"2020 წელს ქვეყანამ რთველს წარმატებით გაართვა თავი"
"2020 წელს ქვეყანამ რთველს წარმატებით გაართვა თავი"
"რის გაკეთებაც ჩვენ წელს შევძელით, ვფიქრობ, იყო უპრეცედენტო. დავიცავით ორივე მხარის - მევენახეებისა და მეღვინეების ინტერესები და განვითარების უმნიშვნელოვანესი ტემპი, რომელიც გვაქვს 2012 წლიდან, შევინარჩუნეთ"

რთველი კახეთში - უხვმოსავლიანი იყო თუ არა 2020 წელი და როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამოწვევების ფონზე მოსავლის დაბინავება? ამ და მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გვესაუბრება:

- 2020 წლის გამოწვევების გამო რთველი კახეთში რთული იყო, თუმცა,
როგორც ვამბობდით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფერმერების ინტერესი მაქსიმალურად დავიცვათ, ანუ მათ მოახერხონ პროდუქციის ისე გაყიდვა, რომ შრომა დაუფასდეთ. ვფიქრობ, სახელმწიფომ ამ ამოცანას თავი გაართვა და რთველი კახეთში წარმატებით მთავრდება.

დღეისთვის კახეთში ღვინის რეგისტრირებულმა კომპანიებმა გადაამუშავეს 250 000 ტონაზე მეტი ყურძენი.
ეს არ არის
შარშანდელზე მეტი, თუმცა მაშინდელ რეკორდს უახლოვდება. ჩვენ ველოდით მოსავლის ზრდას, რადგან ვხედავთ, რომ ვენახები შენდება, წლიდან წლამდე ჩვენი ყურძნის წარმოება იზრდება, მაგრამ სეტყვამ, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტში მოვიდა, თავისი ქნა. წელს არც შაქრიანობა იყო ისეთი მაღალი, როგორიც 2019 წელს, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ და პანდემიის პირობებშიც კი უხვი მოსავალი მოვიწიეთ.

- მოსავლის დაბინავების სქემა როგორია?
- აქ რამდენიმე ფაქტორია აღსანიშნავი. არაერთხელ გვითქვამს, რომ 2020 წელი გამოწვევებით იყო აღსავსე და ღვინის სექტორი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დაზარალდა. გაყიდვის ძირითადი არხები გადაიკეტა და რა იქნება 2021 წელს, ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის ესეც გაურკვეველია, თუმცა რის გაკეთებაც ჩვენ წელს შევძელით, ვფიქრობ, იყო უპრეცედენტო. დავიცავით ორივე მხარის - მევენახეებისა და მეღვინეების ინტერესები და განვითარების უმნიშვნელოვანესი ტემპი, რომელიც გვაქვს 2012 წლიდან, შევინარჩუნეთ.

- ეს როგორ მოახერხეთ?
- გაზაფხულზევე დავიწყეთ სამზადისი, რაც გულისხმობდა მეღვინეობის სექტორისთვის კაპიტალური ინვესტიციების თანადაფინანსებას. ღვინის ქარხნის მფლობელები თუ შეიძენდნენ ახალ ცისტერნებს, სადუღრებსა და მანქანა-დანადგარებს, მიიღებდნენ შეღავათიან დაფინანსებას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული, თანაც ვიცოდით, რომ სიმძლავრეების გაზრდას 2-5 თვე სჭირდება. სხვაგვარად იმ ყურძნისთვის, რაც ქვეყანამ მოიწია, ცისტერნები არ გვეყოფოდა და უნდა გადაგვეყარა, რაც, სხვათა შორის, ბევრმა ქვეყანამ გააკეთა... ეს იყო ერთი ნაბიჯი. მეორე - ჩვენ გავაკეთეთ სუბსიდირება ჭარბ ყურძენზე, ძირითადად, რქაწითელზე. მინიმალური ფასი 80 თეთრით განისაზღვრა, რაც 2019 წლის ფასზე მეტია. ეს არის ფასი, რომელიც ფარავს ხარჯებს და მოგებას უტოვებს ფერმერებს.

ბევრ ქვეყანაში მხოლოდ კომპენსირება მოხდა, ხარჯი დაიფარა, რადგან ძალიან რთული იყო ამხელა მოსავლის დაბინავება.
ვფიქრობ, 2020 წელს ქვეყანამ რთველს წარმატებით გაართვა თავი. ყურძენი დაბინავდა და ჩაუბარებელი, ფაქტობრივად, არაფერი დარჩა. იყო რიგები, რაც რთვლის თანამდევი პროცესია, მაგრამ წელს არჩევნებია და ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ ამის პოლიტიზებაც სცადა, თუმცა დავინახეთ, რომ ეს იყო უსუსური მცდელობა - ის აპროტესტებდა ჩაბარების პირობებს, ვისაც ყურძენი საერთოდ არ ჰქონდა! გზის გადაკეტვის შემთხვევაც იყო, მაგრამ ამ ქმედებებს მასშტაბურობა არ შეუძენია, რადგან ყველამ დაინახა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.

ღვინის კომპანიებმა ბანკიდან აიღეს კრედიტი - 15-თვიანი მეღვინეობისთვის და 3-წლიანი - სპირტის წარმოებისთვის. ეს იყო შეღავათიანი სესხი, რომლის 8%, ანუ საპროცენტო განაკვეთი სახელმწიფომ გადაიხადა. ამ ყველაფრის შედეგად სექტორი უფრო მომზადებული და მოტივირებული შეხვდა რთველს და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვფიქრობ, კახეთში ყველაფერი გამორჩეულად წარმატებით დავასრულეთ.
შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი მოგეჩვენოთ, მაგრამ ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რადგან ვიცი, რა ხდება მსოფლიოში.

- დასავლეთ საქართველოშიც დაიწყო რთველი?
- რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ამჟამად მიმდინარეობს რთვლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები რაჭაში. სამუშაო ჯგუფის შტაბიც რაჭაში გადავიდა. დაახლოებით 2000 ტონამდე ალექსანდროულსა და მუჯურეთულს ველით. წარმოიდგინეთ, 2012 წელს 400-500 ტონა იყო მოსავალი, ახლა კი 5-ჯერ არის გაზრდილი. ამის შემდეგ ლეჩხუმში დავიწყებთ მოსავლის დაბინავებას და სახელმწიფო იქაც ბოლომდე მიჰყვება პროცესს.

ბოლო დეტალი, რაზეც მინდა გესაუბროთ, არის აღრიცხვიანობა და მიკვლევადობა, რაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხისა და პროცესის სამართლიანობისთვის. რამდენიმე წელია, სახელმწიფომ დაიწყო ელექტრონული პასპორტიზაცია. ელექტრონულ ბაზაში უკვე არსებობს ფერმერების შესახებ ინფორმაცია, რომელზეც ხელი მიუწვდება სამუშაო ჯგუფს და ხდება ადგილწარმოშობის ღვინოების მიკვლევადობა. მაგალითად, ღვინოების - "მუკუზანის", "ქინძმარაულის"" და ა.შ. ჩამოსასხმელად ყურძენი ბარდებოდა ვიდეოკამერების წინ. ეს იყო მონიტორინგის ახალი, თანამედროვე სისტემა. ყველა ღვინის კომპანია, ვისაც სურდა რთველში მონაწილეობა, აღიჭურვა სპეციალური კამერებით, სერვერებით, ინტერნეტკავშირით... ელექტრონული ტექნოლოგიები მაქსიმალურად გამოვიყენეთ, რათა არ ყოფილიყო რაიმე გადაცდომა და პროცესი გამჭვირვალედ წარმართულიყო. ამ ყველაფრის შედეგად
ქართული ღვინის სანდოობა იზრდება, რაც იმით დასტურდება, რომ წელსაც რთვლის დროს, მიუხედავად კორონავირუსის გამოწვევებისა, ბევრი ჩვენი უცხოელი ბიზნესპარტნიორი სტუმრობდა საქართველოს. ისინი ხედავენ, როგორ მიმდინარეობს რთველი, როგორ არის ორგანიზებული პროცესი, რაც, რა თქმა უნდა, ქართული ღვინის მიმართ ნდობასა და ჩვენი ღვინოების რეპუტაციას ზრდის, ეს კი საექსპორტო წარმატებას განაპირობებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
26-10-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
26-10-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?