ქალაქიდან სოფელში დაბრუნებული კახელი ბიჭის ამბავი
ქალაქიდან სოფელში დაბრუნებული კახელი ბიჭის ამბავი
"თხილის პლანტაცია ახალი გაშენებული გვაქვს, მაგრამ შარშანაც და წლეულსაც მაღალხარისხოვანი მოსავალი მოგვცა"

საქართველოს სოფლის მეურნეობას უეჭველად ელოდება დრო, როცა მისი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზეც დამკვიდრდება. ცხადია, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ეს რომ აუცილებლად მოხდება, ამას თუნდაც ახალგაზრდობის სოფლად შრომით დაინტერესება მოწმობს, იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერ სარგებლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით და ბევრი შრომაც უწევს. ლაგოდეხელი ავთანდილ ბუაძე რამდენიმე წელიწადია, სოფელ შრომაში შერეული კულტურების, თხილისა და ჟოლოს პლანტაციებს აშენებს, და არა მხოლოდ ამას.
ყველაფერს უმცროს ძმასთან ერთად უძღვება და მეურნეობის გაფართოებასაც აპირებს.

- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურაც გავასრულე. ასე რომ, სწავლისთვის ცოტა დრო როდი დამითმია.
თუმცა ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ თუ მხოლოდ განათლებას მივყვებოდი, თეორიის გარდა არაფერი შემრჩებოდა. ჰოდა, დავბრუნდი სოფელში, სადაც გადავწყვიტე, უფრო მეტი მოსავალი მომეყვანა.
ამით უკეთ მივხვდებოდი, რომ ჩემს შრომას დოვლათის შექმნა შეუძლია, მაგრამ ესეც არ კმაროდა სოფლად დასაბრუნებლად. როცა მეკითხებიან, რატომ დავბრუნდი სოფელშიო, ვპასუხობ, იმიტომ, რომ აქაურობა მიყვარს-მეთქი.

მე და ჩემი ძმა მამას ბავშვობიდან ვეხმარებოდით, კაცებივით ვედექით მხარში. მაშIინაც ვიცოდი, რომ შრომით აუცილებლად შევქმნიდი ისეთ პირობებს, რომ ფეხზე მყარად დავმდგარიყავი. რასაკვირველია, მარტივი არ არის, რომ უამრავი საქმიდან დრო ყველაფრისთვის გაანაწილო, ძალიან ვიღლები, მაგრამ ჩემი ძმაც ჩემთან ერთად შრომობს, თანაც მთავარი ის არის, რომ შრომის შედეგს ვხედავთ.

ჩვენს მეურნეობას თანდათან ვამატებთ ფართობებს. თავიდან მიწა დიდი არ გვქონდა. ახალშეძენილ ნაკვეთებზე ჯერ თხილის პლანტაცია გავაშენეთ, მერე ჟოლოც. გარდა ამისა, სიმინდი მოგვყავს და გვაქვს ვენახიც. ნაკვეთები, უმთავრესად, ემიგრაციიდან მამაჩვენის გამოგზავნილი ფულით შევიძინეთ. ასე, ნელ-ნელა ვფართოვდებით.

- კარგია, რომ ემიგრაციიდან მოწოდებულ თანხას გააზრებულად ხარჯავთ. ბევრი ემიგრანტის შვილი გამოგზავნილ ფულს უმიზნოდ ფლანგავს.
- მამაჩემის შრომა უცხოეთში იოლი არ არის, ვიცით მისი ფასი. გარდა ამისა, მამა-პაპის ნაამაგარის აღდგენის ისეთი სურვილი მაქვს, სხვანაირად ვერც ვიფიქრებდი. მოკლედ, პირველად თხილი გავაშენე. გამიგონია, რაკი თხილი დასავლეთ საქართველოში გაფუჭდა, ხალხმა მისი აჩეხა მოინდომაო, რასაც ვერ დავეთანხმები - თხილს თუ მოუვლი და მავნებელს არ დაანებებ, ყველაზე `მონდომებული~ კულტურაა, რომ მოსავალი მოგცეს. ჩვენ ახალგაშენებული თხილის პლანტაცია გვაქვს, მაგრამ შარშანაც და წლეულსაც ძალიან მაღალხარისხოვანი მოსავალი მოგვცა. ამიტომ არც იაფად გაგვიყიდია. ლაგოდეხში თხილი 7-8 ლარი ღირს. ამით ის დანახარჯიც ამოვიღეთ ნაწილობრივ, რაც თხილის პლანტაციის გაშენებაში ჩავდეთ.

გარდა ამისა, ჟოლოს მოსავალიც გვქონდა, ოდნავ კი დაგვიზიანდა, მაგრამ არა უშავს, მეურნე ერთი კულტურის იმედად არ უნდა იყოს, ზარალი სოფლის მეურნის შრომაში ხშირად არის ხოლმე. ჟოლო ჩემთვის ახალი კულტურაა და მაშინვე ვერ მივხვდი, რომ მავნებელი ჰყავდა, ფოთოლზე არაფერი ეტყობოდა, თორემ ბევრად უკეთეს მოსავალს ავიღებდით.

- რომელმა მავნებელმა დააზიანა?
- სოკომ, რომელიც ღეროებსა და ყუნწებზე ვლინდება და აფუჭებს. დროთა განმავლობაში მცენარე სუსტდება, ზრდაში ჩამორჩება და მისი გამძლეობის უნარი ქვეითდება, მაგრამ ყველაფერი შევისწავლე და ვუშველე.
სამაგიეროდ, სიმინდი წლეულს შესანიშნავი გვქონდა.

ლაგოდეხში ძირითადად ჰიბრიდულ სიმინდს ვთესავთ, რომელიც პირუტყვისთვის შესანიშნავი საკვებია, მაგრამ მისგან არც მჭადი ცხვება უგემური. შესაძლოა მეგრული ან იმერული მჭადის გემო აკლდეს, მაგრამ ყველაფერი რიგზეა.
ვენახიც მაქვს. მართალია, ლაგოდეხში იმდენი ყურძენი არ მოგვდის, როგორც გურჯაანში, მაგრამ ღვინო ჩვენც კარგი გვაქვს. ამისთვის ძველი ვენახის გაახალგაზრდავებას 4 წელიწადი შევალიე. სამაგიეროდ, კმაყოფილი ვარ, წლევანდელმა ყურძენმა ისეთი სტიმული მომცა, რომ გაისად უფრო ხალისით ვიშრომებ. გარდა ამისა, წლევანდელ მოსავალში აღებული თანხა მომავალი წლის მოსავლისთვის გადავდე. სხვა კულტურების გაშენებასაც ვაპირებთ.

- როგორც მითხარით, ძმასთან ერთად შრომობთ... არ გეკითხებიან, როგორ მოხდა, რომ ქალაქიდან სოფელში დაბრუნდით და მიწიდან თავს არ იღებთ, როგორ არ იღლებითო?
- კი, ხანდახან მეკითხებიან, გართობა არ გინდა, არ იღლებიო და ა.შ. როგორ შეიძლება ამდენმა შრომამ ადამიანი არ დაღალოს, როგორ შეიძლება ახალგაზრდა კაცს მეტი მხიარულება არ მომინდეს... მაგრამ როდესაც საკუთარი შრომის შედეგს იღებ, ეს ისეთი სტიმულია, რაც ყველაფერს გავიწყებს. ასე რომ, როცა მინდა, საჭესთან დავჯდები და დედაქალაქში წავალ, სადაც გართობა შემიძლია, მაგრამ აუცილებლად კვლავ სოფელში დავბრუნდები.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები