მსხმოიარე ზღმარტლის შემოდგომის პალიტრა - კვირის პალიტრა

მსხმოიარე ზღმარტლის შემოდგომის პალიტრა

ზღმარტლი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები უამრავი ადამიანის საყვარელი მცენარეა. ძველად მიაჩნდათ, რომ ეს მცენარე მაგიური იყო და სამკურნალო თვისებებიც ჰქონდა. ამ მოსაზრებას თანამედროვე სპეციალისტებიც იზიარებენ, რადგან ზღმარტლის ნაყოფი იშვიათი ნივთიერებებით და ვიტამინებით არის გაჯერებული. ზოგ ქვეყანაში ზღმარტლის ნაყოფისგან უგემრიელეს ღვინოსაც ამზადებენ. უფრო დაწვრილებით ამ მცენარის შესახებ გვესაუბრება ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე.

- ზღმარტლი მარტო გემრიელი და სასარგებლო კი არა, მეტად ლამაზი ხე-მცენარეც გახლავთ, ამიტომ მას ხშირად იყენებენ დეკორატიული მიზნებისთვისაც. ზღმარტლის სამშობლოდ ჰიმალაის მთებია მიჩნეული, თუმცა ეს მცენარე ჩინეთსა და იაპონიაშიც პოპულარულია. ის სწორედ აზიის ქვეყნებიდან გავრცელდა შუა საუკუნეების ევროპაში. მას საქართველოში ეძახიან ზღმარტლს, თუმცა ზოგან მუშმალადაც მოიხსენიებენ. გავრცელებულია მთელ კავკასიაში, ასევე ირანში, მცირე აზიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და ყირიმში.

- როგორია ზღმარტლის ხე იქ, სადაც მისთვის ყველაზე ხელსაყრელი კლიმატური პირობებია? - სუბტროპიკულ ქვეყნებში ზღმარტლი 6-8 მეტრი სიმაღლისა იზრდება. ლამაზი ვარჯი აქვს, რის გამოც ლანდშაფტის დიზაინერების ფავორიტია.

ზღმარტლის ხე ყოველთვის ლამაზია - ყვავილიანიც და უყვავილოც, ნაყოფიანიც და უნაყოფოც, ის მთელი წლის განმავლობაში ახარებს ადამიანის თვალს. ყველაზე მეტად ზღმარტლის ხეს ხასხასა, პრიალა ფოთლები ამშვენებს, თუმცა მეტად ეფექტურია მსხმოიარობის პერიოდში, როცა მის ტოტებზე მოყვითალო-მოყავისფრო, უგემრიელესი ნაყოფი ჩნდება. სულ სხვა იერი აქვს ზღმარტლს ყვავილობის დროს, რადგან თეთრი, ლამაზი ყვავილი აქვს, თანაც ამ დროს მცენარის ფოთლები გაწითლებას იწყებს...

გარემო პირობების მიმართ ზღმარტლი უპრეტენზიოა და ყინვასაც იოლად იტანს. ამიტომაც უყვართ მებაღე-დეკორატორებს და კომპოზიციებშიც ხშირად იყენებენ. მას რგავენ ქარსაცავ ზოლებშიც, რადგან ზღმარტლის ხე საუკეთესოდ აკავებს ქარის ნაკადს. მოკლედ, ყველანაირად სასარგებლო მცენარეა.

- ყველგან წერია, რომ ზღმარტლი ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. რა საერთო აქვთ მათ ერთმანეთთან? - გარეგნულად ისინი ერთმანეთს არ ჰგვანან, მაგრამ ეს ერთი დიდი ოჯახია. დიახ, ზღმარტლი ვარდისებრთა ოჯახს ეკუთვნის და არასპეციალისტებისთვის ეს ცოტა დამაბნეველია, მაგრამ მათი მორფოლოგიური ნიშან-თვისებები ერთნაირია. მის ნაყოფსაც ზუსტად ისეთივე ქიმიური შემადგენლობა აქვს, როგორიც ვარდისებრთა ოჯახის სხვა მცენარეებს.

ზღმარტლის ნაყოფი ისეთი მდიდარია ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით, რომ ამ საკითხს ერთ სტატიაში ვერ ამოვწურავთ. მოკლედ გეტყვით - ეს ნივთიერებები აახალგაზრდავებს ორგანიზმს, ამარაგებს მას საჭირო ნივთიერებებით და აძლიერებს იმუნიტეტს. ზღმარტლი გამოიყენება კულინარიასა და კვების მრეწველობაში, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს არომატულ ნივთიერებებს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს... მისგან დამზადებულ ღვინოს სასიამოვნო, პიკანტური გემო აქვს. ზღმარტლს იყენებენ გამაგრილებელ სასმელებშიც. ხოლო რაკი დაბალკალორიულია, დიეტური კვების დროსაც საუკეთესოა. ის პოპულარულია კოსმეტოლოგიაშიც - სახის კანისა და თმის მოსავლელად მისი ფოთლებისა და ღეროებისგან შესანიშნავი ნიღბები მზადდება, რომელიც განსაკუთრებით ეფექტიანია პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. მოკლედ, ზღმარტლი უძვირფასესი მცენარეა.

- საქართველოს რომელ კუთხეში ხარობს ზღმარტლი ყველაზე უკეთ? - აღმოსავლეთ საქართველოშიც კარგად გრძნობს თავს, თუმცა დასავლეთში უფრო დიდი და მსხვილი ნაყოფი უვითარდება. ცივ ადგილებში მისი ვარჯის ზომაც მცირდება, ნაყოფისაც და მსხმოიარობაც იკლებს.

სამწუხაროდ, დღეს ამ მცენარეს ნაკლები ყურადღება ექცევა. ის შუა საუკუნეებში გაცილებით პოპულარული იყო. ძველ ეგვიპტელებსა და რომაელებს ზღმარტლი ძალიან უყვარდათ, მაგრამ შუა საუკუნეების ევროპაში აზიიდან სხვადასხვა ხილის შემოტანა დაიწყეს და ზღმარტლს ყურადღება მოაკლდა.

- როგორ შეიძლება ზღმარტლის გახარება? - ეს მცენარე კარგად მრავლდება როგორც ფესვით, ასევე ფესვის ამონაყარითაც. იოლია მისი დაკალმებაც. როგორ გავახაროთ ჩვენს ეზოში? - ჯერ უნდა ვიყიდოთ მისი კარგად დამწიფებული ნაყოფი, რომელიც რბილი უნდა იყოს და მჟავე გემო არ დაჰკრავდეს. გავათავისუფლებთ ამ ნაყოფს რბილობისგან და 2-3 დღით მშრალ ადგილზე დავდებთ, ოღონდ არა - მზეზე. 2-3 დღეში მისი თესლი გაშრება და სასურველია, ქოთანში ჩავრგოთ. ნიადაგი, სადაც ვრგავთ, გამდიდრებული უნდა იყოს ჰუმუსით, ტორფითა და ქვიშით - ეს ყველაფერი თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს. თესლი ჩამარხეთ დაახლოებით 2 სანტიმეტრის სიღრმეში. ზემოდან ცელოფანი გადააკარით ან მინის შუშა დაადეთ, რომ სითბოში იყოს, სხვა შემთხვევაში ის ვერ აღმოცენდება. ქოთანი კარგად განათებულ, თბილ ადგილას უნდა დავდგათ ისე, რომ მზის სხივები პირდაპირ არ ხვდებოდეს. მთავარია, დღის განათება მოხვდეს. დაახლოებით ოთხი კვირის შემდეგ დავინახავთ პატარა აღმონაცენს, რომელიც თანდათან გაიზრდება. ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რომ კონდენსატი არ გაუჩნდეს, თუ გაუჩნდება, ცელოფანი უნდა მოვხსნათ, კონდენსატი მოვაშოროთ და ამონაყარი ცოტა ხნით გავანიავოთ, თორემ შეიძლება მცენარე მიწაში ჩალპეს და აღარ აღმოცენდეს.

კიდევ დაახლოებით ოთხი კვირის შემდეგ, როცა მცენარე აღმოცენდება, მოძლიერდება და 2-3 სანტიმეტრამდე გაიზრდება, თუ ოთახში ძალიან მაღალი ტემპერატურა არ არის, თავსახური უნდა მოვხსნათ და დაველოდოთ, როდის გაიზრდება 15-20 სანტიმეტრამდე, ამის შემდეგ კი უფრო ღრმა ქოთნებში უნდა გადავიტანოთ. მიუხედავად იმისა, რომ ზღმარტლს ნოტიო ნიადაგი უყვარს, მის ფესვებთან წყალი არ უნდა დგებოდეს. ის მხოლოდ კარგი გამტარობის ნიადაგში ხარობს, ამიტომ ტორფი, მდინარის ქვიშა და ნეშომპალა უნდა შევურიოთ და დიდი ზომის დრენაჟირებულ ქოთანში ჩავრგოთ. ნერგი თანდათან გაიზრდება და მოძლიერდება, შემდეგ შეიძლება ღია გრუნტში გადავიტანოთ. აქაც მთავარი პირობა ის არის, რომ მის ახლომახლო წყალი არ დგებოდეს, რომ ნერგს ფესვები არ დაუზიანდეს. ნერგების გადარგვისას მათ შორის დაშორება 4-4,5 მეტრი უნდა იყოს, რადგან ზღმარტლი ფართოვარჯიანი მცენარეა და ხეებმა ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალოს.

- როდის ჯობს ეზოში ან ნაკვეთში ზღმარტლის გადარგვა?

- უმჯობესია, მცენარე ღია გრუნტში გვიან შემოდგომაზე გადავრგოთ - სარეველებისგან გაწმენდილ, გასუფთავებულ ადგილას. ორმოში წინასწარ უნდა ჩავყაროთ კომპოსტი - ნეშომპალა, მდინარის ქვიშა და შავი მიწა. მცენარე ისე უნდა ჩავრგოთ, რომ მისი ტოტები მიწას ეხებოდეს და მულჩირება გავუკეთოთ. თუ გვალვიანი ამინდებია, მორწყვა კვირაში 2-3-ჯერ დასჭირდება, თუ არადა - კვირაში ერთხელაც ეყოფა. თუ გვინდა ჩვენი ზღმარტლის ხე ჯანსაღი გაიზარდოს, გაზაფხულზე ბიოლოგიურად სუფთა სასუქიც უნდა მივაშველოთ. ამ წესების დაცვის შემთხვევაში ჩვენს ნაკვეთს კიდევ ერთი ლამაზი მცენარე შეემატება, რომელიც მთელ ოჯახს უგემრიელესი ნაყოფით მოამარაგებს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ზღმარტლი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები უამრავი ადამიანის საყვარელი მცენარეა.