სამაცივრე მეურნეობებმა ხილისა და კენკროვანების ექსპორტი გაზარდეს - კვირის პალიტრა

სამაცივრე მეურნეობებმა ხილისა და კენკროვანების ექსპორტი გაზარდეს

სოფლის მეურნეობისთვის სამაცივრე მეურნეობების მოწყობა საკმაოდ ძვირი ჯდება და ის ძირითადად სახელმწიფოს თანამონაწილეობით ხორციელდება. თუმცა არსებობს მცირე სამაცივრე მეურნეობები, რომლებიც ფერმერებმა მხოლოდ საკუთარი ხარჯებით შექმნეს. ფერმერთა თქმით, სამაცივრე მეურნეობებზე მოთხოვნილების ზრდა ერთმნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ხილისა და კენკროვანი კულტურების ექსპორტის ზრდაზე. დღეს საქართველოში 110 მოქმედი სამაცივრე მეურნეობაა, კიდევ რამდენიმე შენდება. არსებულ სიმძლავრეში დაახლოებით 500 000 ტონა ხილკენკროვანი კულტურების ნაყოფი ცივდება, რის შემდეგაც მათი ნაწილი უცხოეთში იგზავნება.

ყველაზე მეტი საწყობ-მაცივარი ქართლშია, ვაშლის მოსავლიდან გამომდინარე, თუმცა მათ ასევე აქტიურად მოიხმარს კახეთიც. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ რეკორდი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყშია, - აქ 16 მოქმედი სამაცივრე მეურნეობაა და კიდევ 4 შენდება. ამ მეურნეობების ერთ-ერთი მფლობელი იოსებ მანჯავიძე ადასტურებს, რომ სამაცივრე მეურნეობის გამოყენებამ ექსპორტის ზრდაზე მკვეთრი გავლენა მოახდინა.

- როდესაც ხალხს ვეუბნები, ჩუმლაყში 16 მაცივარი გვაქვს და 4 შენდება-მეთქი, ზოგს უკვირს, - ამდენი მაცივარი ერთ სოფელში რისთვის გჭირდებათო. მაგრამ ცხადია, ისე არაფერი კეთდება, მოთხოვნილება თუ არ არის. ჩუმლაყს ამდენი მაცივარი იმიტომ სჭირდება, რომ ხილის ბარაქიანობით განთქმული სოფელია. წლეულს ჩუმლაყ-გურჯაანიდან მხოლოდ ვაშლატამა 25 000 ტონა გავიდა ექსპორტზე. აქედან უდიდესი ნაწილი ჩუმლაყის იყო. გარდა ამისა, სხვა ხილი და მოსავალიც ხომ გვაქვს. განა ხილს საექსპორტოდ სხვა დროს არ ვგზავნიდით, მაგრამ მაცივრებმა ეს პროცესი ძლიერ შეცვალა უკეთესობისაკენ. ადრე ხილის ნაწილი დანიშნულების ადგილას უკვე დაზიანებული ჩადიოდა და გადასაყრელი ხდებოდა. მართალია, გასულ წლებშიც საექსპორტო ხილს პირდაპირ ბაღებში მიყვანილ მაცივარ-ტრაილერებში ვათავსებდით და ისე ვგზავნიდით საექსპორტოდ, მაგრამ ამ ტრაილერების კარი იმდენჯერ იღებოდა, რომ თბილი ჰაერი ხილს ჯერ კიდევ გზაში აზიანებდა. ახლა კი ხილი მოკრეფისთანავე მაცივრებში თავსდება, სადაც სახეობის მიხედვით 0-დან +15 გრადუსამდე ვაცივებთ და ამავე ტემპერატურით ვგზავნით ექსპორტზე. ცხადია, ასეთი ხილი უფრო ინახება, რადგან უკვე იმდენად არის გაცივებული, რომ მასზე თბილი ჰაერი ვეღარ მოქმედებს. ანუ ექსპორტის ადგილზეც საღად ჩადის, რაც დიდხანს რეალიზაციის საშუალებასაც იძლევა.

- შოკური გაყინვის მეთოდს არ იყენებთ ჩუმლაყის მეურნეობებში? - ეს მეთოდი, როდესაც ხილის შენახვის ტემპერატურა -15 გრადუსამდე იწევს და მერე კვლავ იმატებს, ძირითადად ხილ-კენკროვანის გაყინვას სჭირდება, ცხადია, მოცვი ან ჟოლო ვაშლზე ან ატამზე ადვილად ფუჭდება და გაყინვისას უფრო მაღალ ტემპერატურას მოითხოვს. ატამსა და ყურძენს ასეთი გაყინვა არ სჭირდება. სიმართლე რომ ვთქვა, რომც სჭირდებოდეს, წლეულს ისეთი მოთხოვნილებაა ექსპორტზე, რომ აქამდე ხილს ვერც მივიტანდით. სამაცივრე მეურნეობების დამსახურებითვე, არასტანდარტული ხილის გაცივებისა და შენახვის, მერე კი ხილის გადამმუშავებელ საწარმოში გადამუშავების შესაძლებლობა მოგვეცა. პირადად მე ხილის გადამმუშავებელი საწარმო სახელმწიფოს თანადაფინანსებით ავაშენე, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეძენილი, შემდეგ სამაცივრე მეურნეობაში შენახული ხილი გადამაქვს და წვენებს ვაწარმოებ. ანუ სხვადასხვა ხილის წვენს ერთმანეთში უშაქროდ ვურევ და ყველაფერ ამას ყურძნის წვენით ვატკბობ. რაც მთავარია, ეს წვენები უკვე გავიდა ბაზარზე. და არა მარტო ეს. არასტანდარტული პომიდვრის წვენზეც გვაქვს მოთხოვნა. უახლოეს დღეებში ამერიკაში გავგზავნით 5 კონტეინერ პომიდვრის სასმელებს.

უცხოეთში დიდი ხანია პომიდვრის წვენებს უშვებენ. სასიამოვნოა, რომ ჩვენი წვენი მათ კონკურენციას უწევს და რატომ - როდესაც ჩვენი და რიგი ქვეყნის პომიდვრის წვენი შევადარეთ, აღმოჩნდა, რომ უცხოური ნარევებით, მათ შორის პასტებითა და სახამებლით არის დამზადებული. ჩვენ კი 100%-იანი პომიდვრის წვენი გვაქვს. როცა ამერიკელებმა ეს წვენი ჩუმლაყში გასინჯეს, მაშინვე შემოგვთავაზეს გაგზავნა.

- ნამდვილად სასიამოვნოა, თუმცა თქვენ მსხვილი მეწარმე ხართ, რომელიც ხილს ექსპორტზე გზავნის და მოგებაც აქვს. რა მოგება აქვს სამაცივრე მეურნეობებით წვრილ ფერმერებსა და გლეხობას, რომლებიც თავიანთ მოსავალს თქვენს სამაცივრე მეურნეობებში ინახავენ. - არის მაცივრები, სადაც ხილის შენახვა ხდება, მაგრამ ჩვენთან გლეხები ხილს კი არ ინახავენ, არამედ შეგვასყიდიან. ზოგადად, დღეს ასეთი საჭიროება დადგა,

ფერმერებს ან გლეხებს ურჩევნიათ, თავიანთი მოსავალი მეწარმეს მიჰყიდონ, რომელსაც რეალიზაციისთვის გზების გაკვალვა შეუძლია.

ახლა კი, მოდი, ვთქვათ ასე, - როცა ექსპორტი გაიზარდა, ქვეყანაცა და მეწარმეც მოგებას ნახულობს, როცა კონკურენცია მაღალია, გლეხი თავისი 2-3 ტონა მოსავლით დაზარალებული რჩება თუ მოგებული? ლოგიკური ხომ არის, რომ ასე ყველა ვიგებთ. ზემოთ აღვნიშნე, რომ წლეულს 25 000 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, რაც 2 მილიონ-ნახევარი კილოგრამია. და ჩვენ აქედან ყოველი კილოგრამი 1,80-დან 2,40 ლარამდე ფასით შევისყიდეთ. ამის საშუალება გაზრდილი ექსპორტით მოგვეცა. არასტანდარტული ხილი კი, მაგალითად, გორის არასტანდარტული ვაშლი - 1 კილოგრამი 30-მდე თეთრად. ნუთუ ეს მოგება არ არის, რომ ვაშლი, რომელიც გასულ წლებში იყრებოდა, უკვე გლეხების ბაღშივე იტვირთება ჩვენს მანქანებზე და ამ ფულს ადგილზევე ვუხდით. დანარჩენი სტანდარტული ვაშლი კი 1,20-1,40 ლარად ვიყიდეთ. არა მხოლოდ ვაშლი.

სამაცივრე მეურნეობების წყალობით, არასტანდარტული ხილი, ფაქტობრივად, აღარ რჩება გასაყიდი. ეს იმ ფაქტორიდან გამომდინარეობს, რომ ქართული წვენების ექსპორტიც გაიზარდა.

დასასრულ, ჩვენ გავედით ევროკავშირის ბაზარზე, რაშიც წელს ძალიან შეგვიშალა ხელი პანდემიამ. სამაგიეროდ, იცით რა მოხდა, - რუსეთმა, რომელმაც ევროპიდან ვერაფერი მიიღო, უკვე ჩვენგან მოინდომა ხილის შესყიდვა, რაშიც ასევე სამაცივრე მეურნეობებმა ითამაშა როლი. ამ ქვეყანაში ფიქრობდნენ, რომ პოსტსაბჭოთა საქართველო ისეთ სტანდარტებს ვერ მიაღწევდა, რაც ევროპას აქვს. ახლა კი ნახეს, რომ მათ ბაზრებზე სტანდარტული და საუკეთესო ხარისხის ხილი ჩავიდა საქართველოდან. ამან ის გამოიწვია, რომ ისეთი პროდუქციაც კი გვთხოვეს, რომელიც ადრე აზრადაც არ მოსდიოდათ, მაგალითად, შინდი და წაბლი. კარგია, რომ ეს ფაქტორი გაჩნდა. რაც უფრო კარგად დაინახავენ რა შეგვიძლია, მით უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის.