"მინდა, ამ საქმით ახალგაზრდები დაინტერესდნენ" - როგორ გახდა ბანკის მენეჯერი "ფერმის გამგე" - კვირის პალიტრა

"მინდა, ამ საქმით ახალგაზრდები დაინტერესდნენ" - როგორ გახდა ბანკის მენეჯერი "ფერმის გამგე"

"თბილისში, ბანკში ვმუშაობ, მაგრამ ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვდივარ გურიაში ფერმაში სამუშაოდ"

იხვების ოთხ სხვადასხვა ჯიშს, ქათმებს, ციცრებს, ინდაურებს, ბოცვრებს ნახავთ გურიის სოფელ მაკვანეთის მცხოვრების, შალვა (შაკო) პუხლოვის საოჯახო ფერმაში. მართალია, ის ახლა თბილისში, ერთ-ერთი ბანკის სათავო ოფისში მუშაობს მენეჯერად, მაგრამ ხელს არც ფერმას აკლებს და არ გამორიცხავს, მომავალში მთელი დრო ამ საქმიანობას დაუთმოს. შაკო მზად არის, თანასოფლელებს აჩუქოს ფრინველები და ცხოველები, მაგრამ არ მოსწონს, როცა მის ნაჩუქარს მეორე დღესვე დაკლავენ და შეჭამენ. ის ასევე მზად არის, დაინტერესებულ პირს კონსულტაციები გაუწიოს და საჭირო პრეპარატების შეძენაში დაეხმაროს. როგორ ახერხებს ბანკის 30 წლის თანამშრომელი საოჯახო ფერმის გაძღოლას და რა გეგმები აქვს სამომავლოდ, ამის შესახებ თვითონ მოგვითხრობს.

შაკო პუხლოვი: - სკოლა ოზურგეთის რაიონში, სოფელ მაკვანეთში დავამთავრე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ჩემი მიმართულება კომპიუტერული მეცნიერებაა. ახლა თბილისში ბანკში ვმუშაობ, მაგრამ ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვდივარ გურიაში ფერმაში სამუშაოდ. გეგმა ბევრი მაქვს. თუ ყველა ჩანაფიქრი ავასრულე, შესაძლოა, თბილისში უკვე აწყობილი კარიერა მივატოვო და ჩემს კუთხეს დავუბრუნდე.

- ფერმერობა თავად გადაწყვიტეთ, თუ ოჯახურ ტრადიციას აგრძელებთ?

- სოფელში, სხვა ოჯახების მსგავსად, ჩვენც გვყავდა ცხოველ-ფრინველი, თუმცა ახალი წლის შემდეგ ყველაფერი ნახევრდებოდა. ფერმის მსგავსი არაფერი გვქონია, არადა, განსაკუთრებულად მიყვარდა ცხოველები და ფრინველები. თბილისში შევიძინე მეგობარი, რომელიც ვეტერინარულ კომპანიაში მუშაობს. მისი წყალობით ბევრი ინფორმაცია დავაგროვე. უკვე რამდენიმე წელია, მასთან ერთად დავდივარ სხვადასხვა ფერმაში, ვესწრები უცხოელებისა თუ ქართველების მიერ დამწყები ფერმერებისთვის მოწყობილ კონფერენციებს თბილისში, მცხეთაში, გორში, კახეთში. მეგობრებიც შევიძინე, რომლებიც ამ დარგით არიან დაინტერესებული. ზოგმა ფრინველი მაჩუქა, ზოგმა - ცხოველი. თანდათან მეც გამიჩნდა ფერმის გაკეთების სურვილი. ამასთან მინდა, დაგროვილი ცოდნა ჩემს სოფელში ჩავიტანო, მეზობლებსაც გავუზიარო და უფრო დავაინტერესო მეფრინველეობითა და მეცხოველეობით.

- როცა სოფელში ჩავდივარ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ გლეხს მეცხოველეობის თუ მეფრინველეობის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო ცოდნა არა აქვს. - სამწუხაროდ, სწორია თქვენი შთაბეჭდილება. სოფელში ახალი ტექნოლოგიებისა და პრეპარატების შესახებ ცოტა იციან. მეც ვცდილობ, სოფელს რამით გამოვადგე. გარდა თანასოფლელებისთვის პროფესიონალებთან კონსულტაციებით მიღებული ცოდნის გაზიარებისა, ვცდილობ მათ ზოგჯერ საჭირო პრეპარატის, წამლის შეძენაში დავეხმარო, ზოგჯერ ფრინველსაც ვჩუქნი. ძალიან მინდა, ამ საქმით ახალგაზრდები დაინტერესდნენ.

- შესაძლებელია, რომ დღეს სოფელში ახალგაზრდამ დოვლათი შექმნას? - შესაძლებლობა ნამდვილად არის. პრობლემა ის გახლავთ, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით გურიას ნაკლები ყურადღება ექცევა. ამ მხრივ სამეგრელო და აჭარა უკეთეს მდგომარეობაშია. ჩვენთან არანაირი პროექტები არ ხორციელდება. თუ რაიმე ისეთი პროექტი შემოვიდა, რომელმაც მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას, მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩვენც გამოვკრათ ხელი რამეს, კონკრეტულად ამ რეგიონისთვის კი არაფერი კეთდება. როცა ამ თემაზე ვლაპარაკობ, მეუბნებიან, კახეთში ყურძნის კარგი მოსავალია, გორში - ვაშლი და ატამი, თქვენთან რაში უნდა ჩავდოთ ფულიო? გარწმუნებთ, ჩვენთან ძალიან კარგ მოსავალს იძლევა მოცვი, კივი, ციტრუსი... ვინაიდან ჩვენთან ნესტია, ლოკოკინების მოშენებაც კარგ შედეგს მოგვცემს. არ ვიცი, რატომ ვერ ხედავენ გურიაში პერსპექტივას.

- როგორც ვიცი, სახელმწიფო პროგრამა გურიაში მოცვის პლანტაციების გაშენებას აფინანსებდა, მაგრამ ზოგიერთს მოცვი მოუვლელობის გამო გაუფუჭდა. - დიახ, ტელევიზიითაც გამოცხადდა, რომ სახელმწიფო კენკროვანი მცენარეების მოშენებას 100%-ით დააფინანსებდა. ძალიან გამიხარდა, ვიფიქრე, მივატოვებდი თბილისში ნაშენებ კარიერას და სოფელში ფერმასა და მეურნეობას მივხედავდი... აღმოჩნდა, რომ უნდა შეკრებილიყო 10 ადამიანი, სულ 5 ჰექტარი მიწით. როდესაც ვთქვი, საშუალება მაქვს, მოცვი 3 ჰექტარზე მოვიყვანო-მეთქი, მითხრეს, ამხელა ფართობის დაფინანსება პროგრამით არ არის გათვალისწინებულიო.

- თუ ამ 5 ჰექტარს რვა ან ცხრა კაცი აითვისებდა, მაინც არ დაფინანსდებოდა?

- სწორედ ეს შეკითხვა გამიჩნდა მეც, რაზეც გამცეს სტანდარტული პასუხი - რომ პროექტით ასე იყო გათვალისწინებული. ნახევარ ჰექტარზე კი არ მიღირდა მოცვის გაშენება.

- თუმცა სხვებმა მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ, როგორც ვიცი, ვერ მოუარეს...

- როგორც გითხარით, ცოდნის პრობლემაა სოფელში. ეს იგრძნობა როგორც მეურნეობაში, ასევე მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში. მაგალითად, გურულ გლეხს რომ უთხრათ, შვიცის ჯიშის ხბოს 5.000 ლარად მოგყიდიო, მთელ თვეს იცინებს. გეტყვიან, მაგდენი ფული რომ მქონდეს, აჭარულ ძროხას ვიყიდი, მთელი ცხოვრება რძე და ყველი მექნება და დანარჩენი ფულით კარგად "ვიგულავებო". ჩემი აზრით, სახელმწიფომ აქცენტი განათლებაზე უნდა გააკეთოს. სერიოზული პრობლემაა ვეტექიმებიც. ჩვენს რეგიონში, ძირითადად, ასაკოვანი ვეტექიმები არიან, რომლებსაც კომუნისტების დროინდელი განათლება აქვთ შემორჩენილი. მსოფლიო შეიცვალა, აღარ არის ის სიტუაცია, ჩაქუჩებით რომ მკურნალობდნენ ცხოველებს და მერე უროებით ხოცავდნენ. როდესაც გურიაში დოვლათის შექმნაზე ვსაუბრობთ, ხშირად ამბობენ, რომ გურიაში საძოვრები აღარ არის. ნეტავ როდის იყო გურიაში საძოვრები? აქ ყოველთვის ტყე იყო ჩვენი მარჩენალიცა და მფარველიც. აბრაგები ტყეს აფარებდნენ თავს, იქ ცხოვრობდნენ, პირუტყვიც იქ ჰყავდათ. დანარჩენი მოსახლეობაც ტყეში უშვებდა საქონელს. ტყეს რომ თავი დავანებოთ, დღეს ისეთი ჯიშის ძროხებია, საძოვრები საერთოდ არ სჭირდებათ, ბაგურ კვებაზე არიან. სხვათა შორის, ბაგური კვება უფრო კარგ შედეგს გვაძლევს, ნაკლებად შრომატევადია და ნაკლებ რისკსაც შეიცავს. ამ ყველაფერს ცოდნა, დაგეგმვა და შრომა სჭირდება. ამ სამი კომპონენტის გათვალისწინებით გურიაში ახალგაზრდებს შეუძლიათ დოვლათი შექმნან და თან თავიანთ მიწა-წყალზე, მამა-პაპის სახლში იყვნენ. ცოდვა გამხელილი ჯობს და, ცოტა ზარმაცი ხალხიც ვართ.

სხვათა შორის, უკრაინაში, ვეტერინარულ სასწავლებელში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ კორონავირუსმა შემიშალა ხელი. სამომავლოდ მაინც ავისრულებ ამ სურვილს. არ მინდა ჩემს ფერმაში საბჭოთა ცოდნით "აღჭურვილი" ვეტერინარი მყავდეს. ბედნიერი ვარ, რომ აღმოვჩნდი ადამიანებს შორის, რომლებმაც დაუყვედრებლად გამიწიეს კონსულტაციები, მაჩუქეს ჩემი ფერმისთვის ფრინველები. მეც, ჩემი მხრივ, მზად ვარ, ყველას ხელი გაგიმართოთ.

ხათუნა ბახტურიძე