ყვავილებით "დაავადება" გადამდებია - კვირის პალიტრა

ყვავილებით "დაავადება" გადამდებია

"ეს ბაღი თანდათანობით გავაშენე. სადაც რა მომეწონებოდა, ვყიდულობდი, ზოგი მჩუქნიდა, ზოგსაც თავად ვამრავლებდი... სადმე რომ მივდივარ, როგორც ჩემი შვილები, ისე მენატრებიან. ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები. ეზოში შემოსული სათითაოდ ჩამოვუვლი ყველას და ველაპარაკები"

ნანა დათუნაშვილი ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში ცხოვრობს. დათუნაშვილების ულამაზესი ეზოს ფოტოების ნახვის შემდეგ მათთან ჩასვლა და ამ დაუზარელი და ყვავილების უზომოდ მოყვარული ქალბატონის გაცნობა გადავწყვიტე. გადაჭარბების გარეშე გეტყვით, როგორც კი ეზოში შევაბიჯე და იქაურობას თვალი მოვავლე, გავიფიქრე, დედამიწაზე თუ არის სამოთხე, მგონი, სწორედ ეს არის-მეთქი.

- წარმოშობით ლაგოდეხელი ვარ. თბილისში სწავლისას საერთო მეგობრებთან გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და ერთმანეთი შეგვიყვარდა. ასე გამოვთხოვდი ჭიკაანში. ცხოვრება თითქმის ნულიდან დავიწყეთ.

ამ ეზოში ძველი სახლი იდგა, ჩვენი შრომით ავაშენეთ და მოვაწყვეთ აქაურობა. ამიტომაც ძალიან მიყვარს. პროფესიით ბიბლიოთეკარი გახლავართ, 19 წელიწადს ვიმუშავე სოფლის ბიბლიოთეკაში, რომელიც სააკაშვილის დროს დაიკეტა, არადა, უნიკალური წიგნები გვქონდა. რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკის დაკეტვამ გული დამწყვიტა, თუმცა მეტი დრო დამრჩა ბაღის მოსავლელად.

- ამდენი მცენარის ჯერ შეგროვებასა და მერე მოვლას ცოტა დრო არ სჭირდება. - ყვავილები სულ მქონდა, მაგრამ მცენარეების აქტიურად მოშენება დაახლოებით 40 წლის წინ დავიწყე. ჩემი საყვარელი მცენარე ასპარაგუსია, საოცრად დადებითი ენერგიის მატარებელი. მე 61 წლის ვარ, ეს მცენარე - 36-ის, ლამის ერთად ვბერდებით (იცინის) და რაც წლები მემატება, უფრო მიმძაფრდება მისი სიყვარული. ზოგჯერ გავიფიქრებ, ალბათ, ყვავილებით დაავადება მჭირს-მეთქი. რამდენიც უნდა მქონდეს, მათ შესაძენად არასდროს ვიშურებ ფულს. ეს ბაღი თანდათანობით გავაშენე. სადაც რა მომეწონებოდა, ვყიდულობდი, ზოგი მჩუქნიდა, ზოგსაც თავად ვამრავლებდი. ახლა იქით ვჩუქნი სხვებს. ხშირად მეუბნებიან, გაყიდეო, მაგრამ ვერ ვიმეტებ, იმდენად მიყვარს თითოეული. სადმე რომ მივდივარ, როგორც ჩემი შვილები, ისე მენატრებიან. ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები. ეზოში შემოსული სათითაოდ ჩამოვუვლი ყველას და ველაპარაკები. ესენი ხომ ცოცხალი ორგანიზმები არიან - წყლის, მზისა და ჰაერის გარეშე ვერ ძლებენ, საუბარსაც ითხოვენ და მოფერებასაც. ხანდახან სეტყვა რომ წამოსულა, დაუფიქრებლად გადავფარებივარ ყვავილებს, არ გამიფუჭდეს-მეთქი.

ბუნება სულიერად მამშვიდებს. როდესაც მოწყენილი ვარ ან რამეზე ვბრაზობ, საკმარისია, მიწას შევეხო და ვმშვიდდები. მცენარეები ენერგიით მავსებს და სასიცოცხლო ძალას მმატებს.

- სულ რამდენი სახეობა გაქვთ, დაახლოებით მაინც თუ დაგითვლიათ? - 3-4 წლის წინ ჩემმა შვილიშვილმა დათვალა - 270 ქოთანი მქონია. მას შემდეგ, მგონი, 300-ს კარგა ხანია გადავცდი.

მაისში განსაკუთრებით ლამაზია აქაურობა, ყველაფერი ყვავის. მაქვს გვიმრები (ზამთარ-ზაფხულ სულ მწვანეა), კაქტუსების, ტიტების, ვარდების, ბალბების, პალმების ნაირსახეობები, ბეგონიები, გლიცინიები, ნარგიზები, იორდასალამები, მონსტერები, ნაძვი, კივი - რომელი ერთი ჩამოვთვალო... ჟუჟუნაც უნდა გაგაცნოთ, ხვეული თმით, ნახეთ, როგორი ლამაზია - ჩემმა შვილიშვილმა დაარქვა ეს სახელი. კუთხეს, სადაც ფილოდენდრონი, ფიკუსი, დრაცენა და ნოლინა ყვავის, მე ელიტური კუთხე დავარქვი. ეს სარეაბილიტაციო კუთხეა - რომელ ყვავილსაც უჭირს, აქ გადმოვიტან ხოლმე გამოსაცოცხლებლად, რადგან ყვავილებს დილის მზე უყვართ. თითოეულს სხვადასხვანაირი მოვლა სჭირდება. მაგალითად, აგავას= ზამთარში წყალი არ სჭირდება. ყინვისგან დასაცავად სპეციალურად მოწყობილ თბილ ოთახში გადამაქვს ყველა.

- ამხელა ბაღს მხოლოდ თქვენ უვლით?

- ნამდვილად ძნელია ამდენი ყვავილის მოვლა. ზოგი იმსიმძიმეა, ვერც ასწევ. ამიტომ ოჯახის წევრები მეხმარებიან - მეუღლე, შვილი, რძალი, პატარა შვილიშვილებიც. ყვავილები მათაც შეუყვარდათ, რაც ძალიან მახარებს.

- როგორ კვებავთ მცენარეებს ან რამდენჯერ უცვლით ნიადაგს? მოყვარულ მებაღეებს თქვენი რჩევები უთუოდ დააინტერესებთ. - უპირატესობას ბუნებრივ საკვებს ვანიჭებ, ნიადაგის გამოცვლას კი გაზაფხულიდან ვიწყებ - საქონლის გადამწვარ ნაკელსა და მდინარის ქვიშას ვურევ ერთმანეთში. მთავარი კი მაინც ყვავილების სიყვარულია. მცენარეების მოვლა დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს, ადვილი არ არის.

- ეზოში ლამაზად მოპირკეთებული წყაროც გაქვთ, კალათები, კუს ფორმის საყვავილეები. როგორც ჩანს, დეკორაციებსაც დიდ ყურადღებას აქცევთ. - ესეც ჩემი იდეა იყო. ვინც ეს წყარო მოაპირკეთა, იმ ოსტატის ნამუშევრები სხვასთან რომ ვნახე, ძალიან მომეწონა და ჩემი ეზოც გავალამაზებინე. მიყვარს ლამაზი დეკორაციები, თან ისეთი ხასიათი მაქვს, დღეს რომ ასე მომწონს, ხვალ შეიძლება ყველაფერი შევცვალო. მოკლედ, ქოთნებს ადგილს ხშირად ვუნაცვლებ.

- ალბათ, მნახველებს ძალიან უკვირთ, როდესაც თქვენს ბაღნარს ნახავენ?

- დაახლოებით 5 წლის წინ სახლი ვაკურთხებინეთ, მაშინ ამდენი ყვავილი არ მქონდა. მღვდელი რომ შემოვიდა, აქეთ-იქით გაოცებული იყურებოდა. წასვლისას მითხრა, ამდენი ყვავილი ერთ ოჯახში არსად მინახავს, არ შეიძლება ადამიანი ბოროტი იყოს და ამდენი მცენარე გაახაროს. ეტყობა, კეთილი ადამიანი ხარო. ამოიღო სეფისკვერები პარკით და მაჩუქა. მისი ნათქვამი არასდროს მავიწყდება. რა ჯობს, თუ კეთილი ხარ, ყვავილებს ამრავლებ, ბუნებას უვლი და თან ადამიანებს სილამაზით ატკბობ.

ნინო ჯავახიშვილი