მწვანე, ხოკერა, თეთრულა და თაფლა - ზემოიმერლების "ეკონომიური" ბაღჩეული - კვირის პალიტრა

მწვანე, ხოკერა, თეთრულა და თაფლა - ზემოიმერლების "ეკონომიური" ბაღჩეული

"ზემოიმერლებს მწვანესთან ერთად, ხოკერაც საუცხოო გვაქვს, თეთრულაც და თაფლაც"

მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო ახალი ჯიშის კულტურები ძველი კულტურების ადგილს იკავებს, ძველი ქართული გოგრა კვლავაც "მტკიცედ დგას", თანაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ხარობს, ალბათ, იმ დროიდან, როდესაც ქვევრთან ერთად გოგრის ორშიმოც გაჩნდა. დეკორატიული გოგრა, აყირო იმერეთში დღესაც ისეა გავრცელებული, რომ ქვევრიდან ღვინოს ბევრი დღესაც აყიროთი იღებს. გოგრის მოყვითალო ნაჭრებს სუფრაზეც თავისი ეშხი აქვს. ზოგი ჯიშის გოგრა ისეთი ტკბილი და მსუყეა, ხალხს გოგრა ხილშიც ერევა, სინამდვილეში კი ის ბაღჩეულია, ისევე როგორც საზამთრო და ნესვი, თუმცა მათგან გემოვნებითა და გამძლეობით განსხვავდება.

- შეიძლება სხვაგან უფრო დიდი ზომის გოგრა მოდის, მაგალითად, მესხეთში ან გურიაში, მაგრამ ჩვენი მომცრო მწვანე გოგრა უფრო მეგემრიელება. ალბათ ამიტომაც იმერელი გლეხის სიმინდის ყანას ვერ ნახავთ, კვახი არ იყოს ჩათესილი ან ღობეზე ჩამოკიდებული. ბავშვებსაც ჩვენებური გოგრით ზრდიან. კვახის ნათესი სიმინდის ყანას სულაც არ უშლის ხელს. ეს ორი კულტურა, ერთმანეთს კვებავს და ხელს უწყობს, თან მიწასაც ყაირათიანად ვხმარობთ - ერთ ადგილას ორი მოსავალი მოგვყავს.

კვახს ყანაში სიმინდის აღების შემდეგ, გვიან შემოდგომამდე ვტოვებთ, მოყინვამდე და მერე ვაბინავებთ. ამით კვახს გემოც ემატება და ზომაც. შინ დაბინავებული მარტის ბოლომდეც კი ძლებს, არ გვილპება.

აპრილიდან, როცა მარწყვი გამოჩნდება, კვახიც ილევა და ადგილს სხვა ბაღჩეულსა და ხილს უთმობს. ერთადერთი, რაც გოგრას აფუჭებს, ყინვაა - თუ გაიყინა, მალე ლპება.

- იმერეთში გოგრის თესლისგან ჩურჩხელასაც ხომ აკეთებენ?

- ჩვენ ჩურჩხელას გოზინაყს ვეძახით. კვახის გოზინაყი მართლაც საუკეთესოა არა მხოლოდ გემოთი, არამედ სარგებლიანობითაც. პატარებისთვის ის უფრო სასარგებლოა, ვიდრე კაკლის გოზინაყი, რომელიც ხშირად ალერგიას იწვევს. საუკეთესო ჭიის წამალიც არის იმ ქიმიური წამლების ნაცვლად, რომელთაც დაუფიქრებლად ვაძლევთ ხოლმე ბავშვებს. ერთი ეგ არის, კვახის თესლის გაფცქვნას დიდი დრო უნდა და ვეღარ ვიცლით.

- გოგრის ამდენი საუკეთესო თვისება ჩამოთვალეთ და რატომ საბაზროდ არ თესავთ? ეს ხომ შემოსავალს მოგიტანდათ... - ზემო იმერეთში სახნავ-სათესი ცოტა გვაქვს და უფრო სიმინდის დათესვას ან ვენახის გაშენებას ვეშურებით. მჭადი და ღვინო უფრო გვჭირდება. ამას წინათ მითხრეს, ზემოიმერული კვახი ინტერნეტით იყიდებაო და გამიხარდა - მე თუ ვერა, სხვა ხომ თესავს!

კვახის გაყიდვა მეურნეს სარგებელს მოუტანს, რადგან ბაზარზე გატანისას არასოდეს გაუფუჭდება და შინ გაწბილებული არ დაბრუნდება.

- ზემო იმერეთში სარწყავი არხები არ გაქვთ, რომ კვახი მორწყათ. სიცხე კვახის მოსავალს არ აფუჭებს? - წარმოიდგინეთ, არა. წელს ივნისში ისეთი სიცხე იყო, მთელი ლობიო გაგვიხმა, სიმინდიც ცოტა გამოიფიტა, მაგრამ კვახს არაფერი მოსვლია. არა მხოლოდ ზემოიმერული მწვანე მაქვს ყანაში, არამედ ხოკერა და თეთრულაც და სამივე ჯიში ყოჩაღად იყო. იმხელა ფოთლები გამოიბა, მიკვირდა კიდეც, გვალვისგან დახეთქილი მიწიდან ამ ფოთლების სამყოფ წყალს როგორ იღებდა. სექტემბერ-ოქტომბერი კი ისეთი თბილი გვქონდა, სიმინდის აღების შემდეგ ყანაში დატოვებული კვახი უფრო გალაღდა და გაიზარდა. ასე რომ, წლეულს მშვენიერი მოსავალი გვქონდა.

- როგორც ვიცი, ტრადიციული ქართული გოგრის ჯიშების მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 20 ტონაა, მაგრამ წილკნის მეურნეობაში მეცნიერებმა ახალი გოგრის ჯიშები გამოიყვანეს, რომლებიც ჰექტარზე 32 ტონა კვახს იძლევა, იცოდით ეს? - არ ვიცოდი, მაგრამ ეს ძალიან კარგია. ვაკვირდები და როცა სიცხე აჭერს, ბალახიც კი თავს იცავს - ისე მოიკრეფს ფოთოლს, რომ მზემ რაც შეიძლება ნაკლებად დაწვას და ნაკლები ნესტი წაართვას. ჰოდა, ადამიანმა რატომ არ უნდა დაიცვას თავი იმით, რომ გადასარჩენად ბევრი და თანაც სასარგებლო მოსავალი მოიყვანოს?! ხომ კარგად ვხედავთ, რომ მეცნიერება ქიმიური პროდუქტით აპირებს ჯანმრთელი საკვების ჩანაცვლებას, ამიტომ უნდა ვაჯობოთ და რაც შეიძლება ბევრი და ჯანსაღი მოსავალი მოვიყვანოთ, მაგრამ არც ჩვენებური ძველი ჯიშების დავიწყება შეიძლება. მათი გემო ჩვენი მიწის საჩუქარია და უნდა გავუფრთხილდეთ.

თუ ვნახავ, რომ ახალი ჯიში ჩემი იმერული კვახივით გემრიელია, მასაც აუცილებლად დავთესავ.

ხოკერაც საუცხოო გვაქვს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი ძველი, რაც დღემდე მოგვყვა, ჩვენი გარემოს გათვალისწინებით არის გამოყვანილი. თუ ახალი ჯიშები ისეთ "ეკონომიას" გამიწევს, როგორსაც, მაგალითად, ხოკერა, რომელიც ყანაში ჩრდილიან მზესაც სჯერდება და სიმინდს ხელს არ უშლის, რატომაც არა - მას სიამოვნებით "დავპატიჟებთ" ზემო იმერეთში.