ვანელი ფერმერი ლედი
ვანელი ფერმერი ლედი
"უცხოეთში მიღებული გამოცდილებით ოჯახის საქმიანობაში ჩართვა მსურს, რათა მეტად გავაფართოოთ ბიზნესი"

24 წლის ლედი მერკვილიშვილი ფერმერია. ის მშობლებთან ერთად ვანში ცხოვრობს და ამბობს, რომ მათი ოჯახი მეურნეობას სულ მისდევდა. "ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული - ქართული ფილოლოგია. შემდეგ ერთი სემესტრი მინესოტის უნივერსიტეტში ვსწავლობდი აგრარული მეცნიერების მიმართულებით", - გვეუბნება ლედი, რომელიც აშშ-დან სექტემბერში დაბრუნდა.

- ფილოლოგი აშშ-ში აგრარულ ფაკულტეტზე რატომ აღმოჩნდით?

- ბაბუა ფერმერი იყო, მესაქონლე­ობას, მეხილეობას მისდევდა. ჩემს ძმას წარმოება
აქვს, ტყემალს, აჯიკას, ჩაის აწარმოებს. ამიტომ მსურდა ამ სფეროში უკეთ ჩახედვა და გამოცდილების მიღება. საერთოდ, მომწონს სიახლეებთან შეჭიდება. აშშ კარგად განვითარებული ქვეყანაა და იქ მიღებული გამოცდილებით ჩემს ოჯახს სამეურნეო საქმიანობაში უკეთ დავეხმარები.


- იქ როგორ მოხვდით?
- ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროგრამით. მინესოტის უნივერსიტეტში ერთი
სემესტრი გავიარე და ფერმაშიც ვიმუშავე. ჩემი მასპინძლები მისდევდნენ მეხილეობას, მებოსტნეობას, მეყვავილეობას - დიდი მეურნეობა ჰქონდათ, თაფლსა და პურსაც აწარმოებდნენ. სათბურებში ულამაზესი ყვავილებიც ჰქონდათ, რომელთა გამოყვანის საქმეში მეც ვიყავი ჩართული: ვეხმარებოდი ქოთნების გაკეთებაში, გაყიდვაში, მარკეტინგში. ოთხი გოგონა გახლდით, ოთხივე სხვადასხვა ქვეყნიდან. ერთმანეთთან ინგლისურად ვსაუბრობდით. საინტერესო იყო მათთან ურთიერთობა და მუშაობა. ისინიც თავიანთ ქვეყნებში აგროსფეროში იყვნენ დასაქმებული. მინესოტის უნივერსიტეტში სწავლისას ძალიან გამიტაცა ლაბორატორიაში საქმიანობამაც.

- ფერმერულ ოჯახში ხართ გაზრდილი და ეს სფერო თქვენთვის უცხო არ არის. იქ რა აღმოაჩინეთ ისეთი, რაც მანამდე არ გენახათ და არ იცოდით?
- ბევრი რამ ვიცოდი და შრომაც უცხო არ ყოფილა, რადგან როცა თავისუფალი დრო მქონდა, ვანში ოჯახს ვეხმარებოდი. ჩვენ შორის განსხვავება უფრო ტექნოლოგიებშია.
ამერიკაში აგრარული სექტორი მაღალ საფეხურზეა. საქართველოში უმეტესად ხელით შრომა გვიწევს, იქ კი ყველაფერს დიდი ხანია მანქანა აკეთებს. მაღალი დონის დანადგარები აქვთ.



- ამერიკულ გამოცდილებას სამშობლოში როგორ იყენებთ?
- ვცდილობ მეტი დრო გავატარო ოჯახთან, უკეთ ჩავიხედო ჩემი ძმის წარმოებაში და მარკეტინგულად ყველაფერი გავაკეთო, რათა უფრო მეტ ხალხს გავაცნო პროდუქცია. ჩაის, თხილს, ტყემალს, აჯიკას ვაწარმოებთ და გვსურს ექსპორტზეც გავიტანოთ.

ჩვენთან დღეს 18 კაცია დასაქმებული. მეფუტკრეობის განვითარებასაც ვაპირებთ - 200 ოჯახი გვყავს, გვინდა თაფლიც გვქონდეს, ასევე სუნელები, ჯემები...
საქართველოში გვაქვს პერსპექტივა, რომ დარგი განვითარდეს. საჭიროა სამუშაო ადგილების შექმნა და ამ მიმართულებით საქართველოს სხვებისთვის გაცნობა.

- პრობლემას ამ ეტაპზე რაში ხედავთ?
- კოვიდვირუსის გამო შეზღუდვები ჩვენს საქმიანობაზეც მოქმედებს.

- მე ბევრ ფერმერ ქალს ვიცნობ, ისინიც არ უშინდებიან შრომას - ქმნიან სამუშაო ადგილებს, პროდუქტს, ეხმარებიან ქვეყნის ეკონომიკას. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის შრომა, ჩანს, თქვენთვისაც მნიშვნელოვანია.
- არც ერთ ეტაპზე არ მიგრძნია, რომ რამეს ვერ გავაკეთებდი. მძიმეც ყოფილა სამუშაო, მაგრამ უკან არ დამიხევია. უცხოეთში მიღებული გამოცდილებით ოჯახის საქმიანობაში ჩართვა მსურს, რათა მეტად გავაფართოოთ ბიზნესი.

- რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?
- ძიება არ შეწყვიტონ და დასახულ მიზანს ბოლომდე მიჰყვნენ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები