიამოვნებითაც ვმუშაობ.

ჩემი ოჯახი დევნილი ჯერ კიდევ 1992 წელს გახდა და ცხინვალიდან სოფელ კეხვში გადავედით, 2008 წელს კი საქართველოს ეს ულამაზესი კუთხეც დაგვატოვებინეს... წეროვნის დევნილთა დასახლებაში 2008 წლის დეკემბრიდან ვცხოვრობთ. მყავს მეუღლე და სამი შვილი. 21 წელია, ოჯახი შევქმენით.



- მოგვიყევით
თქვენს ბაღნარზე.
- ჩვენი მიწის ფართობი 400 კვმ-ია. აქედან 70 კვმ-მდე შენობა-ნაგებობებს უჭირავს, დანარჩენი - ბაღ-ბოსტანს. თავიდან გარშემო ერთი ნარგავიც არ ჭაჭანებდა. პირველად ვენახი გავაშენეთ, რომ ბადაგი, ჩურჩხელა გვქონოდა. ღვინოზე არ გვიფიქრია, მაგრამ ვენახი იმხელა გახდა, უკვე ყველაფრისთვის გვყოფნის. შემდეგ ყვავილები გავამრავლეთ. ამასობაში ჩვენი მოთხოვნები და გემოვნება ისე დაიხვეწა, რომ ვარდების გაშენებაც გადავწყვიტეთ. ჯერ ჩვეულებრივი ვარდები ვახარეთ, მერე კი უცხოეთიდან შემოტანილები დავრგეთ. საუცხოო ჯიშებს ვყიდულობთ ჩვენზე დიდი კოლექციონერებისგან, მერე კი ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას ვუზიარებთ.

- ვარდებს მარტო უვლით?
- მიწაზე მუშაობა ქალისთვის რთულია, ვარდებს მუდმივად სჭირდება ნიადაგის გაფხვიერება, შემოთოხნა, შემობარვა, მიწის შემოყრა, რომ რბილ ნიადაგში ახალი ნაყარი გაიკეთოს. შეწამვლა სჭირდება, შესაწამლავი აპარატი კი ქალისთვის მძიმეა. მეუღლე ყველაფერში მეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომელია და რთული სამუშაო გრაფიკი აქვს.

- რა არის საჭირო ვარდის ბაღის გასაშენებლად?
- ამ ცოდნის დაუფლებას 5-6 წელიწადი მოვუნდით, მასობრივი განაშენიანება კი ბოლო ორი წლის დაწყებული გვაქვს. მანამდე თითო ვარდს წლობით ველოდებოდით - საკოლექციო ვარდებზე დიდი რიგია. ვენახიც გავაშენეთ, ხეხილიც და აფრიკული სელექციის იებიც. ამ პატარა სახლში საძინებლის ერთი კედელი ამ მცენარეს დავუთმეთ. იები სპეციალურ სუბსტრატში ცხოვრობენ, რაც ქოქოსის დაფხვნილი ქერქის, ტორფისა და პერლიტის ნარევია. ამათაც კერძო კოლექციონერებისგან ვაგროვებთ. ხან ფოთლებს ვუცვლით ერთმანეთს და ისე ვამრავლებთ.

- როგორ?
- სპეციალურ ნიადაგს კონტეინერში ვყრით და ფოთოლს მასში ვდებთ. ადვილად მრავლდება, მაგრამ დაავადებებისადმია მიდრეკილი. ძალიან მალე ფესვიანდება - ერთი ფოთლისგან 15 ძირის მიღება შეიძლება, მაგრამ ჯიშს გააჩნია, ყველა ასე არ ფესვიანდება. 100 სხვადასხვა ფერის ია გვაქვს. ყოველდღიური მოვლა არ სჭირდება, მაგრამ ყოველ მესამე-მეოთხე დღეს ხელის შევლება მაინც უნდა. მის მოშენებას მხოლოდ მას ვურჩევ, ვინც სახლშია. ასევე სჭირდება ხელოვნური განათება. ჩვეულებრივ შუქსა და მზეზე ვერ იცოცხლებს. სამხრეთის მხარის ფანჯრებზეც იდეალურად გრძნობს თავს...

- ვარდებს როგორი მოვლა სჭირდება?
- ვარდის ნერგის დასარგავად შემოდგომას ვირჩევთ, რათა ადაპტაცია ადვილად გაიაროს და გაზაფხულზე უკეთესად იყვავილოს, ვიდრე გაზაფხულზე დარგულმა, რადგან სიცხე ხელს უშლის.

შემოდგომით ვაფხვიერებთ მიწას, ვამდიდრებთ ნაკელით, სპეციალური ექვსთვიანი მოქმედების სასუქით; შემდეგ ვთხრით 40 სმ-მდე ორმოს, სადაც დრენაჟს (ხრეში ან სილაქვიშა) ვუკეთებთ, ვრგავთ ვარდს და ფხვიერ მიწას ვაყრით. ნერგი სამ-ხუთ კვირტზე უნდა იყოს გასხლული, რომ ადაპტაცია ადვილად გაიაროს. მიწას ვაფხვიერებთ. ზამთარში მორწყვა მაინცდამაინც არ სჭირდება, თუმცა კლიმატსაც გააჩნია. გაზაფხულზე, როცა შეფოთვლას დაიწყებს, პირველი წამლობა სჭირდება, თებერვლიდან გასხვლას კი ვარდების ჯიშების მიხედვით ვიწყებთ. თუ ხვიარა ვარდია, გასხვლა საჭირო არ არის, მხოლოდ დეკორატიულად ლამაზ ფორმას მივცემთ, ან გამხმარ და დაზიანებულ ტოტებს მოვაჭრით. შემდეგ მოდის ფლორიბუნდა ვარდები, რომლებიც 40 სმ-ზე უნდა გაისხლას, რომ შემდეგ მისთვის განკუთვნილი ზოლი შეავსოს, უხვად და ლამაზად იყვავილოს. ჩაის ჰიბრიდები პირველ რიგში ირგვება, ასევე - ნიადაგმფარავი ვარდები. ესენი დაბალზე უნდა გაისხლას, რომ ლამაზი ბუჩქი მივიღოთ. გასხვლის შემდეგ მოდის პირველი წამლობა. ეს არის კვირტის დაავადებების საწინააღმდეგო, რომ არ გაჩნდეს ბუგრი, არ დარჩეს კვირტის ჭია, რომელიც ფოთოლში იბუდებს და მას აფუჭებს. შემდეგი წამლობაა `ბორდო~, ანუ სამ ფოთოლზე წამლობა, რომელიც მას ნაცრისა და სოკოვანი დაავადებისგან იცავს.

წამლობების გარდა კვირტის პერიოდში საჭიროა გამოკვება, რათა გვირგვინი სრულყოფილი და ლამაზი იყოს. კვება რამდენიმე სახისაა - ფოთლიდან და ფესვიდან. ფესვიდან კვებისთვის გამოვიყენებთ ნაკელისგან დამზადებულ სპეციალურ ხსნარს, რომელსაც `ჟიჟას~ ეძახიან; არის ბალახისგან დამზადებული კოქტეილებიც.

- კოქტეილები?
- დიახ. როდესაც ბაღს ზედმეტი ბალახისგან გავასუფთავებთ, ეს ბალახი უნდა დავაქუცმაცოთ, ჩავყაროთ სპეციალურ ჭურჭელში, რომელსაც წყალს დავასხამთ და ერთგვარი კოქტეილი დამზადდება. ბალახი ხომ სავსეა კალციუმით, მაგნიუმით, აზოტით... მერე კი ამ ყველაფერს ვარდის ძირებში ვაბრუნებთ. ფოთლიდან კვებისთვის ათასნაირი საშუალება არსებობს და სპეციალურ მაღაზიებში ვყიდულობთ.

დაბოლოს ერთი რჩევა მებაღეებისთვის: ახლა ის სეზონია, როცა ნაყვავილარი ვარდები აუცილებლად უნდა მოაჭრათ სამ-ხუთ ფოთოლზე, ანუ საღ კვირტამდე. საღი მუხლთაშორისი კვირტი უნდა შეირჩეს და ღერო იქამდე გადაიჭრას. ვარდისთვის კვება აუცილებელია, რომ ახალი ვარდობის პერიოდი, მეორე ტალღა დაიწყოს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები