ხურმის რთველი მარტვილში - კვირის პალიტრა

ხურმის რთველი მარტვილში

"ჩვენ ისე ვემზადებით ხურმის კრეფისთვის, როგორც კახელები ემზადებიან რთვლისთვის"

შემოდგომის დასაწყისში, როდესაც ზაფხულის ხილი მიილევა, ჯერ კარალიოკი, ოდნავ მოგვიანებით კი ხურმა შემოდის. კარალიოკი შემოსვლას რამდენიმე კვირით ასწრებს, ამ დროს ხურმა ჯერ მწკლარტეა და დამწიფება სჭირდება. ბოლო წლებში ჩვენში რამდენიმე ახალი, ინტენსიური ჯიშის ხურმის ბაღი გაშენდა. შარშან საქართველოდან უცხოეთში 7,3 ათასი ტონა ხურმა და კარალიოკი გავიდა. ეს ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით ექსპორტი დაახლოებით 80%-ით გაიზარდა. ხურმა საქართველოს ყველა კუთხეში ხარობს, თუმცა მარტვილი განსაკუთრებული მიკროზონაა. არ არსებობს ხურმის ჯიში, რომელიც აქ არ ხარობს. მარტვილელებს და მათ შორის არც გონელი ჯღარკავას ხურმის ექსპორტი არასოდეს შეუწყვეტიათ.

- აგრონომი არ გახლავართ და მარტვილის ნიადაგი და კლიმატი არ შემისწავლია, მაგრამ ვხედავ, რომ ხურმა-კარალიოკი საქართველოში არსად ისე არ ხარობს და ლაღობს, როგორც აქ. ჩვენ ისე ვემზადებით ხურმის კრეფისთვის, როგორც კახელები ემზადებიან რთვლისთვის. მარტვილში ოქტომბრის თვე ხურმის მოსავლის დაბინავებასა და ჩირის დამზადებას სჭირდება. წარსულში მარტვილელებს ხურმის სხვადასხვა ჯიში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოჰქონდათ. ამიტომაც ხარობს ახლა ჩვენს რაიონში ხურმის თითქმის ყველა ცნობილი ჯიში. გვაქვს უახლესი ჯიშებიც, რომლებიც დაინტერესებულ მეურნეებს შემოაქვთ. არიან ფერმერები, რომლებიც მოსავალს გამყიდველებს მიჰყიდიან და ამით ამთავრებენ მოსავლის დაბინავებას, მე კი ბაღიც მაქვს და მოსავალიც თვითონ გამაქვს ექსპორტზე. ამ საქმიანობას წლების განმავლობაში ვეწევი და მიუხედავად იმისა, რომ ურთულესი წლები გავიარეთ, ექსპორტი არასოდეს შემიწყვეტია. ყოფილა შემთხვევა, საზღვრებს გარეთ 400 ტონა ხილიც გამიტანია გემით თუ სატვირთო მანქანებით.

- ეს ადვილი არ იქნებოდა... - მართალია, ადვილი არ იყო... მე რუსული ბაზრის არასანდოობისა და შეფერხების გამო უკრაინაში გადავინაცვლე, მაგრამ იქ ომი დაიწყო, უკრაინის ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებული აღმოჩნდა და მიწოდებაც შემცირდა. ჩემი პარტნიორების უმეტესობამ ორივე ქვეყანაში მიატოვა ეს საქმე. ისეთი წლებიც მქონია, როცა ექსპორტს მინიმალური მოგების გამოც ვაგრძელებდი - მარტვილში ჯდომაში ამ მინიმალურსაც ხომ არავინ მომცემდა?! ახლა სხვა დაბრკოლება გამოჩნდა - კონკურენცია. ბაზარზე სხვადასხვა ქვეყნის ხურმა შემოვიდა. ისრაელმა ახალი ჯიში გამოიყვანა, რომელიც გარეგნულადაც უცნაურია და გემოთიც - თითქოს ტკაცუნობს. ეს ხურმა ჩვენს პროდუქციას დიდ კონკურენციას უწევს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მას გემოთი სჯობნის, თუმცა ვფიქრობ, არც ეს არის კატასტროფა. ყველა ახალი ჯიშის ათვისება უნდა შევძლოთ და კონკურენციასაც გავუძლებთ. სხვა გამოსავალიც გვაქვს - ხურმის ჩირის წარმოება, რომელზეც საერთაშორისო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა და მარტვილში ბევრი კოოპერატივი სწორედ ამ საქმეს მისდევს. მეც ვფიქრობ საშრობის შეძენას. საზღვარგარეთაც გამოჩნდა რამდენიმე პარტნიორი, რომელიც ხურმას ითხოვს.

- ამას უნდა დავამატოთ ისიც, რომ ხურმა-კარალიოკის ბაღის მოვლას დიდი შრომა და ხარჯი სჭირდება. - უმაგისოდ ვერ იქნება.

ვისაც ჰგონია, რომ კარალიოკი ზამთრობით აბრიალებული ლამაზი ხეა, ძალიან ცდება. ხეებს მუდამ ვსხლავთ, რომ კარგი მოსავალი მივიღოთ, რაც მეტად შრომატევადი საქმეა. ნიადაგს სასუქებით ვამდიდრებთ და როცა საჭიროა, მავნებლების საწინააღმდეგოდ ვწამლავთ.

ბოლო დროს ამ ყველაფერს გაზაფხულის გვალვებიც ემატება, ამიტომ ახლა წვეთოვანი მორწყვის სისტემაა საჭირო... რომელი ერთი ჩამოვთვალო... მაგრამ უშრომლად სად მოდის რამე?!..

- კულტურის პოპულარობის გამო, ალბათ, მარტვილში ხურმა-კარალიოკის ახალი ბაღებიც გაშენდება. ისე არ მოხდეს, როგორც თხილთან დაკავშირებით მოხდა, როცა მისმა ქაოსურად გაშენებამ დაავადებების გავრცელება გამოიწვია... - მართალია, ასე იყო, მაგრამ ჩვენ იმის მაგალითიც გვქონდა, მოუვლელი თხილიც რომ გვაძლევდა მოსავალს, საექსპორტო კარალიოკი კი მოუვლელობას, გაუსხვლელობასა და უწამლობას არ გაპატიებს. ახალ ბაღს ძველი ხურმის ბაღის ადგილზე არ აშენებენ, ნიადაგს 2-3 წლით ასვენებენ, რომ ახალ ბაღში ძველი ბაღის დაავადებები არ გავრცელდეს. ამ კულტურას ფაქიზად მოპყრობა და მოფრთხილება სჭირდება.