თიხა და სანახაობა - კვირის პალიტრა

თიხა და სანახაობა

ლექსო გენგაშვილი: "თუ აქამდე თიხას არ შეხებიხართ, გეტყვით, რომ ყოველ შეხებაზე გემორჩილებათ და შეგიძლიათ მას ნებისმიერი სასურველი ფორმა მისცეთ"

მეთუნეობა უძველესი ხელობაა, რომელსაც ჩვენი წინაპრები ოდითგან მისდევდნენ. ამას საქართველოში აღმოჩენილი არაერთი უნიკალური თიხის ჭურჭელი ადასტურებს. თიხასთან ურთიერთობას ცოდნა უნდა, ოღონდ ეს საქმე ჯერ უნდა შეგიყვარდეს, მერე კი მასთან "გაშინაურებაც" შეიძლება. როგორც ოსტატები ამბობენ, ადვილად მოგყვება, გელაპარაკება, უამრავ ამბავს მოგითხრობს და ფილმის ცნობილი ფრაზის არ იყოს, სასიამოვნოდაც "მღერის". ამჯერად თელაველ მეთუნე ლექსო გენგაშვილს გაგაცნობთ, რომელმაც თიხაზე მუშაობა ცხოვრების წესად აქცია და ამის გამო თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს.

- თელავში იმ უბანში ვცხოვრობდი, რომელსაც მაწანწარა ჰქვია და სადაც მეთუნეები მრავლად იყვნენ. ამ დარგს 12-14 ოჯახი მისდევდა და იქაურობა ნამდვილი კერა იყო. ეს საქმე მხოლოდ მე კი არ მაინტერესებდა, ბევრის ინტერესიც ყოფილა, როგორ მზადდებოდა თიხის გუნდისგან, ვთქვათ, დოქი. მაშინ ეს ოჯახები თავიანთ სამზარეულოში არ გვახედებდნენ, რომ ნამუშევრებისთვის თვალი შეგვევლო. ამიტომ ეს ხელობა ცოტა გასაიდუმლოებული იყო. მეთუნეების ნახელავს ფანჯრიდან მაშინ მოვკრავდით ხოლმე თვალს, როცა თელავში უცხოელი ტურისტები ჩამოდიოდნენ და კერამიკულ ნაწარმს ყიდულობდნენ... მახსოვს, საბავშვო ბაღში თიხით მანქანებს ვძერწავდით და ვღებავდით...

XIX-XX საუკუნეების დასაწყისში დარგი განვითარებული იყო რუისპირში და თელავის სხვა სოფლებშიც - ვარდისუბანსა და იყალთოში, თუმცა ქალაქში მაინც განსხვავებული ნამუშევრები მზადდებოდა - გამოყენებით კერამიკასთან ერთად, დეკორატიულიც. რაც მთავარია, თელავში თიხა ყოველთვის ულევად იყო.

1987 წელს ხალხური რეწვის პროფესიულ სასწავლებელში შევედი. ერთადერთმა დავამთავრე "წითელ დიპლომზე". სასწავლებელში ნამდვილი მეთუნე გაბრიელ ჭიბალაშვილი მუშაობდა და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. სამწუხაროდ, ჩვენ შორის აღარ არის... მერე ისეთი წლები დაიწყო, ეს საქმე კი არა, ყველაფერი ჩაიძირა. 25 წელი სოჭში ვცხოვრობდი, იქ ჰობის დონეზე მივდევდი ამ საქმეს, ფესტივალებშიც ვმონაწილეობდი... სამწელიწად-ნახევარია, საქართველოში დავბრუნდი და ამ საქმეს მივყავი ხელი. ამჟამად 5-6 კარგად მომზადებული მეთუნე მყავს, რომლებიც შემიძლია ოსტატებად დავასაქმო.

- კარგი საქმეა, როცა შენს ცოდნას, გამოცდილებას სხვებს გადასცემ. - ჩემი ოსტატისთვის პირობა მქონდა მიცემული, რომ მეთუნეობის სკოლა უნდა გამეკეთებინა და საქართველოში რომ ჩამოვედი, პირობა შევასრულე - ასეთი სკოლა ჯერ თელავში გავხსენი და უფასოდ ვასწავლიდი, მერე - თბილისშიც. მაგრამ ხალხმა ვერ გაიგო ეს. არადა, მინდოდა, ამ საქმისადმი ინტერესი გასჩენოდათ, ადამიანები სასიამოვნოდ ამეფორიაქებინა... ახლა სკოლა ფასიანია და ინტერესიც მეტი აქვთ. სიამოვნებით მოდიან, უხარიათ სწავლა. შევქმენი კახური კერამიკა - თუკი კახეთში რამე ჭურჭელი მზადდებოდა, აღვადგინე.

- კახური ჭურჭელი ახსენეთ... რა განასხვავებს მას იმერულისგან?

- დარგი კახეთში უფრო იყო განვითარებული, რადგან ბევრი ღვინისთვის ჭურჭელიც ბევრი იყო საჭირო. თიხაც განსხვავდება - მათი უფრო ცეცხლგამძლეა, კეცებისა და ლობიოს ქოთნებისთვის გამიზნული, ასევე ქვევრებისთვისაც, მშვენიერი ქვევრები აქვთ. კახელებს ცოტა კი სწყინთ ხოლმე, როცა ამას ვამბობ, მაგრამ წყაროებზე დაყრდნობით ვიცი, რომ იმერლებმა ასწავლეს ეს კულტურა ჩვენებს. კახეთში სამუშაოდ გაზაფხულზე ჩამოდიოდნენ და შემოდგომით უკან მიდიოდნენ. კახელებს იმ დროს არც თონის გასაკეთებლად ეცალათ და არც - ქვევრის, რადგან ვენახს უვლიდნენ. შეზღუდული შესაძლებლობის პირებს კი, ვინც ვენახში ვერ მუშაობდა, შეგირდებად იყენებდნენ, რომ თიხა მოეტანათ, მოეზილათ, გამოსაწვავი ღუმლის ასანთებად შეშა მოეზიდათ. იმერლები კი ბრუნდებოდნენ უკან, მაგრამ ზოგიერთი ვარდისუბანში დარჩა და ამ სოფელს დღეს იმერლების სოფელსაც ეძახიან. ყვარელშიც არიან. რაც შეეხება თიხის სხვა ჭურჭელს, განსხვავება ის იყო, რომ ჩვენი უფრო მრავალფეროვანი იყო, რადგან ბევრი ღვინო გვქონდა.

მეთუნეობა სტუდიაში უნდა ისწავლებოდეს. თიხისგან რაც კი შეიძლება დამზადდეს, ყველაფრისთვის გვაქვს დანადგარი. თანამედროვე სახელოსნოა, გვერდით პატარა მუზეუმით, სადაც სამი ძველი ჩარხია, მაწანწარიდანაა მოტანილი. ერთი 150 წლისაა, მეორე - 100-ის და მესამესაც საუკუნეს არაფერი უკლია. ისინი სამუზეუმო ექსპონატებია, მაგრამ მუშაობს და მათზეც ვატარებ ხოლმე მასტერკლასებს.

- რა ტექნოლოგიური პროცესი უნდა გაიაროს თიხის გუნდამ, რომ მისგან დამზადებული ჭურჭელი "ამღერდეს"? - დიახ, თიხა ხმას გამოსცემს, ნებისმიერი ჭურჭელი. 1000 გრადუს ტემპერატურაზე და ცოტა მეტზეც გამომწვარი, რა თქმა უნდა, "მღერის", მაგრამ გამოწვამდე გაშრობა უნდა, ერთი კვირა მაინც. ამას დიდი სიფრთხილე სჭირდება. ოთახში ბუმბულია ჩამოკიდებული, რომელმაც არ უნდა იქანაოს - გამჭოლი ქარი არ უნდა იყოს. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიწვება, თიხას როგორ მოამზადებ, ამ ყველაფერს კი სწავლა უნდა. დღეს ეს პროცესი გამარტივებულია - არის კომპიუტერი, სხვა ტექნიკაც, რომელიც საწყისი ტემპერატურაზეა დაყენებული, შემდეგ ყოველ საათში კი თვითონვე არეგულირებს. ადრე ღუმელში იყო საჭირო შეშის შეკეთება, ტემპერატურის თვალზომით განსაზღვრა...

- ქვევრის ამოყვანას რამდენი ხანი უნდა? - ქვევრი შენდება, ის ჩარხზე არ ამოჰყავთ. პატარა მოცულობის, მაგალითად, 10-ლიტრიანი კი ადვილად კეთდება ჩარხზე. ქვევრი ძირიდან შენდება. 20 სმ-ზე მეტს ყოველდღე ვერ შემოავლებ. მასალა, რითაც შენდება, ეტაპობრივად შრება, ფენა სქელია და გაშრობას დიდი დრო უნდა. ასე ეტაპობრივად ამოგვყავს. ჩარხზე კი პატარა ქვევრი შეგიძლია 5 წუთში ამოიყვანო. აქვს თავისი გაშრობისა და გამოწვის წესიც. თიხაზე მომუშავეთა კლასიფიკაცია ასეთია - მეჭურჭლე-მეთუნე, მეთონე, მექვევრე, მეკრამიტე, მეაგურე.

- თიხა რა ამბებს მოგითხრობთ? - ყველაზე მთავარ ამბებს... თუ აქამდე თიხას არ შეხებიხართ, გეტყვით, რომ ყოველ შეხებაზე გემორჩილებათ და შეგიძლიათ მას ნებისმიერი სასურველი ფორმა მისცეთ. დიდი სიამოვნებაა მასთან ურთიერთობა. ადამიანს თუ ბედნიერებისთვის რამე აკლია, ეს ურთიერთობა აუცილებლად მიეხმარება მასთან მიახლოებაში.

მე ახლა ბედნიერი ვარ. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, როდის მოვრჩებოდი სხვა საქმეებს, რომ თიხასთან მემუშავა. ლამის მთელი ცხოვრება ველოდი ამ დროს. ზუსტად ვიცი, სანამ ცოცხალი ვიქნები, ამის მეტს არაფერს გავაკეთებ.

მე იმ საქმით ვშოულობ ლუკმაპურს, რომელიც ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს, შედეგები კი სტიმულს მიორმაგებს! ახლა თელავში ამ დარგის კოლეჯის, კურსების ამუშავებას ცდილობენ და ეს ამბავი ძალიან მახარებს.