რაჭული მარნის ახალი სიცოცხლე - კვირის პალიტრა

რაჭული მარნის ახალი სიცოცხლე

"ბევრმა არ იცის, რომ რაჭაში ვაზის 60 ჯიშია გავრცელებული"

ასეული წლების განმავლობაში ჩვენმა წინაპრებმა კონკრეტულ გარემოსა და სივრცეში ტრადიციული მეურნეობა ისე განავითარეს, რომ წარმატების გარანტიაც დაგვიტოვეს. ამბროლაურში, სოფელ ჭრებალოში დაბრუნებული ილია კენჭაძის მეურნეობაც ასეთია. ისიც შორეული თუ ახლო წინაპრების ძირითად საქმიანობას - მეღვინეობას დაუბრუნდა, მაგრამ თავისი ეპოქიდან ისიც მიამატა, რომ ტრადიციული, რაჭული მარანი საკუთარი ხელით მოაპირკეთა და ფანტასტიკური სილამაზე შესძინა. სიმბოლურად ილია კენჭაძის მარანში მთელი საქართველოს ისტორიაა და აქ მისული სტუმარი ისე ივსება ამ ისტორიით, რომ არც მარადიულობაში ეპარება ეჭვი.

- ვფიქრობ, არც დედაქალაქში ვიყავი წარუმატებელი, მაგრამ მშობლიურ სოფელში ჩემი დაბრუნება ვარჩიე. მიხარია, რომ ამან სიამოვნება მომანიჭა. მარანი, რომელიც მე და ჩემმა ძმამ საკუთარი ხელით გავაკეთეთ, ჩემი სიამაყე და სიამოვნებაა. ვენახი დიდი არ არის - სულ ნახევარი ჰექტარია, მაგრამ ბაბუასა და მამას დიდი შრომა შეულევიათ მისთვის. ჩვენც ვცდილობთ ხვანჭკარის ამ ჯიშებს - ალექსანდროულსა და მუჯურეთულს ისევე მოვუაროთ, როგორც ჩვენი ბაბუა და მამა უვლიდნენ და ეკოლოგიური სისუფთავე შევუნარჩუნოთ.

ჩვენს მარანს "ილიასეული" დავარქვით. როცა ძმები გავიყავით, ჩემი ძმა მამა-პაპის კერაზე დარჩა, მე კი ცოტა მოშორებით ვიყიდე სახლი, რომელსაც ფანტასტიკური სარდაფი აქვს, სწორედ ისეთი, რომელიც კარგ ღვინოს შეინარჩუნებს. აქ ტემპერატურა არასოდეს აღემატება 15 გრადუსს, ინარჩუნებს ტენიანობასაც, რომელიც ღვინის დაძველებას სჭირდება. შარეულას ხეობაში დავდიოდით მე და ჩემი ძმა და თითოეულ ქვას საკუთარი ხელით ვარჩევდით მარნის მოსაპირკეთებლად. ბოლოს ამ სათითაოდ არჩეული ქვებით 80კვმ-იანი სარდაფი საკუთარი ხელით მოვაპირკეთეთ. ყოველი ნივთი, რომელიც ჩვენს მარანშია, საკუთარი ხელით გავაკეთეთ ან მივიწყებული და გაუფასურებული ვიპოვეთ, მოვუარეთ და აქ მოვიტანეთ. ახლა რატომღაც მგონია, რომ ამ რელიკვიებით მარანში სიმბოლურად ჩვენი ქვეყნის წარსული შევქმენით. ჩემი აზრით, საუკუნეების ნამარხი ხარის ძვლებიც მაქვს, რომლებსაც სრულიად შემთხვევევით წავაწყდი და მარანში მოვიტანე. ვიფიქრე, თუ ეს მართლაც უძველესი ხარის ძვლებია, ჩემი მარანიც იქნება იმის სიმბოლო, რომ ქართველი და მისი ხარები მიწას უძველესი დროიდანვე ეჭიდებოდნენ-მეთქი, თუმცა ეს პალეონტოლოგებმა უნდა დაამტკიცონ, რომელთაც ამ ძვლების შესწავლა ვთხოვე. ზოგიერთმა ნაცნობმა მითხრა, რა უცნაური ხარ, ეს ძვლები ჩვენ რომ გვენახა, ყურადღებასაც არ მივაქცევდითო, ჩემთვის კი ჩვენი ხელით შექმნილი მარანი და მისი სამშვენისები ისეთივე წარსულია, როგორიც ჩვენი ღვინო, რომელიც სხვადასხვა პერიოდში იყო ჩვენი განძი - გვატკბობდა, გვაჯანმრთელებდა და სიმდიდრედაც გვეთვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი, ბაბუაჩემი და მათი წინაპრები ღვინოს არ ყიდდნენ. მამაჩემი ღვინოს გაყიდვას ვერ შეჰკადრებდა, ერჩივნა, თუ საჭირო იყო, ყურძენი გაეყიდა.

- ჩვენში ღვინოს სამკურნალოდ მიღების ტრადიცია რომ აღდგებოდეს, იქნებ ამდენი დაავადებაც აღარ იყოს, მაგრამ ცხადია, ამას ეკოლოგიურად სუფთა ღვინო სჭირდება. - კარგია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ღვინის ეკოლოგიურობა მოწმდება და ფასიც ამის მიხედვით ედება. ჩვენც ვარჩიეთ, ვენახები ძვირად ღირებული იტალიური ბორდოთი შეგვეწამლა და ჩვენს მარანში მოსული სტუმრებისთვის ბიოლოგიურად სუფთა, დაძველებული ღვინო შეგვეთავაზებინა. სხვათა შორის, მარანი ხუთი წლის წინ ავამოქმედეთ და ზუსტად ხუთი წლის დაძველებული ღვინო გვაქვს. გავრცელებული აზრით, შაქრის შემცველი ღვინოები ძნელად ძველდება, ჩვენ კი ნამდვილად არ გაგვჭირვებია. ვამოწმებთ და საუკეთესო ხარისხის არის. ამასთან ერთად, ექსპერიმენტულ ღვინოსაც ვწურავთ, ანუ ხვანჭკარისთვის საჭირო ჯიშების გარდა, სხვა რაჭული ღვინის ჯიშების კუპაჟსაც ვაკეთებთ.

ბევრმა არ იცის, რომ რაჭაში ვაზის 60 ჯიშია გავრცელებული. წარმოიდგინეთ, რაჭული მწვანე და საფერავიც არსებობს. ამ ჯიშებს შორის არის კაპისტონი, იგივე შავი კაპისტონი, რომელიც ხვანჭკარას ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად ითვლება (არ აგვერიოს ზემოიმერულ თეთრ კაპისტონში. - ე.ე.). სამწუხაროდ, ეს ჯერ ცოტა გვაქვს, მისგან ღვინოს ვერ ვწურავთ. სამაგიეროდ, ვამზადებთ ცოლიკაურისა და რაჭული მწვანის კუპაჟს, ძელშავისა და რაჭულის საფერავის, რაჭული საფერავისა და დონდღლაბის კუპაჟებს, სულ ხუთი სახეობის ღვინოს.

- უკეთესს რას გააკეთებთ. თუმცა, ალბათ, პანდემიამ თქვენს სტუმრებსაც შეუშალა ხელი მარნამდე მოღწევაში. - ცხადია. მანამდე ყოველწლიურად სტუმარი გვემატებოდა, ახლა კი... თუმცა, არა უშავს, გაივლის ეს კრიზისი. ამასაც გავუძლებთ.