რა პრობლემების წინაშე დგანან თუში მეცხვარეები
რა პრობლემების წინაშე დგანან თუში მეცხვარეები
"მომრავლებულმა მგელმა მეცხვარეები მძიმე დღეში ჩააგდო, როგორც ფარა მიუყვება საძოვრებისკენ გზას, სწორედ ისე მიუყვება გზას მგლის ხროვა, ცხვრების პარალელურად. მეცხვარე ძაღლები რომ არ გვყავდეს, ალბათ, მთელ ფარას ერთ დღეში დაგლეჯდნენ..."

მეცხვარეობის პრობლემების მიმართ მდგრადი აღმოჩნდა თუშეთი, თუმცა დარგის წინაშე კვლავაც იმგვარი საფრთხეებია, რომ შესაძლოა მას გაქრობასაც კი უქადდეს. კითხვას, როგორ ახერხებენ ცხვრის შენარჩუნებას, ალვანელმა მეცხვარე გიორგი ქარსამაულმა ასე უპასუხა: "ამ დარგის შენარჩუნებას ჯერჯერობით იმის ხარჯზე ვახერხებთ, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა,
იმდენად გვაქვს შესისხლხორცებული ეს საქმე, თითქოს აღარც ვფიქრობთ, ამ უმძიმესი Dშრომიდან რეალურად რა შემოსავალი უნდა გვქონდეს და რას ვიღებთ. თორემ ის საარსებო მინიმუმი, რასაც ჩვენ გამოვიმუშავებთ, ყველგან შეიძლებოდა მოგვეპოვებინა. და კიდევ, ყველა ხომ ვერ გაიქცევა სამშობლოდან, რადგან მისი შრომა არ ფასდება? ვერც ჩვენ გავრბივართ!"

გიორგი
ქარსამაული:

- მეცხვარეობას, რომელიც მეცხვარისთვისაც და ქვეყნისთვისაც მომგებიანი დარგია, დღეს იმგვარი პრობლემები უდგას, თუ სახელმწიფო არ ჩაერია და გააძლიერა, შესაძლოა აღარც გვექნეს.

დღეს ახმეტაში, კერძოდ, ალვანში, თუშ მეცხვარეებს დაახლოებით 30 ათასი ცხვარი ჰყავთ, ცალკეულ მეცხვარეს საშუალოდ 1000 სული. ეს არცთუ ბევრია, საქმე იქამდე მივიდა, რომ უკვე 1000 სულის შენახვაც ჭირს.


ალბათ, ბევრს ახსოვს, რომ სახელმწიფო წლებია, მეცხვარეებს საქარავნე, საძოვრებამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობას ჰპირდებოდა, მაგრამ ნაცვლად იმისა, დაპირება შეესრულებინა, პრაქტიკულად, გზა ხელიდან გამოგვგლიჯა - გასცა უფლება, რომ ქართული საქარავნე გზა ალვანიდან შირაქამდე, რომელსაც ცხვარიც და მეცხვარეც 1 თვის განმავლობაში მიუყვებიან, ნაწილ-ნაწილ გაყიდულიყო. გაყიდეს ის ადგილებიც, სადაც დროდადრო ვბანაკდებოდით. ცხვარი გაიშლებოდა და ძოვდა. ახლა იმ ადგილებში უკვე აშენებულია ნაგებობები, ან შემოღობილია. ამიტომ ცხვარი ვეღარ ძოვს, მეცხვარეებს კი ისღა დარჩენიათ, დასვენების ნაცვლად, მშიერი ცხვარი შეაქუჩონ და უყარაულონ, რომ ბალახისთვის არსად გაიშალოს, მეორე დღეს კი მშიერი გაუყენონ გზას.

მეორე დიდი პრობლემაა მგელი, რომლის დახოცვა კანონით გვეკრძალება. მომრავლებულმა მგელმა მეცხვარეები მძიმე დღეში ჩააგდო, როგორც ფარა მიუყვება საძოვრებისკენ გზას, სწორედ ისე მიუყვება გზას მგლის ხროვა, ცხვრების პარალელურად. მეცხვარე ძაღლები რომ არ გვყავდეს, ალბათ, მთელ ფარას ერთ დღეში დაგლეჯდნენ.

მგელზე ნადირობის აკრძალვამ მეცხვარე ძალიან დააზარალა. თუმცა სხვა რამემაც - ჩაკეტილი საზღვრების გამო ვეღარც კლიენტები შემოდიან. ჩვენგან თოხლს ირანელები, არაბები და აზერბაიჯანელები ყიდულობდნენ, ზოგი ხორცის სახით, ზოგს კი თვითმფრინავით ცოცხლად მიჰყავდა. ახლა ესეც მოგვესპო.

- რამდენად ყიდით ერთ სულ პირუტყვს?
- თოხლს 300 ლარად, მაგრამ ვეღარ ჩამოდიან და არც გვეყიდება. მეცხვარე სეზონზე საშუალოდ 80-90 თოხლს ყიდის. შესაძლოა ეს ფასი ადეკვატური მოგეჩვენოთ, რომ არა ერთი გარემოება - მეცხვარე ამ თანხის დიდ ნაწილს ცხვრის მოსავლელადვე ხარჯავს და რჩება თანხა, რომელიც პურის ფულად და ელემენტარული მინიმუმისთვის არის საკმარისი. არადა, ადამიანურ ცხოვრებას, რომელსაც მძიმე შრომისთვის გვეკუთვნის, აშკარად მეტი სჭირდება. გამოსავალი რა არის? მეცხვარეობის სუბსიდირება, სახელმწიფოს ჩარევა მეცხვარის საქმეში, რომელსაც ქვეყნისთვის დიდი შემოსავლის მიცემა შეუძლია. სწორედ ასეა თურქეთში, სადაც სახელმწიფომ გამგზავნა მეცხვარეობაზე დასაკვირვებლად, მე კი უმეტესად გულის ტკენა ჩამოვიტანე - თურქი მეცხვარეები ჩვენზე მეტს ნამდვილად არ შრომობენ, მაგრამ მათ სუბსიდირება აქვთ - სახელმწიფო აძლიერებს მეცხვარეობას, მეცხვარეობა კი სახელმწიფოს. ჩვენგან კი მატყლსაც არავინ ყიდულობს, ვყრით. არადა, ჩვენც ვთხოვეთ სახელმწიფოს მატყლის დამამუშავებელი საწარმოს გახსნაში დახმარება. გვითხრეს, კი ბატონოო, მაგრამ როდესაც ვითხოვეთ, რომ ჩვენი მატყლის ნაწარმი, მაგალითად, მატყლის საბნები ქართული ჯარის მომსახურებაში შეეტანათ, ხელები გაასავსავეს: უფლება არა გვაქვს, რადგან ჩინურებზე აქვთ კონტრაქტი გაფორმებულიო. ჩვენც ხელი ჩავიქნიეთ, მეცხვარე მენეჯერად ხომ ვერ გადაიქცევა, ბაზრის მოძიებაში ხომ უნდა დაეხმარონ.

- გუდის ყველი ხომ მაინც არ გრჩებათ გაუყიდავი?
- ამ შემთხვევაში სურსათის უვნებლობის სამსახურია პრობლემის სათავე. ამდენ ხანსაც უნდა მოგვარებულიყო ის პროცედურები, რომელთა წყალობითაც პროდუქტის წარმომავლობა უნდა დაფიქსირდეს. საყოველთაოდ ცნობილ გუდის ყველს სწორედ იმიტომ აღიარებენ, რომ ის თუშეთში, ალპური მთების ალპური ბალახის შემადგენლობით მზადდება.

დღეს კი მარკეტებში ყველა ყველი, რომელიც ცხვრის რძით მზადდება, "თუშური გუდის ყველის" სახელწოდებით საღდება. ეს მარტო თუშურ გუდის ყველს კი არ ულახავს სახელს, მეცხვარეებს გული უტყდებათ.

მოკლედ, სახელმწიფოს მეცხვარეობაში მრავალი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი და თუ დაუყოვნებლივ არ დაიწყო, თუშურ მეცხვარეობას მომავალი ვერ ექნება.
qarTveli
17 ოქტომბერი 2020 15:31
ის როგორ იყო ქარტული ცხვარი ტონობით რომ გადიოდა არაბეთში,თვითმფრინავები რომ ჩამოჰყავდათ სპეციალურად ამისთვის და მერე ქარტველმა გლეხებმა თუ მეწარმეებმა სომხური ცხვარი ჩამოიყვანეს და ქართულს შეურიეს მეტო ფული რომ მიეღოთ,სომხური ცხვარი მყიდველებს არ მოეწონათ და ისე დაფრთხნენ აღარ ჩამოდიოდნენ!ასე რომ რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო!

დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები