ჰობი, რომელიც პროფესიად იქცა - კვირის პალიტრა

ჰობი, რომელიც პროფესიად იქცა

"მეურნეობის გაფართოებასაც ვაპირებ, რომ საოჯახო ფერმაში ვაწარმოო ქართული პროდუქტი. აქცენტი ბიომეურნეობაზე გავაკეთე..."

ახალგაზრდა ფერმერი თენგიზ კუპატაძე, რომელსაც ყვარელში ახალგაშენებული ვენახი, თხილისა და კარალიოკის ბაღები აქვს, აგრონომების ოჯახშია გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ იცოდა, ამერიკაში სტაჟირება გაიარა და დღეს ამ გამოცდილებას თავის საქმიანობაში იყენებს. თავდაპირველად შეისწავლა, რა სიახლეები იყო და რა ვითარება საქართველოს აგრარულ სექტორში, გაიცნო ბევრი ფერმერი თუ ორგანიზაცია, რომლებიც დამწყებ ფერმერებს ხელს უწყობენ. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის (AFRD) დახმარებით აშშ-ში გაემგზავრა ცოდნისა და პრაქტიკის მისაღებად ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით. ამისთვის რამდენიმეეტაპიანი შერჩევისა და კონკურსის გავლამაც მოუწია.

თენგიზ კუპატაძე: - ჩემი მშობლები აგრონომები არიან. პაპაც აგრონომი იყო და ბავშვობიდან მასწავლიდა მცენარეების, განსაკუთრებით, ვაზის მოვლას. სკოლის დამთავრების შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ სხვა რამის კეთება მინდოდა. ბევრი არ მიფიქრია - ვაზის და მცენარეების მოვლამ ფერმერობამდე მიმიყვანა.

ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე ბავშვობის ოცნება რეალობად მექცია. 18 თვის განმავლობაში მინესოტის უნივერსიტეტში მიღებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე ჩემი პროექტით სახელმწიფო გრანტი მოვიპოვე - საფერავის ჯიშის ვენახი, თხილისა და კარალიოკის ბაღები გავაშენე.

სოფლის მეურნეობა ყოველთვის იყო ჩემი ჰობი, შემდგომ კი პროფესიაც გახდა. ეს სწორ არჩევნად მიმაჩნია, დღეს ნამდვილად გვჭირდება კვალიფიციური ახალგაზრდები, რომლებიც მოახერხებენ ტრადიციული ცოდნისა და ინოვაციების გაერთიანებას, ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ აგრობიზნესის დაგეგმვისა და ფერმის მართვის საკითხებში. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის სტაჟირების პროგრამას, რომელშიც ჩართული ვიყავი.

- აშშ-ში სად მიიღეთ აგრარული განათლება და პრაქტიკული გამოცდილება?

- მინესოტის შტატში. პრაქტიკა გავიარე ერთ-ერთ დიდ და თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ ფერმერულ მეურნეობა Green Barn Garden Center-ში, აგრეთვე მინესოტის უნივერსიტეტის კვლევით ლაბორატორიაში. აშშ-ის სასწავლო სისტემა ისეა ინტეგრირებული, რომ თეორიული სწავლება დაკავშირებულია პრაქტიკულთან, რაც საბოლოოდ ეფექტიან შედეგს იძლევა.

პროგრამა ორი ეტაპისგან შედგებოდა - თეორიული სწავლება უნივერსიტეტში და პრაქტიკული სწავლება მასპინძელ ფერმაში ანაზღაურებადი სტაჟირებით.

პრაქტიკის დროს მასპინძელ ფერმა `გრინ ბარ გარდენ სენტერში~ ვიმუშავე: ყვავილების ორანჟერეაში, სხვადასხვა ჯიშის კარტოფილისა და პამიდვრის ნაკვეთებში, გოგრის, საზამთროსა და ნესვის ბაღჩებში (ის ჯიშები საქართველოში ჯერ არ არის შემოსული). პრაქტიკაც გავიარეთ კვლევით ლაბორატორიაში, სადაც ვაკვირდებოდით ვაზის სხვადასხვა ჯიშს.

- ამერიკაში პრაქტიკის შესახებ მოგვიყევით...

- სტუდენტები მასპინძელ ოჯახში ვცხოვრობდით. ოჯახს უნივერსიტეტთან ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რომ სტუდენტებს მათ ფერმაში პრაქტიკა გაევლოთ. გარდა იმისა, რაც ზემოთ დავასახელე, მოჰყავდათ ბალახიც, თივას ამზადებდნენ და ყიდდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ტექნიკა. ჩემთვის აღმოჩენა იყო, თუ როგორ მარტივად შეიძლება ბევრი საქმის გაკეთება სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით.

ჩვენ უამრავი რამ გვაქვს კარგი, მაგრამ ტექნოლოგიების სიმწირის გამო ბევრი საქმის კეთება არ გამოდის, ან მეტ სამუშაო ძალას მოითხოვს.

- ტრაქტორი კარგია, მაგრამ თოხს მაინც ვერ ცვლისო, ამბობენ, იქ როგორ იყო ამ მხრივ საქმე? - ვნახე თოხის ჩამნაცვლებელი ტექნიკაც, პრიმიტიულად ჰქონდათ გაკეთებული - ტრაქტორზე იყო თოხისმაგვარი რამ მიბმული.

- ბევრი ფერმერისგან მსმენია, რომ უცხოური პროდუქტი, რომელიც საქართველოში შემოდის, შხამქიმიკატებითაა სავსე და გენმოდიფიცირებულია. ამერიკული ფერმა რა სასუქს იყენებდა? - თვითონაც ამბობდნენ, რომ მიწა, რომელსაც ამუშავებდნენ, არ არის ხარისხიანი და მას ბიოსასუქებით აჯერებდნენ. ჰქონდათ თანამედროვე სარწყავი სისტემები, რომელთა საშუალებითაც უნაყოფო მიწა ნაყოფიერი ხდებოდა. ეს სერტიფიცირებული ბიომეურნეობა გახლდათ და ასეთივე პროდუქტს აწარმოებდა. ჰყავდათ დაქირავებული მუშახელიც. მათთან ბევრი საერთო გამოვნახე, გამოცდილებას დაუნანებლად გვიზიარებდნენ. აქედან რამდენიმე სახის ღვინო ჩავუტანე, მოეწონათ, ჩურჩხელაც გავასინჯე.

- საქართველოში იქაურ გამოცდილებას როგორ იყენებთ?

- ამერიკიდან ჩამოსვლისთანავე სოფლის მეურნეობის საგრანტო პროგრამაში ჩავერთე და ვენახის გაშენებისთვის დაფინანსება მოვიპოვე. ამან საშუალება მომცა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა რეალობად მექცია.

დღეს 1 ჰექტარზე საფერავის ჯიშის ვენახი ქინძმარაულის მიკროზონაშია გაშენებული, ასევე თხილისა და კარალიოკის ბაღები. დროდადრო ვეხმარები ადგილობრივ ფერმერებს და გამოცდილებას ვუზიარებ.

მომავალში საკუთარი ღვინის წარმოებას ვგეგმავ. მეურნეობის გაფართოებასაც ვაპირებ, რომ საოჯახო ფერმაში ვაწარმოო ქართული პროდუქტი. აქცენტი ბიომეურნეობაზე გავაკეთე, თუმცა საწყის ეტაპზე ეს ცოტა რთულია, ფინანსებს მოითხოვს. ამასთან, გარშემო არის ადგილები, რომლებიც ბიოტექნოლოგიით არ მუშავდება. რადიუსი გაწმენდილი უნდა იყოს, რომ ჩემი პროდუქტიც ბიოდ ჩაითვალოს.

მოკლედ, ვმუშაობ, არ ვჩერდები...