ამირანის ტბა და მედეას ბაღი თბილისში - კვირის პალიტრა

ამირანის ტბა და მედეას ბაღი თბილისში

"მთავარია მონდომება და შეიძლება პატარა სამოთხე შექმნა"

აყვავებული კარ-მიდამო ამირან ჩაფიძის შრომისმოყვარეობისა და შემოქმედებითი ფანტაზიის დამსახურებაა. მეზობლები და ახლობლები ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ მის წამოწყებულ საქმეს, მაგრამ გავიდა დრო და ბატონმა ამირანმა ყველას დაუმტკიცა, რომ თუ სურვილი გაქვს, შეიძლება საკუთარ ეზოშიც შექმნა ლამაზი ტბა და საკუთარი ხელით შეკრული ტივით ითევზაო.

ბატონმა ამირანმა ბავშვობა თერჯოლის ულამაზეს სოფელ ჩხარში გაატარა. მამა მშრომელი გლეხი იყო, რომლისგანაც ბევრი რამ ისწავლა. შემდგომ თბილისში ჩამოვიდა სასწავლებლად.

ამირან ჩაფიძე: - 80-იან წლებში საპნის ქარხანაში ვმუშაობდი, დირექტორის მოადგილე ვიყავი. ერთი თანამშრომელი გვყავდა, ავტოფარეხის უფროსი იყო, მითხრა, მშრომელი კაცი ხარ, ნაკვეთი უნდა გაყიდვინოო. ერთი ადგილი მომეწონა, ისიც ამ ტერიტორიაზე იყო. მოვურიგდი მეპატრონეს და მერე პირი მიტეხა. გული დამწყდა. მას მერე ხუთი წელიწადი გავიდა, მაგრამ ის ადგილი გულში ჩამრჩა. მაინტერესებდა, გაიყიდა თუ არა და სანახავად წავედი. გზად მოხუცი კაცი შემხვდა, მკითხა, ნაკვეთის ყიდვა გინდათო? კი-მეთქი, და მაჩვენა ეს ნაკვეთი, ფასზეც მოვრიგდით და შევიძინე. აქ მხოლოდ ერთი პატარა აუზი იყო და თუთა იდგა, სხვა ყველაფერი ჩემი ხელით დავრგე და გავაკეთე.

ეზოში პატარა მდინარეც მაქვს და თევზები მყავს გაშვებული. ყველაფრის ავტორი მე გახლავართ. არც დიზაინერის ჩარევა დამჭირვებია და არც მუშების. მხოლოდ ტბის დასაღრმავებლად მომყავდა მძიმე ტექნიკა.

მშრომელ კაცს ხელები გათქვამსო, გამიგონია. თავიდან ვერ ვხვდებოდი ამ გამოთქმის აზრს, სანამ ერთ დღეს ჩემმა პატარა შვილიშვილმა არ მკითხა, ბაბუ, ხელებს არ იბანო? კი ვიბან, ბაბუ, მაგრამ შრომის შედეგი არ ირეცხება-მეთქი.

ბოლო რამდენიმე წელია ეზოს გალამაზებას ინტენსიურად შევუდექი, ფუსფუსში ახალ-ახალი იდეები მიჩნდება. ხშირად მყავს უცხოელი სტუმრები და აღფრთოვანებული არიან. ტბის გარდა, ჩემს ეზოში დგას პატარა თონე, მაყალი, ქვევრებიც მაქვს ჩაყრილი. ხეხილის ბაღში მრავალი სახეობის ხილია. ტბაზე პატარა გვარლი გავჭიმე, თუკი ექსტრემალი ხართ, შეგიძლიათ დაეკიდოთ და ტბის გადავლით ქვემოთ დაეშვათ. ტბაზე ტივი ბუტაფორია არ გეგონოთ, ამით ტბაში გავდივართ. ტბის მეორე მხარეს გადასვლაც ხომ გვჭირდებოდა და ამიტომ ეს პატარა ლამაზი ხიდიც გაჩნდა.

ერთხელ ერთმა ბიზნესმენმა შემომითვალა, თანხა დამისახელე, მე ვიყიდი შენს კარ-მიდამოსო. შევუთვალე, აქ იმდენი ოფლი მაქვს ჩაღვრილი, ვერანაირი თანხის ფასად ვერ შეველევი-მეთქი.

ხანდახან ისეთ ნივთს ვნახავ, ვერც წარმოიდგენთ, რომ იქიდან რამე გამოვა, მაგრამ მე დეკორაციად ვაქცევ ხოლმე. ქვევრებსა და თიხის ჭურჭელს ჩემს ეზოში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ერთხელ ძალიან ლამაზი ფორმის ხე ვნახე. გავთალე, "გავლაქე" და დეკორაციად გამოვიყენე. მომაქვს ჯირკები, ხელს შევავლებ და ეზოში თავის ადგილს მივუჩენ.

ამბობენ, თუ დიდი ფული არ გაქვს, ვერაფერსაც ვერ გააკეთებო - ტყუილია, მთავარია მონდომება და შეიძლება მცირედიდან უდიდესი რამ შექმნა.

ტბას ჩემი სახელი ჰქვია, ეს ჩემი შვილების სურვილი იყო, ბაღს კი ჩემი მეუღლის სახელი, მედეას ბაღი დავარქვით.

ახლა ერთი ჩანაფიქრი მაქვს - სხვადასხვა ფერის ვარდებისგან გვირაბი უნდა გავაკეთო და გარშემო ტალავერი გავაშენო. კიდევ ტბაში ეგზოტიკური თევზებისა და ფრინველების მომრავლება მინდა. როდესაც დავუძლურდები და მუშაობა აღარ შემეძლება, იმ ტბასთან მივალ და სიმშვიდით დავტკბები.

ზურა სოლომნიშვილი