ფერებით "აფეთქებული" ბაღი - კვირის პალიტრა

ფერებით "აფეთქებული" ბაღი

"100-ზე მეტი სახეობის მცენარე მაქვს. მათ შორის არის ხეები, ვარდები, ქოთნის ყვავილები, ეზოს მცენარეები - ბიფენბახიები, ჩინური ვარდები, პეტუნიები, გლადიოლუსები"

დალი და ლელა ებრალიძეებს მოყვარული მებაღე-მეყვავილეები კარგად იცნობენ. მათთვის გარემოზე ზრუნვა, მცენარეების გამრავლება-მოვლა უკვე წლებია, ცხოვრების წესად იქცა. დალი ფოთში, დედასთან ერთად ცხოვრობს, ლელა თბილისში, ვერაზე და მის ლამაზ და აყვავებულ აივანზე ვწერდით კიდეც. ჩვენი სტუმარი დალი ებრალიძე, პროფესიით ფსიქოლოგია. ამჟამად ფოთის თეატრში არქივი და მუზეუმი აბარია, უშვებს თეატრალურ გაზეთს.

"თეატრის რეკონსტრუქცია რომ დამთავრდება, არქივი მუზეუმად უნდა გადავაკეთოთ... ბატონ რამაზ იოსელიანის ინიციატივით, თეატრში გაზეთს ვუშვებთ... ჩვენს სამხატვრო ხელმძღვანელსაც უყვარს ყვავილები და, ალბათ, მცენარეებს თეატრშიც მოვამრავლებთ," - გვეუბნება ქალბატონი დალი, რომელიც ცოდნით პროფესიონალ მეყვავილეებს არ ჩამოუვარდება.

დალი ებრალიძე:

- ფოთი საზღვაო ქალაქია და აქ ყოველთვის ბევრი უცხო ყვავილი ხარობდა, რომლებიც არც ჩვენს ეზოსა და სახლს აკლდა. 48 წლის ჩინური ვარდი დედას ბიცოლასგან მემკვიდრეობით გვერგო და ეს იყო ჩემი პირველი ყვავილი, საიდანაც მცენარეების სიყვარული დაიწყო. მერე ჩემი გატაცება სერიოზული ჰობი გახდა... სადაც უნდა წავსულიყავი, ვცდილობდი, რაიმე ყვავილი ჩამომეტანა. მოკლედ, ეზოში ნელ-ნელა ბევრი სახეობის მცენარე დაგროვდა. ყველას მოვლა ცოტა რთულია და ახლა ვცდილობ, რაღაცები შევამცირო. 100-ზე მეტი სახეობა მაინც იქნება. მათ შორის არის ხეები, ვარდები, ქოთნის ყვავილები, ეზოს მცენარეები - ბიფენბახიები, ჩინური ვარდები, პეტუნიები, გლადიოლუსები. ეზოში ყველა სეზონზე რაღაც უნდა ყვაოდეს. ვცდილობ, უფრო უცხო ყვავილები მქონდეს. მაგალითად, არისტოლოხია დათესვიდან მეექვსე-მეშვიდე წელს უნდა აყვავებულიყო, მაგრამ მესამე წელს აყვავდა. რამდენიმე სახის იპომეა (ანუ აბილილი) მოვამრავლე, რომელსაც ჩვენთან დილის ვარდს ეძახიან, თუმცა მისი უკვე ახალი სახეობები არსებობს. ერთ-ერთი მათგანი ჭრელფოთოლაა. ახლა კვირისტავები ყვავის, გეორგინები... ვცდილობ, მრავალწლიანებზე გადავიდე.

- ანუ ყოველწლიურად თესლსაც აგროვებთ?

- დიახ, და საზღვარგარეთიდანაც ვიწერ. განსაკუთრებით მიყვარს ჯუჯა ყვავილები, რადგან ფოთში ჩვეულებრივი ტანის მცენარე დიდი წვიმების გამო მაღალი იზრდება და დეკორატიულობას კარგავს... ორი წელია, ვარდების მომრავლება დავიწყე. მთელ თავისუფალ დროს მათ ვუთმობ, დედა კი ლამის 24 საათი ეზოშია. ეს დიდი დატვირთვაა, მაგრამ განტვირთვაც გახლავთ. ყვავილებისთვის 200 კვმ გვაქვს გამოყოფილი, ხოლო სადაც ბეტონია დასხმული, ქოთნის ყვავილები გვაქვს. ქოთნებში ხეებიც მაქვს ჩარგული. ასე ნელა იზრდება, კომპაქტურობას, დეკორატიულობას ინარჩუნებს და იოლი მოსავლელია.

- უცხოეთიდან გამოწერილ მცენარეებთან დაკავშირებით იმედი თუ გაგცრუებიათ?

- ეს ხანდახან მაშინ ხდება, როცა კერძო მეწარმისგან ვიწერ. ამიტომ ძირითადად ვიწერ ევროპული ქვეყნებიდან ან ამერიკიდან. მათ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ - თუ შესაბამისი თესლი არ ჩამოვიდა ან სათანადო რაოდენობით, მივწერ, მპასუხობენ, მიცვლიან და მიგზავნიან.

- ფოთში ბევრი ლამაზი ეზოა. თქვენი ბაღი რით გამოირჩევა?

- არ ვცდილობ, დავარცხნილი ეზო მქონდეს, მიყვარს ფერების "აფეთქება", ამიტომ უფრო ინგლისური სტილის ბაღია, ანუ მხოლოდ მე რომ მივაგნებ, რომელ კუთხეში რა ყვავილი მაქვს. ეს თითქოს ველური ბუნების იმიტაციას ქმნის. რა თქმა უნდა, ეგზოტიკური ყვავილიც ბევრი გვაქვს.

- ზამთარშიც ხომ უნდა მცენარეებს მოვლა? - ზამთარში მცენარეებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ინტერნეტში ბევრს ვკითხულობ. ყვავილების სხვა მოყვარულებთანაც მაქვს ურთიერთობა. მცენარეების უმეტესობა ოთახში შემომაქვს და აქაურობა ჯუნგლებს ემსგავსება...

- მოყვარული მეყვავილე ბოტანიკოსის მსგავსად, მცენარეებს სახელწოდებებით მოიხსენიებთ... - ეს ჩემი ბოტანიკის მასწავლებლის, გოგუცა ჯუღელის დამსახურებაა. ყვავილების სიყვარული მასთან ურთიერთობამ გამიღრმავა.

უცხო მცენარეს რომ მოუარო, სახელიც უნდა იცოდე, რომ გაიგო, რა უყვარს და რა - არა. ამ მიზეზითაც დავიწყე მათი დასახელების დამახსოვრება. ვცდილობ, ყველა მცენარის ლათინური და ქართული დასახელება ვიცოდე. რუსული დასახელება თითქმის ყველასი ვიცი, რადგან ფოთში ბევრი იყო რუსი მეყვავილე, რომლებსაც უცხო ყვავილები ჰქონდათ და ყოველთვის სახელწოდებებით ყიდდნენ.

- პირადი ექსპერიმენტებიდან რას გაიხსენებთ?

- რამდენიმე წლის წინ შროშანის კალმით გამრავლება ვცადე. როგორც წესი, ბოლქვით ან თესლით მრავლდება. შემთხვევით გადამიტყდა, მაგრამ კარგი სახეობის შროშანის გადაგდება დამენანა და წყალში ჩავდე, ცოტა ხანში კი დაფესვიანდა. შემდეგ ინფორმაცია მოვიძიე, რომ შროშანის კალმით გამრავლება მაინცდამაინც გავრცელებული არ არის. ეგზოტიკური ყვავილების თესლების დათესვაც მიცდია და გამოდის, ანუ პატარა ექსპერიმენტები ჩამიტარებია ისეთ ყვავილებზე, რომლებიც რთულად მრავლდება.

- ფოთში ნიადაგი ნოტიოა და, ალბათ, მცენარეებს ხშირი მორწყვა არ სჭირდება.

- არა, ზაფხულში ყოველდღიური მორწყვა მაინც უნდა. საერთოდ, ივლის-აგვისტო მაღალი ტენიანობით გამოირჩევა, რაც პრობლემებს ქმნის, რადგან მავნებელი და სოკო აქტიურდება, ამიტომ ყოველი წვიმის შემდეგ შეწამვლა სჭირდება, წვიმებს შორის პერიოდში კი ნიადაგი მალე შრება, ქვიშიანია და მორწყვა უნდა.

- მარადმწვანე მცენარეც ბევრი გაქვთ... - ეზოში ერთ ნაწილს ტროპიკულ ტყეს ვეძახით, სადაც არის ორი უზარმაზარი პალმა, ტროპიკული მცენარეები, ნეკერჩხლებიც...

- რა რჩევას მისცემთ ჩვენს მკითხველს? - სანამ რამეს შეიძენთ, აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია იმ მცენარეზე, რომ იცოდეთ, შეძლებთ თუ არა მის შენარჩუნებას.

ვცდილობ, ბაღში ერთნაირი და ერთნაირად მოსავლელი მცენარეები დავაჯგუფო. ასევე მნიშვნელოვანია, მქონდეს მცენარეები, რომლებიც ბაღს მავნებლებისა და სოკოსგან იცავს. თანაც ისინი დეკორატიულიც არის. ვისაც ეზო აქვს, ვურჩევდი, მათთან მუდმივად რაღაც ყვაოდეს. თუ ივლის-აგვისტოს ამინდები მრავალწლიან ყვავილებს აფუჭებს, ასეთ დროს გამოსავალი ერთწლიანი ყვავილებია. ცოტა გვიან დათესეთ და არა - ადრე გაზაფხულზე, ზოგიერთის დათესვა კი ზაფხულშიც შეიძლება, რომ მოგვიანებით იყვავილოს. მოკლედ, ეცადეთ, ეზო მუდმივად იყოს ცოცხალი და ფერადი.