"ადამიანი-კაქტუსის" მწვანე სამყარო - კვირის პალიტრა

"ადამიანი-კაქტუსის" მწვანე სამყარო

მეექვსე წელია მეუღლესთან ერთად "ბაღში ცხოვრობს" და ეს მათი სამოთხეა. 35 წლის სალომე ასათიანი ოჯახურ ტრადიციას მეუღლესთან ერთად განაგრძობს - სახლში მოწყობილ ორანჟერეას უფრო აფართოებენ, რათა მათი "მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი" შვილებისთვის კომფორტული გარემო შექმნან... ზვიად მეფარიძე პოეტია, თან ხატავს და თავად ბუნების მეხოტბე, ბუნების უზომოდ მოყვარულ მეუღლეს ყველაფერში ეხმარება. ტრაგედია, რომელმაც მთავარი საქმე და ცხოვრების გაგრძელების სურვილი აპოვნინა, სალომემ წლების წინ გადაიტანა, შემდეგ ფეხზე დადგა და ცხოვრების ქარტეხილებთან ბრძოლა ისწავლა.

- მეექვსე წელია ყვავილებს ვაგროვებ, 700-ზე მეტი სახეობის მცენარე მაქვს და ჩემდა საამაყოდ, ამდენწლიან შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია - ძალიან კარგი კოლექცია მაქვს. ჩვენს ოჯახში მცენარეების, განსაკუთრებით, ყვავილების სიყვარული მემკვიდრეობით გადმოგვეცემა. სულ გვქონდა ქოთნისა და ეზოს ყვავილები, ამიტომ რაღაც-რაღაცები ვიცოდი, რაღაცები შემდეგ ვისწავლე, ზოგი ინტერნეტით, ზოგიც საკუთარი გამოცდილებით და თანდათან მოვამრავლე ქოთნისა და ეზოს მცენარეები, კაქტუსები, სუკულენტები.

- როგორ დაიწყეთ კოლექციონერობა?

- რამდენიმე წლის წინ მივხვდი, რომ შემოსავალი არ მყოფნიდა. უეცრად დედა გამიხდა ავად, მე კი ხელფასით აუცილებელ მედიკამენტებსაც ვერ ვწვდებოდი... ყოველთვის მიყვარდა ყვავილები და გადავწყვიტე უფრო მეტი მესწავლა, რომ დამატებითი შემოსავალი მქონოდა. ორი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ვიშრომე, მუდმივად ვსწავლობდი და ვმუშაობდი, რომ სხვადასხვა მცენარე გამეხარებინა და კარგადაც გამომივიდა. დედის წასვლის შემდეგ მცენარეები ძალიან

დამეხმარა გადარჩენაში. მოკლედ, ამ საქმეზე გადავერთე, თან რადგან დედასაც უყვარდა, უფრო შემიყვარდა - თითქოს ამით მშობელთან კავშირს არასდროს ვწყვეტ და ეს ძალიან მეხმარება. ძალიან მინდა განსხვავებული მცენარეები მოვამრავლო და ის ადამიანები გავახარო, ვინც იძულებულია ესა თუ ის მცენარე უცხოეთიდან გამოიწეროს და შემდეგ მის ჩამოსვლას დიდხანს ელოდება.

ზოგი მცენარე ტრანსპორტირებას ვერც იტანს და ნახევრად მკვდარი, ძირგამხმარი ჩამოდის, ზოგი საღია, მაგრამ დახმარება სჭირდება, რადგან ჩვენს გარემოსა და ნიადაგთან შეგუება უჭირს. ასე რომ, ვცდილობ დაინტერესებულ პირებს შრომა გავუადვილო და მათთვის სასურველი ყვავილი დაფესვიანებული, გამზადებული მივაწოდო. ამიტომ ვაგროვებ განსხვავებულ ჯიშებს.

- დიდი ორანჟერეა გაქვთ?

- ორანჟერეაში გათბობა არ მაქვს, რის გამოც არაერთი ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარე გამიფუჭდა. სუკულენტები უფრო ამტანები არიან და სიცივე გადალახეს, სხვებმა ვერ გაუძლეს. როდესაც წლების შრომა წყალში გეყრება, ძნელია მხნეობის შენარჩუნება. მაგრამ დანებებას არ ვაპირებ - სანამ ორანჟერეაში სითბო არ მექნება, ტროპიკულ მცენარეებს აღარ გავამრავლებ.

- უფრო კაქტუსებს ახარებთ?

- დიახ, როგორც მე და ჩემი მეუღლე ვამბობთ, ბევრი კაქტუსი "გვყავს", რადგან ძალიან მიყვარს. ჩემი მეტსახელია "ადამიანი-კაქტუსი", რადგან ასე მგონია, მას ვგავარ - ძლიერი და დადებითი ენერგეტიკის მქონე მცენარეა. ეკლების გამო ბევრს არ მოსწონს, მე კი მგონია, ადამიანებისგან იცავს თავს.

- სხვა იშვიათი მცენარეც "გეყოლებათ".

- დიახ, წითელ წიგნში შეტანილი წიწვოვანი ურთხმელი, რომლის გახარება ძალიან გაგვიჭირდა. როგორღაც გამოძვრა, ზრდა დაიწყო და გადაწვენის პრინციპით ერთი ნერგიც დავაფესვიანეთ.

- მეუღლეც გეხმარებათ? - დიახ, მძიმე საქმე, მაგალითად, მიწის დამუშავება, გადარგვა ან გასხვლა ჩემმა მეუღლემ იკისრა. გამოფენებზე მცენარეები მას მიაქვს, საორგანიზაციო საქმეებსაც ის აგვარებს.

მეხუთე წელიწადია, გამოფენას ვმართავ, ადრე მხოლოდ გაზაფხულსა და შემოდგომაზე გამქონდა ყვავილები, ახლა ზაფხულშიც ვაპირებ, რადგან ბევრი დაინტერესდა ჩემი მცენარეებით.

მე და ჩემი მეუღლე ბუნების სიყვარულში ძალიან ვგავართ ერთმანეთს. არაერთი საერთო ინტერესი გვაქვს. მერვე წელია ერთი ოჯახი ვართ, საყვარელ საქმეს ვაკეთებთ და ამით ერთმანეთს ვაბედნიერებთ. ორივე ვმუშაობთ, სხვა სამსახურები გვაქვს, მაგრამ შინ მოწყობილი მწვანე სამოთხისთვის ყოველთვის გვაქვს დრო. მაქვს ვიდეოგაკვეთილები და მსურველებს ვუზიარებ ჩემს ცოდნა-გამოცდილებას, ზოგჯერ პირდაპირ ეთერს ვრთავ, რა დროსაც მცენარის დაკალმვას, დაფესვიანებას, გახარებას ვასწავლი. უფრო მეტს გავაკეთებდი, უფრო მეტი ნერგის გახარება შემიძლია, მაგრამ პირობები არ მაქვს. ორჯერ მივიღე უარი "აწარმოე საქართველოს" პროექტში, უარი მითხრეს გათბობის დაფინანსებაზეც; ვაპირებდი საბავშვო ინვენტარის დამზადებას, მოხატული მაგიდებითა და სკამებით, სადაც პატარებისთვის კომფორტული და საინტერესო გარემო იქნებოდა. ვფიქრობდი, ასე უფრო შევაყვარებდი მათ ბუნებას, მცენარეებს, შევუქმნიდი შემოქმედებით გარემოს, გადავრგავდით მცენარეებს, მოვხატავდით ქოთნებს... არა უშავს, ამჯერადაც ვიპოვი გამოსავალს, პრობლემებს არასდროს გავქცევივარ... მქონია შემთხვევა, ყვავილების გაყიდვით აღებული თანხით ამა თუ იმ ადამიანს გადარჩენაში მცირედი წვლილით დავხმარებივარ.

- ძაღლებიც გყავთ, არა? - სამსახურში რამდენიმე ფისო შევიფარეთ. სახლში კი ორი ძაღლი გვყავს - ერთს 5 ლეკვი ჰყავს, 2 გავაჩუქე, 3 დაგვრჩა და ვცდილობთ მზრუნველი პატრონი ვუპოვოთ.