"მუშახელს ვერ ვშოულობთ. შრომა არ უნდათ..." - ნახევარი საუკუნის წინ ოთხი ცხვრით დაწყებული საქმე
"მუშახელს ვერ ვშოულობთ. შრომა არ უნდათ..." - ნახევარი საუკუნის წინ ოთხი ცხვრით დაწყებული საქმე
"ყველაფერი პაპისგან გადმოგვეცა. საძოვრებიც დაგვიტოვა, რასაც ჩვენც მივამატეთ მთაში 300 ჰექტარი"

ახალგაზრდა ფერმერი ბექა გონაშვილი მრავალდარგოვან მეურნეობას უძღვება. ეს საქმიანობა მას შთამომავლობით მოსდგამს - გონაშვილების საოჯახო მეურნეობა მარცვლეული კულტურების მოყვანას, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-მოშენებასა და მეცხვარეობას მოიცავს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საკვები პროდუქტების წარმოებაა. ურთულეს ეპიდემიურ ვითარებაში რა სირთულეების დაძლევა მოუხდათ დედოფლისწყაროელ ფერმერებს, როგორ მოვიდნენ შემოდგომამდე და დღეს რა პრობლემები აქვთ, ამის შესახებ ბექა გონაშვილი გვესაუბრება.

- პანდემიის გამოცხადების პერიოდში როგორც
ყველა, ჩვენც გაურკვევლობაში ვიყავით. თუმცა წლეულს ჩვენს პროდუქციაზე მეტი მოთხოვნა იყო. მენეჯმენტში ცვლილება არ შეგვიტანია, მხოლოდ კადრების დამატებამ მოგვიწია. გავიზარდეთ კიდეც, თბილისში ჩვენი ქსელის უკვე მეორე მაღაზიას ვხსნით. კონცეფცია იგივე იქნება ხორცის გადამუშავების მიმართულებით, ასევე დაემატება რძის პროდუქტების, ყველის წარმოება და ჩვენთან მოსული კლიენტები ამას
თავად ნახავენ.


არც ფერმერულ მეურნეობაში გვქონია არსებითი შეზღუდვა. ცოტა გადაადგილება შეგვიფერხდა, როცა ტრაქტორისტების მოყვანა დაგვჭირდა, სხვა მხრივ კი არ დავზარალებულვართ. საყოველთაო ლოკდაუნის დროს ცოტა ცხვრის გადარეკვა გაგვიჭირდა - მარნეულის ტერიტორიის ერთი-ორი მონაკვეთი ცხვრის გადასარეკი ტრასაა, არადა, მარნეული ჩაკეტილი იყო. მაგ საქმის შუაწელზე რომ ვიყავით, მაშინ მოიხსნა შეზღუდვები.

- კარგია, თუ საქმიანობაში ხელი არ შეგშლიათ.
- კი, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში შეფერხება არ გვქონია.
წლეულს შირაქში მარცვლეული კულტურების მოსავალი საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ არც ისეთი საგანგაშო მდგომარეობა გვქონია, რომ უმოსავლოდ ვიყოთ. ამ ყველაფერს შეიძლება მეორე მხრიდანაც შევხედოთ - კილოგრამი ხორბალი დედოფლისწყაროში 95 თეთრი ღირდა. ამ წლების განმავლობაში ასეთი ფასი არასდროს ყოფილა, ხორბალს ყოველთვის დაბალი ფასი ედო. ამ მაღალმა ფასმა მოსავლის დაბალი რაოდენობა დააბალანსა.

- არც ცხვრის ექსპორტში შეგშლიათ ხელი?
- წლეულს ცოტა დაგვიანდა, პანდემიის გამო ვერ შემოდიოდნენ საერთაშორისო ბაზრებიდან კლიენტები, მაგრამ მაინც მოხერხდა ექსპორტი - საუდის არაბეთში ერთი გემი ცხვარი გავუშვით, ხოლო ქუვეითში - ერთი თვითმფრინავი. ახლა ერთი გემისთვის ცხვარს კიდევ ვამზადებთ. ცხვრის ხორცი კი ჩავარდა - ამაზე ნაკლებად არის მოთხოვნა. პანდემიამ გავლენა მაინც მოახდინა და ხორცის ფასები გაზაფხულიდან დაბლა ჩამოვიდა. თუმცა ბოლო 2 კვირაა ნასუქი საქონლის ხორცის ფასმა­ მოიმატა.



- ამაზე, ალბათ, რესტორნების დახურვამ, სარიტუალო ღონისძიებების შეჩერებამაც იმოქმედა.
- კი, ქელეხი, ქორწილები აღარ არის და ხორცზე დაბალი მოთხოვნაც ამის ბრალია. მსოფლიოშიც ასეა.

- თქვენი საქმიანობა საოჯახო ბიზნესს განეკუთვნება?
- ჩვენი საქმიანობის კატეგორია მცირე და საშუალო ბიზნესია. ეს საქმე პაპაჩემმა დაიწყო, ახლა კი ჩართული ვართ მამაჩემი, მე და ჩემი ძმა. ცხადია, პაპას საქმე ჩვენ გავაფართოვეთ.

- რა მიიღეთ პაპისგან ისეთი, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ?
- ყველაფერი მისგან გადმოგვეცა. ის 50-იანი წლებიდან ჩაერთო ამ საქმეში, ჩვენი სოფლის კოლექტივის ვეტექიმი იყო. მაშინ გაიჩინა 4 ცხვარი და მას შემდეგ სულ ჰყავდა. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, უფრო აქტიურად ჩაერთო მეცხვარეობაში. ძროხებიც გვყავდა - ერთხელ 17 სული მოგვპარეს სახლიდან. პაპას საძოვრები იჯარით ჰქონდა აღებული, იმ ადგილებში ახლა ჩვენი საქონელი ძოვს.

2007 წელს, როცა პაპას აღარ შეეძლო მუშაობა, ყველაფერი მამაჩემს და ბიძაჩემს გაუნაწილა.
მაშინ უკვე 5000 სული ცხვარი ჰყავდა. დაგვიტოვა საძოვრებიც, რასაც ჩვენც მივამატეთ - მთაში 300 ჰექტარი ვიყიდეთ. პაპამ ცხვარში ყოფნაც მასწავლა. 8 წლის ვიყავი, საპარსავზე რომ წამიყვანა. მას შემდეგ მეცხვარეობა იმ დონეზე მაინც ვიცით, რომ მეურნეობა ვმართოთ.

- რა ახასიათებს ამ საქმეს ისეთი, რაც სხვა პროფესიას არა აქვს?
- სოფლის მეურნეობას ბევრი პლუსი აქვს, მაგრამ მინუსებიცაა. პლუსი ის არის, რომ ბუნებასთან ახლოს ხარ, საუკეთესო ანტიდეპრესანტია, თუნდაც ის შრომა, რომ ირჯები და იღლები, კარგი და სასიამოვნოა. თუმცა ეს რისკიანიც არის. პრობლემაა მუშახელიც, ამხელა მეურნეობას ერთი კაცი ვერ გაუძღვება. საქართველოში ცოდნის დონეც დაბალია.



- სულ რამდენი კაცი გყავთ დასაქმებული?
- ალბათ, 120-130.

- ცხვარს რომ კარგად მოვუაროთ, რა არის საჭირო?
- სწორად კვება, საჭირო დროს საკვების მიცემა. აუცილებელია მისი ვეტერინარულად დამუშავებაც. თუ ამას დავზოგავთ, კარგი შედეგი არ გვექნება.

- 5000 ცხვარს რამდენ ხანში ცრით?
- გააჩნია... მაგალითად, ერთი დღე დამჭირვებია თურქულის ასაცრელად. ამწუთას პრობლემა ის არის, რომ მუშახელს ვერ ვშოულობთ. შრომა არ უნდათ... ყველაზე მანკიერი რაც არის, სოციალური დახმარების სისტემაა. ვერც ერთ მთავრობას ვერ ეყო შნო, მასზე უარი თქვას. სოციალური დახმარება ეძლევა უნარშეზღუდულ პირსაც და ჯან-ღონით სავსე კაცსაც, ვისაც შრომა შეუძლია. ეს არ შეიძლება!

როგორ შეიძლება კაცს დღეში 50 ლარს აძლევდე, აჭმევდე, ასმევდე და მაინც ვერ შოულობდე, რომ საქმეში დაიხმარო?!
მერე გამოვლენ და ბუში იყო კარგი პრეზიდენტი, ობამა თუ ტრამპი, ამას განიხილავენ. პროფესიული კადრები რომ გვიჭირს და ვეტექიმს ვერ ვშოულობთ, ამაზე აღარაფერს ვამბობ.

- სამუშაოდ რატომ არ მოდიან?
- საშინელი არგუმენტი აქვთ - თურმე რასაც იღებენ, საკმარისია და მუშაობა რომ დაიწყონ, დახმარება მოეხსნებათ.

- დამწყებ მეურნეებს რას ურჩევთ?
- გადადონ 4-5 წელი და სადმე მოჯამაგირედ წავიდნენ, იშრომონ, ისწავლონ ეს საქმე. მაგ დროს ხელფასს ნუ გამოეკიდებიან. საკმარისია, საარსებო საშუალება ჰქონდეთ. ისწავლონ, რაც შეიძლება მეტი ისწავლონ სხვისი შრომისგან, სხვისი შეცდომებისგან და მერე შექმნან თავიანთი მეურნეობა. ეს არის ჩემი უმთავრესი რჩევა.

სამწუხაროდ, საქართველოში აგრარული განათლება ძალიან დაბალი დონისაა, განსაკუთრებით პრაქტიკა, თეორიას რა უშავს. ამიტომ ჯერ უნდა იშრომონ სხვაგან, სხვასთან და ამით მიიღონ გამოცდილება. სხვა შემთხვევაში, ამა თუ იმ საქმეში ფულის ჩადება, თუნდაც სესხის აღება კარგი შედეგით ვერ დასრულდება. თავიდან ჯობს დრო დახარჯონ, ვიდრე ფული, რათა წარმატებას მიაღწიონ.
ირაკლი
07 დეკემბერი 2020 15:58
იგივე პრობლემა გვაქვს, ვერ ვშოულობთ დამხმარე ძალას თანხის სანაცვლოდ ,ვერ ვხვდები შრომა ეთაკილებათ თუ რა მიზეზით ამბობენს უარს ბექას ვიცნობ ნამდვილად კარგი ახლაგაზრდაა. ამის გამო გვიწევს საქონლის გაყიდვა.
თომა
07 დეკემბერი 2020 14:09
ქარხანაში ვერ ვშოულობთ რიგით მუშას. სრულიად არაკვალიფიციურები და პრეტენზიულები არიან. თუ ასე გაგრძელდა, 3-4 წელში მუშები ჩინეთიდან ჩამოვლენ.
აკა ფ
07 დეკემბერი 2020 13:43
წარმატებები ბექა და ნინო, ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ და ღმერთი თქვენკენ.
წარმატებები თანაც ულევი!

თვის კითხვადი სტატიები