ფეიხოა - ნოემბრის ტკბილი და სასარგებლო ხილი - კვირის პალიტრა

ფეიხოა - ნოემბრის ტკბილი და სასარგებლო ხილი

თუ სუსტი იმუნიტეტი გაქვთ ან იოდისა და ვიტამინების დეფიციტს განიცდით, უეჭველად ფეიხოა უნდა მიირთვათ, თანაც - ბევრი. მით უფრო, რომ ნოემბერი ამ ეგზოტიკური ხილის შემოსვლის დროა. სწორედ ამ პერიოდში მწიფდება იგი. ეს სასარგებლო თვისებები გაითვალისწინა ბრაზილიელმა მეცნიერმა ჟოან და სილვა ფეიხომ (სახელი ფეიხოა მისი გვარიდან წარმოდგება), როდესაც ორი საუკუნის წინ ტყიდან გამოიტანა და კულტურულ მცენარედ აქცია, თუმცა, რადგანაც ჩვენში ამ კულტურის რეკლამა არავის გაუწევია, გასულ საუკუნეშიც კი ფეიხოას ვერსად შეხვდებოდით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის გარდა.

ამ კულტურის გაშენება ინტენსიურად 2000-იანი წლებიდან დაიწყო, მერე ცოტა შეფერხდა, რადგან მისი მაღალი საექსპორტო პოტენციალი ვერ დაინახეს, არადა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ფეიხოაზე უცხოეთში დიდი მოთხოვნაა. თუმცა მთავარი ის არის, რომ მოსახლეობამ ამ კულტურის სარგებლიანობა გაითავისა და დასავლეთ საქართველოში, სადაც ფეიხოასთვის საჭირო სუბტროპიკული ჰავაც არის, მას თითქმის ყველა კარ-მიდამოში შეხვდებით. უფრო ხშირია სამეგრელოში, თუმცა შედარებით მცირე პლანტაციები გურიასა და აჭარაშიც გაშენდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მთავარი აგრონომი რომან ჩხაიძე ფეიხოას გაშენებას ნებისმიერ მეურნეს ურჩევს.

- ფეიხოა მართლაც ზღაპრული კულტურაა, ისეთი სარგებლიანი ხილია და უცხოეთშიც ისეთი პოპულარობით სარგებლობს, რომ ჩემი აზრით, მის ბაღებს ისეთივე წამახალისებელი პროგრამებით უნდა ვუწყობდეთ ხელს, როგორც, მაგალითად, ლურჯ მოცვს. ამ კულტურას ჩვენში ადრეულ წლებშიც არ უწევდნენ პოპულარიზაციას, მაგრამ ხალხმა თავად მოინდომა, როდესაც უცხოეთში გავიდნენ და ნახეს, იქ როგორ ფასდება. ერთი პერიოდი ჩვენში ფეიხოას ბუმი იყო, პლანტაციების გაშენებაც დაიწყეს, მაგრამ რადგან ისე ვერ გავიდა ექსპორტზე, როგორც იმსახურებს, ბაღების გაშენება შეფერხდა. სამაგიეროდ, შინაური მოხმარებისთვის დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში შეხვდებით. ნაყოფს ახლა, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის კრეფენ. სწორედ ახლა ფეიხოა ხეზე მწიფდება, ტკბება და საუკეთესო ეგზოტიკური ხილი ხდება.

- ნოემბერში შემოდის, როდესაც ჯერ კიდევ არ არის ციტრუსი - ანუ ფეიხოა გვეშველება ვიტამინების რაციონის შევსებაში. - ნამდვილად გვეშველება. მის სასარგებლო თვისებებს გვერდს ვერ ავუვლით. ჩვენში მეტად გავრცელებული ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პირველი მშველელია. თუკი მშობელი შეძლებს, რომ შვილს ფეიხოა რეგულარულად მიაწოდოს, იოდის დეფიციტისგანაც დაიცავს, რაც ასეთი ხშირია ჩვენს ბავშვებში, ვიტამინების მარაგსაც შეუვსებს და ქიმიური ვიტამინების კომპლექსი აღარ დასჭირდება. ფეიხოას ყველა სასარგებლო თვისების ჩამოთვლას არ დავიწყებ, მაგრამ მისი გაშენების აუცილებლობაზე ყველგან ვისაუბრებ, სადაც კი ხმა მიმიწვდება, ოღონდ, რასაკვირველია, ზღვისპირეთში, სადაც სუბტროპიკული ჰავაა - აღმოსავლეთ საქართველოში ფეიხოა ვერ ივარგებს, თუმცა, არც ის ადგილები უყვარს, სადაც წყალი ან ჭაობია.

- ექსპორტით ფეიხოა მართლაც მცირე რაოდენობით გადის. ძირითადად, უკრაინას მიეწოდება სამეგრელოდან და ისიც - შეფერხებით... რა უშლის ხელს ექსპორტს? - მეტი მონდომებაა საჭირო და საუკეთესო გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ. არაერთი ფერმერი ვიცი, რომლებიც თავად იძიებენ საექსპორტო კავშირებს, თუმცა, რატომღაც ფეიხოას შემთხვევაში ასე არ მოხდა. არადა, სასარგებლოა, გასაშენებლადაც თითქმის უპრეტენზიო მცენარეა - უფრო უპრეტენზიო, ვიდრე კივი, რომელსაც ვენახზე არანაკლები მოვლა და შეწამვლა სჭირდება. ფეიხოა სულაც რომ არ შეწამლო, ისე კარგად უძლებს მავნებელს, რომ ნაყოფს მაინც მოგცემს. მაგრამ თუ ხარისხიანი ნაყოფი გვსურს, მაშინ გასხვლა და 2-3-ჯერ შეწამვლა დასჭირდება. ყინვასაც საუკეთესოდ იტანს - თუნდაც -140ჩ -ზე ყოჩაღად არის, ოღონდ დიდთოვლობისას უნდა გავუფრთხილდეთ, მყიფე ტოტები აქვს და დიდ თოვლს ვერ უძლებს, თუმცა კარგი მეურნე მას ამისგანაც იოლად დაიცავს - ტოტებს თოკით შეუკრავს და საფრთხეს აარიდებს. რაც შეეხება ზაფხულს, როგორც ყველა მცენარეს, ფეიხოასაც გვალვიან ზაფხულში მორწყვა სჭირდება. საუკეთესოა მისი წვეთოვანი სისტემით გაშენება, სადაც წყალი იზოგება.

- ბრძანეთ, რომ ფეიხოას მოკრეფის საუკეთესო დრო ნოემბერია, არადა, ჩვენს ბაზარზე ის ოქტომბრიდან გაჩნდა და არცთუ საუკეთესო ხარისხის. რატომ? წლეულს ცუდი მოსავალი მოვიდა? - არ არის ცუდი მოსავალი. აჭარაში ფეიხოა ისეთივე ხარისხის მოვიდა, როგორიც შარშან ან შარშანწინ. უბრალოდ, ფეიხოა არ ჰგავს სხვა ხილს, მაგალითად, მანდარინს, რომელსაც დადებ და მერე გაყვითლდება (თუმცა ამით გემოვნური თვისებები არ ემატება). ვფიქრობ, ფერმერები მის მოკრეფას ნაადრევად ამჯობინებენ, მაგრამ ნაადრევი მოკრეფით ფეიხოა მხოლოდ ჭკნება და პატარავდება, ამიტომაც გამოიყურება უხარისხოდ, თუმცა, სარგებლიანობას მაინც ინარჩუნებს. კარგია, რომ ბოლო წლებში მეურნეობებში მაცივრები გაჩნდა. ეს ნიშნავს, რომ ნაზი ფეიხოაც უფრო დიდხანს გაძლებს, თუმცა ჩვენი დიასახლისები ამას ისედაც ახერხებდნენ ფეიხოას ჯემების ან კომპოტების მომზადებით.

- ვიცი, რომ ფეიხოასგან არაყსაც ამზადებენ და 1 ლიტრი 15-20 ლარი ღირს. - ამას მხოლოდ მივესალმები. რა თქმა უნდა, არა თრობისთვის, სარგებლიანობის თვალსაზრისით. ჯერ ერთი, მეურნეს ფეიხოას მოსავალი არ გაუფუჭდება და არაყიც შეინარჩუნებს იმ თვისებებს, რაც ამ კულტურას აქვს. ჯანმრთელობის თვალსაზრისით ურიგო არ იქნება მცირე რაოდენობით ფეიხოას არაყის დალევა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ უფრო კანია სასარგებლო - მასშიც შედის ის უამრავი ვიტამინი და იოდი, რითაც განთქმულია ფეიხოა. აქვე მინდა დავამატო, რომ ამ საოცარ ხილს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებიც აქვს.

- იმდენი სასარგებლო თვისება ჩამოთვალეთ, უნდა გკითხოთ, როდის ჯობს დარგვა? - გაზაფხულზეც კარგი იქნება, გამრჯე მეურნე მშვენივრად გაახარებს, თუმცა ფოთლოვანი კულტურების დასარგავად შემოდგომა ჯობს, ან დეკემბერი და ნერგიც გაზაფხულს მოძლიერებული შეხვდება.