მეურნეობის მშვენება - დეკორატიული ქათმები
მეურნეობის მშვენება - დეკორატიული ქათმები
დღეს ყველა ქვეყანა სოფლის მეურნეობის იმგვარად განვითარებას ფიქრობს, რომ მოსახლეობა მაქსიმალურად გამოკვებოს, ჩვენში კი მიწა ხშირად უპატრონოდ არის მიგდებული. მიზეზი მხოლოდ ჩვენი ყბადაღებული სიზარმაცე როდია, არამედ ისიც, რომ სახელმწიფომ სოფლად გამართული ინფრასტრუქტურის შექმნა ვერ შეძლო. როდესაც ხალხს არც სარწყავი არხები აქვს და არც წვეთოვანი სისტემა, პაპანაქება ზაფხულში მხოლოდ წვიმის მოლოდინით ვერაფერი გამოუვა. პანდემიამ მოსახლეობის ერთი ნაწილი მიტოვებული სოფლებისკენ მიაბრუნა, მაგრამ სახელმწიფოს დახმარების გარეშე საქმეს ვერ გამართავენ. სოფელ ასურეთში დაბრუნებული 30
წლის გიორგი ჭოლოკავაც სახელმწიფოს მხარდაჭერას დიდი ხანია ელის, თანაც არა თავისთვის, არამედ მთლიანად სოფლისთვის.

- სოფელ ასურეთში ბებიაჩემი ცხოვრობდა, სოფლის განაპირას გვედგა სახლი. ბებიაჩემის გარდაცვალების შემდეგ აქაურობა, ცოტა არ იყოს, მიგვავიწყდა, თუმცა არა გულის სიღრმეში. ჰოდა, დავბრუნდი 5 წლის წინ იმ სურვილით, რომ აქ მეურნეობა
მქონოდა. ეს იდეა ჩემს მეგობარს ეკუთვნის, რომელმაც ჩემთან ერთად დაიწყო შრომა, მათ შორის მეფრინველეობაც.
ყველამ ვიცით, რომ ჩვენს მარკეტებში გამოტანილი ქათამი ეკოლოგიურად სუფთა როდია. სხვა თუ არაფერი, ისეთ შხამისშემცველ ჭიის წამალს ასმევენ, რომ კვერცხი 15 დღის განმავლობაში არ უნდა გაიყიდოს! ჩვენ ეკოლოგიურად სუფთა ქათმის მოშენება გადავწყვიტეთ, თუმცა დასაწყისი არცთუ იოლი აღმოჩნდა.
პირველად 20 წიწილა ავიყვანეთ გასაზრდელად და ნურას უკაცრავად, წარამარა დაიწყო ხოცვა. ვეტერინარულ აფთიაქებს მივმართეთ, თუმცა ალბათ ვეტერინარები ან არაპროფესიონალები იყვნენ, ან დავალება ჰქონდათ, რომ კონკრეტული მედიკამენტი გაეყიდათ და ამიტომაც მათი დახმარება უშედეგო იყო. ნელ-ნელა იმ პირველ წიწილებზე დაკვირვებით მივხვდით, რით უნდა დავხმარებოდით, როდის ვიტამინი მიგვეცა და როდის მედიკამენტი. ასე რომ, როდესაც დარჩენილი წიწილები მოძლიერდნენ, მათ სხვა ფრინველიც დავამატეთ, თანაც არა მარტო მეხორცული და მეკვერცხული, არამედ დეკორატიული კვერცხიც გამოვიწერეთ უცხოეთიდან და ინკუბატორში დავაწყვეთ გამოსაჩეკად. მაგრამ რად გინდა, უკვე 100 ფრთა ქათამი გვყავდა, როდესაც ქათმის ჭირი დაერია და ყველა დაგვიხოცა. ქათამი თურმე ერთი თვით ადრე უნდა აცრილიყო შავ ჭირზე. ჩვენ არ ვიცოდით და არც იმ ვეტერინარებმა გაგვაფრთხილეს. თუმცა ამ ამბავმა გული ვერ გაგვიტეხა და საქმე თავიდან დავიწყეთ - ისევ გამოვიწერეთ დეკორატიული ქათმის კვერცხი, ისევ ვიშოვეთ კვერცხისმდებელი თუ მეხორცული ქათმების კვერცხები და ჩავაწყვეთ ინკუბატორში. ეს კიდევ ცალკე კოშმარი იყო - ინკუბატორს ელექტროენერგია სჭირდება, რომ კვერცხის ჩანასახი არ გაიყინოს, ჩვენთან კი ელექტროენერგია წვიმის ან ქარის დროს ითიშებოდა. ამიტომაც მორიგეობით ყარაულობა დავაწესეთ - შუაღამისას უნდა ავმდგარიყავი, ჩამერთო გენერატორი და სანამ ელექტროენერგია არ მოვიდოდა, გენერატორისთვის უნდა მეყარაულა, რომ არ ჩამქრალიყო.
როდესაც ფრინველი გიყვარს, გამოუჩეკავი წიწილაც გეცოდება გასაყინად. საბუდრებიც იმდენად მოხერხებული გავაკეთეთ, რომ ბევრს გაუკვირდა.

ყველაზე დიდი პრობლემა უწყლობაა.­ აქ ალგეთის სარწყავი არხის წყლები ჩამოდის, რომელიც თვეში მხოლოდ 10 დღეს მოგვეწოდება. წლეულს გვითხრეს, აგვისტოში წყალი არ გექნებათ, მარაგი არ არისო. არხის წყლები სტალინის დროინდელ დაჟანგულ სისტემაში მიედინება და რომელ ნაბზარში იკარგება, კაცმა არ იცის. გარდა ამისა, ზედა სოფლებში გლეხებს წყალი მთელი ღამე ყანებში აქვთ მიშვებული და ჩვენამდე აღარაფერი აღწევს. თუნდაც სასმელი წყალი რომ გვქონდეს, გვეშველებოდა. თეთრი წყაროს ხელისუფლებას რომ მივმართეთ, გვიპასუხეს, ის ადგილი, სადაც თქვენ ცხოვრობთ, მართალია ასურეთია, მაგრამ რადგან ათეული წლების წინ აგარაკებად ითვლებოდა, ჩვენს მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნისო. ეს მაშინ, როდესაც უბანი, სადაც ჩვენი მეურნეობაა, რეესტრში თეთრი წყაროს ეკუთვნის.

- ამის მიუხედავად, მუშაობა განაგრძეთ?
- დიახ. მოვიმარაგეთ კასრები, მივუდგით საწვიმრებს და წვიმის დროს ვავსებთ. გარდა ამისა, ფრინველი არც არასოდეს გამოგვიკვებია და არც ახლა ვკვებავთ ე.წ. ქათმის საკვებით, რომელსაც მაღაზიები გვთავაზობენ. ვერ ვენდობით და გვაქვს მიზეზი. ჩვენი ფრინველი ნატურალური საკვებით: ქერით, ხორბლითა და სიმინდით იკვებება, რამაც პრობლემაც შეგვიქმნა. ამ საკვების ფასი თანდათან გაიზარდა, პარალელურად გაიზარდა ფრინველზე გაცემული საკვების ხარჯიც, რის გამოც ფასს ოდნავ ავუწიეთ, თუმცა არა ისე, როგორც ბრენდულ მარკეტში. ახლა ქათმები გვყავს, მაგრამ უფრო კვერცხისა და ინდაურების წარმოებაზე ვამახვილებთ ყურადღებას.

- სახელმწიფო პროექტები თუ დაიხმარეთ?
- სურვილი გვქონდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ერთადერთი, რაც შემოგვთავაზეს, `იაფი აგროსესხი~ იყო. ეს პროექტი, ჩემი აზრით, მსხვილი მეურნეობისთვის არის განკუთვნილი, რომელსაც იმხელა მოგება აქვს, რომ შეუძლია ბანკის ვალის პროცენტები იხადოს. 10.000 ლარს გვთავაზობდნენ და აქედან პროცენტი 5.000 ლარი უნდა გადაგვეხადა. ამიტომაც ვარჩიეთ, ყველაფერი ჩვენივე მცირე შემოსავლით აგვეწყო. რაც მთავარია, აუცილებლად გვყოლოდა ეგზოტიკური, დეკორატიული ქათმები, რომლებიც სარეალიზაციოდ მომგებიანი არ არის, მაგრამ მეურნეობის მშვენებაა.
ნაირა
01 აგვისტო 2020 21:04
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და ბევრი მიმბაძველი გამოგიჩინოთ უფალმა მაგ კარგ საქმეში!❤

კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები