მოჭიდავე მეფუტკრის ოდისეა - კვირის პალიტრა

მოჭიდავე მეფუტკრის ოდისეა

"ამ საქმეს დიდი შრომა უნდა, მაგრამ აზარტიც ახლავს, ნელ-ნელა ჩაგითრევს. თუმცა შრომა ფუჭად არ იკარგება, შედეგი მოაქვს"

ქსოვრისელი თამაზ გულიაშვილი მეფუტკრეა, აწარმოებს ფუტკრის პროდუქტებსა და საფუტკრე ინვენტარს. "თავიდან ფუტკრების არც ისე ბევრი ოჯახი გვყავდა, შემდეგ მეურნეობა გავზარდეთ. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პრობლემას ვაწყდებოდით: სკები, ჩარჩოები, ფიჭა ძნელად საშოვნელი იყო, ამიტომ გზადაგზა ამ ყველაფრის წარმოებაც დავიწყე, თან სახელმწიფო პროგრამაში "აწარმოე საქართველოში" ჩავერთე და მიღებული დაფინანსებით სკის ასაწყობი დაზგები შევიძინე. აქსესუარების (სკის სადგამები, სახელურები და სხვა დეტალები) საწარმოებლად ჩავერთე BP-ს პროგრამაში, რომელსაც "ელკანა" ახორციელებდა, გავიმარჯვეთ და ახლა ჩარჩოების ასაწყობ სახელურებსა და სადგამებს ვაწარმოებთ, თაფლის ჩამოსასხმელი საწარმოსთვის კი ინვენტარი USAID-მა გადმოგვცა. ასე მოვედით აქამდე", - გვიამბობს თამაზ გულიაშვილი.

- შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ფუტკრის გაყიდვასა და სკების ჩარჩოების წარმოებაში ვლიდერობთ. ასევე ვაწარმოებთ ფუტკრის პროდუქტებს, მათ შორის, ინოვაციურს. გვაქვს თაფლი, სანთელი, თაფლის არაყი, ჭეო, მტვერი, დინდგელი.

- თქვენთან ერთად ვინ არიან ამ საქმეში ჩართული?

- ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები, სულ 20 კაცია. მყავს ორი მეფუტკრე მეგობარი, რომელთა საფუტკრე უკვე გასამმაგდა, რადგან მოთხოვნა დიდია. მაქვს მაისის, ცაცხვის, წაბლის, ოქროწკეპლას თაფლი, კახური მინდვრის ყვავილების, ასევე ძეძვის, მაყვლისა და მინდვრის შერეული. 5-6 სახეობის თაფლი ყოველთვის გვაქვს.

- ამ საქმეს დიდი დრო და ენერგია სჭირდება, რაც, ცხადია, შემდგომ შემოსავლით ფასდება, მაგრამ მეფუტკრეობას რა აქვს ისეთი, რაც ასე გიზიდავთ? - ამ საქმეს დიდი შრომა უნდა, მაგრამ აზარტიც ახლავს, ნელ-ნელა ჩაგითრევს. თუმცა შრომა ფუჭად არ იკარგება, შედეგი მოაქვს.

ვიღაცის ჰობი ნადირობა ან თევზაობაა, ჩემთვის კი მეფუტკრეობა საქმეც არის და ჰობიც.

2004 წელს ფრანგული ორგანიზაციის პროგრამით სასწავლებლად საფრანგეთში წავედი. იმ პერიოდში სპორტს (ძიუდო, სამბო, ქართული ჭიდაობა) მივდევდი. სწავლა ნორმანდიიდან დავიწყეთ. ჩრდილოეთ და სამხრეთ საფრანგეთში სტაჟირებაზე წელიწად-ნახევარი ვიყავი, გავიარეთ მეხილეობა, წვენების დამზადება, ვაშლის ღვინის წარმოება, მესაქონლეობა, მეღორეობა, მებოცვრეობა, კომპლექსური მებაღეობა, ბოსტნეული კულტურების მოყვანა, მეღვინეობა და მარკეტინგი. ბევრი რამ არის იმაზე დამოკიდებული, პროდუქტს დახლზე როგორ დააწყობ, წარადგენ, თავად როგორ გამოიყურები. რა გამოცდილებაც საფრანგეთში მივიღე, აქაც მადგება, როცა ბაზრობები და ფესტივალები იმართება.

მოკლედ, საფრანგეთში სწავლის პარალელურად ძიუდოს დარბაზში დავდიოდი. ფრანგულ სპორტში ჩემი მისვლა ფილმს ჰგავს. ენა, ელემენტარული რაღაცების გარდა, პრაქტიკულად, არ ვიცოდი, მივედი დარბაზში და ვუთხარი, ვარჯიში მინდა-მეთქი. ჩემს სპორტულ ბიოგრაფიას ენის ბარიერის გამო ვერ მოვყვებოდი. კიმონოები კი წაღებული მქონდა, იქ ქამრებს ყურადღებას აქცევდნენ. იმ დღეს რატომღაც თეთრი ქამარი მეკეთა. ვარჯიშის მერე საფრანგეთის პრიზიორს ჩემს წონაში ვეჭიდავე და დავამარცხე. შესანიშნავი ტექნიკა ვაჩვენე და დაინტერესდნენ, მეკითხებოდნენ, სადაური ხარ, ვინ ხარო. მერე შეჯიბრებებზე გამოვდიოდი, უამრავი გულშემატკივარი მყავდა.

საფრანგეთში ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო კარიერა გამომივიდა. მაგრამ სხვა მიზნები მქონდა, სწავლაზე ვაკეთებდი აქცენტს. სხვათა შორის, წასვლამდე საქართველოს ნაკრების წევრიც გახლდით, ქვეყნის რამდენიმეგზის ჩემპიონი, უამრავ ტურნირში გამარჯვებული.

რომ ჩამოვედი, რამდენიმე სფეროში ვცადე ბედი, მათ შორის მესაქონლეობაში. ახლა ამ დარგს მამაჩემი უძღვება. გვაქვს საძოვრები და საქონელიც გვყავს. ერთხანს სასათბურე მეურნეობით დავინტერესდი, საბოლოოდ კი მეფუტკრეობა აღმოვაჩინე. დღეს ეს არის ჩემი ყველაზე საინტერესო საქმე.