ზამთრის ბაღის "გოგონები"
ზამთრის ბაღის "გოგონები"
"მცენარე ისეთი ფაქიზი და მგრძნობიარეა, მოვლისას ვერ მოდუნდები. ზოგი ზედმეტ სიცივესაც უძლებს, ზოგს ეს არ შეუძლია და მათ ხასიათს უნდა მოერგო"

ბუნების სიყვარულს ზოგი სწავლობს, ზოგს ის თანდაყოლილად აქვს, ამის ერთ-ერთი მაგალითი "მამულ-დედულის" დღევანდელი სტუმარი ნაირა ტუხაშვილია. პროფესიით პედაგოგი წლებია შინ ზამთრის ბაღს უვლის, ვერც კი ასახელებს სრულად იმ მცენარეებს, ასობით ქოთნის ყვავილს, რომლებიც მასთან ბინადრობენ. მცენარეების გარდა, ცხოველები და ფრინველებიც ძალიან უყვარს, თუმცა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი
კუები არიან. პირველი კუ მათ ოჯახში 27 წლის წინ დაბინავდა. ქალბატონ ნაირას სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი ჰყავს, ძალიან უყვარს ხელოვნება, ბავშვობაში ხატავდა კიდეც, მოგვიანებით ქარგვამ გაიტაცა, მაგრამ ბოლო დროს ყველაზე მეტად მაინც მცენარეებზე ზრუნავს.

ნაირა ტუხაშვილი: - სკოლაში ბიოლოგიის კარგი პედაგოგი მყავდა და მისი დამსახურებაც არის, რომ
მცენარეები ძალიან მიყვარს. სულ რაღაცას ვუვლიდი, ლობიოს მარცვლებს ვაღივებდი, ფოთლებს ვამრავლებდი, მერე ყვავილოვანი მცენარეების მოვლა-გამრავლებაზე გადავედი...


მომავალი მეუღლე ჩემი კლასელი იყო, ინსტიტუტში რომ ჩავირიცხე, შევუღლდით. ელიაზე სახლის აშენებისას მითხრა, აქ ისეთი ადგილი უნდა გამოგიყო, სადაც შენს ყვავილებს ზამთარ-ზაფხულ მოუვლი, საკუთარი წალკოტი გექნებაო და გამიკეთა კიდეც. საქართველოში პირველი ჰოლანდიური იუკები რომ შემოვიდა, დაბადების დღეზე მომიტანა. ჩვენს ეზოს ის დღესაც ამშვენებს... 2001 წელს მეუღლის ავტოკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ არაფრის გაკეთების სურვილი და ხალისი არ მქონდა. მერე ეკლესიაში დავიწყე სიარული და მდგომარეობიდან ცოტა გამოვედი. ყვავილებს, ახალ სიცოცხლეს რომ ვუყურებდი, ნელ-ნელა მიბრუნდებოდა მათი მოვლის სურვილი, შვილიშვილები პატარები იყვნენ და ბავშვებსაც ვჭირდებოდი... მოკლედ, ყვავილების ხელახლა გამრავლება, პატრონობა დავიწყე.

- ბევრი პროფესიონალი და მოყვარული მებაღე-მეყვავილე აღნიშნავს, რომ მცენარე ძალიან მგრძნობიარეა...
- ყოველდღიურად ყველას ჩამოვუვლი, ვესალმები და ვეკითხები: "აბა, როგორ ხართ, გოგოებო?" მიწას შეძლებისდაგვარად და საჭიროებისამებრ ვუფხვიერებ, ვრწყავ, ფოთლებს ვუწმენდ, ზედმეტს ვაცილებ. გაწევრებული ვარ მემცენარეების გვერდზე "ყვავილნარი", სადაც ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ, ყვავილებს ვჩუქნით, ვუცვლით, უამრავ სიახლეს ვიგებთ...

- გვიამბეთ თქვენს ზამთრის ბაღზე, რა ტემპერატურა გაქვთ იქ ზამთარში?
- +18-20 გრადუსია ზამთარში. გაზაფხულზე მცენარეები გარეთ გამომაქვს. შემოდგომით, შეტანის დროს, თითოეულს გავწმენდ, მოვაწესრიგებ, დავბან და თავის ადგილზე ვაბრუნებ. ზოგი ჩრდილის ამტანია, ზოგს მეტი განათება უნდა და ასე ვანაწილებ...


შვილები და შვილიშვილები დაიზარდნენ და ახლა მე უმეტესად მცენარეებს ვჭირდები, თან იმდენია, მათი მიტოვება დაუშვებელია... პატარა ყავის ხეც კი მაქვს, ბავშვებმა დაბადების დღეზე მაჩუქეს... მცენარე ისეთი ფაქიზი და მგრძნობიარეა, მოვლისას ვერ მოდუნდები. ზოგი ზედმეტ სიცივესაც უძლებს, ზოგს ეს არ შეუძლია და მათ ხასიათს უნდა მოერგო. შვილიშვილებს მცენარეების სიყვარულს ვუნერგავ. მინდა მათთვისაც მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყოს ეს ბაღი, როგორიც ჩემთვის არის და ისეთი სიყვარულით და სიფრთხილით მოუარონ, როგორც მე ვუვლი...

- თურმე კუებსაც უვლით და გავიგე, რომ თქვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრები ყოფილან...
- წლებია, ჩემი ოჯახის წევრები არიან. ზამთარში მიწის ქვეშ ძვრებიან, გაზაფხულზე ისევ ამოდიან... 27 წლის წინ უმცროსმა შვილმა პირველად მოიყვანა კუ, რომელიც გოგო აღმოჩნდა, მომდევნო წელს ისევ მოიყვანა და ისიც გოგო. შემდეგ ჩემს მეორე შვილს, რომელიც სამსახურიდან მოდიოდა, გზაზე შეხვედრია კუ და მანაც წამოიყვანა.­ მესამე ბიჭი აღმოჩნდა და გამრავლება დაიწყეს, კვერცხებს დებდნენ, მაგრამ ის კვერცხები გაფუჭდა. მერე ინფორმაცია მოვიძიე, რა და როგორ სჭირდებოდათ. ახლა სპეციალური დიდი პლასტმასის ყუთი მაქვს, სადაც მიწა ყრია და იქ ბინადრობენ... დაკვირვებული ვარ, ზემოთ რომ იწევენ, ამოფოფხებას იწყებენ, იმის მერე თოვლი აღარ მოდის ხოლმე, ანუ ეს იმის ნიშანია, რომ ნამდვილი გაზაფხული დგება... რომ იბადებიან, პატარა კუები ისეთი საყვარლები არიან... ბაკანი კი აქვთ, მაგრამ ჯერ ძალიან რბილი. ნელა იზრდებიან... მერე გავიგე, რომ მათთვის შუქიც იყო საჭირო, ამიტომ აკვარიუმიც გავაკეთებინე, შიგ ჩავსხი, განათებაც მივუმაგრე. გაზაფხულის პირას კი გარეთაც გამოვიყვანე, რომ გარემოს შეჰგუებოდნენ.


ის პირველი ძალიან საყვარელი და უცნაური იყო. ეზოში როგორც კი დამინახავდა, უკან დამყვებოდა. ცივსისხლიანები არიანო, რომ ამბობენ, ასე არ ყოფილა, ფეხებზე მადგებოდა და ზემოთ მოიწევდა, ამიყვანეო. ავიყვანდი, ვეფერებოდი - ჩემი ლამაზი გოგო-მეთქი. ერთხელაც ეზოს კარი ღია დარჩათ და გაიპარა. ასე დავკარგეთ ამდენი წლის შემდეგ ჩვენი უსაყვარლესი კუ.

კუს მოშენება უფრო იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მანამდე უამრავი ძაღლი გვყავდა, მაგრამ ძაღლები დიდხანს ვერ ცოცხლობენ, მალე იხოცებიან და ამით დიდი ტკივილი მიგვიღია. კუები, გარდა იმისა, რომ ძაღლებზე მეტხანს ცოცხლობენ, ნაკლებად პრეტენზიული არიან. მიართმევ - შეჭამს, არადა, არის თავისთვის. ეზოს მცენარეებსაც ნაკლებად აფუჭებენ, მაგრამ მზესუმზირას, რომელიც ეზოს გასალამაზებლად დავრგე, მიეპარებოდნენ, გადააწვენდნენ და ზედ ტრაქტორივით გადაუვლიდნენ, ამიტომ ახლა მცენარეებს ვარიდებ, დიდ ხეებს კი ვერაფერს უშავებენ. კი მიფიქრია, მოდი, გავუშვათ ბუნებაში ჩვენი კუები-მეთქი, მაგრამ ისეთი გაფუფუნებული არიან, მეშინია, ბუნებაში არ დაიხოცონ.

- კუების ასეთი სიყვარული რა გატაცებაა?
- შვილების სიყვარულიდან გამომდინარე, უარი ვერ ვთქვი მათ პატრონობაზე. ამის გარდა, ბევრი მიუსაფარი ძაღლი შეგვიფარებია და მათზე გვიზრუნია. შვილების ხათრის გარდა, მეც მიყვარს ცხოველები, ფრინველები... თუთიყუშიცა და ქედნებიც ჩვენთან ცხოვრობენ. ამ ბარტყების გულისთვის ჩემი საძინებლის ფანჯარა 20 წელიწადზე მეტხანს გაუქმებული იყო, რადგან ფანჯარასა და ჟალუზის შორის ბუდე ჰქონდათ და არ დავუნგრიეთ...



- ქედნებმა იქ თავისით დაიდეს ბინა?
- კი, თვითონ აიშენეს. მერე რატომღაც ბუდე ჩამოვარდა და ახლა აივანზე ბინადრობენ. იმ ჟალუზისა და ფანჯარას შორის კი ასე მოხვდნენ - ერთხელ ფანჯრები დავწმინდე. ჟალუზი ღია მქონდა. შევნიშნე, მოფრინდნენ და ბუდისთვის საჭირო მასალაც მოიტანეს... მეორე დღეს რომ ვნახე, ნახევარი ბუდე უკვე აშენებული ჰქონდათ. იმის მერე ჟალუზის ცალი მხარე ღია დავტოვე და იქ ისხდნენ. კატას ემალებოდნენ და მართლაც ძალიან საიმედო ბინა გაიკეთეს. ბარტყებსაც იქვე აფრთიანებდნენ...

- რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს მემცენარეობასთან დაკავშირებით?
- ყველანაირი მცენარე მიყვარს, გინდაც არამოყვავილე, მწვანე ხომ სიცოცხლის ფერია! ამიტომ ადამიანებს ვურჩევ, სახლში ჰქონდეს მწვანე კუთხე საკუთარი სიმყუდროვისთვის. ბედნიერი ვარ, როცა ჩემს ყვავილებთან ვარ. თუ ყვავილი, ან ახალი ყლორტი, ფოთოლი გაიშლება, მიხარია - ე.ი. შევძელი და მცენარეს რაღაც გავუკეთე. მე პროფესიონალი მემცენარე არ ვარ, მოყვარული გახლავართ, რასაც გიყვებით, მხოლოდ ჩემი გამოცდილებით ვიცი, ამიტომ ჩემივე პრაქტიკით გეტყვით, რომ მეტად უნდა შევიყვაროთ ბუნება და, რა თქმა უნდა, მცენარეები. ამას მხოლოდ სიკეთე მოაქვს.
ლალი
19 ოქტომბერი 2020 06:12
ნაირას დამოკიდებულება და სიყვარული ზამთრის ბაღისადმი ჩვენ ყველას გვილამაზებდა ამ ეზოში ყოფნის წუთებს, ტკივილიანი წლების გადატანაც ნაწილობრივ ამ ბაღის დამსახურებაა. დღეს კი ამ პატარა სასახლის სამშვენისია, წარმატებებს გისურვებ ნაირა ... წარმატებები სტატიის ავტორს
ცისანა
17 ოქტომბერი 2020 17:11
სტატია მომეწონა ლალი მადლობა.წარმატებებს გისურვებ.არაჩვეულებრივი, მრავალფეროვანი ბაღის შემქმნელი ნაირა
არაჩვეულებრივი, შრომისმოყვარე,კეთილი, სიყვარულით სავსე მეგობარია.მიხარია რომ ჩემად ვთვლი.წარმატებები მას.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები