"ახლა სოკოს დროა" - კვირის პალიტრა

"ახლა სოკოს დროა"

ნინო ჭანტურიძე-ჩიგოგიძე ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათიდანაა. ამბობს, წელს ფერსათელებს ნიყვის განსაკუთრებულად უხვი მოსავალი გვქონდაო. სოფლის განაპირას ტყეში და ტყის პირას მისივე ყანაში იმდენი ნიყვი მოუგროვებია, ყველა სოკოს მოყვარული ისურვებდა მასთან სტუმრობას, მით უმეტეს, რომ კერძებსაც შესანიშნავად ამზადებს. სოკოს თეთრი ღვინო უხდებაო, იღიმის და გულიანად გვეპატიჟება.

- ჩემს ცხოვრებაში ამდენი ნიყვი არ მინახავს. ერთ მოკრეფაზე მოვიტანე ხუთი კილო, მერე კიდევ წავედი და 15 კილოთი დავბრუნდი შინ.

- ამდენი სოკო ტყეში დაკრიფეთ? - სახლთან ახლოს ტყეა და იქ მომრავლებულიყო. წვიმის მერე წამოიჩიტება ხოლმე და ამოყოფს თავს. ყანა მაქვს იქვე, ტყის პირას და იქაც ამოდის. ნიყვს ტყე და ნეშომპალა უყვარს, თუმცა გაშლილ მდელოზეც იცის ამოსვლა, ტყის მიმდებარედ, როგორც ჩვენს ყანაში.

- ანუ ველური სოკოც გაქვთ და შინაურიც?

- ასე გამოდის.

- "სამეფო კერძი" გამიგონია, ნიყვისგან მზადდება?

- "სამეფო კერძს", იცით, რომელს ეძახიან? მწყერი და ნიყვი რომ არის ერთად ჩაშუშული. მწყერზე ნადირობის სეზონი რომ იწყება, სწორედ ამ სეზონს ემთხვევა ნიყვის შემოსვლაც და ერთად განსაკუთრებული და უიშვიათესი დელიკატესია.

- როგორ ამზადებთ ტყის ამ სამეფო ნობათს? - ვწმენდთ, ვარჩევთ, მერე გამდინარე წყალში ვრეცხავთ კარგა ხანს, ვათავსებთ თუშფალანგზე და წყლისგან რომ დაიწრიტება, ვშუშავთ ხახვში. თუ კერძის მომზადების შედეგად ხახვმა ფერი შეიცვალა (მოლურჯო ფერი მიიღო), იმის ჭამა არ შეიძლება - ე.ი. რომელიღაც მაწყინარი სოკო შეგყვათ, თუ არადა, მიირთვით გემრიელად. ხანდახან ჩახოხბილივითაც მომიმზადებია, ახალ პომიდორში ჩაშუშული; ზოგჯერ ნაკვერჩხალში, თიხის კეცზეც შეგვიწვავს სულგუნთან ერთად. მხოლოდ თიხის ან მომინანქრებულ ჭურჭელში ვამზადებ და მომზადდება თუ არა, მაშინვე ფაიფურის თეფშზე გადმომაქვს. ზამთრისთვის კონსერვსაც ვაკეთებ ხოლმე. ახლა მეზობლის ქალებმა მასწავლეს და მათი რჩევით, ზამთრისთვის პირველად გავყინე. გაყინვამდე კარგად უნდა გაწმინდო, წყალი არ მიაკარო. ამბობენ, შესანიშნავად ინახებაო. ვნახოთ, მოვსინჯავ და მერე აუცილებლად გიამბობთ, რა შედეგს მივიღებ.

ახლა სოკოს სეზონია. მალე შემოვა ირმისტუჩა, მიქლიო, მერე - მანჭკვალა, ხის სოკო რომ არის. მანჭკვალა მხოლოდ ტყეში კი არა, ეზოშიც შეიძლება ამოვიდეს. მერე, ოქტომბერში, კვლავ იცის შემოსვლა ნიყვმა - წვიმები რომ დაიწყება, ამოყოფს თავს. ხან იმდენი მოდის, ერთ კეცს ძლივს შეაგროვებ, ხან უფრო უხვად, მაგრამ წელს რომ გადაირია, ასეთი მოსავალი ფერსათელებს არასდროს გვქონია.

სოკოს გარდა ტყე სეზონურად სხვა მცენარეებითაც გვამარაგებს, მაგალითად, მაყვალს ვკრეფ და შესანიშნავი მურაბა გამომდის, თუმცა მაყვლის საწებელიც კარგია, ან კეცზე მომზადებული წიწილა მაყვალთან ერთად. პანტის კომპოტია შესანიშნავი, მერე მოდის გარეული შინდი და იმითაც მურაბას ვაკეთებ, ან ვხეხავ და შაქარში ვინახავ; შემდეგ წაბლი შემოდის და მის მოსაგროვებლადაც მიყვარს მეუღლესთან ერთად სიარული. წაბლიც რომ მოილევა, სიცივეები იწყება და ჩურჩხელების ამოვლებას მივყოფ ხელს.

პანდემიის დღეებში ბევრისგან გავიგონე, ზამთრის მეშინიაო. მე არ მეშინია. თუ მიწას ამუშავებ და სახლთან ახლოს ხილითა და კენკრით მდიდარი ტყეც გაქვს, რატომ უნდა გეშინოდეს?! ზამთრისთვის სანოვაგეს უხვად ვაგროვებთ, ჰოდა, მოგვბაძეთ, ჭირნახული ჯანმრთელობაში, ბედნიერებასა და სიხარულში გაგვეხარჯოს.