სახედრების პირველი ფერმა საქართველოში
სახედრების პირველი ფერმა საქართველოში
"ვირის რძის არც ადუღება შეიძლება და არც გაცხელება, რადგან სასარგებლო თვისებებს კარგავს"

სოფელ გამარჯვებასთან ახლოს სახედრების პირველი ფერმა თორნიკე ტეფნაძეს ეკუთვნის. ფერმის შექმნის იდეა 5 წლის წინ გაუჩნდა.

- ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა პროფესიით არ მიმუშავია, სხვა მიმართულებით წავედი და საბოლოოდ მაინც ამ სფეროს დავუბრუნდი. იდეა დაახლოებით 5 წლის წინ გაჩნდა. დიდძალ ინფორმაციას გავეცანი ვირის რძის სასარგებლო თვისებების შესახებ. დღეს უკვე მსოფლიო მასშტაბით არის ცნობილი სახედრის რძის სარგებლიანობა. ის გამოიყენება
ბავშვთა კვებაშიც, რადგან ვირის რძე შემადგენლობით ახლოს დგას დედის რძესთან. საფრანგეთის ეროვნული აგრარული კვლევითი ინსტიტუტის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ვირის რძე შეიცავს 68,8 გ/ლ ლაქტოზას, რაც თითქმის იდენტურია დედის რძის მაჩვენებლისა (70 გ/ლ). კაზეინისა და ცხიმების დაბალი შემცველობის გამო საუკეთესო საშუალებაა იმ ახალშობილებისა თუ ბავშვებისთვის, რომლებსაც
ძროხის, თხის ან სხვა სახის რძეზე ალერგია აქვთ.

საქართველოში ვირი მხოლოდ შრომასთან, ექსპლუატაციასთან ასოცირდებოდა. ვიცოდი, რომ ამ რეალობაში ძნელი იქნებოდა იდეის ხორცშესხმა და საფუძვლიანი საინფორმაციო კამპანია დაგვჭირდებოდა. გავეცანი უცხოურ წყაროებს, უამრავ სტატიას, მეცნიერების, ალერგოლოგების, პედიატრების, იმუნოლოგების სამეცნიერო გამოკვლევებს. პროგრამამ "აწარმოე საქართველოში" დამაფინანსა, შემდეგ კარგა ხანს საქართველოს რამდენიმე რაიონში მომიხდა მოძიება და ფერმაც ავაშენე. პარალელურად შევქმენი ფეისბუკგვერდი, სადაც ვწერდი ვირის რძის სარგებლიანობის შესახებ. უკვე შემიძლია თქმა, რომ ჩანაფიქრმა გაამართლა. სხვათა შორის, უკვე ცნობილი პედიატრები, ალერგოლოგები თუ იმუნოლოგები გვიგზავნიან პაციენტებს. ბევრს ჰგონია, ვირის რძე ყველა დაავადებას, ვთქვათ, მეოთხე სტადიის სიმსივნესაც კურნავს, მაგრამ ასე არ არის. მხოლოდ ადრეულ სტადიაზე ებრძვის კიბოს უჯრედებს. ხელს უწყობს იმუნოდეფიციტის შევსებასაც ქიმიოთერაპიის მსვლელობისას.


სახედრის რძე გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით სასუნთქი გზების დაავადებებისა და ინფექციების წინააღმდეგ, ამაგრებს გულ-სის­ხლძარღვთა სისტემას, წმენდს ფილტვებს,­ აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, ამცირებს ქოლესტერინს, შესანიშნავი ეფექტი აქვს დიეტის დროს, ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიფიკაციას, ებრძვის კანის დაავადებებს, სტრესისგან თუ სხვადასხვა დაავადებისგან გამოწვეულ გადაღლილობას. ვიტამინების (A, B1, B2, B6, C, D და E) მაღალი შემცველობის წყალობით, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, რაც უჯრედის დაბერებას ხელს უშლის და ორგანიზმს აახალგაზრდავებს. ვირის რძე პოტენციასაც აძლიერებს.

- კოსმეტიკაშიც გამოიყენება და თუ აპირებთ ამ მიმართულებით განვითარებას?
- 4 სახის საპონს (ლავანდის, სპირულინას, შოკოლადის ექსტრაქტითა და აბრეშუმის) უკვე ვამზადებთ და მალე კიდევ 4 სახეობას დავამატებთ. სახედრის რძესა და მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული საპონი არბილებს და ატენიანებს კანს, ახასიათებს ანტიბაქტერიული, ანტიმიკრობული თვისებები. შოკოლადის საპონს აქვს მატონიზებელი თვისება და ცელულიტს ებრძვის, აბრეშუმის საპონი განკუთვნილია ბავშვებისთვის, რადგან ანტიალერგიული და ანტიბაქტერიულია.

- სახედრებს როგორ უვლით?
- უწყინარი და უპრეტენზიო ცხოველები არიან, განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებენ. იღებენ ბუნებრივ პროდუქტებს, დანამატების გარეშე, ბალახს ძოვენ. ამიტომაც რძეც 100%-ით ნატურალურია, თუმცა ზოგი ეჭვობს, წყალი ხომ არ ურევიაო? წყლის გარევა დაუშვებელია, რძეც დაკარგავს სარგებლიანობას და ჩვენი საქმიანობაც.

- მომხმარებელს რა სახით სთავაზობთ რძეს?
- ნახევარლიტრიანი ბოთლებით. მაღაზიებში ვერ შეგვაქვს, რადგან ამდენი ჯერ არა გვაქვს - სახედარი ძალიან ცოტას, 200-300 გრამს იწველის. ჩოკინასაც უნდა დარჩეს რძე, თორემ დედა ლაქტაციას ვერ შეინარჩუნებს და გაშრება. თანაც მაღაზიაში შეტანილს აუცილებლად პასტერიზება სჭირდება, რაც მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებას მოითხოვს. ვირის რძის არც ადუღება შეიძლება და არც გაცხელება, რადგან სასარგებლო თვისებებს კარგავს.

- მალფუჭებადი პროდუქტია და რეალიზება არ გიჭირთ?
- მაცივარში შენახვის ვადა 7 დღეა, საყინულეში უფრო დიდხანსაც ძლებს, 2 წლამდეც კი. რეგიონებში გაყინულს ვატანთ, რათა შენახვის პირობები დაცული იყოს.

- ამ 5 წლის განმავლობაში თუ გაიზარდა მოთხოვნა პროდუქტზე?
- მოთხოვნა გაიზარდა, ზოგი უკვე სისტემატურადაც იღებს. მეც ყოველდღე გეახლებით. ამბობენ, უსიამოვნო დასალევიაო, მაგრამ მერწმუნეთ, ასე არ არის - ძროხის რძეზე ნაკლებად ცხიმიანია და ოდნავ მოტკბო გემო აქვს.

ფერმაში ასამდე ვირთან ერთად მყავს ქათმები, ბატები, ინდაურები, ცხენები. ახლო მომავალში ტურიზმის მიმართულებით განვითარებასაც ვგეგმავ - მინდა მოვიდნენ ტურისტები, ბავშვები, აქაურობა დაათვალიერონ, რძე დააჭაშნიკონ, ფოტოები გადაიღონ და გაერთონ.

ნინო ჯავახიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები