"ქვის ბაღი" ახალციხეში - კვირის პალიტრა

"ქვის ბაღი" ახალციხეში

ახალციხეში ძალიან საინტერესო ადამიანები გავიცანი - მშენებელი და მხატვარი ავთანდილ ლონდარიძე და მისი პედაგოგი მეუღლე ნანა ჩიტაძე. ბატონ ავთანდილს მკაცრი ჰავით გამორჩეული ახალციხის ცენტრში, საკუთარ ეზოში ქვისა და ხის კომბინაციებით დამშვენებული ბაღები მოუწყვია. აქვს პატარა სივრცე მცენარეების სანერგედ და ახალი ჯიშების მოსამრავლებლად, ეზოს უკანა მხარეს კი ხეხილი და ბაღჩეული კულტურებია გაშენებული. მეუღლეებს კარ-მიდამოს მოვლა გაუნაწილებიათ - ოთახის მცენარეებზე ქალბატონი ნანა ზრუნავს, ბაღს კი ბატონი ავთანდილი უვლის.

ავთანდილ ლონდარიძე:

- აქაურობა ასე რომ გავალამაზე, კორონავირუსის "დამსახურებაა" - დიდხანს მომიხდა შინ ჯდომა. მანამდე რაღაც-რაღაცები კი იყო გახარებული, მაგრამ ჩვენს ეზოს ამგვარი იერი მაინც არ ჰქონდა. ეს შუა ბაღი მართლაც კორონასეულია.

10 წელიწადზე მეტია, "წავკისის ველის" მშენებლობაზე ვმუშაობ. იქ, ძირითადად, დეკორატიული ხეები აქვთ, ძალიან მომწონს და ამიტომაც დავინტერესდი. პირველი მცენარეები იქიდან წამოვიღე - გამომცემელმა ბაკურ სულაკაურმა გამომატანა თავისი ეზოდან იტალიიდან ჩამოტანილი ლურჯი იასამანი და ყვითელი აკაცია. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ოქროყანის ტყეშიც ვიპოვე. ბაღის მოწყობაში ორივე პროფესია ძალიან გამომადგა - მშენებლისაც და მხატვრისაც, ამიტომაც ვიყენებ კომბინირებულად ქვას, ხეს და მხატვრის თვალს. ძალიან მინდა პატარა ჩანჩქერის გაკეთებაც, მაგრამ ჯერ ვერ მოვიფიქრე, ბუნებრივად როგორ შევუხამო აქაურობას.

ჰოროსკოპით ვერძი ვარ და ეზოში შემოსვლისას შუა ბაღის პირისპირ რომ დადგები, ქვებით გაკეთებულ ვერძის თავს დაინახავ. ახლა ისე მკვეთრად აღარ ჩანს, რადგან ბაღი უკვე ქვებშია ჩასმული, თანაც ყვავილები და ხე-ბუჩქებიც მოვამრავლე, მაგრამ მაინც შეიძლება ვერძის სილუეტის გარჩევა. ჩემი ზოდიაქოს ხე ნეკერჩხალი ყოფილა და ამიტომაც დავრგე იაპონური წითელი ნეკერჩხალი და ქართული, მწვანე. ყველაზე მეტად ჩემს ბაღებში სწორედ ნეკერჩხლები მიყვარს.

- ყველაზე ეგზოტიკური, თუნდაც სამცხე-ჯავახეთისთვის იშვიათი რა მცენარე გაქვთ? - სუკულენტის ერთ-ერთი ჯიში, სედუმი, ოთახში გვიდგას. ულამაზესია და წესით, ჩამოკიდებული უნდა იყოს, მაგრამ სახლში ადგილი ჯერ ვერ მოვუძებნე. ბამბუკის ნაირსახეობაც გვაქვს. ერთი ტრადიციული ბამბუკია, მეორე კი - წვრილღეროიანი. მთავარია, აქაურ ჰავას გაუძლოს.

ულამაზესი ყვავილები აქვს ადენიუმს, რომელსაც უდაბნოს ვარდსაც ეძახიან. აქაურ ყინვას ვერ უძლებს და ზამთარში სახლში შეგვაქვს. შუა ბაღში ჩიტავაშლაც დავრგე, წითელი, პატარა ნაყოფი აქვს, მეორე ყვითელნაყოფიანია, მაგრამ ჯერ არ მოუსხამს. ბაღში ტუიაც მაქვს და ღვიაც. ფორმები თავად გამომყავს. დავრგე ზეთისხილის ხე, ფიკუსი, დაფნაც და გამოყვანილი სუკულენტები, დეკორატიული გეორგინები...

ქვები ამბროლაურიდან წამოვიღე, წყლის ნალექია - ჩანჩქერი ჩამოდის და ამ სახით ილექება. მერე თვითონ ვამუშავებ, ზოგს წებო-ცემენტით ვაწებებ, ყვითელი ქვები კი ნიჩბისიდან ჩამოვიტანე. გაზაფხულობით მდინარეების პირას ხის ლამაზ ფესვებს, ტოტებსა და კუნძებს ვპოულობ და სხვადასხვაგვარ კომპოზიციას ვაკეთებ. ბაღს ძალიან უხდება. ქვის მინიტერასები მთის სუკულენტებით გავაწყვე, ზუსტად ისე, როგორც ბუნებაში ვნახე. ვფიქრობ, ჩემს ბაღსაც ძალიან მოუხდა.

ნანა ჩიტაძე:

- ჩემი მეუღლე მარჯვენა ბაღის უკანა კედელზე ცხენის დახატვას აპირებს. ამ ფერად-ფერად ყვავილებს კარგად შეერწყმება კომპოზიცია "ცხენი ბუნებაში". კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. გვაქვს ქოთნის ლურჯი აზალია, ლავანდა, დავრგეთ ზაფრანა, რომელიც ძალიან ალამაზებს ბაღს. ქოთანში ჩინურმა ვარდმაც იყვავილა, იასამანი კი მაისიდან იწყებს ყვავილობას და დეკემბრამდე ყვავის. საოცარი სურნელი აქვს.

- ბატონო ავთანდილ, მართალია, ქვის, ხისა და მცენარეების კომბინაციებს აკეთებთ, მაგრამ მაინც რა უფრო უპირატესი, ძვირფასი და საინტერესოა - ქვაზე ან ხეზე მუშაობა თუ მცენარეების მომრავლება? - თითქოს მცენარეებია უპირატესი, მაგრამ თუკი ბაღს აწყობ, ქვის გარეშე მცენარე ვერ იქნება სრულყოფილი. როგორც სახლის მოწყობისას ბოლოს აუცილებლად ფარდა უნდა ჩამოკიდო, ასევეა ბაღიც - მცენარეს ქვაც სჭირდება. ამიტომაც კომბინირებულ ვარიანტს ვარჩევ.

- თქვენი კომბინაციები დედამიწის რომელ კუთხეს უფრო მოგაგონებთ? - ჩემს ქვეყანას. ადრე ეზოში ქვებით პატარა საქართველო მქონდა გაკეთებული - თავისი ციხეებით, კუთხეებით, მცენარეებით, მტკვრით, ჩანჩქერით, მაგრამ მერე ეზოში რაღაცები გადავაწყვე, ფანჩატური ჩავდგი და დროებით "საქართველო" დავშალე. აუცილებლად ახალი უნდა გავაკეთო - ახალი და უფრო ლამაზი, მრავალფეროვანი.