"დათვის ხახვი" საიმპერატორო ბაღისთვის - კვირის პალიტრა

"დათვის ხახვი" საიმპერატორო ბაღისთვის

"C ვიტამინის რაოდენობა ღანძილში გაცილებით მეტია, ვიდრე ლიმონისა და ფორთოხლის ნაყოფში"

გაზაფხულის პირველ დღეებში ტყეში გამოჩნდება მცენარე, რომელსაც ადამიანები უხსოვარი დროიდან იცნობენ. დღეს მას ღანძილს ეძახიან, თუმცა ეს სიტყვა შემოსულია. სულხან-საბა ორბელიანის "სიტყვის კონის" მიხედვით მას ქართულად ჯიშკილა ჰქვია. ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ საოცარ მცენარეს იყენებდნენ ძველი რომაელები, კელტები და გერმანელები. გერმანელებმა მას "დათვის ხახვი" უწოდეს, ვინაიდან ზამთრის ძილისგან გამოფხიზლებული დათვები და სხვა ცხოველები სწორედ ღანძილის ჭამით აღიდგენდნენ ძალასა და ენერგიას. შუა საუკუნეებში იმპერატორ კარლოს დიდის ბრძანებით ღანძილი საიმპერატორო ბაღებშიც გააშენეს.

ჯიშკილა-ღანძილი დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს. გერმანიაში, ქალაქ ებერბახში, რომელსაც ღანძილის დედაქალაქსაც უწოდებენ, ყოველწლიურად ეწყობა ღანძილის ფესტივალი. გერმანიაში ეს მცენარე ძალიან მოსწონთ და მისგან გემრიელ კერძებს ამზადებენ, უფრო მეტიც - ღანძილის დამატებით პურსაც აცხობენ.

გვესაუბრება საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილე მანანა ელბაქიძე.

- ღანძილი ბუნების იშვიათი საჩუქარია, რადგან ბევრი უნიკალური თვისებით არის დაჯილდოებული. ის გავრცელებულია ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, კავკასიასა და მცირე აზიაში. ეს მცენარე დაჩრდილულ და ტენიან ადგილებს ანიჭებს უპირატესობას და ყველაზე ხშირად ტყეებში, მთებში, ნაკადულების, მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე გვხვდება. ბოლქვიანი მცენარის პირველი ფოთლები ჩვენთან უკვე თებერვლიდან ჩნდება, მთის ღანძილი კი შედარებით გვიან შემოდის. მცენარე განვითარებას ადრე გაზაფხულზე იწყებს. ზრდასრული მცენარის სიმაღლე 30-50 სმ-ია. საკვებად ვარგისია მისი ნორჩი, მწვანე მასა, ამიტომ მას ყვავილობამდე აგროვებენ, აყვავების შემდეგ კი ფოთლები ნაზ სტრუქტურასა და წვნიანობას კარგავს და საკვებად უვარგისი ხდება.

- ცნობილია, რომ ღანძილის ყლორტები და ფოთლები ვიტამინებითა და მინერალებით არის სავსე... - დიახ, ძველთაგან ცნობილია მისი სამკურნალო თვისებების შესახებ. ღანძილის კვალი აღმოჩენილია ისეთი დასახლებების არქეოლოგიური გათხრებისას, რომელთა ასაკი 5000 წელს აღემატება.

მოსახლეობა ამ მცენარეს იყენებდა ეპიდემიური დაავადებების სამკურნალოდ და ენერგიის აღსადგენად. მისი ნორჩი ფოთლები საუკეთესო საშუალებაა პირის ღრუს დეზინფექციისა და სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისთვის.

დღეში რამდენჯერმე, 3-5 წუთის განმავლობაში, ღანძილის ნედლი ფოთლების დაღეჭვა ძალიან კარგია. საკვებად გამოიყენება მცენარის ყველა ნაწილი - ფოთლები, ღერო და ბოლქვები. მიირთმევენ შეკაზმულს, ამზადებენ მარინადებს და კონსერვებს. უფრო სასარგებლოა ღანძილის ნედლად გამოყენება სალათებში, წვნიანებში, სოუსებში... ღანძილი დაბალკალორიულია და იმავდროულად, მეტად მდიდარია ორგანული მჟავებით, ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით. დიეტურ და ბავშვთა კვებაში ის რეკომენდებულია, როგორც ნივრის შემცვლელი. არასასიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მისი ზომიერად გამოყენება. ზრდასრული ადამიანისთვის დასაშვებია არა უმეტეს 20 ფოთლისა დღე-ღამეში.

- სად და როგორ ხარობს ღანძილი? - სამწუხაროდ, ბოლო დროს ღანძილის ბუნებრივ ადგილსამყოფელს ადამიანი ანადგურებს და მისი გავრცელების არეალიც მცირდება. ამ ძვირფასი მცენარის მარაგის ზრდისთვის აუცილებელია მისი გამრავლება და მოყვანა, რასაც ბევრ ქვეყანაში წარმატებით ახერხებენ. ბევრგან მისი მაღალპროდუქტიული ჯიშებიც აქვთ გამოყვანილი. ოჯახურ პირობებში ღანძილის მოსაყვანად აუცილებელია ისეთივე პირობების შექმნა, როგორიც მას ბუნებაში აქვს - ჩრდილი ან ნახევარჩრდილი და ნოტიო, კალციუმით მდიდარი, წყალგამტარი ნიადაგი. ის ცუდად ხარობს დამდგარი წყლისა და დაჭაობებული გრუნტის პირობებში. თუ ნიადაგი მჟავეა, გასანეიტრალებლად უნდა მოკირიანდეს. როგორც წესი, დაჩრდილული ადგილები ბოსტნეული კულტურების უმრავლესობისთვის გამოუსადეგარია, ამიტომ ღანძილი სინათლის მოყვარული მცენარეების კონკურენტი ვერ იქნება და მისი წყალობით ფერმერები ბაღ-ბოსტნის მოცდენილ ადგილებსაც აითვისებენ.

- როგორ უნდა გაახაროს ფერმერმა ეს მცენარე? - ღანძილი მრავალწლოვანი კულტურაა - ერთ ადგილას შეიძლება 7 წლის განმავლობაშიც იზრდებოდეს, ამიტომ სასურველია ნიადაგის წინასწარ გამდიდრება ორგანული სასუქით. ბუნებაში ღანძილი თესლითაც ადვილად მრავლდება. თესვა ივლის-აგვისტოში უნდა მოესწროს. ითესება 1,5 სმ სიღრმეზე. აღმოცენება იწყება მარტის მეორე ნახევარში. ზრდისას მცენარეს არაფერი სჭირდება, გარდა მშრალ პერიოდში მორწყვისა. პირველ წელს ნელი ზრდა ახასიათებს - მხოლოდ ერთი პატარა ფოთოლი უვითარდება. პირველი სრულყოფილი მოსავლის აღება დათესვიდან მხოლოდ 3-5 წლის შემდეგ არის შესაძლებელი. რაც შეეხება ვეგეტაციურ ანუ ბოლქვებით გამრავლებას, ამ დროს აუცილებელია ბოლქვების ფესვების დაცვა დაზიანებისგან. დარგვა უნდა მოვასწროთ მცენარის მოსვენების პერიოდში, არა უადრეს აგვისტოსი. ნიადაგში აკეთებენ ერთმანეთისაგან 15-20 სმ-ით დაშორებულ პატარა ორმოებს, რიგთა შორის მანძილი კი 20-40 სმ უნდა იყოს. ორმოში ბოლქვს ისე ათავსებენ, რომ მისი 1/3 მიწის ზემოთ იყოს. სასურველია, კვლების მულჩირება ტორფით ან ნეშომპალით. თუ უნალექო შემოდგომაა, მცენარის მორწყვაც აუცილებელია.

- ღანძილის კულინარიულ ღირსებებზე, ალბათ, ცალკე უნდა ვისაუბროთ. - საქართველოში (და მსოფლიოშიც) ღანძილს უხსოვარი დროიდან იყენებენ, როგორც უმს, ისე - დამწნილებულს და ზეთით, ძმრითა და ქინძით შეზავებულს. კარგია დამარილებული და მოხარშულიც. უმი ღანძილის ნორჩ ფოთლებს საგაზაფხულო სალათებსაც უმატებენ. ეს მცენარე დიდი პოპულარობით სარგებლობს კავკასიის ხალხთა სამზარეულოში. ჩეჩნეთში ღანძილის მომზადების ბევრი რეცეპტი არსებობს. მას აკეთებენ ჭინჭარსა და მოხარშულ კვერცხთან ერთად, მიირთმევენ გარნირად შემწვარ ქათამთან, უმატებენ პამიდვრის პიურეს და სხვ.

- როდის მიიქცია ამ მცენარემ გურმანთა განსაკუთრებული ყურადღება? - XX საუკუნის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ C ვიტამინის რაოდენობა ღანძილში გაცილებით მეტია, ვიდრე ლიმონისა და ფორთოხლის ნაყოფში, ამიტომ მცენარეს მეტი ყურადღება მიაქციეს და უამრავი ახალი კერძის რეცეპტი შექმნეს.

ღანძილი შედის წვნიანებში, ზოგიერთ რეცეპტში გვხვდება ხორცის ფარშსა და ბოსტნეულთან ერთად, კატლეტისა და ტოლმის სახეობებში, ომლეტის სახით, ღვეზლის გულსართად, შემწვარი ხორცის გარნირად და სხვ. ხაჭოსა და ღანძილის ნორჩი ფოთლებით ამზადებენ უგემრიელეს მაჭკატებს. არჩევისას მის ნედლ ყლორტებს ენიჭება უპირატესობა. მისი კერძებიდან საქართველოში ყველაზე პოპულარულია უბრალოდ, ძმრითა და მზესუმზირის ზეთით შეზავებული ვარიანტი. ძმარი, მარილი და ზეთი მოხარშულ ღანძილს ძალიან უხდება, თუმცა არსებობს კვერცხიანი ვერსიაც, რომელსაც ჰერეთში ამზადებდნენ. სხვადასხვა დროის ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ჰერეთში მარხვის დროს ხშირად აკეთებდნენ ღანძილის შეჭამანდს: ბლომად წყალში ხარშავდნენ ბრინჯს, ურევდნენ მოხარშულ ღანძილს, მარილს, პილპილს, სიმჟავეს და ასე მიირთმევდნენ. ღანძილს მიირთმევდნენ თუშებიც. ისინი ამ მცენარეს უფუარი ცომით მომზადებულ კვერებში იყენებდნენ.

ხათუნა ჩიგოგიძე