"როცა ონკოლოგიური დაავადებები ასე გავრცელებულია, ქიმიური საშუალებების ხმარება დანაშაულად მიმაჩნია"
"როცა ონკოლოგიური დაავადებები ასე გავრცელებულია, ქიმიური საშუალებების ხმარება დანაშაულად მიმაჩნია"
ეთერზეთების წარმოებას დაახლოებით ისეთი ისტორია აქვს, როგორიც ცივილიზაციას, - მცენარეთა სასიამოვნო სურნელით ყველა ეპოქაში იხიბლებოდნენ. ჩვენს ქვეყანაში ამ პროდუქციის, მაგალითად, ვარდის ეთერზეთების დამზადების უძველესი კუსტარული მეთოდებიც არის შემორჩენილი. ამას ნედლეულის ზრდა-განვითარებისთვის საუცხოო პირობებიც უწყობს ხელს. ეს საკითხი ბოლშევიკებმა ისე კარგად შეისწავლეს, რომ ჯერ კიდევ 1931 წელს საქართველოში, ათასობით ჰექტარზე ეთერზეთოვანი კულტურების 10 მეურნეობა აამუშავეს, ამ კულტურათა შორის იყო ვარდი, რომლის ეთერზეთზე მუდამ დიდი მოთხოვნილებაა. ამ მეურნეობების დანგრევის შემდეგ ეთერზეთების წარმოება
შეწყდა, მაგრამ ბოლო წლებში ეს სფერო აღდგენას იწყებს.

ლაგოდეხის სოფელ ჭაბუკიანში ვარდის პლანტაციები 95 ჰექტარზეა გაშენებული, მოქმედებს ეთერზეთის ქარხანაც. ჭაბუკიანის ეთერზეთების კომპანიის წარმომადგენელ ალექსანდრე ნადირაშვილის თქმით, ქართული ვარდის ეთერზეთი მსოფლიოში წარმოებული ვარდის ეთერზეთებზე ნაზია, რასაც ნიადაგი და კლიმატი განაპირობებს.


- ეთერზეთები არაერთ ძვირად ღირებულ პროდუქციაში
გამოიყენება, მათ შორის - კულინარიაში, მედიცინასა და, რაც მთავარია, სუნამოს წარმოებაში, რომლის მოცულობა წელიწადში 40 მილიარდ დოლარს აღწევს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ გიგანტურ ინდუსტრიაში უკვე ჩვენს წარმოებულ ეთერზეთსაც ითხოვენ. რაც, ჩემი აზრით, არა მხოლოდ ჩვენში ეთერზეთების წარმოების აღდგენას ნიშნავს, არამედ იმას, რომ მთელ მსოფლიოს საქართველოდან ხარისხიანი პროდუქცია მიეწოდება, რომლითაც არაერთი ქვეყანაა დაინტერესებული. განსაზღვრულ რაოდენობას ჩვენი ქვეყნის მეწარმეებიც ყიდულობენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქციის ფასი მაღალია - 1 ლიტრი ვარდის ეთერზეთი დაახლოებით 11 ათასი ევრო ღირს. ეთერზეთების ასეთ ფასს თავისი მიზეზები აქვს: 1 ლიტრი ეთერზეთის წარმოებას ტონობით ნედლეული სჭირდება, მაგალითად, 1 ლიტრი ვარდის ეთერზეთისთვის 5 ტონა ვარდია საჭირო.

- ამ რაოდენობის ვარდის პლანტაციებიც, ცხადია, დიდ ფართობს მოითხოვს.
- ჩვენს კომპანიას ეთერზეთის საწარმოებლად ვარდი 95 ჰექტარზე აქვს გაშენებული, საიდანაც წლეულს 20 ლიტრი ეთერზეთი მივიღეთ. თითო ჰექტარზე 5 ათასამდე ძირი ვარდია დარგული, რომელთა მოვლა-მოყვანას დაახლოებით ისეთივე შრომა სჭირდება, როგორიც ვაზისას. სხვათა შორის, არც ვარდის კრეფაა ადვილი - დახელოვნებული ხალხიც კი დღეში მხოლოდ 20-25 კგ-ს კრეფს. ამას დავამატოთ ამ ტერიტორიაზე პლანტაციების დაკალმება და მუდმივი განახლება. სწორედ ეს ყველაფერი ზრდის ვარდის ზეთის ღირებულებას.

თავდაპირველად კალმები უცხოეთიდან შემოვიდა, მერე კი კომპანიაში დაიწყო დაკალმება. ვარდი ადვილად ზიანდება, მუდმივი ჩანაცვლება და გაახალგაზრდავება სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე მირჩევნია ნაკლები რაოდენობის, მაგრამ მაღალი ხარისხის ეთერზეთი დავამზადო, ვიდრე კლიენტებმა პროდუქციის დაბალი ხარისხის გამო დაიხიონ უკან. სხვათა შორის, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ბაზარზე ვარდის ზეთზე­ მოთხოვნაა,­ იყო მაგალითები, როცა მომხდარა მისი ფალსიფიკაცია, რასაც ზოგიერთი ქვეყნებიც აღიარებენ. ვარდის ზეთის ყველაზე დიდი მწარმოებელი თურქეთი და ბულგარეთია. ჩვენ ეკოლოგიურად სუფთა ეთერზეთებს ვამზადებთ, ამ საქმეში დღეს ვერავის მოატყუებ, ყველამ იცის, რა პროდუქციას ყიდულობს.
მავნებლებისთვისაც მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა წამლებს ვიყენებ და პლანტაციებში წამოზრდილი სარეველა ბალახის გასანადგურებლად ქიმიურ ნივთიერებებს არ ვხმარობ. მირჩევნია, წამოზრდილი ბალახი თვეში სამჯერ ტექნიკით გავთიბო. ანუ სამჯერ მეტი ვიშრომო, ვიდრე ქიმიური ხსნარები გამოვიყენო.

ბოლოს და ბოლოს, სინდისის წინაშე ვარ მართალი - როცა ონკოლოგიური დაავადებები ასე გავრცელებულია, ქიმიური საშუალებების ხმარება დანაშაულად მიმაჩნია.

- როდის კრეფთ ნედლეულს?
- მაისის შუა რიცხვებში ვიწყებთ და ივლისის ბოლოს ვამთავრებთ. ახლა კრეფა დამთავრებულია. აყვავებული პლანტაციები ულამაზესია. დიდი პოტენციალი აქვს, რომ ტურიზმის განვითარებისთვის გამოვიყენოთ. ამ საკითხზეც ვფიქრობ. მით უფრო, რომ ჭაბუკიანის პლანტაციებს შორის ვცხოვრობ და მარანიც იქვე მაქვს. ყოფილი მოჭიდავე ვარ, არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ და გულით მინდა, მათ კეთილდღეობით დავეწიოთ. ჩვენ ხომ საოცარი მიწა გვაქვს, მით უფრო - კახეთში, სადაც ყველაფერი ხარობს. ასე განსაჯეთ, აჭარიდან ჩამოტანილმა ევკალიპტებმაც კი გაიხარა, არადა, ამბობენ, ევკალიპტი დასავლეთი საქართველოს გარდა არსად ხარობსო.

- თქვენი ეთერზეთი ქართული სახელით გადის უცხოეთში?
- რა თქმა უნდა! ჩვენი ვარდის ეთერზეთი "ალაზნის ვარდის" სახელით გადის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სხვანაირად როგორ შეიძლება?!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები