მდაბიოთა საკვებიდან დელიკატესამდე - კვირის პალიტრა

მდაბიოთა საკვებიდან დელიკატესამდე

თალგამს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადამიანები სიამოვნებით მიირთმევენ, თუმცა ის შეუცვლელი საკვებია შინაური ცხოველებისთვისაც, განსაკუთრებით ზამთარში, როცა ფერმერებს ნედლი საკვების მარაგი ამოწურული აქვთ. საბჭოთა პერიოდში თალგამს მასობრივად თესავდნენ, დღეს კი ეს ტრადიცია დაკარგულია. ამ ყუათიანი, სასარგებლო მცენარის შესახებ გვესაუბრება საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილე მანანა ელბაქიძე.

მანანა ელბაქიძე: - თალგამი ერთ-ერთი უძველესი კულტურული მცენარეა: მისი მოყვანა ადამიანებმა 40 საუკუნის წინ დაიწყეს. ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში დიდი რაოდენობით მოჰყავდათ, თუმცა საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენლები მას არ მიირთმევდნენ.

- რატომ? - აუხსნელი მიზეზის გამო, მას მდაბიოთა საკვებად მიიჩნევდნენ. ამიტომ ამ უხეში, მაგრამ ყუათიანი პროდუქტით მონებს კვებავდნენ. დროთა განმავლობაში, თავისი მდიდარი შემადგენლობისა და სასარგებლო თვისებების წყალობით, თალგამი უფრო მეტად დააფასეს და მისი მოშენება აქტიურად დაიწყეს.

- როგორ დაახასიათებდით ამ მცენარეს? - თალგამი 12-წლიანი ბალახოვანი მცენარეა კომბოსტოსებრთა (ჯვაროსანთა) ოჯახიდან. დათესვიდან პირველ წელს მცენარეს უვითარდება ფოთლების როზეტი და მსხვილი, საკვებად ვარგისი ფესვი; მომდევნო წელს კი წაგრძელებული, ლამაზად შეფოთლილი საყვავილე ღერო. მცენარის ფოთლები მწვანე და გრძელყუნწიანია, ყვავილები - ოქროსფერ-ყვითელი, ან დაბინდული ყვითელი ფერისა. თალგამის თესლი მრგვალია და მოწითალო-მურა შეფერილობა აქვს. გამოყოფენ ამ მცენარის 2 ტიპს: ჩვეულებრივ ანუ ბოსტნის თალგამს და სასალათეს ანუ კოკაბუს. ამ უკანასკნელში თავის მხრივ გამოყოფენ ფოთლიან და ფესურიან ჯიშებს. სასალათე, ფოთლიანი ჯიშები არ წამოქმნიან ძირხვენებს, ამიტომ საკვებად მხოლოდ ფოთლებს იყენებენ. სასალათე თალგამის ჯიშები ძირითადად, იაპონიაშია გამოყვანილი.

- თალგამის რომელი ჯიშებია ცნობილი?

- არსებობს თალგამის ყვითელხორცოვანი და თეთრხორცოვანი ჯიშები. ისინი შეიძლება იყოს ბრტყელი, მომრგვალო და წაგრძელებული ფორმისა. პირველი ორი სუფრის ჯიშებს მეკუთვნება, მესამეს კი - ცხოველთა საკვებად იყენებენ. მცენარის დიამეტრი შეიძლება 8-დან 20 სმ-მდე იყოს, ხოლო მისი წონა ზოგჯერ 10 კილოგრამსაც აღწევს. თალგამი შეიცავს ცხიმებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს, ადვილად შესათვისებელ პოლისაქარიდებსა და სტერინს - ნივთიერებას, რომელიც აუცილებელია ათეროსკლეროზის მკურნალობის დროს. თალგამის შემადგენლობაში შედის იშვიათი ნივთიერება - გლუკორაფანინი, რომელსაც ანტისიმსივნური მოქმედება გააჩნია. ეს უკანასკნელი მხოლოდ თალგამსა და კომბოსტოს ჯიშებშია აღმოჩენილი, მათ შორის, ბროკოლიშიც. გარდა ამისა, თალგამი შეიცავს იშვიათ მიკროელემენტებსა და ლითონებს: სპილენძს, რკინას, მარგანეცს, თუთიას, იოდს და სხვ. სხვათა შორის, გოგირდი არც ერთ მცენარეში ისე დიდი რაოდენობით არ შედის, როგორც თალგამში. ბოსტნეულში არსებული მაგნიუმი ხელს უწყობს ორგანიზმში კალციუმის დაგროვებასა და შეთვისებას. ერთი სიტყვით, ეს მცენარე სასარგებლო ნიივთიერებების ერთგვარი საბადოა.

- როგორ იყენებენ თალგამს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში? - სწორად მომზადებული თალგამი ძალიან გემრიელი და იმავდროულად, სასარგებლოცაა. შესაძლებელია მოხარშვა, შეწვა, ფარშირება, სალათებში გამოყენება და ა.შ. ის კარგად ინახება გრილ ადგილას და დიდხანს არ კარგავს სასარგებლო თვისებებს. თალგამს ორგანიზმი იოლად ითვისებს, ის რეკომენდებულია ბავშვების კვების რაციონშიც. კალციუმის შემცველობის წყალობით თალგამი იცავს ბავშვებს რაქიტისგან, ძვლებისა და სისხლის დაავადებებისგან. თალგამი შეიძლება შესანიშნავად ჩაენაცვლოს კარტოფილს. მართალია, მას ხარშვისთვის მეტი დრო სჭირდება, მაგრამ სასარგებლო ნივთიერებების ბალანსით კარტოფილს ბევრად უსწრებს.

- ცნობილია, რომ თალგამს ხალხური მედიცინაც ფართოდ იყენებდა და იყენებს. - დიახ, ხალხურ მედიცინაში თალგამის ნახარშისა და თაფლის ნარევს იყენებენ ხველების, ასთმისა და გაცივების დროს. ის საუკეთესოა შინაგანი ორგანოებისთვის, ხოლო მასში შემავალი ცელულოზის მოქმედებით სისხლში ქოლესტერინის დონე მცირდება, რაც თავის მხრივ ორგანიზმს ათეროსკლეროზისაგან იცავს. თალგამი შეიცავს ლიზოცინს - მძლავრი ანტიმიკრობული აქტიურობის მქონე ნივთიერებას, რომელიც მრავალი დაავადების განვითარებას უშლის ხელს. ამავე დროს, თალგამი დაბალკალორიული, ვიტამინებით მდიდარი პროდუქტია. სასარგებლოა დიაბეტით დაავადებული პირებისათვის, განსაკუთრებით, ზამთარში, მაგრამ აუცილებელია რაოდენობის კონტროლიც, რადგან დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. თალგამი ასუსტებს ასთმის სიმპტომებს, ამშვიდებს გულისცემას. მოხარშული თალგამის პიურეს იდებენ მტკივნეულ ადგილას პოდაგრის დროს, ამავე სახით იყენებდნენ კბილის ტკივილის დროსაც. მისი ნახარში აუმჯობესებს ძილს და დადებით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე.

- ნახარშს როგორ ამზადებენ? - ნახარშის მოსამზადებლად, 1-2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ თალგამს ასხამენ 200 გრამ მდუღარე წყალს და ადუღებენ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გადაწურავენ. ამ ნაზავს იღებენ დღეში 4-ჯერ 1/4ჭიქას, ან ერთ ჭიქას ძილის წინ - მხოლოდ ერთხელ. ორსულებისთვის სასარგებლოა კვირაში 1-2-ჯერ 200-300 გრამი თალგამის მიღება, მეძუძური დედებისთვის კი ეს მიუღებელია, რადგან ამან ჩვილში შეიძლება გამოიწვიოს ალერგია და გაუთვალისწინებელი რეაქციები. ბავშვის კვების რაციონში თალგამი მხოლოდ 2 წლის ასაკიდან უნდა შეიტანოთ.

- როდის თესავენ და ახარებენ? - თალგამის დათესვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, ან - სამჯერ: გაზაფხულზე - მარტის ბოლოს, ან აპრილის დასაწყისში, როგორც კი მიწა ცოტათი შეთბება. ამ დროს დათესილი თალგამის მოსავალს ფერმერები ზაფხულში იღებენ. შესანახად გათვალისწინებული თალგამი კი ივნისის ბოლოს უნდა დაითესოს, ამ შემთხვევაში მოსავალს შემოდგომით აიღებენ. საუკეთესოა მსუბუქნიადაგიანი, მზიანი ადგილები. არსებობს საკვები თალგამის საადრეო - მაისის ჯიშები, რომლებიც დათესვიდან ორ თვეში იძლევა მოსავალს და საგვიანო, რომელსაც განვითარებისთვის 3-4 თვე სჭირდება. ეს უკანასკნელი კარგად ინახება ზამთარში.

- დათესვამდე ალბათ ნიადაგიც უნდა მომზადდეს... - ნიადაგი დათესვამდე უნდა გადაიბაროს და გაფხვიერდეს, მოეწყოს ერთმანეთისაგან 10 სმ-ით დაშორებული, მცირე სიმაღლის კვლები. რიგებს შორის მანძილი 20-35 სმ უნდა იყოს. 1 კვმ ფართობზე ითესება 02,-0,3 გრამი თესლი (ანუ 2 ცალი 1 სმ-ზე). თუკი თესლი ძალიან წვრილია, ქვიშაში ურევენ და ისე თესავენ, შემდეგ კი რწყავენ. მცენარე რამდენიმე დღეში იწყებს აღმოცენებას. ზრდასთან ერთად ნათესის გამოხშირვაც საჭიროა, გამარგვლაც და მორწყვაც.

გავითვალისწინოთ, რომ თალგამი ტენის მოყვარული კულტურაა, წყლის ნაკლებობის შემთხვევაში, მომწარო გემოს იღებს, უხეშდება და ნახეთქები უჩნდება, ამიტომ, კვირაში ორჯერ მაინც უნდა მოვრწყათ. ამის შემდეგ ნიადაგი კარგად უნდა გაფხვიერდეს. გაფხვიერების ნაცვლად შესაძლებელია სარეველების მოცილება და მულჩის დაყრაც. მოსავლის აღება შეიძლება მაშინ, როცა მცენარის ძირების დიამეტრი 7-10 სანტიმეტრს მიაღწევს. ისინი მიწისგან უნდა გავასუფთაოთ და უხეში ფესვები მოვაჭრათ. შემდეგ კი, 4-5 დღის განმავლობაში გავაშროთ სუფთა ჰაერზე. შემდეგ უკვე შეიძლება ზამთრისთვის შევინახოთ. ეს მცენარე ფერმერებისთვის ნამდვილი საჩუქარია, რადგან ზამთარში შეუდარებელი საკვებია პირუტყვისთვის.

ხათუნა ჩიგოგიძე