"პირუტყვი ბიზნესი" მეტყველი შემოსავლით - კვირის პალიტრა

"პირუტყვი ბიზნესი" მეტყველი შემოსავლით

ადამიანის ცხოვრების ხარისხს რომ უმთავრესად მისი შრომა განაპირობებს, აქსიომაა, მაგრამ ამაში ბევრი ჯერ ვერ დარწმუნდა, ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებას იმ ადამიანების შესახებ ვუამბოთ, ვინც მხოლოდ საკუთარი შრომით დადგნენ ფეხზე. მათ შორის არის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველის სკოლის ბუღალტერი მაყვალა შველიძე, ქალბატონი, რომელმაც სამი ვაჟი შრომის სიყვარულით გაზარდა. რამდენიმე წლის წინ მან სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ პროექტს ხელი მხოლოდ იმიტომ მოჰკიდა, რომ განვითარების შანსი ხელიდან არ გაეშვა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების იმედი მაინცდამაინც არ ჰქონია, თუმცა კიდეც გაიმარჯვა და გაფართოებულ მეურნეობასაც მშვენივრად მართავს.

მაყვალა შველიძე: - მთელი ჩემი ცხოვრება სოფელ დიდველაში გავატარე. აქ დავიბადე, დავოჯახდი, შვილებიც აქვე დავზარდე, ვმუშაობ სკოლაში ბუღალტრად. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ სხვა ასპარეზი არასოდეს მომისურვებია. წარმატების მიღწევაც ჩემს სოფელში მინდოდა. არასოდეს გავჩერებულვარ, სულ ვშრომობდი და შვილებსაც შრომის სიყვარულით ვზრდიდი. ჩემი ოჯახის შემოსავლად პირუტყვი ვაქციე, რომლის მოვლა ბავშვობიდან ვიცი და შვილებსაც ვასწავლე. 2011 წელს, როცა სოფლის მეურნეობის ახალი პროექტის შესახებ შევიტყვე, 11 სული მეწველი პირუტყვი მყავდა. მითხრეს, ერთ-ერთი შვედური ორგანიზაცია სოფლად ბავშვების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობს და ხომ არ გინდა, პროექტი შენც დაწეროო. მეც ვიფიქრე, რომ შანსი გამომიჩნდა და უნდა გამომეყენებინა, მით უფრო, რომ შემეძლო, ამ პროექტით ფერმაც ამეშენებინა. ასეთ პროექტში გამარჯვებას სხვა მნიშვნელობაც ჰქონდა - როდესაც სოფელში, სადაც არასოდეს ფერმა არ ყოფილა, ააშენებ ფერმას და ხალხი დაინახავს, როგორ აუმჯობესებს ის ოჯახის შემოსავალს, ნუთუ არავის მოუნდება იგივე გააკეთოს თავისი შვილების კეთილდღეობისთვის?!

მოკლედ, პროექტი მე დავწერე, ფერმის ნახაზი კი ჩემს ინჟინერ ძმას დავახაზვინე. მერე სოფლის მეურნეობის ადგილობრივი საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებს ჩავაბარე და მივივიწყე, ჩემს პროექტს კი თურმე შვედეთი მოუვლია, გაუმარჯვია და დამირეკეს, გამარჯვებული ხარ, პროექტს საუცხოო ნახაზიც ახლავს, მაგრამ სტანდარტული ფერმის ნახაზით უნდა შევცვალოთო. ცოტა ხანში სამშენებლო მასალა მომიზიდეს და მითხრეს, აშენებას შეუდექი და თუ რამე დაგაკლდება, ისევ ჩვენ დაგეხმარებითო. პროექტი თანამონაწილეობას გულისხმობდა და ეს ადვილი არ იყო. ბოლოს ფერმა ისევ ჩემმა ძმებმა ააშენეს, რომლებმაც ეს საქმე საუკეთესოდ იციან. ნაგებობა ისეთი კარგი გამოვიდა, ხალხი მეუბნებოდა, ცოდოა, რომ პირუტყვმა გააფუჭოსო. როდესაც პროექტის წარმომადგენლებმა ნახეს, ისე მოეწონათ, რძის საწველი აპარატი მაჩუქეს, თუმცა ეს პროექტით გათვალისწინებული არ იყო. ძალიან გავიხარე - არ იყო ადვილი ძროხების ხელით წველა, მით უფრო, რომ პირუტყვის მიმატება დავიწყე, მათი მაღალი წველადობის პირუტყვთან შეჯვარებაც გადავწყვიტე. მოგეხსენებათ, ქართული პირუტყვი ე.წ. ნათესაური შეჯვარებით არის დაკნინებული და ხშირად 12 ლიტრზე მეტს არ იწველის, შვიცის ჯიშის ფურები კი 30 ლიტრამდეც კი იწველიან. აღსანიშნავია, რომ შეჯვარების საქმეშიც ძალიან დამეხმარნენ სოფლის მეურნეობის ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენლები. ჩვენთან ახლოს ასეთი პროფილის ვეტერინარი არ იყო, ამიტომ დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რაიონიდან ჩამოიყვანეს. ახლა უკვე შვიცის ჯიშის ორი ხბო მყავს და ამ ჯიშის გამრავლებას მომავალშიც ვაპირებ. შედეგად ფერმაში წველადობაც მოიმატებს, თუმცა იმ დროისთვის, ალბათ, აპარატურაც უკეთესი მექნება. ჩვენს საქმეში განვითარება აუცილებელია.

- რძის ნაწარმს სად ყიდით, ან ვინ გეხმარებათ პირუტყვის მოვლაში?

- ადრე ჩემი სამივე ვაჟი მეხმარებოდა. დღეს არც ერთი შინ არ არის, მაგრამ მეუღლე მეხმარება. პირუტყვის მოვლასთან ერთად, პირუტყვის საკვებ თეთრ ჭარხალსაც ბევრს ვთესავთ. ავტომანქანა გვყავს და ყოველ შაბათს, როცა სკოლაში არ ვარ, ყველი ქუთაისის ბაზარზე ჩაგვაქვს გასაყიდად. იქამდე სულ 20 წუთის გზაა. ბაზარში საკუთარი კლიენტები მყავს, რომლებიც მთელ მარაგს ნახევარ საათში მაყიდვინებენ, თუმცა ამ ბაზარზე დასამკვიდრებლად ბრძოლა დამჭირდა - ყველს ჯერ ვაჭრებს ვაბარებდი ღირებულებაზე ნაკლებ ფასად. ისინი მეუბნებოდნენ, შენ რომ გვერდით დაგვიდგე, ჩვენ ვეღარაფერს გავყიდითო. მერე მაღაზიების მეპატრონეებმა მითხრეს, ვაჭრების ფასად შენს ნაწარმს ჩვენც შევიძენთო, მაგრამ ყველის ჩასაბარებლად ქუჩა-ქუჩა სიარულის დრო არა მქონდა, ამიტომ მერიას მივაკითხე, ჩემი ყველის ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო და ქუთაისის ბაზარში ვერ შევდივარ, ჰოდა, ეს საქმე მოაგვარეთ, თქვენი ვალია-მეთქი, თან თბილისის ყველის ფესტივალზე გადაღებული ფოტოები ვაჩვენე. მართლაც ყველაფერი მომიგვარეს და ახლა უკვე ბაზარში ვყიდი. ვაჭრებიც შეეგუვნენ ჩემს იქ ყოფნას, რადგან კლიენტი ჩემს პროდუქციას ნახევარ საათში აქრობს და მეც ბაზარში აღარ ვჩერდები. კლიენტებთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ხშირად ყველას მოთხოვნას ვერც ვაკმაყოფილებ, ამიტომ ვაფრთხილებ, ვისაც წინა შაბათს არ შეხვდა ყველი, ახლა მათ უნდა მოვემსახურო და ნუ მისაყვედურებთ-მეთქი. იმასაც ვეუბნები, როდესაც დადგება დრო და ყველს ვეღარ ჩამოვიტან გასაყიდად, ჩვენ მაინც ახლობლებად უნდა დავრჩეთ-მეთქი.

- და ვინ ჩაიტანს?

- მოიძებნება მაგ საქმის გამგრძელებელი - ჩემი შუათანა ვაჟი ამჟამად ჯარში მსახურობს კონტრაქტით და ხშირად გვეხმიანება, ალბათ, მოგაკლდათ ჩემი ხელიო. ის აუცილებლად წინ წასწევს ამ საქმეს და ყველის რეალიზატორებსაც დაასაქმებს. სხვა ვაჟებსაც უყვართ შრომა, მაგრამ ამჟამად დედაქალაქში მუშაობენ. ბინების შეძენაში ჩვენ დავეხმარეთ. დღეს ყველამ იცის, ბინა როგორი ძვირი ღირს და როდესაც სოფლის შრომა ამ ღირებულებას იხდის, ეს სახუმარო საქმე არ არის. ამიტომაც მესახება სოფელი საიმედოდ.