ჭკვიანი, ღონიერი და მშვიდი, მაგრამ ვირივით ჯიუტი...
ჭკვიანი, ღონიერი და მშვიდი, მაგრამ ვირივით ჯიუტი...
ჯორი ცხოველთა სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ამტანი და ჭკვიანი არსებაა. იგი საუკუნეების განმავლობაში იყო ადამიანის საუკეთესო თანაშემწე. ჯორებს, სხვა ცხოველებთან ერთად, ომებშიც იყენებდნენ. პირველი მსოფლიო ომის დროს რამდენიმე მილიონი ცხოველი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ ძაღლები, რომლებიც მაცნეების როლს ასრულებდნენ და დაჭრილ ჯარისკაცებს ეძებდნენ, მტრედები, რომლებსაც წერილები ერთი ადგილიდან მეორეზე მიჰქონდათ, ცხენები და ჯორები, რომლებიც ჯარისკაცებს ემსახურებოდნენ და სამხედრო ტვირთი გადაჰქონდათ. მოკლედ, ჯორი ყოველთვის ითვლებო
და ადამიანის ერთგულ და საიმედო მეგობრად. ამ უწყინარ და სასარგებლო ცხოველზე თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე გვესაუბრება.

- ჯორი იშვიათი შინაური ცხოველია, ის არის ფაშატი ცხენისა და მამალი ვირის ნაჯვარი, ანუ ჰიბრიდი. ხოლო თუ მამა ცხენია, ხოლო დედა - სახედარი, მაშინ მათ ნაჯვარს ჯორცხენას ეძახიან. გარეგნულად ჯორი ზედმიწევნით ჰგავს ორივე მშობელს, თუმცა სახედარზე
მოზრდილია და ცხენზე პატარა.

ეს არის ძალიან ძლიერი, ღონიერი და მშვიდი ცხოველი, რომელსაც თავისი დედ-მამისგან ყველა საუკეთესო თვისება აქვს გამოყოლილი. ჯორი ისეთი ფიცხი არ არის, როგორიც ცხენი, მაგრამ ჯიუტი ხასიათი მაინც აქვს. ვინაიდან ძალიან ღონიერია, ტვირთის გადასატანად უძველესი დროიდან იყენებდნენ.

- რა გამორჩეული თვისება აქვს ჯორს?
- ის უნაყოფო ცხოველია, როგორც ყველა ჰიბრიდი, რომელსაც სხვადასხვა რაოდენობის ქრომოსომა აქვს. ჯორის მშობლები - ცხენი და ვირი განსხვავებული სახეობებია, ქრომოსომების განსხვავებული რიცხვით - ცხენს 64 ქრომოსომა აქვს, ხოლო ვირს - 62. ეს ხელს უშლის ქრომოსომების სწორ დაწყვილებას, რაც ჯორების უმეტესობას უნაყოფოდ აქცევს. ისინი ბიოლოგიურად მზად არ არიან გამრავლებისთვის. ჯორი საშუალოდ 30-40 წელიწადს ცოცხლობს, დაავადებების მიმართ გამძლეა, შესანიშნავად ეგუება ნებისმიერ კლიმატს. ჯორის საშუალო წონა 370-460 კილოგრამია, იმის მიხედვით, რა ჯიშის ცხენია მისი მშობელი. წონა დედაზეა დამოკიდებული - რაც უფრო დიდია ცხენი, მით უფრო მოსული და ახოვანი ნაშიერი უჩნდება. კარგად ნავარჯიშებ ჯორს შეუძლია ათეულობით კილოგრამი ტვირთი ატაროს და შეუსვენებლად გაიაროს 25-26 კილომეტრი. არც განსაკუთრებული კვება და მოვლა-პატრონობა სჭირდება, ამიტომ ეს ცხოველი თითქმის ყველგან იყო გავრცელებული - ევროპაში, ამერიკაში, აზიაში, აფრიკაში. ვერ დაასახელებთ ადგილს, სადაც ჯორი არ ჰყავდათ, თუმცა ყველაზე გამოსადეგი ეს ცხოველი მთაშია, სასაპალნედ და შესაბმელად ის შეუცვლელია. ჯორი ჯერაც გამოიყენება სამხრეთ კავკასიაში, თუმცა ამჟამად მისი რაოდენობა მცირეა.

- რა შემთხვევაში იძლევა ეს ცხოველი შთამომავლობას?
- ლიტერატურაში არ არის აღწერილი არც ერთი შემთხვევა, რომ ულაყი ჯორი ნაყოფიერი გამომდგარიყოს, რამდენიმე ფაშატმა ჯორმა კი ნამდვილად მოგვცა შთამომავლობა სუფთა სისხლის ცხენთან ან ვირთან შეჯვარების შემდეგ. როგორც წესი, მდედრი და მამრი ჯორი ერთმანეთს არ ეჯვარება, რადგან მათ არათავსებადი რეპროდუქციული სისტემა აქვთ. მსოფლიოში 60-მდე შემთხვევაა აღწერილი ფაშატი ჯორების მიერ ჩოჩრების დაბადებისა, თუმცა საკითხავია, აქედან რამდენია დადასტურებული. 2002 წელს ერთმა ჯორმა მაროკოში გააჩინა ჩოჩორი, 2007 წელს კი ფაშატმა ჯორმა ჩოჩორი კოლორადოში, აშშ-ის ერთ-ერთ შტატში დაბადა. მათი დედაშვილობის ფაქტი მეცნიერული ტესტებით დადასტურდა.

- საქართველოში არიან ეს ცხოველები?
- საქართველოში ჯორები აღარ არიან. თუმცა ამ ცხოველის წითელ ნუსხაში შეყვანა აუცილებელი არ არის. რატომ? სანამ დედამიწაზე ცხენი და ვირი არსებობს, მისი გადაშენება შეუძლებელია. ისინი ერთმანეთთან შეჯვარდებიან და გაჩნდება ჯორი - მშვიდი, სასარგებლო ცხოველი. მას არ ახასიათებს სიმფრთხალე და გაქცევა, ცხენის მსგავსად. რა თქმა უნდა, შეიძლება მასაც შეეშინდეს, მაგრამ ნაკლებად. ჯორი ძალიან მშვიდი ცხოველია, ძალიან გამრჯე და ღონიერი.

- ცნობილია, რომ ამერიკელმა მეცნიერებმა ჯორის კლონირებაც შეძლეს. როგორ მოახერხეს ეს?
- კლონირება რთული სამეცნიერო პროცესია, თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება. ამ მეცნიერული მეთოდით 2003 წელს აიდაჰოს უნივერსიტეტში გამოიყვანეს პირველი კლონირებული ჯორი, შედეგად დაიბადა პატარა ჩოჩორი. ეს იყო ჰიბრიდული ცხოველის კლონირების პირველი შემთხვევა, თუმცა კლონირება და ბუნებრივი გამრავლება ორი განსხვავებული გზაა.

- ზოოპარკში თუ გყავთ ეს ცხოველი?
- ჩვენთან, თბილისის ზოოპარკში, არ გვყავს და არც სხვაგან შემხვედრია, თუმცა მისი ყოფნა ძალიან კარგი იქნებოდა ბავშვების სასეირნოდ და გასართობად. ზოოპარკი, ძირითადად, გარეული ცხოველებისთვის არის. ჯორები უფრო ფერმებში ჰყავთ მთიან ქვეყნებში, სადაც მოსახლეობას ბარგის გადატანა უწევს - ამ დროს ჯორი შეუცვლელი ცხოველია. თუმცა ის ცივ ქვეყნებშიც ცხოვრობს და უდაბნოშიც. ჯორი ნებისმიერ კლიმატს ეგუება და ყველგან ახერხებს ადამიანს დახმარებას, რადგან სახედრის გამძლეობა და ცხენის ღონე აქვს - ყველაზე მოკლედ და ზუსტად ასე შეიძლება მისი დახასიათება.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები