ვისთვის ჯიუტი, ვისთვის გონიერი - კვირის პალიტრა

ვისთვის ჯიუტი, ვისთვის გონიერი

როდესაც ადამიანის ოთხფეხა მეგობრებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ვირი - ცხოველი, რომელიც კაცთა მოდგმას ყოველთვის ერთგულად ემსახურებოდა. ეს უპრეტენზიო, ჩუმი არსება დღესაც უამრავი ოჯახის დამხმარე და "მარჯვენა ხელია". ვირს შეუძლია ზურგით 70-80 კგ ტვირთი გადაიტანოს, საზიდრით კი - 2,5 ტონამდე. ამ ცხოველის რძე უძველესი დროიდან მეტად პოპულარული იყო. ცნობილია, რომ დედოფალი კლეოპატრა სისტემატურად იღებდა ვირის რძის აბაზანებს, რათა მისი კანი ლამაზი და ხავერდოვანი ყოფილიყო... საქართველოში ამ ცხოველს სახედარსაც უწოდებენ და სამუშაოდ ორი წლის ასაკიდან იყენებენ. გვესაუბრება თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

ზურაბ გურიელიძე: - ვირი მართლაც არის ადამიანის ერთ-ერთი უერთგულესი მეგობარი, თუმცა მის შესახებ ხალხში ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს. გამოთქმაც კი არსებობს - "ვირივით ჯიუტი". სინამდვილეში ეს საკმაოდ ჭკვიანი და გონიერი ცხოველია. შეგახსენებთ, როგორ ლოცავს სულხან-საბა ორბელიანის იგავში ვეზირი უფლისწულს: "მიეცეს ამას გულისხმიერობა ვირისა, ერთგულობა ძაღლისა და ძალი ჯინჭვლისა". მისი სიჯიუტეც ამით აიხსნება: ვირს ვერაფრით გაატარებთ იმ ადგილას, სადაც ადრე უსიამოვნება შეემთხვა, ან საეჭვო რამ ახსოვს.

ვირი, იგივე სახედარი, კენტჩლიქოსანი ცხოველია, ცხენისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. შინაური ვირის წინაპარი გახლდათ გარეული ვირი, რომელიც დღესაც ბინადრობს აზიისა და აფრიკის ველებზე. ამ ცხოველს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და საკვების მიმართაც ნაკლებად მომთხოვნია. ძალიან გამძლე და ამტანია. შუა და ცენტრალურ აზიაში გავრცელებულია ვირის შორეული ნათესავი - კულანი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. ვირის სხვადასხვა სახეობა გვხვდება აფრიკაშიც. ცალკე უნდა გამოვყო სირიული და ინდური ველური ვირები, რომლებიც სამხრეთ პაკისტანში, ალბანეთსა და ირანში ბინადრობენ. სახედარი პოპულარული ცხოველია არაბეთის ნახევარკუნძულზეც. სხვათა შორის, ამ ცხოველის მოშინაურება თავდაპირველად აფრიკაში დაიწყეს.

- საცხოვრებლად როგორ კლიმატს ამჯობინებს სახედარი? - ვირი კლიმატის მიმართ პრეტენზიული არ არის, მაგრამ უფრო მშრალ და მზიან ჰავას ანიჭებს უპირატესობას. მისი ველური ნათესავები ხომ აფრიკაში ცხოვრობენ და ეს მათი ბუნებრივი თვისებაა. მთელ მსოფლიოში ვირის 185-მდე ჯიში გვხვდება. მათი გავრცელების არეალში ცალკეა გამოყოფილი ევროპა და კავკასია, სადაც სახედრის 51 ჯიშია. საქართველოში კი აღრიცხულია შინაური ვირის სამი ჯიში.

- თეთრი ვირი რით განსხვავდება თავისი ნათესავებისგან?

- თეთრი ვირიც შინაური ჯიშია. მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ფერის სახედრები ბინადრობენ. ზოგი თეთრია, ზოგიც - მუქი ფერისა. დედა ვირი წელიწადში მხოლოდ ერთ ჩოჩორს ბადებს. ტყუპების დაბადების შესახებ მე არ მსმენია. სახედარი საშუალოდ 25-30 წელი ცოცხლობს.

- ცალკე საუბრის თემაა სახედრის რძე, რომელსაც ბევრ ქვეყანაში საუკეთესოდ მიიჩნევენ. რამდენიმე წლის წინ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ მოსახლეობას მოუწოდა, აქტიურად გამოიყენონ სახედრის, აქლემის, ლამას, ლოსის, ირმისა და სხვა მსგავსი ცხოველების რძე. ამ რეკომენდაციის ერთ-ერთ მიზეზად ორგანიზაციამ ტრადიციული რძის პროდუქტების მაღალი ფასი დაასახელა. ამის შესახებ რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს? - ვირის რძეს მრავალ ქვეყანაში იყენებენ, ამბობენ, რომ მას სამკურნალო ღირებულებაც აქვს. სახედრის რძის სამკურნალო თვისებებზე მე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ის ფართოდ გამოიყენება ბავშვთა კვებაში, მედიცინაში და კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად. ვირის რძისგან სამედიცინო და კოსმეტიკურ პრეპარატებს ჯერ კიდევ კლეოპატრას დროიდან ამზადებენ. მეცნიერების თქმით, ვირის რძეში არის დიდი რაოდენობით ლაქტოზა, C ვიტამინი და კალციუმი, რაც ბავშვების იმუნურ სისტემას აძლიერებს და აუმჯობესებს.

ბევრ ქვეყანაში ვირის რძე სუპერმარკეტებში იყიდება და ძვირიც ღირს. მე დიდი სიფრთხილით ვეკიდები საუბარს იმაზე, რომ რომელიღაც ცხოველის ხორცი, რძე ან სხვა რამ სამკურნალოდ გამოიყენება, რადგან მსგავს ინფორმაციებს დიდი უბედურება მოაქვს ყველა სახეობისთვის. ამ შემთხვევაში ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ამ სასარგებლო ცხოველს.

- რამდენიმე წლის წინ საქართველოში სახედრების ფერმა გაიხსნა, ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ კი ვირის რძით დამზადებული საპნებიც გამოუშვა. - უცხოეთში ამ ცხოველის რძეს მართლაც ბევრ სფეროში იყენებენ, მაგრამ ჩვენთან როგორ გაამართლებს, ვერ გეტყვით. ერთი რამ ფაქტია: სახედარი ძალიან კარგი, უწყინარი და სასარგებლო ცხოველია, თანაც ის გაცილებით იაფია, ვიდრე ცხენი. აქვე უნდა ვახსენო ჯორიც - სახედრის და ცხენის ნაჯვარი, რომელიც ტანით უფრო დიდია. ეს ხელოვნურად მიღებული ჯიშია. საქართველოში ჯორი კარგა ხანია არ მინახავს. არადა, ძველად ეს ცხოველი სოფლის მეურნეობაში ინტენსიურად გამოიყენებოდა, რადგან ვირზე დიდი და ძლიერია. ამავე დროს, უფრო მშვიდი ხასიათი აქვს, ვიდრე ცხენს. ორივე - სახედარიცა და ჯორიც - ძლიერი და ღონიერი ცხოველია.

- დიდი სკანდალი მოჰყვა ქართულ ბაზარზე სახედრისა და ცხენის ხორცის აღმოჩენას. სახედრის ხორცი მართლა მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის?

- მსოფლიოში ძალიან ბევრგან ცხენისა და სახედრის ხორცს ჩვეულებრივად მიირთმევენ. ეს მათთვის ყოველდღიური საკვებია და არანაირი ზიანი არ მოაქვს. თუ ცხოველი ჯანსაღი და საღ-სალამათია, მისი ხორცი ადამიანს ვერაფერს დაუშავებს.

- თბილისის ზოოპარკში თუ გყავთ ვირები? - როგორ არა, ჩვენს ზოოპარკში სამი გარეული ვირი გვყავს. ისინი ვოლიერში ჩვენს მარტორქასთან - მანუელასთან ერთად არიან და მას კარგად ართობენ. მარტორქა შესანიშნავად ეგუება სამივეს. თამამად შეიძლება თქმა, რომ ისინი მანუელას საუკეთესო მეგობრები არიან.

ხათუნა ჩიგოგიძე