"საჩხერის ჟოლო სხვა ქართულ ჯიშებზე უკეთესი ხარისხისაა"
"საჩხერის ჟოლო სხვა ქართულ ჯიშებზე უკეთესი ხარისხისაა"
ჟოლო დღეს უკვე ჩვენი სოფლის მეურნეობის ბრენდ კულტურად ითვლება. არაე­რთი­ მეურნე ცდილობს ის ეკოლოგიურად სუფთა მოიყვანოს. მართალია,­ გლეხს ჟოლოს შედარებით მცირე პლანტაცია აქვს, ვიდრე ფერმერს, თუმცა კუთვნილ მიწას, სადაც ჟოლოც ხარობს, ტრადიციულად, ნაკელით ანოყიერებს. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოყვანილი ჟოლო განსაკუთრებულია - აქ ეს კულტურა მასტიმულირებელ სასუქებს არ მოითხოვს, მათ შორის არც ნაკელს, რადგან თუნდაც წლების წინ ნაკელით განოყიერებულ ნიადაგსაც მშვენივრად სჯერდება. ნიშანდობლივია, რომ აქაური­ ჟოლო ადგილობრივი ჯიშია, რომელსაც თაობიდან თაობამდე
ხარისხი არ აკლდება, ისევე, როგორც საჩხერის ცოლ­იკაურს, რომელიც აქ, სოფელ შალაურში, განსაკუთრებულია ადგილობრივი მიკროკლიმატისა და ნიადაგის გამო.

როგორც მთელ მუნიციპალიტეტში, ამ სოფელშიც ჟოლო თითქმის ყველა ოჯახს აქვს. მწიფობის უმოკლესი, ორკვირიანი პერიოდით შალაურის ჟოლო აქაურებს საოჯახო ხარჯებში ეშველება. ეს ვადა კმარა იმისთვის, რომ 100 კვმ-ზე მოყვანილი
ჟოლოთი 1000 ლარამდე შემოსავალი მიიღო. რაღა თქმა უნდა, ეს ბევრი როდია, მაგრამ ოჯახურ საჭიროებებს­ დააკმაყოფილებს, თანაც, თუ ფართობი მეტია, მოსავალიც მეტი მოვა. გამრჯე და გონიერი იმერელი დიასახლისი ჟოლოს მოყვანას გონივრულ საქმედ მიიჩნევს: მართალია, ყოველდღე უნდა შეავლოს ხელი, მაგრამ პარალელურად სხვა საოჯახო საქმეებსაც ასწრებს. ემზარ ბუსხრიკიძის ოჯახშიც ასეა - მისი მეუღლის, ირმა ხახიშვილის­ ჟოლოს ბაღში ყოფნა თვალსაც უხარია და გულსაც.

- დღეს საქართველოში ჟოლოს ახალი ჯიშების გახარებას უდიდესი ყურადღება ექცევა, ხალხიც კმაყოფილია ახალი ჯიშებით, მაგრამ მე არც ჩვენი, ქართული ჯიშის საწინააღმდეგო მაქვს რამე.
ჩემი ჟოლო სწორედ ის ჯიშია, რომელსაც თბილისის ეზოებში წლებია "მალინა, მალინას" ძახილით დაატარებენ და დიასახლისები სიამოვნებით ყიდულობენ სამურაბედ.

ვფიქრობ, საჩხერის ჟოლო ბევრად უკეთესი ხარისხის, არომატის და გემოსია, ვიდრე სხვა ქართული ჯიშები. ამას, ალბათ, ჩვენი ნიადაგი, კლიმატი და სელექცია უწყობს ხელს - გასამრავლებლად და გადასარგავად საუკეთესო მსხმოიარე ჯიშიდან არჩევენ ახალამოყრილ ღეროებს. ჟოლოს გადარგვა შემოდგომაზეც შეიძლება და გაზაფხულზეც, ოღონდ შემოდგომაზე უკეთესია. ამ დროს გადარგული ჟოლოს დიდი ნერგი მომავალ ივნისში უკვე ნაყოფს მოგცემს, თებერვალ-მარტში­ გადარგული მცირე სიდიდის ნერგი კი იმავე წელიწადს ნაყოფს ვერ იძლევა.

- არადა, ცნობილია, რომ საჩხერის ნიადაგი მწირი და თიხოვანია. ჟოლოს, როგორც წესი, ასეთი ნიადაგი არ მოსწონს.
- აგრონომი არც მე გახლავართ და არც სხვა ჩვენებურები, რომლებსაც ჟოლოს­ ბაღები აქვთ, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ ჩვენს მწირ და თიხიან ნიადაგზე ჟოლოს გახარება არ უჭირს, მეზობლის ღობიდან ღობეზე გადადის და მათ ბაღებშიც მრავლდება.
ჟოლოს ზედმეტი ნესტი არ უყვარსო, ჩემი გამოცდილებით კი ტენიან და დაჩრდილულ ადგილებსაც მშვენივრად ეგუება. მე ვენახის ხეივანში გადავრგე, რომ უფრო მეტი მოსავალი მიმეღო. მიუხედავად იმისა, რომ ხეივანი დაჩრდილულია, ვაზის ფოთლებს შორის გამომავალი მზის სხივები ჟოლოს ჰყოფნის, ოღონდ ტოტებმა­ ვენახის ხეივანს ზემოდან არ უნდა გადაუაროს, ამიტომ სანამ ჟოლოს ყლორტი ხეივანს ასცდება, მანამდე ვსხლავ. მე პირიქით მგონია, ჩვენს ჟოლოს არ მოსწონს ძალიან მზიანი ადგილები - ჩემს ეზოში ჟოლო ვენახთან უფრო კარგად ხარობს, ვიდრე მზისგულზე.

- ანუ მიწას მთელი დატვირთვით იყენებთ, ზაფხულის დასაწყისში ჟოლოს კრეფთ, ოქტომბერში კი ცოლიკაურს...
- ვენახის მიხედვაც ხშირად მიწევს, რადგან ჩემი მეუღლე სოფლისგან მოშორებით მუშაობს. ამ დროს ოჯახისა და მისი მეურნეობის პატრონობა, რასაკვირველია, ჩემი გასაწევია. ჟოლოს გასაყიდად გამრავლებაც თავად გადავწყვიტე. ჩვენს ბაზარში დილით გატანილი ჟოლო ცოტა ხანში მიქრება ხელიდან - ხალხმა იცის, რომ ხარისხიან და ქიმიური დანამატების გარეშე მოყვანილ ჟოლოს ყიდულობს.

- კარგია, რომ არც მორწყვა სჭირდება­, არც დამატებითი სტიმულატორებით კვება.
- ასეა. ჩვენი ჟოლოს მწიფობის­ პერიოდი ორკვირიანია, ივნისის შუა რიცხვებიდან იწყება და მეტ-ნაკ­ლებად ივნისის ბოლომდე გასტანს. შემეძლო ორმოსავლიანიც გამემრავლებინა, მაგრამ უარი ვთქვი­, რადგან ივნისში მოყვანილ ჩემს ორკვირიან ჟოლოს გაცილებით უკეთესი არომატი და გემო აქვს, ვიდრე სექტემბერში მოყვანილს.
ივნისში კი ისეთი პაპანაქება არ არის, რომ მორწყვა დასჭირდეს. თუ დასჭირდება, ამასაც გავაკეთებ. რაც შეეხება შეწამვლას, რა საჭიროა, ისედაც კარგ მოსავალს მაძლევს! ეგეც არ იყოს, ბევრი ბუნებრივი გზა არსებობს უვნებელი მოსავლის მოსაყვანად.

- ევროპაში ასე, ბუნებრივად მოყვანილი­ ჟოლო კილოგრამი 100 ევრო ღირს.
- არც ჩვენთან აქვს ცუდი ფასი. მე წლეულს კილოგრამი 6 ლარად გავყიდე. მოსავალი ბევრი არა მაქვს, ამიტომაც ჟოლოს გამრავლებას ვაპირებ. შარშან 150 კილოგრამი სწრაფად გავყიდე. ტრანსპორტირებაც, ასე თუ ისე, აწყობილი­ მაქვს­ - მეზობლები მოსავალს ერთად ვყიდით. ჟოლოს ორი კვირის განმავლობაში­ ყოველ მესამე დღეს სჭირდება კრეფა და ამ დროს შვილებიც წამომეშველებიან ხოლმე. მართალია, მოვლა ძნელი არ არის, მაგრამ ზოგჯერ მაღალი ბალახიც წამოეწევა, რომელიც თოხით ან ხელით უნდა შემოაცალო. დაბალი ბალახი არ ვნებს, შეიძლება ძირებში მთელ სეზონზე დაუტოვო, ოღონდ ჟოლოს ყლორტები სწრაფად ეზრდება, ამიტომაც ვენახივით სჭირდება სარებზე ახვევა. ასე ბევრად უკეთეს და ხარისხიან ნაყოფს მოგცემს.

- ყინვას როგორ უძლებს?
- ისეთი ჯიუტი და ძლიერია, მშვენივრად, მაგრამ რომც მოყინოს, მაინც ამოიყრის და მოსავალს მოგცემს.

- ეს კულტურა ხომ ვიტამინების კრებულია და არც მისი მოვლა, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა და გაყიდვა ყოფილა რთული.
- ამიტომაც მინდა, რომ ჟოლოს გაცილებით დიდი ბაღი მქონდეს. საჩხერის მუნიციპალიტეტში ზოგმა უკვე გააშენა კიდეც ადგილობრივი ჟოლოს ჯიშის დიდი ბაღები. ხალხი ხომ ძალიან მალე უღებს­ ალღოს, რომელი კულტურის გახარება უფრო წაადგება ოჯახის შემოსავალს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!