ქართული ქვევრები შვედურ მარანში - კვირის პალიტრა

ქართული ქვევრები შვედურ მარანში

"სკონეში მარნის პრეზენტაციაზე კახეთში მეგონა თავი"

ქართული ღვინის, მარნის, ქვევრის მიმართ ინტერესი მსოფლიოში დიდია და სულ უფრო იზრდება. ღვინის დაყენების ქართული წესის გასაცნობად უცხოელები არა მარტო საქართველოში ჩამოდიან, უკვე საკუთარ ქვეყნებში, თავიანთ მამულებში თავადვე ქმნიან ქართული წესითა და ტრადიციით ღვინის სახლებს, მარნებს... ცოტა ხნის წინ შვედეთის სამეფოს სამხრეთ რეგიონში, სკონეში, საზეიმოდ გაიხსნა ქართული ქვევრის მარანი. ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო, მათ შორის ჩვენი თანამემამულე, შვედეთში მცხოვრები იურისტი თემურ პოტასკაევი, რომლისგანაც ამ ამბის შესახებ უფრო მეტი შევიტყვეთ.

- შვედეთში ქართული მარნის გახსნას თქვენც დაესწარით. რა იცით მის შესახებ?

- მარანს "ვეიბი ვინგორდი" ჰქვია, ვეიბი სოფლის სახელწოდებაა. ვენახი შვედეთის სამხრეთ რეგიონში, სკონეშია გაშენებული. მისი მესაკუთრეა შვედი ღვინის მწარმოებელი იეპე აპელინი. მას მეუღლე აზერბაიჯანელი ჰყავს. ახალგაზრდა მეწარმეს მარნის მშენებლობაში მამა ეხმარებოდა. ყურძენი, რომელსაც წურავს, 1991 წელს შვეიცარიაში გამოყვანილი ერთ-ერთი ჯიშია და მხოლოდ ნიდერლანდებსა და შვედეთში მოჰყავთ.

- თავად როგორ აღმოჩნდით მარნის გახსნის ღონისძიებაზე? - შვედეთში მარნის გახსნის შესახებ ინფორმაცია სტოკჰოლმის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურმა მამა შიო ბიწკინაშვილმა მოგვაწოდა. მას საელჩო დაუკავშირდა, რათა შვედეთის ერთ-ერთ რეგიონში ქართული მარანი ეკურთხებინა. სკონეს ერთ სოფელში უკვე ჰქონდათ ვენახები გაშენებული, ხოლო იქაურმა მკვიდრმა იეპე აპელინმა ღვინის ქართული წესით დაყენება გადაწყვიტა და მარანიც ამისთვის აშენდა. ქვევრები საქართველოდან ჩამოიტანეს, ჯერჯერობით ათი ცალი აქვთ.

იეპემ მარანი მამასთან ერთად საკუთარი ხელით ააშენა. ფართობით დიდი არ არის, სამაგიეროდ, მიწაში ჩაყრილი ქვევრები საოცრად ამშვენებს. იეპე ღვინოს კასრებშიც აყენებს, ევროპული ტრადიციით, წლეულს კი პირველი მოსავლით სამარნე ღვინის დაყენებას პირველად აპირებს. გაისად უკვე გამოცდილებაც ექნება და ქართული წესით დაყენებული ქვევრის ღვინოც.

- მარნის გახსნის მიზანი რა არის? - ქართული მარნის ტრადიციის შვედურ რეალობაში გადატანა. ძალიან საინტერესო იქნება შედეგი. ჩვენი ქვეყნის კულტურის, ისტორიისა და ტრადიციის პოპულარიზაციისთვის კარგი იდეაა. შვედეთში ქართულ მარანს ბევრი სტუმარი ეყოლება. თავად იეპე საქართველოში არ არის ნამყოფი, არასდროს უნახავს ნამდვილი მარანი. ყველაფერი ინტერნეტით შეისწავლა.

რეგიონი სკონე და პატარა სოფელი ვეიბი მოშორებულია დიდი ქალაქებისგან. ქართველი მოსახლეობა, ანუ ემიგრაცია, უმეტესად დიდ ქალაქებში ცხოვრობს, საიდანაც სკონემდე 6-7 საათის სავალია. მათთვის იქ ხშირი სტუმრობა ადვილი არ იქნება და შესაბამისად, აქაურობა ქართველთა მუდმივი თავშეყრის სივრცე ვერ გახდება, თუმცა დროდადრო მაინც ესტუმრებიან და საქართველოს მონატრებას იქ მოიკლავენ. პრეზენტაციაზე ისე კარგად ვგრძნობდი თავს, კახეთში მეგონა თავი. ეს მასპინძელსაც ვუთხარი და ძალიან გაუხარდა.

სკონეში კლიმატი მშრალია და გარემოც კახეთისას ჰგავს. თუ კორონას გამო შვედეთში მცხოვრებმა ქართველებმა ვერ მოვახერხეთ საქართველოში გამომგზავრება, სამშობლომონატრებულებს შეუძლიათ ერთხელ მაინც მიაკითხონ ამ მარანს და გაიხსენონ თავიანთი ქვეყანა.

- როგორც გავიგე, პრეზენტაციაზე, მარნის კურთხევისას იგალობეთ კიდეც... - კი, მამა შიომ მარანი აკურთხა, ჩვენ, მგალობელთა გუნდმა, რომლის წევრებიც ყოველ კვირას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ვგალობთ, ერთად ვადიდეთ უფალი. გუნდმა ქართული საეკლესიო საგალობელი შეასრულა. ბევრი სტუმარი იყო, მათ შორის, შვედეთის პარლამენტის წარმომადგენელიც. მან ისაუბრა საქართველოს კულტურაზე, ტრადიციებზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია და დამსწრეთ მოუწოდა, მეტად გაეცნონ ქართულ კულტურას და ამისთვის ერთ-ერთი კერა "ვეიბის ვინგორდიც" იქნება.

ქართული ქვევრის მარანი შვედეთში

შვედეთის სამხრეთ რეგიონში, სკონეში, ქართული მარნის გახსნის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო სამინისტრომაც გაავრცელა: "ღონისძიება მარნის მეპატრონე იეპე აპელინმა გახსნა. მან ვრცლად ისაუბრა საქართველოს შესახებ და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც მსოფლიოში ღვინის მწარმოებელ უძველეს ქვეყანას. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა შვედეთის სამეფოში მალხაზ კაკაბაძემ და შვედეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჰანს ვოლმარკმა. საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე, ღვინის დამზადების მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე. შვედეთის პარლამენტის წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა საქართველო-შვედეთის ურთიერთობებზე, საქართველოს როლზე რეგიონში, ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე. გახსნის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა მიღება, სადაც სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ქვევრში დამზადებული ღვინითა და ქართული ტრადიციული კერძებით. ღონისძიების ფარგლებში ქართული საგალობლები შეასრულა სტოკჰოლმის წმინდა გიორგის სამრევლოს მგალობელთა გუნდმა თემურ პოტასკაევის ხელმძღვანელობით".