შალაურელთა საგანძური
14-09-2020
შალაურელთა საგანძური
ვინც ქართულ ვაზსა და ღვინოს კარგად იცნობს, დაგვეთანხმება, რომ რქაწითლის შემდეგ ქართულ ღვინოებს შორის ყველაზე პოპულარული ცოლიკაურია. შესაძლოა, ზოგს ხვანჭკარა ან საფერავი უფრო მოსწონს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში რქაწითლის შემდეგ ყველაზე ბევრს ცოლიკაურს ამზადებენ. ოდნავ მომჟავო, ნახევრად ტკბილი მსუბუქი ღვინო დასავლეთ საქართველოს სუფრის მშვენებაა და ნაწილობრივ ექსპორტზეც გადის. ამავე დროს, ცოლიკაურს, როგორც უძველეს ქართულ ჯიშს, ბევრი ვარიაცია აქვს, მათ შორის - ცნობილი ობჩური, ბაზალეთური, მელქოს ცოლიკაური. თუმცა არსებობს ცოლიკაურის კიდევ
ერთი სახეობა, რომელიც მართალია, მეცნიერებს არა აქვთ შესწავლილი, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ ჯიშის ყურძნის შესასყიდად საჩხერის რაიონის სოფელ შალაურში ოქტომბერში გრძელი რიგები დგება.

შალაურელები წუხან, რომ სოფელი მცირემიწიანია და დიდ ფართობზე ვენახს ვერ აშენებენ. შალაურელთა ცოლიკაური პატარ-პატარა მთაგორიან, მაგრამ ისეთ ნაკვეთებზეა გაშენებული, რომელთაც მთელ დღეს
ადგას მზე, რაც, ბუნებრივია ვაზის გალაღებას უწყობს ხელს. შალაურელები ვენახს ისევე შვილივით უვლიან, როგორც კახეთში. აქაური ოთარ გოგალაძე გვეუბნება, არ გამომდის, თორემ დღედაღამ ვენახში მინდა ყოფნა, არადა, არ ვიცი, რატომ, სამუშაო ხომ სხვაც მაქვსო.

- კლიენტი ძალიან ბევრი გვყავს. ხალხი სექტემბრიდან იბევებს ნაკვეთებს. მოსავლის აღებიდან ერთი კვირის შემდეგ კი ჩვენი სოფელი სანთლით რომ მოიარო, ცოლიკაურს ვეღარ იშოვი. მეღვინეობის მხარედ არ ვითვლებით, ჩვენთან ღვინის ქარხანაც არ არის, მაგრამ ჩვენი კლიენტი ქარხანაზე სწრაფად და თანაც კარგ ფასად ყიდულობს ყურძენს.

შალაურში ძველთაძველი მარნები და ჭურები გვაქვს. უღვინოდ ქართველ კაცს რა გააჩერებს, მაგრამ როცა იცი, ნაშრომი დაგიფასდება, დიდი შეღავათია. ჩვენ განგებამ გვაჩუქა, ალბათ, ადგილი და სოფელი კარგი ვენახისთვის. საქართველოში ვენახი სად არ არის, საჩხერის სოფლებშიც ყველას აქვს, მაგრამ ჩვენნაირი ყურძენი ზემო იმერეთში არავის მოსდის. მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ სხვა სოფლებთან შედარებით ჩვენი ოდნავ დაბლობშია, სიცივისა და ყინვისგან გარშემო მთაგორიანი ადგილები იცავს და რაც მთავარია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მზე მთელ დღეს დასცქერის. ამის გამო სოფელში არა მარტო კარგი ცოლიკაური მოგვდის, ვაზის სხვა ჯიშებიც კარგი გვაქვს. მაგალითად, შალაურში საუკეთესო ძველშავი (ძელშავი) იზრდება, მამაპაპური ვაზი.

- როგორც ვიცი, ცოლიკაურთან ერთად ძელშავი იმერეთში ყოველთვის იმიტომ ჰქონდათ, რომ ერთმანეთში ურევდნენ და ასე საუკეთესო ღვინო გამოდიოდა.
- მართალია, მაგრამ შალაურის ცოლიკაურს ეგ არ სჭირდება. ძელშავის გარდა, გვაქვს საუკეთესო სუფრის ყურძნის ჯიშებიც. გურული ადესა ან იზაბელაც ჩვენს სოფელში უკეთესი ხარისხის მოდის, ვიდრე გურიაში - ამას თვითონ გურულები ამბობენ.

- ვენახებს თუ აახლებთ?
- თუ ვენახი არ გააახლე, არც რიგიან მოსავალს მოგცემს. მაგრამ მე და სხვებიც იმერეთში უფრო განსხვავებულად ვაახლებთ ვენახს, ვიდრე, მაგალითად, კახეთში, სადაც ერთიანად ახალ ვაზს აშენებენ. მე ლამის სულ ვენახში ვარ და ვაკვირდები, თუ ვენახის რქა არ მომეწონა და არამსხმოიარედ მომეჩვენა, იმავე ძირზე რომელიმე თოთო ლერწს გავჭრი და შიგ იმ ვენახის ყლორტს ჩავამყნობ, რომლის გამრავლებაც მინდა. არ გაიკვირვოთ და ამას მხოლოდ გაზაფხულის ერთ დღეს, 5 მაისს ვაკეთებ. დავუვლი ვენახებს და ყველა მოძველებულ ლერწზე ახალ ყლორტს ჩავამყნობ. ასე მასწავლა მამა-პაპამ და მეც ასე ვაკეთებ. სამაგიეროდ, იშვიათია, რომ ვენახის მყნობამ არ გაამართლოს. მეორე წელიწადს ახალდამყნილი ტოტი საუკეთესო ყურძენს ისხამს.
გული იმაზე მწყდება, რომ მცირემიწიანია იმერეთი. მეტი ფართობი რომ იყოს, ვაზსაც მეტს გავაშენებდით და შემოსავალიც მეტი იქნებოდა. ვენახები, ძირითადად, ფერდობებზე გვაქვს, თუმცა, რაც არის, ამისთვისაც მადლიერი ვართ.

- რამდენ ყურძენს კრეფთ 1 ჰექტარზე?
- ჩვენთან 1 ჰექტარზე ერთიანად გაშენებული ვენახი არავის აქვს, დაახლოებით 100 კვმ-იანი ნაკვეთებია. ამ ზომის ნაკვეთებზე 1 ტონამდე ყურძენს ვკრეფთ, საიდანაც 800 ლიტრამდე ღვინოს ვწურავთ. ასე რომ, ანგარიში ადვილია.

- ღვინოს ჭურებში აყენებთ?
- დიახ. მამაპაპური ჭურები გვაქვს.ისე, რადგანაც ჭურსაც ისე უნდა მოვლა, როგორც ვენახს და ეს ძნელია, ახალგაზრდობამ ღვინო პლასტმასის კასრებში დააყენა, მაგრამ გემო ისეთი კარგი არ ჰქონდა, როგორიც ჭურისას. ამას თვითონაც მიხვდნენ. ჭური რომ საუკეთესო ღვინის ჭურჭელი არ ყოფილიყო, ათასწლეულებს რას გაუძლებდა! სხვათა შორის, როგორც კახეთში, ზემო იმერეთშიც, ჭიათურის რაიონში, სოფელ ტყემალაში, საუკეთესო მეჭურეები ცხოვრობენ და ჭურის გამოწვის ცოდნას თაობიდან თაობას გადასცემენ.

- წლეულს ძალიან ცხელი ივნისი იყო. მთელ საქართველოში წვიმა არ მოსულა და ვხედავ, თქვენი ვენახისთვისაც შეუტრუსავს ფოთოლი...
- ცოლიკაური სიცხესაც უძლებს, სიცივესაც და სოკოვან დაავადებებსაც. არც სხვა ვენახები გვაქვს მაინცდამაინც სუსტი, რომ სიცხისთვის ვერ გაეძლო, პირიქით, ვენახს მზე უყვარს. აგვისტოს ბოლოს მზეზე მეტად წვიმამ შეგვაშინა. პაპანაქება სიცხეების შემდეგ ერთ დღეს ისე დასცხო, ლამის ქვეყანა წაიღო. მეორე დღეს კი სველ ფოთოლს თავზე ისევ პაპანაქება მზე დაადგა და თითქოს მოხარშა. მაგრამ მგონი, გადავრჩით, ჯერჯერობით მხოლოდ ფოთლის ნაწილია დაზიანებული და იქნებ რთვლამდე მშვიდობიანად მივიდეთ.

- ყურძენს უფრო ყიდით თუ ღვინოს?
- ცოლიკაურის ღვინოც ისევე კარგად იყიდება, როგორც ყურძენი. ისეთ ღვინოს ვაყენებთ შალაურში, რომ ზოგჯერ წამალი მაგასთან არაფერია. ასე რომ არ იყოს, ჩემს შვილიშვილებს ხომ არ დავალევინებდი?! სულ ნაბოლარები სამი წლის ტყუპი მყავს, დამყვებიან ვენახში და მის სიყვარულს სწავლობენ. ესენი და ჩემი დამყნილი ვენახის ყლორტები ერთნაირად იზრდებიან. ვუყურებ და ვხარობ - კაცს ამქვეყნად უკეთესი რა უნდა უნდოდეს!
lali
22 სექტემბერი 2020 08:25
1000 კვ მ იქნება 1ტონა ყურძნის მოსავალზე
ქუთაისელი
21 სექტემბერი 2020 11:06
მგონი ფართობის განმარტებაში შეცდომაა 100კვმ-ფართობზე 1000 კგ როგორ უნდა მოიყვანო....ცოტა დამაფიქრებელია თუ ეს რეალობაა მაშინ უნდა ვისწავლოთ ამ კაცისაგან ყველაფერი რაც იცის
lali
19 სექტემბერი 2020 15:59
შალაური კახეთში ვიცი ,უფრო ზუსტად თელავის რაიონის სოფელია.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?