3-ხაზიანი ღორები ქართულ ფერმებში - კვირის პალიტრა

3-ხაზიანი ღორები ქართულ ფერმებში

ათიოდე წლის წინ გავრცელებულმა ღორის ჭირმა ისედაც არცთუ განვითარებული ჩვენი მეღორეობა თითქმის გაანადგურა. ამის გამო არათუ ფერმერმა, არამედ გლეხმაც უარი თქვა ღორის მოშენებაზე. ჯიუტები მხოლოდ რაჭველები აღმოჩნდნენ - მათი დამზადებული ლორი ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა და ბაზარზე მოთხოვნა მუდმივად იყო. შეიძლება ითქვას, დღეს თუ საქართველოში მეღორეობა კვლავ ცდილობს განვითარებას, ეს რაჭველი მეღორეების დამსახურებაც არის. ისინი არა მარტო რაჭაში ზრდიან ღორს, არამედ დასავლეთ საქართველოშიც ყიდულობენ ამ პირუტყვის ხორცს.

მარტვილის სოფელ ნახარებოვოში ბესარიონ ბირკაიამ ღორის მოშენება დაიწყო.

- რატომ გადავწყვიტე ღორის მოშენება დედაქალაქში მცხოვრებმა კაცმა, ამ კითხვის პასუხი ძალიან მარტივია - იმდენად ხელმოკლე ქვეყნის შვილები ვართ, არავინ მეგულება, მხოლოდ ხელფასით ცოლ-შვილი შეინახოს. მოკლედ, ბევრი ვიფიქრე, რა დამატებითი შემოსავალი მიმეშველებინა ოჯახისთვის და ღორზე შევჩერდი. ეს პირუტყვი მეტად პროდუქტიული და მომგებიანია. სწრაფად იზრდება, სწრაფადვე მრავლდება და დაბადებიდან ერთ თვეში უკვე შემოსავალს გაძლევს. საღორეები ჩემს სოფელში, ნახარებოვოში ავაშენე. რადგან მუდამ სოფელში ვერ ვიქნებოდი, მათი მეთვალყურეობა სხვას მივანდე.

- ღორის ჭირის როგორ არ შეგეშინდათ? ძალიან ბევრს აუცრუვდა გული ამ ბიზნესზე იმის გამო, რომ უამრავი ღორი გაუწყდა. - შემეშინდა, როგორ არა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ რისკის გარეშე არაფერი ხდება, თანაც ღორის ჭირის გამო მკვეთრად შეიცვალა მიდგომა ღორის ჯიშებისადმი - 3-4 წელიწადია ჩვენში დაავადების მიმართ გამძლე ჯიშების მოშენება დაიწყეს. ახლა ასეთი ჯიშის ღორი არა მარტო სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავთ, ჩვენთანაც გამოჰყავთ შეჯვარებით. რამდენიმე ჯიშის საერთო ხაზის სინთეზიც მიიღწევა შეჯვარებით. ასეთ ჯიშებს უკვე რამდენიმე ჯიშის საერთო თვისებები აქვთ და ამიტომ 3-4-ხაზიან ღორებს უწოდებენ.

მოკლედ, ინტერნეტით არა მარტო მსგავსი ინფორმაცია მოვიძიე, არამედ ღორების მოვლის წესებიც და როცა იმდენად კარგად შევისწავლე, რომ რისკის შიში გამიქრა, რამდენიმე ღორი ვიყიდე. თვის განმავლობაში სოფელში ხშირად ჩავდივარ ღორების დასახედად, ასაცრელად და ვიტამინების მისაწოდებლად. მყავს 3-ხაზიანი ღორის ჯიში - 3 საუკეთესო ჯიშის ღორის ნაჯვარი.

- საინტერესოა, რომელი ჯიშებია. ზოგადად, საბეკონე ღორებზეა მოთხოვნა. - ჩემი ღორი ინგლისური ჰემფშირის, დიუროკისა და ლანდრასის ჯიშის ღორების ნაჯვარია. მართალია, ქართველებსაც საუკეთესო ადგილობრივი ჯიში გვყავს, მაგრამ მას განსაკუთრებული გამრავლების პირობები, კერძოდ, მთიანი ადგილები სჭირდება. გარდა ამისა, პროდუქტიულობა ნაკლები აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ მისი გამრავლება უნდა შეწყდეს, მსურველები ქართული ღორის საუკეთესო გემოვან თვისებებსაც ბევრი მოეპოვება.

ახალი ჯიშები პროდუქტიული და თანაც გამძლეა. საშუალოდ, 17 გოჭს შობენ, წონაც დიდი აქვთ და ცხიმიანობაც ნაკლები. ჰემფშირის ჯიში დიდწონიანია, მარცვლეულთან ერთად ბალახითაც იკვებება. დიუროკის ჯიშში ნეზვი და ტახი წონით თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზრდასრული ნეზვები 270-320 კილოგრამს, კერატები 310-370 კილოგრამს აღწევენ. ლანდრასიც ნაყოფიერია, როგორც წესი, 16-17 გოჭს შობს.

- მოწითალო ფერი საიდან უჩნდებათ? - დიუროკისგან. მისი კანი თითქოს მოყვითალოა, მაგრამ ჯაგარი აქვს მოწითალო. იმავდროულად, ეს ჯიშები აკმაყოფილებენ ბეკონზე მოთხოვნას, რადგან ცხიმი ნაკლები აქვთ. სწორედ ამიტომაც ყიდულობენ რაჭველი მეღორეები შემოდგომაზე ღორის ხორცს ჩემგან.

ამ ჯიშებს მოვლაც განსხვავებული სჭირდებათ. მაგალითად, წელიწადში ორჯერ ხომ მრავლდებიან და ზამთარშიც ბეტონის იატაკზე ვამყოფებ გოჭებიანად.

- არ სცივათ? - სცივათ, მაგრამ როცა ეს ღორი ნახერხზე წევს, ნახერხისა და გოჭის სირბილეს ერთმანეთისგან ვერ არჩევს და გოჭებს სრესს, ბეტონის იატაკზე კი გოჭს აღარ დააწვება, მაშინვე გრძნობს. როცა მეცნიერებამ იმხელა წარმატებას მიაღწია, რომ სამი ჯიში ერთად ჯვარდება, ცხადია, ღორის გათბობის პრობლემაც მოიხსნა. უკვე არსებობს ე.წ. ბაქტერიული საფარი, რომელიც საღორის ორგანულ ნარჩენებს გადაამუშავებს და სათბობად აქცევს.

- სარეალიზაციოდ როდის არიან ვარგისი? - 1 თვის ასაკიდან. თუმცა ჯობს 2 თვიდან გაიყიდოს, როცა წონა 15-20 კილოგრამამდე ადის. მე მთელ ნამატს 6 თვიდან ვყიდი, როდესაც 160 კილოგრამამდე ადიან. 15-17 გოჭის რეალიზაციამდე მიყვანისთვის დაახლოებით 2.000 ლარი იხარჯება. ამაში შედის კომბინირებული საკვები და ვაქცინაცია.