"ბოტანიკური კუნძულის" ეგზოტიკური ბინადრები - კვირის პალიტრა

"ბოტანიკური კუნძულის" ეგზოტიკური ბინადრები

ურეკის ერთ-ერთი ზღვისპირა სასტუმროს ტერიტორიაზე ფეხს შედგამ თუ არა, თავი სამოთხის ბაღში გეგონება - ხეები, ბუჩქები, ყვავილები, საუცხოო ფერები... ეს პირველი შთაბეჭდილებაა, მაგრამ ცოტა ხანში უჩვეულო კივილს რომ გაიგონებ და მოკირწყლულ გზაზე მოსეირნე ფარშავანგებს მოჰკრავ თვალს, დაიბნევი კიდეც. გონს მოხვალ თუ არა, სასწრაფოდ მობილურს მოიმარჯვებ და მათ ფონზე სელფის გადაღებას ცდილობ, მაგრამ ეს არცთუ ადვილია. ფარშავანგები ერთს შეგათვალიერებენ და გარბიან... ეს მხოლოდ პროლოგია, რადგან ბაღი ლამის თვალუწვდენელია და მასში გემოვნებით განლაგებულ ათასგვარ მცენარესთან ერთად, მიკროზოოპარკიც არის და ბოსტანიც, თანაც ორ ადგილას. ამ სილამაზის ბატონ-პატრონი ცნობილი პოლიტოლოგი, ექსპერტი და უკვე ბიზნესმენიც ხათუნა ლაგაზიძე და მისი ბიზნესმენი მეუღლე ამირან ჩხაიძე არიან. ეზოში მეგზურობა ქალბატონ ხათუნას ვთხოვე და ისეთი წალკოტი ვიხილე, წარუშლელი შთაბეჭდილება გამომყვა.

ხათუნა ლაგაზიძე: - ჩვენი ბაღი 3 ჰექტარზეა გაშენებული და ბათუმის ბოტანიკური ბაღის მინიანალოგია. მისი მოწყობა-გალამაზება ჩემი მეუღლის დამსახურებაა. საქმე გავინაწილეთ და მე შენობასთან დაკავშირებული სამუშაოების გაძღოლა ჩავიბარე. ბოსტანი მიკროზოოპარკთან ახლოს გვაქვს და ჩვენი სასტუმროს შვედურ მაგიდასაც ნაწილობრივ მისი პროდუქტით ვამარაგებთ. ახლა ნაირფერი პამიდვრის დიდ მოსავალს ველოდებით. ეზოში სათბურიც გვაქვს.

- პირველად ეზოში ფეხი რომ შემოვდგი, ფერებთან ერთად თვალში გემოვნებით მოწყობილი ბამბუკების მინისკვერი და ულამაზესი ხეივანი მომხვდა. - აქ საბჭოთა პერიოდში სანატორიუმი იყო, ჩემმა მეუღლემ კი იმ ძველი საბჭოთა სანატორიუმიდან სამოთხე შექმნა.

ბევრი ეგზოტიკური მცენარე გვაქვს, მათ შორის მაგნოლია, უთხოვარის ხე, ოსმანტუსი, პოტოკარპუსი, ძელქვა, ტაქსუს-ბაკატა - სულ ცოტა, 500 სახეობა.

მათთვის ცალკე რეესტრი გვაქვს შექმნილი და ყველას აღვრიცხავთ. რამდენიმე მებაღე გვყავს, რადგან ამხელა ბაღს მარტო ჩვენ ვერ მოვუვლით. ამ მცენარეებიდან ყველაზე მეტად ნეკერჩხლები მიყვარს. შენიშნავდით, ულამაზესია შემოსასვლელში ნეკერჩხლის ბაღი.

ზოოპარკის მოწყობაც ამირანის იდეა იყო, თუმცა ყველაფერი ცხოველების სიყვარულით დაიწყო - ძალიან მიყვარს ცხოველები, ჩემზე მეტად კი ისინი ჩვენს 12 წლის ქალიშვილს - ანას უყვარს. რადგან ანას ცხოველები უყვარდა, ხან კურდღელს მოუყვანდა ხოლმე, ხან განსხვავებულ ფრინველს, ხან ცხენს, ხან პონის. მერე ყველამ თავი ჩვენს ზოოპარკში მოიყარა.

- ფარშავანგები საიდან მოიყვანეთ?

- ულამაზესი თეთრი ფარშავანგებიც გვყავდა, მაგრამ დაგვეღუპა. ამ ჭრელებს, ახლა რომ გვყავს, მათ ვერც შევადარებ, თუმცა ეზოს ესენიც ძალიან ალამაზებენ. ამ ფარშავანგებს საოცარი, 2,5-მეტრიანი კუდები ჰქონდათ, მაგრამ... ზღვის სეზონი რომ არ არის, ურეკის ყველა ძაღლი აქ იყრის ხოლმე თავს, რადგან ასეთ პერიოდშიც ვმუშაობთ, შესაბამისად, სადილსაც ვამზადებთ და საჭმელები ცხოველებისთვისაც გვრჩება. ერთი ულამაზესი ბომბორა ძაღლი მოდიოდა ხოლმე, ისეთი ლამაზი და თვინიერი, შემოვიჩვიე და ვაჭმევდი. რას წარმოვიდგენდი, ჩემს ფარშავანგს თუ გაეკიდებოდა! ეს უზარმაზარი ძაღლი რომ დაეკიდა ორმეტრნახევრიან ფრთებზე, ძლივს გავაგდებინე პირიდან. კიდევ კარგი, სულ არ დაგლიჯა და გადაგვირჩა... ძალიან სასაცილოები კი არიან. ფარშავანგების ბუნებას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ჩემს ჭრელ ფარშავანგებს რომ ვაკვირდები, შევნიშნე, დიდ ფანჯრებში ყურება უყვართ. ვფიქრობ, ან საკუთარ თავს აკვირდებიან და ეპრანჭებიან, ან თავიანთ სილუეტს რომ ხედავენ, მეტოქედ აღიქვამენ. ერთი ფარშავანგი მეტისმეტად ჩურჩუტია და გამუდმებით თავით ენარცხება ფანჯრებს, ამიტომ კარგი მოჩხუბარივით თავი სულ დასისხლიანებული აქვს.

როცა ქალბატონი ხათუნა ბაღსა და ზოოპარკზე მიამბობდა, ფარშავანგები არსად ჩანდნენ და რადგან მასპინძელმა თავის ბოსტანში კიტრის მოსაკრეფად და გასასინჯად დამპატიჟა, ჯერ ზოოპარკი დავათვალიერეთ ამაყად მოსეირნე უჩვეულო ჯიშის დეზებიანი მამლებით, მათთან მოკეკლუცე ქათმებით, უცნაური, უზარმაზარი კურდღლებით, ქათქათა თეთრი ბატებით, რომლებიც საუცხოოდ ერწყმოდნენ სიმწვანეს და ჩვენი გამოჩენისთანავე აგვეკიდნენ. ცალკე არიან სტუმრების გასამასპინძლებლად განკუთვნილი წიწილები.

ზოოპარკის ბინადრების გაცნობის შემდეგ ბოსტანში გადავინაცვლეთ.

ხათუნა ლაგაზიძე: "ბოსტანში გვაქვს ბადრიჯანი, კიტრი, ლობიო, ბულგარული წიწაკა, რამდენიმე ჯიშის პამიდორი, ზაფრანა, ათასნაირი მწვანილი... უცხოელები რომ ჩამოდიან, ბოსტანშიც მოგვყავს და ნაყოფს ვაკრეფინებთ. მათთვის საკუთარი ხელით დაკრეფილი კიტრი და მწვანილი ეგზოტიკაა, ქართველებს კი ეს ნაკლებად აინტერესებთ - სოფელი და ბოსტანიც ბევრს თავისი აქვს. აგერ მაყვალიც გვაქვს, კარგი ჯიშისაა, მაგრამ ჯერ არ დამწიფებულა და ვერ გაგასინჯებთ".

მაყვალი ვერა, მაგრამ კიტრი კი გავსინჯე და უგემრიელესი აღმოჩნდა. უკან წამოსულებმა ფარშავანგებსაც შევუარეთ თავიანთ "ოროთახიან ბინაში". მინდოდა მათთვის ხეირიანი ფოტოები გადამეღო, მაგრამ სამი ფარშავანგის ერთად მოყვანა გაძნელდა. სიმართლე გითხრათ, ფრინველების მეშინია და მათთან დიდხანს ვერც გავჩერდი, ფოტო კი, უნდოდათ თუ არა, მაინც გადავუღე.

იმავე საღამოს ჩემს მეგობარსა და კოლეგა ნათია დოლიძესთან ერთად შთაბეჭდილებებით აღსავსე დავემშვიდობე ურეკის წალკოტს, ჩვენს უთბილეს მასპინძლებს და თბილისისკენ გამოვწიე.