"მელია რომ ვარ, ბუნებისა და ცხოველების სიყვარული თავისთავად მაქვს"
"მელია რომ ვარ, ბუნებისა და ცხოველების სიყვარული თავისთავად მაქვს"
"ნიკა პატარაობაში მეხმარებოდა, მაგრამ ახლა არ სცალია... სამაგიეროდ, სანდრო, ჩემი შვილიშვილია ჩემ გვერდით. მასაც ბაბუასავით მიწის დიდი სიყვარული აქვს და ყველაფერი იცის"

მიწის, ბუნების სიყვარული ცნობილ ექიმს, პროფესორს, კარდიოლოგიური კლინიკის დამფუძნებელ ანზორ მელიას ბავშვობიდან მოსდევს. უკვე 40 წელიწადია, თბილ­ისთან ახლოს, კოტორაანთკარში თავის გაშენებულ ბაღ-ბოსტანს უვლის. ბატონი ანზორის მიწის მიმართ გამორჩეულ სიყვარულსა და დიდ სამეურნეო გამოცდილებაში მასთან საუბრისას რწმუნდები. ცნობილი ექიმი თავად გვიამბობს, როგორც დაიწყო ეს ყველაფერი...

- 40 წლის წინ,
როდესაც "ლეჩკომბინატში" ვმუშაობდი, მებაღეობის ნაკვეთები დაგვირიგეს თანამშრომლებს. ჩვენ უმეტესად მთავრობას, ბიუროს წევრებს ვემსახურებოდით და ასე აღმოვჩნდით საგურამოდან 6 კილომეტრში... საკავშირო სამედიცინო კომისიამ წყნეთი­ დაიწუნა და მთავრობის წევრებისთვის საგურამო შეირჩა, როგორც საუკეთესო­ ადგილი და რადგან ამ ნომენკლატურას ვემსახურებოდით, 75 თანამშ­რომელიც მოვხვდით სიაში. სტანდარტულ 600 კვმ ფართობზე
უფლება მოგვცეს, ასევე სტანდარტული სახლები­ აგვეშენებინა. კლინიკის წამყვან ნევროპათოლოგ­ ქალბატონ მთვარისას მეუღ­ლე ნოდარ ჩხოლარია გამწვანების­ ტრესტის მმართველი გახლდათ. მან მანქანა მოაყენა და ამ 75 ადამიანს ნერგები ჩამოგვირიგა.­ ასე გაჩნდა­ ჩემს ნაკვეთში პირველი ნერგები და, პრაქტიკ­ულად, "ლეჩკომბინატის" დასახლება კოტორაანთკარში.


მგონი, ყველა ქართველშია ჩაბუდებული მიწის სიყვარული. მანამდე ვერც წარმომედგინა, რომ თოხს და ბარს ხელში­ ავიღებდი და მიწასთან ვიმუშა­ვებდი, მაგრამ ამ საქმემ გამიტაცა - 600 კვმ მიწის ფართობი 1200 გახდა, მერე - 2000, 4000 და ნელ-ნელა გავზარდე საბაღე­ და საბოსტნე ნაკვეთი, სადაც დღეს 500 ჯიშის სხვადასხვა ხეხილი ხარობს, არის ვენახი და 600 ჯიშის ვარდი, მყავს­ 100 ფრთა ქათამიც.

- ბროილერის ჯიშია?
- მეგრულა - ასე ეძახიან. კვერცხისმდებლები არიან. წელიწადში თითო­ 350 კვერცხს დებს. ექვსი ძროხა მყავდა. მათგან ორი შვედური იყო, მაგრამ ძროხებს­ სერიოზული მოვლა უნდა. ბაღს ავუდივარ,­ მაგრამ ძროხებს გვერდიდან ვერ მოსცილდები, სხვანაირი ყურადღება სჭირდება, მე კი რთული სამუშაო გრაფიკი მაქვს, ამიტომ მათთვის ხალხი ავიყვანე. ხელფასსაც ვუხდიდი, ჩემთან ვაცხოვრებდი, ვაჭმევდი, ვასმევდი... გარდაბნის ქარხნიდან ძროხებისთვის ტომრებით სპეციალური ბიოლოგიური საკვები მომქონდა. მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტიც მოვიყ­ვანე, რომელმაც იმ ხალხს მეგრული წესით სულგუნის ამოყვანა­ ასწავლა, მაგრამ კეთილ­სინდისიე­რი მუშაობა­ არავის უნდა... მათი უგულო და უდიერი დამოკი­დებულების გამო ძროხების კაპიკებად გაყიდვა მომიხდა, არადა,­ თითო 2.000 ლარად მყავდა ნაყიდი. მეც გავწვალდი და ძროხებიც მეცოდებოდნენ - სათანადოდ არ უვლიდნენ, თან, როგ­ორც გავარკვიეთ, პროდუქციასაც მპარავდნენ. იმის თქმა მინდა, რომ სოფლად მუშაობა თითქმის არავის უნდა, არადა, ადრე სოფელი ძლიერი იყო, თავსაც ინახავდა და ქალაქსაც, მაგრამ ყველაფერმა სახე და ფუნქცია დაკარგა. ვხედავ, ხალხს რომ შია, სიგარეტის ფული არა აქვს, მაგრამ მუშაობა მაინც არ უნდათ, ამიტომ ისევ თვითონ მიწევს შრომა. დამხმარე ხალხი მხოლოდ შაბათ-კვირას მომყავს, რომლებსაც დილიდან საღამომდე თავზე ვადგავარ... ყველა სასოფლო-სამეურნეო იარაღი და ტექნიკა მაქვს - თოხი და ცელი ბენზინზე, პატარა ტრაქტორები და რა ვქნა, დანარჩენს თვითონ ვუვლი. ცოტა ხნის წინ ჩემმა შვილიშვილმა სანდრომ - თხა მინდაო და ორი მოვიყვანე, მეგრული ჯიშის, მაგრამ ბავშვს არ ვაკარებ - ირქინებიან, თუმცა შორიდან რომ უყურებს, უხარია და ბედნიერია. კურდღლებიც მთხოვა და ულამაზესი კურდღლები მოვუყვანე. ასე შრომა-შრომაში ვერთობი და ჩემს მოხუცებულობას ვატარებ.



- არიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს თანდათან სწავლობენ. თქვენც გატყობთ, ბევრი რამ ისწავლეთ, მაგრამ მანამდე თუნდაც თქვენი სოფლიდან, სამეგრელოდან გამოცდილება არ გქონდათ?
- რა თქმა უნდა, მქონდა. 8 კლასი ზუგდიდში დავამთავრე. ოჯახს მიწის ნაკვეთიც­ გვქონდა. დედა მეურნეობის მთავარი აგრონომი იყო, მამა - ჩაის ფაბრიკის დირექტორი. მე და ჩემს ძმას გვავალებდნენ - ეს დაბარეთ და გათოხნეთო. ძროხაც გვყავდა და ჩაის პლანტაციებისკენ გამყავდა... შრომას დედამ შეგვაჩვია, თანაც მელია რომ ვარ, ბუნებისა და ცხოველების სიყვარული თავისთავად მაქვს. პატარები რომ ვიყავით, ჩვენთან მოსული სტუმრები ფულს მჩუქნიდნენ, მეორე დღეს კი გავრბოდი და 3 მანეთად კარგა მოზრდილ წიწილებს ვყიდულობდი. ეს სიყვარული არც ახლა გამნელებია­ და ამიტომ არის, ამდენი ფრინველი და ცხოველი რომ მყავს. ჩემი ქათმები დღეში 40-45 ცალ კვერცხს დებენ და სამეზობლოს, სანათესავოს ვურიგებ. აბა, სად უნდა წავიღო ამდენი?!



- თქვენი შვილი ნიკა არ გეხმარებათ?
- მაგ საქმეში აქტიური ჩემი ქალიშვილია. პროფესიით ექიმია და თან - ძალიან­ მეოჯახეა. ნიკა პატარაობაში მეხმარებოდა,­ მაგრამ ახლა არ სცალია, სამაგიეროდ, სანდრო, ჩემი შვილიშვილია ჩემ გვერდით და ის მეხმარება. მასაც ბაბუასავით მიწის დიდი სიყვარული აქვს და ყველაფერი იცის. ამას წინათ დედამისს ხახვი უნდოდა. სად არის, რომ ამოვიღო და მოვიტანოო, იკითხა და სანდრო გაჰყვა, აჩვენა, მიეხმარა, თან რაღაცებსაც უხსნიდა... სანდრო ანზორს მეძახის და მეუბნება, მე ექიმი ვიქნები და შენს კლინიკას ვუხელმძღვანელებ, შენ რომ მთაში იქნებიო. მოკლედ, მშრომელი ბიჭი დეკემბერში 6 წლის ხდება. მეკითხება ხოლმე: "სად მიდიხარ, ანზორ?" "ქათმები უნდა დავამწყვდიო", - ვპასუხობ. "მეც გამოგყვები, მარტო როგორ უნდა წახვიდე?!" - მეუბნება და მომყვება...

- თქვენი მეუღლეც შრომობს ბაღში?
- ჩემი მეუღლე ვარდებს უვლის. ვარდის 600 ძირიდან უმრავლესობა საკოლექციოა. მათაც დიდი მოვლა სჭირდება.
მეუბნებიან, სპორტულად გამოიყურებიო. იმხელა ეზო მაქვს და იმდენს ავდი-ჩავდივარ, რა გამასუქებს?! არც ვეწევი, არც ვსვამ.

- რას ურჩევთ ადამიანებს?
- კარგია, როდესაც ბაღი გაქვს, ხეხილი, მარადმწვანე და დეკორატიული მცენარეები, მაგრამ ამას დიდი შრომა სჭირდება.
სულ ვამბობ, რომ ცოდოა გლეხი. როგორ უძლებს­ მატერიალურად ამდენი რამის შეძენას - შესაწამლი ნივთიერებები, ხსნარები ძვირი ღირს და ამ 40 წლის განმავლობაში ვხედავ, რომ მათი ფასი თანდათან იზრდება, როგორც აფთიაქში წამლების... გლეხი ამინდსაც უყურებს, აკვირდება, სეტყვა არ მოვიდეს, ან გვალვისგან დაიცვას და გადაარჩინოს თავისი მოსავალი...

მე ამ წლების განმავლობაში სპეციალისტებთან დავდიოდი, კონსულტაციებს ვიღებდი, როდის რა გამეკეთებინა. "სამთო ქიმიაში" ბატონ ნუგზარ შენგელიასგან ბევრი რამ ვისწავლე. ფაქტობრივად, ყველაფერი ავითვისე. ხეხილთან ვარდები მაქვს ჩარგული და როგორც კი ვარდებს ფოთლებზე რაღაცას შევატყობ, მაშინვე ვფიქრობ, რომ აუცილებელია შეწამვლა - ვარდს ამის მინიშნების უნარი აქვს. ამ მიზნით ვენახშიც ბევრი რგავს ვარდს. მოკლედ, უნდა იცოდე, სად რას რგავ და იქ როგორ გაიხარებს ესა თუ ის ნერგი, რომელ კლიმატში უფრო ხარობს, რა გარემო უხდება. განსაკუთრებით საფრთხილოა ვაზი. კოტორაანთკარი, ჩვენი სოფელი, მაღალმთიანი ადგილია, ორ ტყეს შორის მოქცეული და ესეც მნიშვნელოვანია. თავიდან ალადასტური დავრგე, გავახარე კიდეც, კარგად მოისხა, მაგრამ არ დამწიფდა. მერე მოვჭერი და ფრანგული შავი პინო დავრგე. მესამე წელიწადია, მოსავალს ვიღებ და უკმაყოფილო არ ვარ. ღვინოსაც ვაყენებ - ამისთვისაც ყველაფერი მაქვს. მოკლედ, ძნელი კია, მაგრამ ადამიანმა არ უნდა დაიზარო ხეხილთან, ვენახთან ურთიერთობა. ჩემი ბაღიდან განსაკუთრებით მიყვარს ზღმარტლი - 40 წლის ხეა და იმხელა ნაყოფს ისხამს, ასეთი სხვაგან არც მინახავს.

დასასვენებლად არსად დავდივარ, სიამოვნებისთვის ზედმეტად არაფერს ვყიდულობ - ეს არის ჩემი ყველაფერი, ასე რომ, მხოლოდ შრომაშია ჩვენი ხსნა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები