ავავსოთ საქართველოს ბეღელი!
26-10-2020
ავავსოთ საქართველოს ბეღელი!
როგორ ავაღორძინოთ ნახევრად დაცარიელებული სოფლები

"ჩვენ შეგვიძლია, საყოველთაო მხარდაჭერით ავაღორძინოთ სოფლის მეურნეობა, მთასა და ბარში ყველგან მოვიყვანოთ "პური ჩვენი არსობისა", რომ მოსალოდნელი­ კატაკლიზმების დროს ქვეყანას საკუთარი მარცვლეულის მარაგი ჰქონდეს. აქვე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოხალისეთა სასურსათო ბრიგადების საშუალებით მთისა და ბარის მიტოვებული და ნახევრად დაცარიელებული სოფლების აღორძინებას", - გვეუბნება საქართველოს მემამულეთა კავშირის პრეზიდენტი­ რაულ ბაბუნაშვილი, რომელსაც მარცვლეული კულტურებით ქვეყნის ხსნის პროგრამა აქვს და ახლა მას ჩვენც გვაცნობს.

- ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების
აღორძინება მართლაც შეგვიძლია, რითაც სოფლად მცხოვრებ ასიათასობით ადამიანს უკიდურესი გაჭირვებიდან გამოვიყვანთ. როგორ უნდა მოვიპოვოთ "პური ჩვენი არსობისა?"­ გეტყვით... საქართველოში, განსაკუთრებით - ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში, ძალზე დაბალ დონეზე დგას თავთავიანი კულტურების - ხორბლის, ქერის, ღომისა და სხვა ტრადიციული მარცვლეულის წარმოების საკითხი, არადა, ათიათასობით ჰექტარი მიწა დაუმუშავებელია.



- საიდან გაგიჩნდათ ასეთი იდეა?

- ჩვენთან ყოველდღიურად საკონსულტაციოდ ასობით მცირე ფერმერი მოდის და მათი საქმიანობის წყალობით გვაქვს ინფორმაცია. უმრავლესობის სურვილია ძირითადი მარცვლეული კულტურების - ხორბლისა და ქერის მოყვანა, მაგრამ მათი წარმოების ტექნიკური საშუალებები არა აქვთ.
ისიც ცნობილია, რომ დიდი კომბაინები მცირე ნაკვეთებში ვერ შედის. თუ გადავხედავთ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებში (ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი და სხვ.), ყველგან, როგორც ბარში, ასევე მაღალმთიან სოფლებში მცირეკონტურიან მიწებზე აწარმოებენ საკუთარი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მარცვლეულს. ამ ქვეყნებში უკვე არსებობს და გამოიყენება სხვადასხვა მოდელის მცირეგაბარიტიანი მარცვლეულის სამკალ-სალეწი ხელის ტრაქტორები და დანადგარები. ამით ასიათასობით წვრილ მეურნეს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თავისი ქვეყნის მარცვლეულით მომარაგებაში.

- მათი მაგალითი გამოდგება?
- თუნდაც ჩვენს მეურნეებს, მიწის მცირე მესაკუთრეებს, რომელთა რიცხვი თითქმის ნახევარ მილიონს აჭარბებს, ყოველწლიურად 200 ათას ტონაზე მეტი ხორბლისა და მარცვლეულის წარმოება შეუძლიათ. ამ მხრივ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რამდენიმე რაიონში პილოტპროექტების საშუალებით ათეულობით სოფელს დაურიგონ თავთავიანთი კულტურების სამკალი და გასალეწი მცირეგაბარიტიანი ტრაქტორები და დანადგარები. გამოუყონ მხოლოდ ხორბლის დასათესად განკუთვნილი მიწის ხვნის ვაუჩერი.­ დაეხმარონ საგაზაფხულო და საშემოდგომო ხორბლის თესლით,
თუმცა, მიგვაჩნია, რომ ქვეყნის სურსათით უზრუნველყოფის საკითხი მარტო სახელმწიფოს საზრუნავი არ უნდა იყოს, ამიტომ მივმართავდი ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა ბიზნესმენს, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა და აღელვებს მისი ბედი, უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფისთვის, დავეხმაროთ ჩვენს მეურნეებს მცირეკონტურიანი მიწის მოხვნაში და საშემოდგომო თუ საგაზაფხულო ხორბლის, ქერის სამკალი ტრაქტორებისა და სალეწი დანადგარების შეძენაში. მარცვლეულის წარმოების საქმე გავხადოთ საყოველთაო.

- როგორც აღნიშნეთ, სასურსათო ბრიგადები უნდა შეიქმნას. ეს როგორ წარმოგიდგენიათ?
- მნიშვნელოვან საქმედ მიმაჩნია სახელმწიფოსა და ბიზნესის დახმარებით ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში უმუშევართა არმიიდან შევქმნათ სასურსათო ბრიგადები, რომელთაც სოფლებში გავგზავნით, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მიტოვებულ მიწებზე აწარმოონ.
უნდა მივიღოთ კანონი, რომ სოფლად, სადაც არის საშუალება,­ მსურველს დროებით სარგებლობაში გადაეცეს სახელმწიფოს კუთვნილი სახნავ-სათესი მიწები, საძოვრები, სადაც შეიძლება მოვიყვანოთ მარცვლეულის მოსავალი.­ ასევე სასურსათო ბრიგადებმა შეღავათიანი ქირით დასამუშავებ­ლად უნდა აიღონ ის მიწები, რომლებიც კერძო საკუთრებაშია და მფლობელები ვერ იყენებენ.

ჩვენი გათვლით, ორ-სამ წელიწადში უნდა აღმოვფხვრათ ეკონომიკური სიდუხჭირე ქვეყნის ნახევრად მიტოვებულ სოფლებში, რათა მოსახლეობა კი არ დაიმშეს, პირიქით, მარცვლეულის მოყვანით მნიშვნელოვნად გაიზარდოს პირუტყვისა და ფრინველის ხორცის, კვერცხისა და რძის პროდუქტების წარმოება.

- სოფლის მეურნეობაში სრულფასოვანი საქმიანობისთვის ადამიანთა უმეტესობას პირობები მართლაც არა აქვს...
- სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხორბლის წარმოება ძალიან დაბალ დონეზეა. მოხმარების მხოლოდ 10%-ზე მეტი მოგვყავს, დანარჩენი უცხოეთიდან შემოდის. იცით, რატომ არის ასეთ დაბალ დონეზე ეს საქმე? ბევრს უნდა მიწის დამუშავება, მაგრამ საშუალება არა აქვთ. თურქეთსა და სხვა ქვეყნებში ეს პრობლემა გადა­ჭრილია. იქ მარცვლეულის როგორც დასათესი, ისე ასაღები დიდი კომბაინები მცირეკონტურიან მიწებზე არ შედის, მცირე ტექნიკით მუშაობენ, აქ კი ამ ყველაფრის უქონლობის გამო მიტოვებულია სოფლები. ჩემი მიზანია, უმუშევართა­ მრავალრიცხოვანი არმიიდან ჩამოყალიბდეს აგრობრიგადები თუ ჯგუფები, რომლებსაც გავგზავნით მიტოვებულ და ნახევრად დაცარიელებულ სოფლებში, სადაც აუარება მიწაა მისახედი, განსაკუთრებით - მთიან რეგიონებში. დამიჯერეთ, შეგვიძლია, ნაწილობრივ მაინც გამოვასწოროთ მარცვლეული კულტურების მოყვანის საქმე. თავიდან, ცხადია, ამ ყველაფრის განხორციელება გაჭირდება, მაგრამ ამის გამო უარი არ უნდა ვთქვათ.

- როგორ გგონიათ, ვინ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა და უშუალოდ ვინ უნდა უხელმძღვანელოს პროცესს?
- თავისუფლება უნდა მივცეთ მოხალისეებს, შექმნან აგრობრიგადები თუ აგროჯგუფები, რომლებიც თვითონ მიხედავენ თავს. საშუალება უნდა მიეცეთ, კანონის დაცვით, იჯარით, შეღავათიან ფასად აიღონ მიწები.

- ეს საქმე მხოლოდ მოხალისეების ნებაზეა დამოკიდებული?
- არა, რა თქმა უნდა. ხომ ვთქვი, რომ ბიზნესმენებმა, პოლიტიკურმა პარტიებმაც უნდა გამოიჩინონ თავი. არჩევნების წინ ხომ ყველა ეკონომიკის გაუმჯობესებას ჰპირდება მოსახლეობას. დააფინანსონ გარკვეული ჯგუფები, სახელმწიფომ კი 5-10-წლიანი იჯარით გადასცეს მიწები დასამუშავებლად. ისინი არა მარტო დოვლათს შექმნიან, არამედ გარემოსაც მოამზადებენ საოჯახო ტურიზმის განსავითარებლად.

- როგორ გგონიათ, ამდენი მოხალისე მოიძებნება?
- მემამულეთა კავშირში ყოველდღიურად მოდის ხალხი სხვადასხვა საკითხზე. მოიძებნება კი არა, უამრავი მსურველი გამოჩნდება. ათასობით ადამიანთან მისაუბრია, რომელთაგან ზოგი უკვე ჩართულია ხორბლის წარმოებაში და მათ კიდევ სჭირდებათ ფართობი, რომ განავითარონ მეურნეობა. მაგალითად, კახეთის რაიონებში ბევრია ასეთი მსურველი. აქ ხორბალი ისედაც მოჰყავთ და მოწინავე ფერმერებს შეუძლიათ, მოხალისეთა ჯგუფები გაგზავნონ, მაგალითად, ხევსურეთში, თუშეთში, ფშავში, რაჭაში, სვანეთში.

საქართველოში ადრეულ საუკუნეებში ხორბალი არ შემოჰქონდათ, ქართველებს საკუთარი ჰქონდათ, თან საუკეთესო ხორბლის ჯიშები. მოკლედ, მარცვლეულის წარმოება უნდა გახდეს მნიშვნელოვანი საკითხი. გერმანიის კანცლერი კონრად ადენაუერი ამბობდა, რომ "ქვეყანა, რომელიც ვერ აწარმოებს ხორბლის 70%-ს, ეკონომიკურად განწირულია". 70-ს კი არა, 20%-საც ვერ ვაწარმოებთ. მარცვლეულზე დამოკიდებულია მეცხოველეობის განვითარებაც. ეს საქმე უნდა გახდეს ძირითადი, რომ გლეხმა თავიც ირჩინოს და სოფელსაც მიხედოს.

- ამ საკითხზე მთავრობას თუ მიმართეთ?
- მიმართვები უკვე გავგზავნე პრემიერ-მინისტრისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მივიღე გამოხმაურება, მაგრამ მინდა, ეს პროექტი საყოველთაო, სახალხო გახდეს, სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს და ამ საქმიანობაში ჩაერთოს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფსებთ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს არჩევნების მეორე ტურში?
თვის კითხვადი სტატიები