"თუ არაფერს გავაკეთებთ, გვექნება მხოლოდ იმპორტული პროდუქცია და ჩვენსას ვერაფერს შევქმნით" - კვირის პალიტრა

"თუ არაფერს გავაკეთებთ, გვექნება მხოლოდ იმპორტული პროდუქცია და ჩვენსას ვერაფერს შევქმნით"

"ხელშეწყობა ყველა დამწყებ ფერმერს სჭირდება. რაღაც ამ სფეროში კეთდება, თუნდაც კოოპერატივები, მაგრამ ეს ცოტაა. კი, ბევრი გვაკლია, რომ ტექნოლოგიურად ხარისხიანი რძე ვაწარმოოთ. ჰიგიენური თვალსაზრისითაც დიდი პრობლემა გვაქვს, მაგრამ წინ ნელა მივდივართ"

მესხი ფერმერი ჯაბა ხმალაძე უცხოეთში სტაჟირებაზე ორჯერ იყო - ჯერ შვეიცარიაში და შემდეგ საფრანგეთში, რამაც მთლიანად შეცვალა საქმის მიმართ მისი დამოკიდებულება და მეთოდები. პროფესიით მხატვარ-დიზაინერია, მაგრამ ამ სფეროში არ უმუშავია - ინსტიტუტი 90-იან წლებში დაამთავრა, როცა პროფესიით საქმიანობა ძალიან ჭირდა.

- მთელი ბავშვობა ფერმასთან, პირუტყვთან მქონდა საქმე, ოჯახშიც ვინახავდით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ვაწარმოებდით რძეს, ყველს, გაგვქონდა აგრარულ ბაზარზე. ვაწარმოებდით საფურაჟე საკვებს. ამ ყველაფერს კი ვაკეთებდით, მაგრამ სხვა დარგების მსგავსად, არც აქ არ იყო განვითარების საშუალება. იმ პერიოდში "შვეიცარიის მთიანეთის განვითარების პროგრამამ" საქართველოში სხვადასხვა პროექტი განახორციელა და ერთ-ერთი გახლდათ 30 წლამდე ფერმერების შვეიცარიაში გადამზადება. მიჰყავდათ ახალგაზრდები, რომლებიც საკმაოდ რთულ კონკურსს გაივლიდნენ. მეცხოველეობაში იქ მიღებული ცოდნა შემდგომ ჩვენს რაიონში უნდა დაგვენერგა და სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. მოკლედ, 2002 წლის ზაფხულში ასპინძის რაიონიდან 4 ფერმერი შეგვარჩიეს.

- შვეიცარიაში საოჯახო მეურნეობაში მიგავლინეს? - ჩვენი მასპინძელი იყო ფერმერთა ოჯახი, რომლებთან ერთადაც ვმუშაობდით და ვცხოვრობდით. იმ დროისთვის ის ყველაფერი ჩვენთვის უცხო და საინტერესო იყო, რადგან ახალშემდგარი ქვეყნის მოქალაქეები ვიყავით. საოცარი იყო შვეიცარიის მოწესრიგებული, ულამაზესი სოფლების ხილვა.

მაისში ჩავედით და მთელი ზაფხული გავატარეთ მეცხოველეობის ფერმაში, რომელიც იყო როგორც მეხორცული, ისე მერძეული მიმართულების - რძესა და ხორცს აწარმოებდა. საფურაჟე საკვებსაც მოვიპოვებდით და მისი დამზადების ტექნოლოგიას ვსწავლობდით. მაღალ დონეზე ვეუფლებოდით რძის წარმოებასაც - ჰიგიენურ პირობებში როგორ უნდა მოწველილიყო ძროხა - წარმოებიდან გადამუშავებამდე ყველა ეტაპის მომსწრე და მონაწილე ვიყავით. შვეიცარიის ალპებში ალპურ ყველსაც ვაწარმოებდით.

იქ ტრადიციული ხალხი ცხოვრობს, გულღია. მე რეტორომანელების ოჯახში გახლდით. ალპებში თივის მოპოვებაც საინტერესო იყო, მნიშვნელოვანია მისი საზამთროდ დამზადების წესიც. ბალახს 100%-ით უნარჩუნდება ყველა საჭირო თვისება და ზამთარშიც ისეთივე საკვები ღირებულება აქვს, როგორიც ზაფხულში... მას მერე 18 წელიწადი გავიდა, საქართველოში კვლავ ხელით გვიწევს თივის სატვირთო მანქანებზე დატვირთვა. იქ პირდაპირ ხაზზე გროვდება, მანქანა კრეფს და საწყობ მეურნეობას ავტომატურად აწვდის.

- ამ ყველაფრის ნახვამ, ალბათ, ბევრი რამ შეცვალა თქვენთვის.

- აბსოლუტურად. ყველაფერი, რაც იქ შევისწავლეთ - აგრონორმებისა და ვადების დაცვა, საკვების დამზადება, ძალიან გამოგვადგა საქართველოში, ბევრსაც ვასწავლეთ და ავუხსენით. ზოგმა დაგვიჯერა, ზოგს მიაჩნია, რომ ჩვენს მამა-პაპას როგორც უკეთებია, მხოლოდ ისე უნდა აკეთოს. დიახ, უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ხომ შეიძლება გავაუმჯობესოთ? დღეს არაერთ ქვეყანაში რობოტები აკეთებენ ყველაფერს. ტექნოლოგიებზე უარის თქმა არ შეიძლება.

მოვისმინეთ პროფესიონალის მიხაილ ჰუსმანის ლექციებიც, რომელიც პროექტის ხელმძღვანელი იყო. მისგან ბევრი რამ ვისწავლეთ.

- მესხეთში ფრანგული ყველის წარმოება როგორ დაიწყეთ? - როცა დავბრუნდი, იმდენად ვიყავი შთაბეჭდილებებით სავსე, რომ გადავწყვიტე მსგავსი პროგრამები მომეძებნა. 2003 წელს აღმოვაჩინე კიდეც ფერმერთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია, რომელსაც კახა ნადირაძე ხელმძღვანელობს. გამიმართლა და 2004 წელს საფრანგეთში იმავე მიმართულების საოჯახო ფერმაში აღმოვჩნდი.

საფრანგეთში მარტო არ ვყოფილვარ. ჩემი მეგობარი და ნათესავი ლევან გელაძე რძის გადამმუშავებელ საწარმოში იყო, რომელიც ტრადიციულ ყველს ამზადებდა. ხარისხიანი რძის წარმოება იქ მნიშვნელოვანია, ჩვენთან კი ეს დღემდე პრობლემაა. ლევანი საფრანგეთის სამხრეთით, ალპურ ზონაში იყო, სადაც ტრადიციული ხალხი ცხოვრობს. რძისა და ყველის წარმოება ამ ხალხისთვის კულტურის დონეზეა აყვანილი - 600-მდე სახეობის ყველს აწარმოებენ! ლევანმა ეს ტექნოლოგიური მხარე კარგად აითვისა, მეც ვიყავი მათთან ცოტა ხანს. ყველამ მივიღეთ სათანადო სერტიფიკატი და ცოდნით შეიარაღებული დავბრუნდით. აქ ჩამოსულებმა ასპინძაში ყველის წარმოება გადავწყვიტეთ. ამაში ლევანის ფრანგი მასპინძელი, პროფესიონალი და კარგი პიროვნება დაგვეხმარა.

- როგორ? - დიდი საწარმო დიდ ხარჯს უკავშირდებოდა, ამის საშუალება არ გვქონდა. მან შემოგვთავაზა პატარა მინისაწარმო, ევროსტანდარტებში გადაწყვეტილი, თავისი სერტიფიკატით. ეს იყო ტრაილერი, რომელშიც დამონტაჟებული იყო მცირე საწარმო. საქართველოში ჩამოვიტანეთ, გავმართეთ და ასპინძაში დავიწყეთ მოსახლეობისა და ადგილობრივი ფერმერებისგან რძის შეგროვება, ასევე ფრანგული ყველის წარმოება. საკუთარი ხელით ვამზადებდით ფრანგულ ყველს.

- გაამართლა? - მოგეხსენებათ, უცხოური ყველის ბაზარი საქართველოში მწირია, მაგრამ პროდუქცია ძვირია. ვყიდდით სუპერმარკეტში. გემრიელი პროდუქტი გამოგვივიდა, რადგან ჩვენი რძე ერთ-ერთი საუკეთესოა შემადგენლობით. ჩვენი მიზანი იყო კონკურენცია გაგვეწია იმპორტირებული ყველისთვის, რომელიც აქ კილოგრამი 80-90 ლარი ღირდა, რაც ნაწილობრივ შევძელით - 30-35 ლარად ვყიდდით, მაშინ როცა იმერულის ფასი 6 ლარი გახლდათ.

რძის ბაზარი იაფი იყო, შექმნილი პროდუქტი კი ძვირი და ეს ყველაფერი ცხადია, გვიღირდა. მერე გარეშე მიზეზებით საქმე სხვანაირად წავიდა და შევაჩერეთ. მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში დავიწყე, სადაც ჩემს შვეიცარიულ-ფრანგულ გამოცდილებას რძის წარმოებასა და გადამუშავებაში მსურველებს ვუზიარებდი, კონსულტანტი გახლდით.

ახლა კვლავ კომერციაში ჩავერთე, თბილისში რძის პროდუქტების მაღაზია გავხსენით, სადაც ახალციხე-ადიგენის პროდუქტებს ვყიდით. იმ ფერმერებისგან, რომლებიც კარგ პროდუქციას აწარმოებენ, ვყიდულობ. ასე რომ, ახლა ასეც ვეხმარები ფერმერებს, ვაინტერესებ, მეტსაც ვუხდით, რომ კიდევ უკეთესი პროდუქტი დაგვიმზადონ. ყველის წარმოება ჩემი ჰობია და მალე აუცილებლად დავუბრუნდები ამ საქმეს.

- ჩვენს მკითხველს რას ურჩევთ? - ვისაც რაიმე საქმის დაწყება უნდა, აუცილებლად უნდა დაიწყოს - ფიქრსა და კეთებას შორის პატარა ზღვარია, რომელიც უნდა გადაილახოს. ეს საქმის ნახევარია.

აგრარული სექტორი მსოფლიოში მეტად რთული დარგია, ის მეტწილად სახელმწიფო დოტაციაზეა. თუ ფერმერებს არ მივეხმარებით ტექნოლოგიურ საკითხებში, თუნდაც ფინანსურად, არაფერი გამოვა, რადგანაც რთულ და შრომატევად პროცესში არიან ჩართული. ჩვენს ქვეყანაში თუ არაფერს გავაკეთებთ, გვექნება მხოლოდ იმპორტული პროდუქცია და ჩვენსას ვერაფერს შევქმნით. ხელშეწყობა ყველა დამწყებ ფერმერს სჭირდება. რაღაც ამ სფეროში კეთდება, თუნდაც კოოპერატივები, მაგრამ ეს ცოტაა. კი, ბევრი გვაკლია, რომ ტექნოლოგიურად ხარისხიანი რძე ვაწარმოოთ. ჰიგიენური თვალსაზრისითაც დიდი პრობლემა გვაქვს, მაგრამ წინ ნელა მივდივართ. თუ მთავრობა ხელს შეაშველებს, ფერმერებს პატარა საოჯახო მეურნეობები დაუფინანსდებათ, მაგას რა სჯობია?! მაშინ 10-15 წელიწადში დავეწევით ევროპას.