ლოლაძეების ეგზოტიკური ხილ-ბოსტანი - კვირის პალიტრა

ლოლაძეების ეგზოტიკური ხილ-ბოსტანი

"უბუსუსო კივი უფრო სახლის ეზოს ეგუება, ამიტომ ზოგან ადესაც ჩაანაცვლა"

ლაგოდეხელ ლოლაძეებს, მამასა და ორ ვაჟს ეგზოტიკური ხილი და ბოსტნეული მოჰყავთ: მინიკივი (უბუსუსო), ფიზალისი (ოქროსფერი კენკრა), კივანო (აფრიკული კიტრი), შავი სიმინდი და სხვადასხვა ეგზოტიკური კულტურა. სანამ მასობრივად მოიყვანდნენ, რამდენიმე წელიწადს ცდებს ატარებდნენ, რამდენად ჰქონდა თითოეულ მცენარეს ლაგოდეხის კლიმატთან შეგუებისა და განვითარების უნარი. რატომ გადაწყვიტეს ფერმერებმა საქართველოსთვის იშვიათი ხილისა და ბოსტნეულის მოყვანა, ლაშა ლოლაძე გვიამბობს

ლაშა ლოლაძე:

- ამ ყველაფრის მოყვანა უცებ არ დაგვიწყია, ყოველმა კულტურამ ხანგრძლივი გამოცდა გაიარა. ლაგოდეხის ზომიერად ნოტიო ჰავა და ჰაერის ტემპერატურა მათთვის ხელსაყრელი პირობები აღმოჩნდა.

უბუსუსო მინიკივის ნერგები 15 წლის წინ აშშ-დან ჩამოვიტანე, დღეს მცირე რაოდენობით ორ ჰიპერმარკეტში იყიდება და ჰეივორდის, ანუ ტრადიციული კივისგან არა მარტო ზომით, არამედ გემოთიც განსხვავდება. ბუსუსები არა აქვს და მისი გასინჯვა კანის გაუთლელადაც შეიძლება. ორი წლის წინ 20-მდე სახეობის ნერგი პოლონეთიდანაც შემოვიტანე. თავის მხრივ, ეს ჯიშებიც განსხვავდება როგორც ფერით, ისე გემოთი და თვისებებით, უფრო ტკბილი და არომატულია. ჰიპერმარკეტებში 1 კგ-ის ფასი 26 ლარია. ამიტომ მომხმარებელიც ბევრი არა ჰყავს. ფერმაში მინიკივის ახალი ჯიშები გამოგვყავს და ნერგებსაც ვყიდით.

როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ეგზოტიკური პროდუქტების მოყვანის მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობა მცირემიწიანია, გლეხმა მარცვლეულის როგორი კარგი მოსავალიც უნდა მოიყვანოს, მაინც წაგებულია, რადგან პატარა ფართობის დამუშავება და მოვლა-პატრონობა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე დიდი ნაკვეთებისა, ხორბალსა და სიმინდს კი ყოველთვის დაბალი ფასი აქვს. ამიტომ პატარა ნაკვეთში ჯობს ისეთი პროდუქტი მოიყვანო, რომელიც ბაზარზე ძვირი ღირს. ამით მიწის დამუშავებისთვის გაწეულ ხარჯსაც აინაზღაურებ და მოგებაც დაგრჩება.

მინიკივი ერთადერთი უცხო ხილი არ არის, რომელიც ლაგოდეხელ ფერმერებს მოჰყავთ. მათ ნაკვეთში ნახავთ ფიზალისს, ოქროსფერ კენკრას. ის მრავალწლიანი მცენარეა, ნაყოფი მრგვალი და ტკბილი აქვს. ხალხურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მდიდარია ჩ ვიტამინით. მისგან ამზადებენ მარინადს. კივისთან შედარებით, ფიზალისის მოყვანა ძნელია და მცირე მოსავალსაც იძლევა. ბაზარზეც 1 კგ-ის ფასი კივისას ბევრად აღემატება.

ლოლაძეების ეგზოტიკურ ბაღში ხარობს კივანოც, გოგრისებრთა ოჯახის აფრიკული კიტრი.

ლაშა ლოლაძე:

- 20-25 წლის წინ ეს გატაცება იყო - სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოგვქონდა კულტურები და ჯიშებს ვცდიდით. რომელმაც კარგი შედეგი აჩვენა, მისი მოყვანა გადავწყვიტეთ. საქმემ, მიუხედავად იმისა, რომ ძვირი ჯდება, გაამართლა. მინიკივის ტალავერი 1000 კვმ-ზეა გაშენებული.

- რით განსხვავდება ეს კულტურა ტრადიციული კივისგან? - ჰეივორდის კივის (ტრადიციულს) ვიტამინების "ბომბს" ეძახიან, მინიკივი კი მეტი ვიტამინის შემცველია. ის დეკორატიულიც არის - ბევრად ლამაზია, ფოთლებიც სრულიად განსხვავებული აქვს, ყინვასაც უძლებს. ჰეივორდის კივი მხოლოდ ბაღში შეიძლება მოიყვანო, მთიან რეგიონში იყინება. თბილისის შემოგარენშიც, სადაც სააგარაკე ნაკვეთებია, ვერ ძლებს, მინიკივი კი ყინვაგამძლე, უფრო ჩრდილოეთის მცენარეა.

- კივის მსგავსად, ბევრი წყალი თუ უყვარს? - ბარში ბევრ წყალს მოითხოვს, მთაში ნაკლებად ესაჭიროება. კივი უფრო სახლის ეზოს ეგუება და ამიტომაც ზოგან ადესა ჩაანაცვლა. საერთოდ, ორივე კივის ვეგეტაცია ყურძენზე სწრაფად მიმდინარეობს.

- ფერმერებისგან ვიცი, რომ ტრადიციული კივი პირველი ყინვის შემდეგ უნდა დაიკრიფოს. მინიკივის მოსავალს როდის იღებთ? - ჰეივორდის კივი თუ ყინვამდე არ დაიკრიფა, ფუჭდება, მინიკივიზე კი ყინვა არ ახდენს გავლენას. ლამის მთელ ზამთარს ხეზეა და პირდაპირ იქიდან კრეფენ. თითა ყურძენივით ნაყოფი აქვს. არის ჯიშები, რომლებიც ღობეზე იშლება, იქაურობას ალამაზებს და ნაყოფის მომცემიცაა.

- ჰიპერმარკეტში დაფასოებული იყიდება? - ვინაიდან 1 კგ ძვირი ღირს, ამიტომ დაფასოებული - 150 გრამობით იყიდება და 2-დან 4 ლარამდე ღირს.

- მისგან კომპოტი, ჩირი, წვენი კეთდება? - ყველაფერი მზადდება, მაგრამ რადგან ძვირად ღირებულ სეგმენტში გადის, დამუშავება მაინცდამაინც არ ხდება.

- გაქვთ შავი სიმინდიც. - თეთრი სიმინდისგან განსხვავებით, შავს მეტი წებოვანება აქვს, სასარგებლო ნივთიერებებით უფრო მდიდარია, პროდუქტიულია, ტოქსინებისგან თავისუფალი. შავ სიმინდს აქვს ანთებსაწინააღმდეგო თვისებები. იყენებენ საქონლის მოსაღონიერებლად.

- თქვენთან როგორ აღმოჩნდა? - მექსიკაში არის რეგიონი, საიდანაც მსოფლიოს მიეწოდება. იქ მისი მოყვანისთვის შესანიშნავი გარემო პირობებია. როგორიც საფერავი და ხვანჭკარა მოდის მხოლოდ ზოგიერთ კუთხეში, ასეა შავი სიმინდიც. იქიდან გამოვიწერეთ და ჩამოვიდა. შარშან მოვსინჯეთ და წლეულს უკვე სათესლედ ჩვენი მოწეული გამოვიყენეთ. ასე ჯობს, რადგან ადაპტაციას უკეთესად გადის. ცოტა კი უჭირს, მაგრამ იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. საერთოდ, პატარა იზრდება და მხოლოდ ერთ ტაროს იკეთებს.

- გათოხნა-მორწყვა ისევე სჭირდება, როგორც თეთრ სიმინდს? - კი, ისევეა ყველაფერი.

- მოკლედ, გატაცება სერიოზულ და თან აზარტულ საქმეში გადაიზარდა. - დიახ, და ახალ-ახალ პროექტებად გაიშალა. რევოლუციამდე ლაგოდეხში ცნობილი პოლონელი ნატურალისტი ლუდვიგ მლოკოსევიჩი ცხოვრობდა, სწორედ ის ამბობდა, რომ აქაური კლიმატი ახლოსაა სუბტროპიკულ ჰავასთან. ამიტომ მან ნაკრძალისთვის სუბტროპიკული მცენარეები გამოიწერა, უმეტესად ხეები. ისინი დღემდეა შემორჩენილი. საოცარი პარკია, აქ უამრავ სხვადასხვა მცენარეს ნახავთ. ეს შთაგონების წყაროა ყველასთვის.