ბიბლიური უბედურება უწყინარი მწერისგან - კვირის პალიტრა

ბიბლიური უბედურება უწყინარი მწერისგან

კალია თითქოს უწყინარი, პატარა მწერია, მაგრამ ძალიან აზიანებს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს და მცენარეულ საფარს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ფერმერები შიშით ელოდებიან კალიების "ლაშქრის" გამოჩენას, რადგან იციან, ეს მწერი გზად ყველაფერს ანადგურებს.

კასა და არაბეთის ნახევარკუნძულს გადაუარა და ბევრი ქვეყანა დააზიანა. ჯერ 2020 წლის იანვრის დამდეგს გამოჩნდნენ, შემდეგ კი უზარმაზარ ტერიტორიებს მოედვნენ. კალიებს სხვადასხვა მეთოდით ებრძვიან, მაგრამ მოსავლის გადასარჩენად ყველაზე ეფექტიანი გზა შეწამვლაა. ბოლო დროს კალიები საქართველოშიც გამოჩნდნენ და მათ სწორედ ამ მეთოდით ებრძვიან. გვესაუბრება ეკოლოგი ალისა სანაკოევა.

- კალია სწორფრთიანთა რიგს მიეკუთვნება და გამორჩეული, დამახასიათებელი გარეგნობა აქვს. სხეულის სიგრძე 8-9 სანტიმეტრია. ადამიანებს ხშირად კუტკალიები და ჭრიჭინებიც კალიები ჰგონიათ. კუტკალია მართლაც ჰგავს, მაგრამ მხოლოდ მონათესავე მწერია, ჭრიჭინაში კი იმიტომ ერევათ, რომ ზოგიერთი სახეობის კალია ჭრიჭინა ბგერებს გამოსცემს ფრთების უკანა კიდურებზე ხახუნით.

კალიას სმენის ორგანოები კარგად აქვს განვითარებული. თითქმის ყველგან ბინადრობს, თუმცა უფრო კარგად მშრალ ადგილებში მრავლდება. კალიას ტენიანი ადგილები არ მოსწონს და ამიტომ თბილ ქვეყნებში უფრო ხშირად გვხვდება.

- ჩვენს ქვეყანაში რომელი სახეობები გვხვდება? - საქართველოში ყველაზე ხშირად გვხვდება ეგვიპტური კალია, იტალიური კალია, მაროკოს კალია, გადამფრენი, ანუ აზიური კალია და უდაბნოს კალია. ჩვენთან ყველაზე მეტი იტალიური კალია ბუდობს. მათ გასანადგურებლად სხვადასხვა ქიმიურ ხსნარს იყენებენ, მაგრამ ეკოლოგების აზრით, ეს ცუდი მეთოდია: მოწამლულ კალიას სხვა ცხოველი და ფრინველი თუ შეჭამს, ისიც მოიწამლება. კალიების განადგურებით სხვა არსებებსაც ვანადგურებთ, ვხოცავთ მის ბუნებრივ მტრებსაც, რამაც შეიძლება კალიების უფრო გამრავლება განაპირობოს.

- საშიში ან აგრესიული ხომ არ არის? - კალია არც საშიშია და არც აგრესიული.

თუ მოვერიდებით და ზედმეტად არ შევაწუხებთ, არაფერს გვავნებს, მით უფრო, რომ ბევრი მტერი ჰყავს და ყოველთვის დამალვას ცდილობს.

კალიებს სიამოვნებით ჭამენ ფრინველები, გველები, ხვლიკები და თვით მწერებიც. სხვათა შორის, კალიას ჩოქელა და კუტკალიებიც ემტერებიან. მოკლედ, ნებისმიერი მტაცებელი ცდილობს კალიის მონადირებას, რის გამოც ის მეტად მნიშვნელოვანი მწერია.

- ესე იგი, კუტკალია მტაცებელია? - დიახ. თუ კუტკალიას დავიჭერთ და თავს საფრთხეში ვაგრძნობინებთ, შეუძლია გვიკბინოს, კალია კი ადამიანს ყოველთვის ერიდება. ამ ორი მწერის ხასიათიცა და რაციონიც მკვეთრად განსხვავდება: კუტკალია ყველაფერს ჭამს, ხოლო კალია მხოლოდ მცენარეულ საკვებს. ბევრს ჰგონია, რომ კალია შეიძლება მარტო მწვანე იყოს, მაგრამ მას შეიძლება ყავისფერი და მუქი შეფერილობაც ჰქონდეს.

გავრცელებული შეხედულებით, კალია მავნე მწერია, მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ მავნეა, თუნდაც იმის გამო, რომ უამრავი ცხოველისა და ფრინველის საკვებია.

როგორც ყველა ცოცხალი არსება, ჩვენი ეკოსისტემისთვის ისიც საჭიროა.

- კალიები ხშირად კილომეტრებს გადიან. რამდენად განვითარებული ფრთები აქვს ამ მწერს? - ზოგიერთს 2 წყვილი ფრთა აქვს, ზოგი კი უფრთოა. ისინი ხტუნვა-ხტუნვით გადაადგილდებიან და ამისთვის კიდურებს იყენებენ, ყველაზე ხშირად, უკანა ფეხებს. კალია კვერცხს დებს და ასე მრავლდება. მატლი გაზაფხულზე იჩეკება და თავიდანვე ზრდასრულ კალიას ჰგავს. ზომაში კანის ცვლით იმატებენ. როგორც წესი, კანს 4-7-ჯერ იცვლიან. ასეთ დროს კალია უმწეოა და გაქცევა ან თავის დაცვა უჭირს. კანის გამოცვლისას მისი ხელში ჩაგდება უფრო ადვილია და მტერიც ამ დროს უფრო ეტანება. ამიტომ კალია ცდილობს კანის გამოცვლისას საგულდაგულოდ დაიმალოს და ისეთი ადგილი იპოვოს, სადაც უფრო უსაფრთხოდ იქნება. კანს ერთიანად იცვლის - მთელ სხეულზე.

- ბოლო დროს საქართველოში კალია მომრავლდა, ამის მიზეზი რა არის? - დათბობა და კლიმატური პირობები. ამიტომაც გვეჩვენება, რომ ძალიან მომრავლდნენ, თუმცა ბუნება მათ რიცხვს თავად არეგულირებს: როცა ბევრნი არიან, საკვები ნაკლები აქვთ და მეტად იხოცებიან, ან მეტი მტაცებელი ჭამს. ამით რაოდენობა მცირდება და ნორმას უბრუნდება. რაც შეეხება კალიების შემოსევას, ეს უფრო გადამფრენი კალიები არიან, თუმცა საქართველოში ისინი დიდი რაოდენობით იშვიათად შემოდიან. ამიტომ კალია ჩვენთვის იმხელა საშიშროებას არ წარმოადგენს, როგორსაც ცხელი ქვეყნებისთვის. კალიებისგან მოყენებული ზიანი ჩვენთან გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სამხრეთში. კალიას შესაშური მადა აქვს: ის ყოველდღიურად ჭამს საკუთარი წონის ოდენობის საკვებს და სწრაფადაც მრავლდება. მის გამრავლებას შეიძლება ხელი ძლიერმა წვიმებმაც შეუწყოს - ამ დროს უფრო კარგად მრავლდება, რადგან კვერცხს სველ ნიადაგში დებს.

- ეს მწერი ბევრ ადამიანს აშინებს. როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც კალია ხელზე ან სამოსზე დაგვასკუპდება, ან შინ შემოიპარება?

- თუკი მოულოდნელად ჩვენს სხეულზე ან სამოსზე კალიას აღმოვაჩენთ, მთავარია, მან საშიშროება არ იგრძნოს. შესაძლოა თვითონ ვერც ხვდება, რომ ადამიანს აზის, შესაძლოა ჩვენი სამოსი მცენარე ან ქვა ეგონოს და ვერ ხვდებოდეს, რომ ეს ადამიანია. თუ რამეს არ ვატკენთ, არ გვიკბენს. შეიძლება ჯოხით მოვიცილოთ, ხოლო თუ შინ შემოფრინდება, ამისთვის ერთი მარტივი ხერხი არსებობს: ჭიქა დავაფაროთ, ქვემოდან ფურცელი შევუსრიალოთ და გავუშვათ. ეს მეთოდი ყველაზე პოპულარულია, რადგან ამ დროს მწერისთვის ხელის შეხება არ გვიწევს.

აღსანიშნავია, რომ კუტკალია კალიაზე დიდია და თუ შევაშინებთ, შეიძლება გვიკბინოს, თუმცა მისი ნაკბენი შხამიანი არ არის. სხვათა შორის, ეს ნებისმიერ მწერს ეხება: მთავარია, არ ვატკინოთ, არ შევაშინოთ და მოვერიდოთ.

- დასასრულ, რით არის გამოწვეული მწერების შიში, რომელსაც ფსიქოლოგებმა ენტომოფობია უწოდეს? - ამგვარ შიშებსა და ფობიებს ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს: ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის, ამა თუ იმ მწერს რა საფრთხის მოტანა შეუძლია და ამიტომაც ეშინია. კალია არც შხამიანია, არც მისი ნაკბენია საშიში და სახიფათო, ამიტომ მისი არ უნდა გვეშინოდეს.

კალიების შემოსევა

ისტორიაში ძველი დროიდან არის ცნობილი კალიების შემოსევების შესახებ, როცა მილიარდობით გამრავლებული მწერი არემარეს მოედება, მიგრირებს და მცენარეულს ჭამს. როგორც წესი, მოსავლის განადგურების გამო მკალის გადავლის შემდეგ შიმშილობა ჩამოვარდებოდა. კალია ნახსენებია ბიბლიაშიც, როგორც ეგვიპტის მერვე სასჯელი. როცა პოპულაციას საკვები მოაკლდება (ეს უმეტესად გვალვიან წლებში ხდება), კალია იწყებს განსხვავებული, "მოლაშქრის" ტიპის შთამომავლობის გამრავლებას. მეტამორფოზის შედეგად მათ უფრო დიდი სხეული და ფრთები უვითარდებათ, სიგნალის როლს კი პოპულაციის სიმჭიდროვე თამაშობს - რაღაც ზღვრის შემდეგ ურდო აფრინდება და მიგრირებას იწყებს, გზად კი მთელ მწვანე საფარს ანადგურებს. როგორც წესი, კალიების შემოსევა მოულოდნელად იწყება და ასევე მოულოდნელად მთავრდება.

ხათუნა ჩიგოგიძე