რაჭაში გადამუშავებულია რეკორდული რაოდენობის ყურძენი - მევენახეებმა შემოსავლების სახით 16 მლნ ლარზე მეტი მიიღეს - კვირის პალიტრა

რაჭაში გადამუშავებულია რეკორდული რაოდენობის ყურძენი - მევენახეებმა შემოსავლების სახით 16 მლნ ლარზე მეტი მიიღეს

მიმდინარე წელს "რთველი 2020"-ის ფარგლებში რაჭაში ყურძნის რეკორდული რაოდენობა - 2400 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთული გადამუშავდა. მევენახეებმა წელს 16 მლნ ლარზე მეტი მიიღეს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2000 ტონა იყო, შემოსავლები კი - დაახლოებით 13 მლნ ლარი.

გასული წლების მსგავსად, წელსაც განსაკუთრებული ღონისძიებები გატარდა ღვინო "ხვანჭკარის" ჯიშობრივი სიზუსტისა და ხარისხის დასაცავად. კერძოდ, ყურძნის ყველა მიმღებ პუნქტზე ამპელოგრაფები ამოწმებდნენ ჩასაბარებელ ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოეწყო სპეციალური ბლოკ-პოსტები, რათა სხვა მუნიციპალიტეტებიდან არ შემოეტანათ ყურძენი და მუჯურეთულ/ალექსანდროულში არ შეერიათ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, რთვლის საკოორდინაციო შტაბის უფროს ლევან მეხუზლას განცხადებით, მოსავლის დაბინავების პარალელურად, უპირველესი ამოცანაა ქართული ღვინის და ამ შემთხვევაში "ხვანჭკარის" ხარისხის დაცვა და უნიკალური თვისებების შენარჩუნება.

"რაჭაში რთველს თავისი სპეციფიკა აქვს და ის კახეთის სპეციფიკისგან განსხვავდება. ყურძნის კრეფის დაწყებამდე ერთი თვით ადრე რეგიონის ყველა შემოსასვლელში მოეწყო ბლოკ-პოსტი, რათა ყურძენი სხვა რეგიონებიდან არ შემოეტანათ. მოწმდებოდა თითოეული მანქანა. რაჭაში ყურძენი ბარდება ყუთებით, ამპელოგრაფები ამოწმებდნენ თითოეულ ყუთს, რომ არ მომხდარიყო ჯიშების შერევა", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით ქალაქ ამბროლაურში ფუნქციონირებდა რთვლის საკოორდინაციო შტაბი.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ადგილზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტი იყო გახსნილი, რამაც მოსახლეობას მოსავლის დროულად და შეუფერხებლად დაბინავების შესაძლებლობა მისცა.