"თბილისში, ბანკში ვმუშაობ, მაგრამ ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვდივარ გურიაში ფერმაში სამუშაოდ" - კვირის პალიტრა

"თბილისში, ბანკში ვმუშაობ, მაგრამ ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვდივარ გურიაში ფერმაში სამუშაოდ"

მაყვალი ადამიანმა კულტურულ მცენარედ აქცია და პოპულარულიც გახადა, თუმცა ველური მაყვლის ყველა ნაწილს, ფოთლიდან ფესვებამდე, ხალხური მედიცინა სამკურნალოდ მიიჩნევს. მართალია, მის ყველა სასარგებლო თვისებას ვერ ვიყენებთ, მაგრამ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იზრდება და სიამოვნებითაც მიირთმევენ. ზოგან მას შემოსავალიც მოაქვს. მწიფობის პერიოდი ველურ მაყვალს ახლა, აგვისტოში აქვს. გურია-იმერეთის გზებზე უამრავ ქალბატონს შეხვდებით, რომელთაც ველური მაყვალი გასაყიდად აქვთ გამოტანილი. ზემო იმერეთში ამ კულტურას ყველგან ნახავთ: გორებზე, ტყის პირებზე, მდელოებსა და გზებზე. ველური მაყვალი ისეთი სიცოცხლისუნარიანია, რომ მიწიდან ამოგლეჯილი ფესვის ნარჩენიც კი ერთი წლის შემდეგ ბუჩქად გადაიქცევა, მომდევნო წელიწადს კი უხვად დაისხამს და ეზოსაც მოედება.

საჩხერელი ციცო ბლიაძე ველური მაყვლის კრეფას აგვისტოს შუა რიცხვებიდან შვილიშვილებთან ერთად იწყებს და თვის ბოლოს ოჯახი *3 ათასამდე ლარის დამატებით შემოსავალს იღებს - 1 კგ ველური მაყვალი ბაზარზე 2 ლარი ღირს, ციცო კი დღეში საშუალოდ 15 კგ-ს კრეფს.

- ადამიანი სადაც გაიზრდება, გემოვნებაც იმ გარემოს მიხედვით უყალიბდება. ჩვენს რეგიონსა და ჩემს ოჯახში ველურ მაყვალს ძალიან აფასებდნენ, ბავშვობაში ყველა სიამოვნებით მივირთმევდით. სოფლად ველურ მაყვალს მზეზე ახმობდნენ და ზამთრისთვის ინახავდნენ ჩირივით, და არა მხოლოდ ნაყოფს, მაყვლის გამხმარი ფოთლების ჩაიც მუდამ გვქონდა, რომლის სარგებლიანობაც ჩემმა წინაპრებმა თაობების წინ იცოდნენ. დღესაც ვიცნობ ადამიანებს, ვინც ველური მაყვლის ძირებისგან სამკურნალო მალამოებს ამზადებს გამონაყარისთვის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ველური მაყვლის სასარგებლო თვისებები ბევრმა ადამიანმა გამოიყენოს. რაც შეეხება ველური მაყვლისგან მიღებულ შემოსავალს, სხვა კუთხეებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ზემო იმერეთში თუ ადამიანი ზარმაცი არ არის, აგვისტოში მაყვლისგან 2-3 ათას ლარ დამატებით შემოსავალს გაიჩენს. ადვილი როდია ეკლიანი მაყვლის კრეფა, მაგრამ შესაბამისად ჩაცმულები ვახერხებთ. წლეულს მაყვლის საუკეთესო მოსავალი გვაქვს, დახუნძლულია და დილაადრიან გასულები კრეფას მალევე ვამთავრებთ.

- ბავშვებიც დილაადრიან გაგყავთ მაყვლის საკრეფად?

- იმის მიუხედავად, რომ სავალდებულოდ მიმაჩნია, ბავშვი უფროსებს მსუბუქ საქმეში ეხმარებოდეს, დილაადრიან არ ვაღვიძებ - არც მე და არც სხვა ქალები, რომლებიც მაყვლის საკრეფად დადიან, მაგრამ ბავშვებმა იციან, რომ გამომუშავებული თანხის ნაწილს აუცილებლად ვაჩუქებთ, ამიტომ ხშირად თავადვე ეღვიძებათ და მაყვლის საკრეფად ჩვენთან ერთად მოდიან. ქართველებს ტრადიციად რომ გვქონდეს, ბავშვები მსუბუქ შრომაში ჩავაბათ და მათ ნაცვლად ყველაფერი ჩვენ არ ვაკეთოთ, უფრო მოწესრიგებული ახალგაზრდები გვეყოლება.

- ველურ მაყვალზე მოთხოვნილება როგორია? - ესეც გემოვნების საკითხია. ზოგს შედარებით წვრილ ველურ მაყვალს კულტურული ურჩევნია, მით უფრო, რომ ის ჩვენში უკვე გავრცელდა, მაგრამ ისეთი ხალხიც არსებობს, ვინც ველურ მაყვალს აფასებს, განსაკუთრებით უცხოელები, როცა შეიტყობენ, რომ ბუნებაში იზრდება და მის მოყვანაში კულტურული საშუალებები არ მონაწილეობს, მეტს ყიდულობენ, ვიდრე განზრახული ჰქონდათ. ალბათ იმიტომ, რომ ეკოლოგიური, ნატურალური პროდუქციის ფასი იციან.

- ველურ მაყვალს ბუნება გარჯის გარეშე გვთავაზობს, რაც დასაფასებელია. თქვენ გარშემო ბევრი კრეფს და ყიდის ველურ მაყვალს? - რადგან ზემო იმერეთი მწირმიწიანია, კულტურული ჯიშები შედარებით ნაკლებად გვაქვს. ხალხიც არა მხოლოდ ველური მაყვლის, არამედ სოკოს, ტყის წაბლის, ასკილის, ეკალასა და ა.შ. გაყიდვას ცდილობს. ეს ჩვენი შემოსავალია, ამიტომაც ჩვენთან აგვისტოში დილაადრიან ველური მაყვლის საკრეფად გასულ ბევრ ქალსა და ბავშვს ნახავთ, მამაკაცების უმეტესობა კი, ძირითადად, ხელოსნად არის წასული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

- ანუ მამაკაცები ზემო იმერეთის ტრადიციულ საქმიანობას, ხელოსნობას განაგრძობენ? - დიახ. ზაფხულში ახალგაზრდა მამაკაცებს შინ იშვიათად ნახავთ. ხელობა ყველამ იცის და სახლებს აშენებენ სხვადასხვა კუთხეში. ჩვენი კაცების ხელოსნობა მთელი საქართველოსთვის არის ცნობილი.

- მითხარით, რომ ველური მაყვლის ნაყოფისგან წვენს ამზადებთ, მაგრამ მე როგორც ვიცი, მისგან საუკეთესო მურაბაც მზადდება. - თუ ბაზარზე ჩვენი ველური მაყვალი იყიდება, ეს ნიშნავს, რომ ან მურაბისთვის ყიდულობენ, ან ჯემისა და კომპოტისთვის. ველური მაყვლის კომპოტს ძალიან სასიამოვნო გემო აქვს. მაყვლისგან ღვინოც დგება, თუმცა ველური მაყვალი იმდენი არ არის, რომ ღვინო დავწუროთ, მით უფრო, რომ იმერეთში საუკეთესო ცოლიკაური გვაქვს. სამაგიეროდ, მისგან მართლაც უნიკალური, სქელი შავი საწებლის დამზადება შეიძლება. სამწუხაროდ, გვირჩევნია საქმე შედარებით გავიმარტივოთ და საწებელი ტყემლისგან დავამზადოთ, მაგრამ ველურ მაყვალთან ტყემლის საწებელი ახლოსაც ვერ მივა. ეს ყველაფერი იმერეთში წინაპრებისგან გვაქვს ნასწავლი. შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ მაყვლის 200 ჯიშიდან 27 სუფთა ქართულია, ენდემური. სხვათა შორის, ველური მაყვალი განთქმულ ჟოლოზე მეტ C ვიტამინს შეიცავს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მაყვლის მურაბის ეფექტურობა გაცივებისას საკუთარ შვილებზე მაქვს გამოცდილი. ვამჩნევდი, რომ როდესაც მაყვლის კომპოტს სვამდნენ, უკეთ ხდებოდნენ, არადა, მხოლოდ ახლახან გავიგე, რომ მაყვალი სიცხის დამწევიც ყოფილა. ასე რომ, ბუნებისთვის ველური მაყვლის გამო მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მით უფრო წლევანდელი მოსავლისთვის - ბუჩქები ყველგან დახუნძლულია, რითაც ძალიან გვასიამოვნა.