გველისმჭამელი ვეებერთელა წამწამებით
გველისმჭამელი ვეებერთელა წამწამებით
"მდივანი იმდენად კარგი მონადირეა, ყველაზე შხამიან გველებზეც თავისუფლად ნადირობს. ამ ფრინველს ისეთი მრისხანე ქვეწარმავალიც კი არ აშინებს, როგორიც კობრაა"

დღეს ჩვენს მკითხველს ფრინველთა სამყაროს კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენელი უნდა გავაცნოთ, რომელსაც "მდივანი" ჰქვია. რატომ უწოდეს ფრინველს ამგვარი სახელი? - შეკითხვას რამდენიმე პასუხი აქვს, თუმცა მათ შორის ყველაზე პოპულარულია ერთი: როგორც ამბობენ, ეს ფრინველი თავისი შთამბეჭდავი გარეგნობით ძალიან ჰგავს შუა საუკუნეების სასამართლოს მდივნებს, რომლებიც პარიკებს ბატის ფრთებით იმშვენებდნენ. ამ საინტერესო ფრინველის
შესახებ ორნითოლოგი ნიკა პაპოშვილი გვიამბობს.

- ამ ფრინველის სახელის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს - ერთ-ერთი გადმოცემით, "მდივანი" ფრანგული სიტყვიდან მოდის და "მონადირეს" ნიშნავს. ამ ფრინველს დიდ პატივს სცემენ აფრიკაში - კონტინენტზე, სადაც ის ბინადრობს. მდივანი ორი ქვეყნის, სუდანისა და სამხრეთ
აფრიკის რესპუბლიკის გერბებს ამშვენებს. ის აფრიკის ენდემური სახეობაა და მხოლოდ ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში გვხვდება, კონტინენტის ჩრდილოეთში ის არ ბინადრობს. მდივანი მტაცებელი ფრინველია, ქორისნაირების ერთ-ერთი წარმომადგენელი. გარეგნობა უცნაური აქვს - თითქოს არწივსაც წააგავს და წეროსაც, ამიტომაც ეძახიან ფრინველს არწივის თავით და წეროს ფეხებით. ის მაღალი და ლამაზი ფრინველია, რომელსაც მოკაკული ნისკარტი და დარდიმანდული გარეგნობა აქვს.



- მართლაც გამორჩეული იერი აქვს, ალბათ, ასეთი სახელიც ამიტომ უწოდეს.
- დიახ, მდივანს ყველა ფრინველისგან განსხვავებული იერი - გრძელი, წვრილი ფეხები და არწივივით მოკაუჭებული ნისკარტი აქვს. მისი ბუმბული ნახევრად შავი და ნახევრად ვერცხლისფერია: მკერდი, მუცელი, მხრები ვერცხლისფერი აქვს, ხოლო ფრთების ნაწილი და კუდი - შავი. თავზე ლამაზი, გვირგვინის მსგავსი ქოჩორი აქვს, რის გამოც ხალხში "მკვლელ დედოფალსაც" ეძახიან. საკმაოდ დიდი ფრინველია - მისი სიმაღლე ზოგჯერ 1 მეტრს აღწევს, წონა 3-დან 4 კილოგრამამდე მერყეობს, ხოლო ფრთების შლილი 2 მეტრს აღემატება.

- მდივანი საუკეთესო მონადირეა. რა განაპირობებს ამას?
- ათასგვარ ხერხს მიმართავს მსხვერპლის დასაჭერად. ზოგჯერ ფეხების ბაკუნით ცდილობს მის შეშინებას, საკმარისია, თავისი გრძელი ფეხები თავში ჩაარტყას, რომ დაარეტიანებს. დაბნეულ-დარეტიანებული მსხვერპლის მოკვლა ნისკარტითაც ადვილია. მდივანი გემრიელად მიირთმევს თაგვებს, ქვეწარმავლებს, მწერებსა და რეპტილიებს. იმდენად კარგი მონადირეა, ყველაზე შხამიან გველებზეც უშიშრად ნადირობს. ამ ფრინველს ისეთი მრისხანე ქვეწარმავალიც არ აშინებს, როგორიც კობრაა.

თავდაცვის მიზნით მდივანი ბუმბულსაც იყენებს. არაერთი ვიდეოფირის ნახვა შეიძლება, თუ როგორი ოსტატობით ნადირობს გველებზე ფრინველი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პატივისცემით სარგებლობს. რაკი შხამიან გველებზე ნადირობს, აფრიკელები ყოველთვის ცდილობდნენ მის მოშინაურებას. სხვათა შორის, როცა აფრიკაში სეზონური ხანძრები იწყება, მდივანი დამწვარ ცხოველებს დაეძებს და ჭამს.

- როდის იკეთებს ბუდეს მდივანი და როგორ ზრდის ბარტყებს?
- რადგან აფრიკაში ცივი ამინდები არ არის, ამ ფრინველების ბუდობას კონკრეტული თარიღი არა აქვს. მათი წყვილი მონოგამიურია - მთელი სიცოცხლე ერთმანეთის ერთგული არიან. გამრავლებას 2-3 წლის ასაკში იწყებენ. სწორედ ამ ასაკიდან იწყებენ მამლები ჩხუბს ტერიტორიისა და მდედრის დასაკუთრებისთვის, მაგრამ როცა დაწყვილდებიან, არეულობა გადაივლის და ყველა წყვილი თავისთვის მშვიდად ცხოვრობს.
"მდივნები" ჯერ საქორწინო ცეკვას ასრულებენ და მერე წყვილდებიან. მდედრი 1-3 კვერცხს დებს, ბარტყებზე ორივე თანაბრად ზრუნავს - დედალიცა და მამალიც. 40-45 დღეში ბარტყები იჩეკებიან, მაგრამ მათ დაფრთიანებას კარგა ხანი - 80-85 დღე მაინც სჭირდება. მდივანი ბუდეს უმეტესად ხის კენწეროზე, ძალიან მაღლა იკეთებს, ზოგჯერ 5-10 მეტრის სიმაღლეზეც კი. ბუდეს ტოტებისა და ბალახისგან აგებს. ადამიანის მსგავსად, ბუდეს რამდენიმე წლით იშენებს: ის, სულ მცირე, 3-5 წლით რჩება ბუდეში და ყოველწლიურად "არემონტებს" - ალამაზებს, ხმელი ბალახითა და ტოტებით შეავსებს ხოლმე.

- ამბობენ, რომ სირაქლემასავით კარგი მორბენალია.
- მართალია, სირაქლემას სირბილით ვერ ჯობნის, მაგრამ მაინც კარგი მორბენალია: დღის განმავლობაში "მდივანს" შეუძლია რამდენიმე ათეული კილომეტრიც კი დაფაროს. ფრენა იცის, მაგრამ გაცილებით კარგად დარბის, ვიდრე დაფრინავს. მეტად აქტიური მონადირეა, მთელ დღეს მინდორში დადის და მსხვერპლს დაეძებს. მდივანს სერიოზული მტერი ბუნებაში არა ჰყავს, თუმცა ზოგჯერ არწივის ან ზარნაშოს მსხვერპლი ხდება. თუ რომელიმე მტაცებელი ძუძუმწოვარი მოიხელთებს, შეიძლება მანაც შეჭამოს, მაგრამ მსგავსი რამ იშვიათია. მიუხედავად იმისა, რომ მდივანი ძლიერი ფრინველია და თავის დაცვას შესანიშნავად ახერხებს, მისი პოპულაცია თანდათან მცირდება.

- რისი ბრალია ეს?
- ადამიანის სამეურნეო საქმიანობის: მოსახლეობა ხეებს ჭრის და მათ საბინადრო ტერიტორიას სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის იყენებს. ეს ამ ფრინველის გამრავლებაზეც ცუდად მოქმედებს და სიკვდილიანობაც იზრდება, რის გამოც პოპულაცია შემცირდა და მოწყვლადი სახეობა გახდა. ამიტომ
ფრინველი სპეციალური დაცვის სახეობად არის აღიარებული. მართალია, გადაშენების პირას მყოფი ფრინველი არ არის, მაგრამ სტატუსი "მოწყვლადი" ამის წინა საფეხურია.

- ესე იგი, მისი მთავარი მტერი ადამიანია?
- ადამიანი მისი პირდაპირი მტერი არ არის, მაგრამ ირიბი ზემოქმედება ზოგჯერ არანაკლებ დამღუპველია. ფრინველის საბინადრო არეალის დეგრადაცია, ბუნების განადგურება, პესტიციდები, რომელსაც ბევრი ფერმერი იყენებს, ძალიან ბევრ სახეობას აზიანებს. ცხადია, სანადიროდ გამოსული მდივანიც მოწამლულ გველს, თაგვს ან სხვა ცხოველს თუ იპოვის, შეჭამს და მოკვდება. ეს ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორია, რის გამოც სახეობას "მოწყვლადის" სტატუსი მიანიჭეს.
როგორც მოგახსენეთ, მდივანი ფრინველებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო მონადირეა - მისი ნადირობა ძალიან ლამაზი, გრაციოზული და სასიამოვნო სანახავია.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები