ტარიბანას ნუშის ბაღები
ტარიბანას ნუშის ბაღები
"ნუშის გაშენება იოლი არ არის. როგორც სხვა კულტურებს, მასაც კარგი მოვლა სჭირდება. უნდა დაიწყო წყლის წვეთოვანი სისტემით და დაამთავრო ყოველ წელიწადს გასხვლითა და მავნებლებზე შეწამვლით"

უამრავი შეცდომისა თუ არათანამიმდევრულობის მიუხედავად, რის გამოც ჯერ კიდევ ვერ გავძლიერდით, წინსვლა სოფლის მეურნეობაში მაინც შეინიშნება. გრძელვადიანმა პროექტებმა ნელ-ნელა გამოიღო ნაყოფი. მათ შორის ისეთიც, რომელიც მსოფლიო ბაზრისთვის არის პერსპექტიული. ბოლო წლებში საქართველოში რამდენიმე ათასი ჰექტარი ნუშის ბაღი გაშენდა. ამ ბაღებს ჯერ კიდევ არ დაუწყიათ მსხმოიარობა,
რასაც ნუშის კულტურის დამმუშავებელი საწარმოების აშენება უნდა მოჰყვეს. ნუში ტრადიციული ქართული კურკოვანი კულტურაა და უმეტესად იმ რაიონებშია გავრცელებული, სადაც ატამი ხარობს.

კახეთში, ტარიბანას ველზე, 2000 ჰექტარზე ნუშია გაშენებული. გურჯაანელ ფერმერ ჭიჭიკო გოლეთიანს 4 ჰექტარი ნუშის ბაღი აქვს, რომელმაც მსხმოიარობა შარშანწინ დაიწყო, თუმცა ჯერ სრულყოფილად არ
ისხამს. ამის მიუხედავად, ფერმერი ამბობს, რომ ნუშის ბაღი წლეულს უკვე მისცემს მოგებას.

- ქართული ხილის ექსპორტი უცხოეთში წელს გაიზარდა. როგორც ფერმერს, მეამაყება, რომ ნელ-ნელა ჩვენს ბაზარზე უცხოურ პროდუქციას ქართული ანაცვლებს.
ქართულ ბაზარზე ნუშის დეფიციტია, ამიტომ ჯერჯერობით არ ვგეგმავ ნუშის სხვაგან გატანას. მას ქართული ბაზარიც აითვისებს. ამას ისიც ამტკიცებს, რომ გარჩეული ნუშის ფასი თითქმის ორმოც ლარამდე ადის.

- ალბათ, ბაზარი შესწავლილი გქონდათ და ნუშის ბაღიც იმიტომ გააშენეთ.
- როდესაც ნუშის ბაღს ვაშენებდი, ვიცოდი, რომ ნუშზე მოთხოვნა თანდათან გაიზრდებოდა, მით უფრო, რომ ნუშის მსოფლიო ექსპორტიორ კალიფორნიაში წყლის ნაკლებობაა. წყლის დონემ ჭაბურღილებშიც დაიწია და პლანტაციები მოსავალს ვეღარ იძლევა. ამიტომაც კალიფორნიიდან ნუშის ბიზნესის გატანა იგეგმება.


სხვათა შორის, მაქვს სხვა კულტურების ბაღებიც, ნუშის ბაღი კი 7 წლის წინ სულ სხვა მიზეზით გავაშენე. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ჩვენს მიწაზე ყველაფერი ხარობს. ამავე დროს ის მიზანიც მქონდა, რომ ბაღში ადგილობრივი ხალხი დამესაქმებინა.
ნუშის გაშენება იოლი არ არის. როგორც სხვა კულტურებს, მასაც კარგი მოვლა სჭირდება. უნდა დაიწყო წყლის წვეთოვანი სისტემით და დაამთავრო ყოველ წელიწადს გასხვლითა და მავნებლებზე შეწამვლით.

მეც ასე მოვიქეცი. ბაღში ქართულ მწარე ნუშზე დამყნობილი ხეები დავრგე. ჩვენი ნუშის დედა საუკეთესოდ უძლებს ჩვენს პირობებს.

- მოსავლის მოცემა ბაღმა როდის დაიწყო?
- შარშანწინ. მაგრამ შარშანწინაც და შარშანაც წაგებაზე ვიყავით, წლეულს კი, ალბათ, მოგებაზე გავალთ.

- ნუშის დამმუშავებელი საწარმო, ალბათ, არა გაქვთ.
- საშრობი მაქვს, რათა დაკრეფილი ნუში გარეთა გარსის შემოცლის შემდეგ გამოვაშრო, მაგრამ ჯერჯერობით ჩემს მოსავალს ეს არ სჭირდება.
იმხელა ფართობი მაქვს, რომ ნუში გავშალო და ორპირ ქარზე გამოვაშრო. ჩვენი ბაღის ნუშის ჯიში ხელით ადვილად ტყდება. ასე რომ, სანამ საწარმოები გაიხსნება, არა გვიშავს, ვძლიერდებით.
არ შემიძლია არ აღვნიშნო სახელმწიფოს დამსახურებაც - შეღავათიანი აგროსესხები რომ არა, წინ ვერაფრით წავიდოდით.

- რამდენად პერსპექტიულია, რომ ნუშის მსხვილი ექსპორტიორი გავხდეთ?
- მაგალითად, ტარიბანას ველზე 2000 ჰექტარი ნუშის ბაღია გაშენებული და ხომ ცხადია, ამხელა ფართობზე ტყუილად არავინ იწვალებდა, ნუშს რომ პერსპექტივა არ ჰქონდეს. განა მარტო ტარიბანაში, ნუშის ბაღები გაშენდა გარდაბანში, ქარელში, მარნეულში, თბილისის გარშემოც გეგმავენ. დღევანდელი კვლევებით, კალიფორნიიდან ნუშის ბიზნესის გადატანა რამდენიმე ქვეყანაში იგეგმებოდა, მათ შორის ესპანეთში, აფრიკის ქვეყნებში. თუმცა ესპანეთში დიდი სასოფლო-სამეურნეო ხარჯებია, ხოლო აფრიკაში არასტაბილურობაა, ჩვენთვის კი ნუში მშობლიური კულტურაა, რომელსაც, მართალია, სამზარეულოში დიდად არ ვიყენებთ, მაგრამ კარგად ხარობს და გვიყვარს კიდეც. ასე რომ, ნუშს დიდი პერსპექტივები აქვს.

- რის შემდეგაც, ალბათ, მისი ფასი მაინც დაიწევა.
- კონკურენცია თავად დაარეგულირებს ბაზარს. ამ ეტაპზე კი მთავარია, უკვე გაშენებული ნუშის ბაღები ვახაროთ, ახალი შევმატოთ და მოვუაროთ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები