"სისა ტურა" - სოფელი სოფელში
"სისა ტურა" - სოფელი სოფელში
"რამდენიმე წლის წინ აქ დაჭაობებული ტბა, თხილნარი და ბუნებრივი მინერალური წყალი ყოფილა, სახლების ადგილას - ჩაის პლანტაციები. ახლა აქ ყველა ტიპის საცხოვრისი და დამხმარე ნაგებობაა"

ზუგდიდში სტუმრობისას მეგობრების წყალობით ულამაზეს ადგილას მოვხვდი, მესტიის გზაზე, აფხაზეთთან 3 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ჩხორიაში, სადაც ხელოვან გურიელ ჭითანავას რძალს, მარიკა თოდუას ოჯახთან ერთად ეთნოგრაფიული სოფელი "სისა ტურა" გაუშენებია. სახელწოდება "წადი, ტურას" ნიშნავს, რაც, ალბათ, ცნობილ მეგრულ სიმღერას "სისა ტურას" გაგახსენებთ. 3 ჰექტარზე გაშლილი, ამწვანებულ-გაყვითლებული
სივრცე, მეგრული კულტურის წარსულითა და აწმყოთი, მატერიალურითა და ყოფითით, მისტიკურითა და ჯადოსნურით, ყანით, ტბით, ნავითა და კუნძულით ერთმანეთსაა შერწყმული.

დირფა

ეთნოსოფლის მასპინძელი მარიკა ტრადიციული მეგრული სამოსითა და ტაბლით ხის ჭიშკართან შემოგვეგება, მეგრულად მოგვესალმა, გომორძგუაო, და დააყოლა, ვიდრე ეზოში შემოხვალთ, ჯერ დირფის რიტუალი უნდა შევასრულოთო. დირფა
მეგრული ხილის არაყია. ტრადიციულად, მეგრელი ტაბლითა და არყით ჭიშკართანვე ეგებებოდა სტუმარს და ოჯახის დასალოცად სასმელსაც სთავაზობდა. ამიტომ ვერც თქვენ მოხვდებით ღობის იქით, თუ არ დაილოცებითო, მითხრა მარიკამ და დააყოლა, ამ არყით დალოცვა "კორონას" დეზინფექციაც გამოგვივა, თანაც დირფის შემდეგ მეგრული სისხლი გადაგესხმებათო. გომორძგუა-მეთქი, მეც ვუპასუხე და მასპინძლის ნებას დავყევი. მარიკამ ღობეზე წამოცმული ცხენის თავის ქალისკენაც მიმახედა:


მეგრელის ცხოვრებაში საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა ცხენს, მის თავს, როგორც მფარველი ანგელოზისას, ჭიშკართან ჰკიდებდნენ. მეგრელი შინიდან გასვლა-გამოსვლისას სამჯერ უკაკუნებდა მასზე. ეს ცხენი ჩვენს ოჯახს 30 წელს ემსახურა, ამიტომ ტრადიცია არც თქვენ უნდა დაარღვიოთო. მეც სამჯერ დავაკაკუნე და, როგორც ზღაპრებშია, სეზამ, გაიღეო, ისე გაიღო ჩემ წინ ეთნოსოფელ "სისა ტურას" ალაყაფის კარი.

სოფელი სოფელში

ყველაფერი მარიკას ოცნებით დაიწყო. ნატრობდა, მეგრული ეთნოსოფელი მოეწყო, ადგილი, სადაც უძველეს მეგრულ კულტურასთან ზიარება შეიძლებოდა. იმ 3 ჰექტარზე 3 წლის წინ მხოლოდ 2 საუკუნის წყლის წისქვილი მდგარა. იქვე დაჭაობებული ტბა, თხილნარი და ბუნებრივი მინერალური წყალი ყოფილა, სახლების ადგილას - ჩაის პლანტაციები.

ოჯახს იქაურობის განახლება 2018 წელს დაუწყია. ახლა აქ ყველა ტიპის საცხოვრისი და დამხმარე ნაგებობაა, სადაც საშუალო და დაბალი ფენის მეგრული ოჯახი ცხოვრობდა. პირველი დიდი საცხოვრისი ოთხკუთხა ფაცხაა, სადაც საქონელთან ერთად ცხოვრობდნენ. ნადირი რომ არ შევარდნოდათ, უწინ ფაცხაში შუაცეცხლი ენთოთ. ცეცხლისთვის რომ ედარაჯათ, იქვე ახლოს წვებოდნენ და ქვეშ თივას იფენდნენ. ცეცხლს მხოლოდ მაშინ აქრობდნენ, როდესაც ქალიშვილი უთხოვდებოდათ. მას ცივ წყალს ასხამდნენ და ამით თითქოს ცხოვრების ერთი ფაზის დასრულებას აღნიშნავდნენ.

ფაცხის ერთ კუთხეში ქვევრისმაგვარი ყუთი-მაცივარია, სადაც პროდუქტებს ინახავდნენ. მარიკასაც უცდია რაღაცების შენახვა და "მაცივარსაც" გაუმართლებია. ფაცხაში ყველანაირი ჭურჭელი აქვთ, რასაც წინაპრები მოიხმარდნენ: ქვის, ხის, რქისა და ველური გოგრის, ხაპს რომ ეძახიან. ხაპში მეგრელები თაფლს ინახავდნენ. მეგრული თაფლი მწარე ყოფილა, სიმწარეს ხაპი აძლევდა. ფაცხაში ვნახე წერაქვით დამუშავებული ძველებური ქვის დიდი კეციც. ეთნოსოფელში დგას ჯარგვალი, მორებისგან ულურსმნოდ ნაგები შენობა, რასაც ადრე მთვარის, მეგრულად თუთას ღვთაების სალოცავის ფუნქცია ჰქონდა. მოგვიანებით ჯარგვალს საცხოვრისის ფუნქციაც შეუთავსებია. აღმოჩნდა, ჯარგვლის პირველი სტუმრები ვიყავით, რადგან მხოლოდ ორი დღის წინ აეშენებინათ. აქაურობა გურიელმა მორთო, რძალი და მამამთილი ერთნაირი ინტერესების აღმოვჩნდითო, მითხრა მარიკამ, - აქვე ოხვამერი იყო, ჭურების მიწაში შესანახი ადგილი. "ხვამა" დალოცვას ნიშნავს, წინაპრები თითოეულ ჭურს კონკრეტულ ღვთაებას მიაკუთვნებდნენ და მის დღეს იქ ჩასხმული ღვინით ილოცებოდნენ.


აქვე გვაქვს პატარა ჭური, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს, რადგან ჩემი წინაპრების ნაქონია. ისინი მარტვილიდან 1790 წელს ჩამოვიდნენ და აქ დასახლდნენ. ბაბუა ძალიან კარგი მევენახე იყო, მამამ ვერ გააგრძელა მისი ტრადიცია, მაგრამ რადგან სამეურნეო საქმიანობით მე დავინტერესდი, ისტორიული ჭურიც მაჩუქესო. ჯარგვალთან ახლოს ღომის მარცვლის, ჩხვერის ულამაზესი ყანაა, ოჯახს უძველესი კულტურა აღუდგენია და გაუშენებია. ჩხვერს წვრილი მარცვალი ჰქონია. მისი დაცეცხვლა ანუ გამორჩევა რთულია, სამაგიეროდ, სიმინდზე მეტად მსხმოიარეა, მოსავლიანიც და სასარგებლოცო.

"სისა ტურაში" ლამაზი ოდაც აქვთ განცალკევებით მდგარი სამზარეულოთი. ჩუქურთმებით დამშვენებულ ოდაში უამრავი ძველი ნივთია. აივანზე თვალში მომხვდა თანამედროვე ჭოჭინის წინაპარი, ხის ჭოჭინა. ოთახებშიც ბევრი ნივთია, ოდის სამზარეულოში კი მარიკამ მეგრელების გასტროკულტურის ღერძი - ხაკეს ქვა, თანამედროვე ქვასანაყის, მეგრულად "არვანის" წინაპარი "გამაცნო". ამით აკეთებდნენ აჯიკასაც და ნებისმიერ პროდუქტს, რასაც დაქუცმაცება სჭირდებოდა. მარიკას ოჯახს სახლიც იქვე, ახლოს აქვს, ამიტომ ნაწილობრივ "სისა ტურაშიც" ცხოვრობენ და იქაურ მოსავალსაც ოჯახისთვის იყენებენ.

მეგრელი ბრედ პიტის საჩუქარი

სანამ წისქვილამდე მიხვალ, თვალს ულამაზესი გამდინარე ტბა და მასში მოქცეული კუნძული იპყრობს. კუნძულზე გადასასვლელად აკაციის ხიდი გაუკეთებიათ, ოღონდ მარტივად ვერ შედგამ ფეხს - პირველივე საფეხურის ქვეშ კვერცხებზე მჯდარი დედა იხვი დარაჯობს. იქვე საქანელაცაა, გაქანდები და ტბას ზემოდან გადმოხედავ.

კუნძულს ძალიან რომანტიკული ისტორია აქვს: ერთ დღეს მარიკას ქმარმა ერმინემ განაცხადა, თუკი ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის კუნძული აჩუქა, ჩემი ცოლი ანჯელინაზე ნაკლები რით არისო და... ქალს ეს კუნძული აჩუქა. ხუმრობა არ გეგონოთ, მართლა ასე იყოო, მითხრა მარიკამ.

"სისა ტურაში" შემოგვაღამდა და ის-ის იყო, მასპინძელს უნდა დავმშვიდობებოდით, რომ ეზოში მარიკას შვილები, შოთა და ალექსი შემოიჭრნენ, ფეხდაფეხ კი მოჰყვნენ ბატონი გურიელი და მეგრელი ბრედ პიტი - ერმინე დაბალი მაგიდით ხელში. მათ გეზი ჯარგვლისკენ აიღეს. ჯარგვლისთვის მაგიდა, იგივე ტაბაკი გურიელმა ცაცხვისგან თვითონ გამოთალა და გააპრიალა. უწინ ღომს ასეთ გაპრიალებულ ტაბაკზე (ტაბლა) აგებდნენ. დაბინდებულზე "სისა ტურას" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენისა და რიტუალის მონაწილეები გავხდით: ჯარგვალი "აკურთხეს" - იქ პირველად დაინთო ცეცხლი, ტაბაკზეც პირველად გაიშალა სუფრა და ღვინითა და სიმღერით ჯარგვალი დავლოცეთ. მალე ჩვენს კეთილ მასპინძლებსაც გამოვემშვიდობეთ და შთაბეჭდილებებით დავბრუნდით ზუგდიდში.
მალხაზ ჯობავა
22 ნოემბერი 2020 21:20
ეს რუბრიკა,მამულ-დედული ძაან საინტერესო რუბრიკაა,მაგრამ ორჯერ უკეთესი იქნება თუ სტატიის ავტორები, 2-3 წუთიან ვიდეოს დაამატებენ თავიანთ სტატიას.
ლალი ჩოხელი
21 ნოემბერი 2020 23:23
ძალიან ლამაზი ბუნებაა მომწონს

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები